სიახლეები

პაციენტებამდე ზამთარში თხილამურებით მივდივარ – ექთანი სოფელ ცხემლისიდან

09.11.2023 • 1796
პაციენტებამდე ზამთარში თხილამურებით მივდივარ – ექთანი სოფელ ცხემლისიდან

მალხაზ მგელაძე სოფელ ცხემლისის სამედიცინო ამბულატორიის ექთანია. ცხემლისი შუახევის პატარა სოფელია, სადაც სულ 179 ადამიანი ცხოვრობს. მალხაზს დღეში 3, 4-ჯერ უწევს გამოძახება, სახლში აკითხავს პაციენტებს.

ამბულატორიის შენობაში პირველადი დახმარებისთვის საჭირო წამლებია ხელმისაწვდომი, არ არის ჟანგბადის ბალონი და ინჰალაციის აპარატი:

„ყოფილა შემთხვევა, როცა ჟანგბადის ბალონი დამჭირვებია და არ მქონია. სასწრაფოს გამოძახება დამჭირდა ამ დროს, პაციენტს სუნთქვა უჭირდა.

ფილტვების ანთების დროს ძალიან მნიშვნელოვანია ჟანგბადის ბალონი, სანამ ანტიბიოტიკებით მკურნალობამდე მიხვალ შვება სჭირდება პაციენტს.

რა ვიცი, რა ხდება ამ დროს, ფილტვების შეშუპება რომ ჰქონდეს პაციენტს? ძლიერი ჰაერის მიწოდება უნდა შეგვეძლოს ფილტვებისთვის, რომ კლინიკურ მდგომარეობამდე არ მივიდეს“, – ამბობს სოფლის ექთანი.

მალხაზ მგელაძე სოფლის ამბულატორიასთან შეთავსებით სკოლის სამედიცინო პუნქტშიც მუშაობს. როცა მოზრდილებს, ხანდაზმულებს სჭირდებათ ინჰალაციის აპარატი, განსაკუთრებით ზამთრობით, სკოლიდან მიაქვს ბავშვების ინჰალაციის აპარატი და ხანდაზმულებთანაც ამ აპარატს იყენებს, სხვა გზა არ აქვს.

„ხალხი მთხოვს ჟანგბადის ბალონსაც, ინჰალაციის აპარატსაც, ამ საქმეს მარტო მე არ ვწყვეტ, უკაცრავად ასე რომ ვამბობ, პირდაპირ. არ მინდა შეურაცხყოფად მიიღოს ვინმემ ჩემი სიტყვები, მაგრამ ხელისუფლება თუ გამოიჩენს გულისხმიერებას და მომცემს ამ ორ რამეს, კარგი იქნება.

მოზრდილებს, ხანდაზმულებს, ხშირად აქვთ ბრონქული გართულება და ინჰალაცია სჭირდებათ.

მაქვს მხოლოდ შაქრის საზომი და წნევის აპარატები”, – ამბობს მალხაზ მგელაძე.

სოფელი ცხემლისი, შუახევის მუნიციპალიტეტი, 2023 წლის ნოემბერი

მისი თქმით, ინჰალაციის აპარატი, რომელიც სკოლაში გამოიყენება, შესაძლებელია გამოდგეს ზრდასრულებისთვისაც, მაგრამ ორივე ასაკობრივი კატეგორიისთვის ერთი და იმავე აპარატის გამოყენება სასურველი არ არის.

ცხემლისის ექთანს ხშირად თავად უწევს ჟანგბადის ნიღბის და წამლების ნაწილის ყიდვა. ხშირად ხანდაზმულებს ბრონქული გაღიზიანებისას ფილტვში ნახველი უგროვდებათ და სუნთქვაც ძნელდება.

სოფელ ცხემლისის სკოლის მასწავლებლები გვეუბნებიან, რომ სოფლის ექთანი გულისხმიერი ადამიანია და ხშირად თავად ყიდულობს იმ წამლებს, რაც ამბულატორიაში შეიძლება ხელმისაწვდომი არ იყოს.

ცხემლისის მიმდებარე პატარა სოფლებში: დარგულაში, ცეკვაში, თალისსა და ორკალოში მალხაზ მგელაძე ფეხით დადის პაციენტებთან. მანქანა არ ჰყავს:

„ზამთარში, როცა დიდი თოვლია, მირეკავენ და თხილამურებით მივდივარ პაციენტებამდე. ბოტებს კი ჩაიცვამს ადამიანი, მაგრამ არ გამოდგება დიდ თოვლში. თოვლი თუ დიდია, ხალხს ვეუბნები შემეგებეთ-მეთქი, მარტო ვერ ავაღწევ თხილამურებით. ხანდახან იმხელა თოვლია, მანქანაც რომ მყავდეს ვერ ივლის.

ისეთ წამლებს ვყიდულობ ჩემით რაც ვიცი, რომ დეფიციტია, რაც პაციენტს შვებას მისცემს, სპაზმს მოუხსნის. მერე ჩავდივარ ექიმთან ჭვანაში და მაკვალიანებს, როგორ დავეხმარო პაციენტს, ან თავად ამოდის ექიმი თუ გზა გაწმენდილია“, – ამბობს მალხაზ მგელაძე.

დიდ თოვლში სასწრაფოს გამოძახება ძალიან უჭირთ სოფელში. ექთანი გვეუბნება, რომ ასეთ დროს შუახევის გამგეობა გზას მალევე წმენდს, მაგრამ ახალგაწმენდილზეც კი ხანდახან თოვლის საფარი ნახევარ მეტრს, 70 სანტიმეტრს აღწევს.

სოფლის ექთანი ჰყვება, რომ ხანდახან ექიმის მოვალეობის შესრულებაც უწევს. იხსენებს, რომ ბრონქების პრობლემის დროს ძლიერი ხველისას პაციენტს ერთხელ კაპილარი გაუსკდა და ძლიერი სისხლდენა ჰქონდა. პირადი წამლებით, ანტიბიოტიკით შეუჩერა პროცესი ექთანმა პაციენტს, სანამ ექიმი მოვიდოდა. ექიმი რომ მოვიდა, პაციენტი სპაზმისგან გათავისუფლებული და ნაწილობრივ გამოჯანმრთელებული იყო.

„თირკმლის ძლიერი ჭვალი ჰქონდა პაციენტს, ჩხვლეტები და უსიამოვნო შეგრძნება. ქრონიკული ანთებითი პროცესი იყო დაწყებული. ანტიბიოტიკით დავეხმარე აქაც, მდგომარეობა გაუუმჯობესდა და როცა გზები გაიწმინდა, მერე გამოვიძახე სასწრაფო. უკვე ფეხზე იდგა, მაგრამ მაინც შეუძლოდ გრძნობდა თავს. სტაციონარში გადაიყვანეს სასწრაფოს დახმარებით“, – გვიყვება ექთანი.

შუახევის მუნიციპალიტეტის 2023 წლის ბიუჯეტის მიხედვით,  ამბულატორიული და სტაციონარული მკურნალობისთვის საჭირო მედიკამენტებით უზრუნველსაყოფად

15 000 ლარია გამოყოფილი. 2014 წლის მონაცემებით შუახევის მუნიციპალიტეტში

15 044 ადამიანი ცხოვრობს. მუნიციპალიტეტი 67 სოფელს მოიცავს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: