მთავარი,სიახლეები

რატომ და როგორ ხვრეტდნენ ადამიანებს სტალინური რეპრესიების დროს – ინტერვიუ

09.11.2023 • 976
რატომ და როგორ ხვრეტდნენ ადამიანებს სტალინური რეპრესიების დროს – ინტერვიუ

ავტორი: ელიზა ეფაძე

_________________

1937-38 წლებში ათიათასობით ადამიანი საბჭოთა კავშირში ხალხის მტრად შერაცხეს და დახვრიტეს ან გადაასახლეს. 2017 წელს ბათუმთან რეპრესირებულთა მასობრივი სამარხები აღმოაჩინეს – ინფორმაცია ამის შესახებ 2019 წელს გავრცელდა. დახვრეტილთა შორის იყვნენ სხვადასხვა ეროვნების, პროფესიის ადამიანები, მათ შორის სასულიერო პირებიც.

რა ვიცით ამ სამარხების შესახებ და რატომ არის მნიშვნელოვანი საბჭოთა რეპრესიების შესწავლა? – ამ თემაზე ვესაუბრეთ ისტორიკოს ანტონ ვაჭარაძეს, რომელიც ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI), მეხსიერებისა და დეზინფორმაციის კვლევების მიმართულების ხელმძღვანელია და უშუალოდ იყო ჩართული ბათუმში რეპრესირებულთა სამარხის აღმოჩენასა და კვლევაში.

  • 2019 წელს გავრცელდა ინფორმაცია, რომ ბათუმთან ახლოს აღმოაჩინეს 1937-38 წლებში დახვრეტილ პირთა სამარხები. არსებული მონაცემებით 1050 ადამიანზეა საუბარი. ბატონო ანტონ, რა ვიცით ამ ადამიანებზე, ვინ იყვნენ, რა ასაკის, რა სოციალური სტატუსის მქონე?

როცა ამდენ ადამიანზეა საუბარი, მათი დაყოფაც მრავალფეროვანია. ყველანაირი ასაკის, სქესისა და სოციალური სტატუსის მქონე ადამიანი გვხვდება.

რეპრესიები რამდენიმე მიმართულებით მიმდინარეობდა. მათ შორის იყო სტალინური ოპერაცია, რომელიც უფრო მეტად პოლიტიკურად აქტიურ პირებს და ინტელიგენციის წარმომადგენლებს შეეხო. ამ ადამიანთა რიცხვი საკმაოდ დიდია, სადღაც 170-მდეა ამ 1050 ადამიანიდან, ვინც სტალინური სიებით გასამართლდა.

1050 ადამიანიდან ყველა დახვრეტილია, მათ მიესაჯათ სასჯელის უმკაცრესი ზომა. რეპრესიები მიმდინარეობდა გადასახლებების კუთხითაც.

  • რატომ აღიქვამდა ამ ადამიანებს საფრთხედ საბჭოთა რეჟიმი? პირდაპირ რომ ვთქვათ – რა დააშავეს ამ ადამიანებმა? ვინ წყვეტდა მათ ბედს?
ზოგადად, საბჭოთა კავშირში პოლიტიკურმა რეპრესიებმა პიკს 1937-1938 წლების „დიდი ტერორის“ დროს მიაღწია.

ეს არის დრო, როდესაც მიმდინარეობს საზოგადოების გაერთგვაროვნება. ისინი, ვინც ოდნავ მაინც აზროვნებდნენ და ფიქრობდნენ სხვანაირად, შესაძლებელი იყო შეფასებულიყვნენ, როგორც საფრთხე ქვეყნისთვის და საბჭოთა იდეისთვის.

საქართველოში 15 000 -მდე ადამიანი დახვრიტეს და დაახლოებით ამდენივე გადაასახლეს. ბევრ მათგანს სრულიად აბსურდული ბრალდება აქვს წაყენებული, თუმცა ისინი მაინც მოყვნენ რეპრესიებში.

აჭარაში რეპრესირებულთა შორის არიან, მაგალითად, სასულიერო პირები – როგორც მართლმადიდებლები, ასევე მუსლიმები; ექიმები; საზოგადოებისთვის ცნობილი პირები.

ყველაზე ხშირად ვახსენებ ხოლმე ერთი ექიმის ისტორიას, რომელსაც ევროპის ოთხ სხვადასხვა უნივერსიტეტში ჰქონდა განათლება მიღებული და საუბრობდა 8 ენაზე. პოლონელი ექიმი რაისა შიშლო, რომელიც ქალაქის წამყვანი ვენეროლოგი იყო, იგი ბათუმში სტალინურ რეპრესიებს შეეწირა. ექიმი 1937 წელს ასობით ადამიანთან ერთად დახვრიტეს.

მიზეზებზე ბევრია სასაუბრო. მათ შორის აღსანიშნავია, რომ რეპრესიების დროს ძალიან დიდი თავისუფლება ჰქონდათ კონკრეტულად საქართველოში, განსხვავებით სხვა საბჭოთა რესპუბლიკებისგან, რაც ვლინდებოდა იმაში, რომ აქ ძალიან ბევრ გადაწყვეტილებას ადგილზე იღებდნენ.

დახვრეტის მიზეზი შესაძლოა ყოფილიყო პირადი მოტივიც. ასე კონკრეტულად, თუ ვინ წყვეტდა მათ ბედს, რთულია დაასახელო. ისინი ასე მუშაობდნენ.

სტალინურ რეპრესიებს რაც შეეხება, იმ 170 ადამიანს 1050 -დან, ჯერ დააკავებდნენ, შემდეგ დგებოდა სიები და იგზავნებოდა მოსკოვში, იქ მოაწერდნენ ხელს და ბოლოს, დაბრუნდებოდა აღსასრულებლად საქართველოში. ეს სიები, ძირითადად, ინახებოდა ადგილობრივი უშიშროების ორგანოებში.

რაც შეეხება 900-მდე, ე.წ. „კულაკური ოპერაციით“ რეპრესირებულს, ასეთ დროს ხალხს ადგილზე, ე.წ. „სამეულები“ ასამართლებდნენ.

  • როგორ ხდებოდა დახვრეტა რეპრესიების დროს? რა ვიცით ამ პროცესის შესახებ?

თუ მოულოდნელად მივიდოდნენ და წაიყვანდნენ სახლიდან, ჯერ ჰყავდათ იზოლატორში, ციხეში. შეიძლება ეს პროცესი გაგრძელებულიყო რამდენიმე თვის განმავლობაში, სანამ მიმდინარეობდა ე.წ. გამოძიება. შემდეგ დაინიშნებოდა სასამართლო, რომელსაც ატარებდა უზენაესი სასამართლოს სამხედრო კოლეგიის გამსვლელი სესია. ჩამოვიდოდა რამდენიმე მოსამართლე და გარკვეული პერიოდი ისინი ასამართლებდნენ, თუმცა ეს ფუნქცია შემდეგ გადაიბარა ადგილობრივმა „სამეულმა“. მათ გამოჰქონდათ ერთ გვერდზე დაწერილი განაჩენი.

როდესაც დაასრულებდნენ ადამიანის გასამართლებას, გამოჰყავდათ სხდომაზე, რომელიც ხანდახან მხოლოდ 10-15 წუთი გრძელდებოდა. გააცნობდნენ ბრალდების შინაარსს, წაუკითხავდნენ განაჩენს, ადვოკატსა და დაცვაზე საუბარი არ იყო. მიუსჯიდნენ ან დახვრეტას ან გადასახლებას. თითქმის არასდროს არ სრულდებოდა განაჩენი მათი გათავისუფლებით.

საბოლოოდ, განაჩენს აღასრულებდნენ განსაზღვრულ ვადაში, ზოგჯერ მეორე და მესამე დღეს, ხან – ერთ კვირაში.

ძირითადად, მოაგროვებდნენ ჯგუფს – 30, 50, 70 ადამიანს, რათა ხალხის მცირე რაოდენობის გამო არ ეწვალათ და გადაჰყავდათ მათთვის წინასწარ ამოთხრილ ორმოსთან.

სამწუხაროდ, 1937-1938 წლის საგამოძიებო საქმეების უმრავლესობა, 99 პროცენტი, განადგურებულია. არ არსებობს არანაირი დოკუმენტაცია იმის თაობაზე თუ როგორ იქმნებოდა და რა პროცესები უძღოდა წინ ე.წ. „სტალინური სიების“ შედგენას, ან მოსკოვში როგორ იგზავნებოდა. გაკულაკების შემთხვევაში საკმარისი იყო, ვინმეს, თუნდაც მეზობლის მიერ დაწერილი წერილი, დასმენა და ა.შ.

  • როგორც ვიცით, აჭარა განსხვავდებოდა წაყენებული ბრალდებების შინაარსითაც, რა იყო ამის გამომწვევი მიზეზი?

განსხვავება გამოწვეული იყო თურქეთის სიახლოვით. მაგალითად, თუ თბილისში ვერ ვნახავთ ბრალდებას თურქეთის აგენტურაზე, აჭარაში წაყენებული ჰქონდათ ბრალდება, თითქოს ბრალდებულები ცდილობდნენ აჭარის მიერთებას თურქეთზე.

სარწმუნოების საკითხიც მნიშვნელოვანი იყო. სავარაუდოდ, არსებობდა საქმიანი, ნათესაობრივი და სხვა სახის კავშირები თურქეთის მოქალაქეებთან.  ამ მიზეზით ბრალი ბევრს ჰქონდა წაყენებული.

  • საქართველოში სამარხების ძიების პროცესის ხელისშემშლელ ერთ-ერთ ფაქტორად კვლავ 1990-იან წლებში, საარქივო მასალების დიდი ნაწილის განადგურება სახელდება.ეს ფაქტი ხომ არ მოწმობს იმას, რომ ასეთი სამარხები შესაძლოა კიდევ იყოს ბათუმში, უბრალოდ მათი არსებობის შესახებ ინფორმაცია არ არსებობდეს?

შესაძლოა, რა თქმა უნდა. ერთ-ერთი ფაქტორი ეს არის. ძირითადად, როგორც ცნობილია, 1937-38 წლებში, ოთხ დიდ ქალაქში: ბათუმში, სოხუმში, თბილისსა და ქუთაისში იყო დახვრეტის პოლიგონები. თუმცა, მიუხედავად ძიებისა, რომელიც რამდენიმე წლის წინაც იყო, თბილისთან ვერ მიაგნეს სამარხებს.

  • სტალინური რეპრესიები შეეხო ყველა ქვეყანას საბჭოთა კავშირში. თუ არის ცნობილი, რომელ ქვეყნებში მიდიოდა რეპრესიები ყველაზე სასტიკად?

ყველგან ძალიან მძიმე იყო. მათ შორის რუსეთსა და უკრაინაშიც. კავკასიაში საქართველო იყო ქვეყანა, სადაც ყველაზე სასტიკად მიმდინარეობდა რეპრესიები. პროცენტულად, დახვრეტილთა რაოდენობით, აზერბაიჯანს აღვემატებით ორჯერ და სომხეთს – სამჯერ.

მნიშვნელოვანი ფაქტორია ის, რომ ადგილობრივ ხელისუფალთ დიდი უფლებამოსილებები გააჩნდათ, ძირითადად, ბერიას „დამსახურებით“. მან დაარწმუნა მოსკოვი, რომ გამსვლელი სესია არ იყო საჭირო და ადგილობრივი სამეულები საქმეს მიხედავდნენ. ეს „სტალინური ოპერაციის“ უნიკალური შემთხვევა იყო მთელ საბჭოთა კავშირში.

ბევრმა „ძველმა ბოლშევიკმა“ სტალინის შესახებ იცოდა ის, რაც არ უნდა სცოდნოდა. ადგილობრივი ხელმძღვანელები დიდი უფლებებით სარგებლობდნენ და ცდილობდნენ ასეთი გზით პარტიისთვის თავიანთი ერთგულება დაემტკიცებინათ. ამავდროულად, სტალინი იყო ქართველი და შესაძლოა, ერთ-ერთი ფაქტორი ისიც ყოფილიყო, არავინ მოსდავებოდა, რომ საკუთარი თანამემამულეები დაინდო.

  • რატომ არის მნიშვნელოვანი საზოგადოებისთვის და სახელმწიფოსთვის საბჭოთა რეპრესიებს შეწირული ადამიანების სამარხების პოვნა?

სამარხების პოვნამ ბევრი რამ მოგვცა და კიდევ მოგვცემს. ეს საკითხი უმნიშვნელოვანესია.

მიუხედავად იმისა, რომ სხვა მმართველობა იყო, ეს ისტორია თანამედროვე საქართველოს მემკვიდრეობაა, რასაც სხვა ვერავინ ვერ მოუვლის. საჭიროა ამ ყველაფრის შესწავლა და კიდევ ერთხელ ნათლად ჩვენება მათთვის, ვინც ისევ რჩება სტალინის მეხოტბედ და მისტირის საბჭოთა კავშირს.

გარდა ამისა, ეს თანამედროვე საფრთხეცაა, რადგან ჩვენი ჩრდილოელი მტერი ყოველდღიურად გვახვევს თავს, რომ საბჭოთა კავშირი სინამდვილეში იყო ჰუმანური და წარმატებული სახელმწიფო.

სწორედ ფაქტების მეშვეობით და ბევრი წერით შესაძლებელია არასწორი მოსაზრებების გაბათილება. ძალიან საინტერესოა დახვრეტილთა ადამიანური ისტორიები, მათი შეწყვეტილი ცხოვრება, ცოდნა ამ ისტორიის, რათა მომავალში აღარასდროს განმეორდეს მსგავსი, იმიტომ, რომ არის საფრთხე დიქტატორული რეჟიმების.

რამდენიმე წლის ხნის წინ არავის ეგონა, რომ უკრაინაში ომი დაიწყებოდა. ამის განმეორება რომ არ უნდა დავუშვათ, ამას სჭირდება დაცვა. არავინ იფიქროს, რომ ეს მხოლოდ მაშინ იყო და არასდროს არ მოხდება. სულ რაღაც 80 წელი გავიდა მას შემდეგ, რაც საბჭოთა კავშირი ასეთ სისასტიკეს ახორციელებდა.

სამწუხაროდ, დღევანდელი რუსეთის მეზობლობის პერიოდში სულ არის ამის დაბრუნებისა და განმეორების საშიშროება, რადგან რუსეთი სულ უფრო და უფრო ემსგავსება იმდროინდელ საბჭოთა კავშირს და მმართველობის სისტემა ნელ-ნელა ანალოგიური ხდება.

  • თქვენი აზრით, რით აიხსნება ის გარემოება, რომ მიუხედავად სტალინური რეპრესიების სისასტიკისა, რომელიც ათასობით ოჯახს შეეხო, საქართველოში საკმაოდ ბევრი ადამიანისთვის სტალინი რჩება პოზიტიურ პოლიტიკურ ფიგურად?

ბევრი რამ მოქმედებს: ისტორიის არასწორი ინტერპრეტაცია, პროპაგანდა და დეზინფორმაცია.

ბევრ ადამიანს არ უნდა წაიკითხოს რეალური ისტორია და თვლიან, რომ სტალინის უარყოფითი დახასიათება არის გამონაგონი და ტყუილი. ასეთი ადამიანები ცხოვრობენ თავიანთ წარმოსახვასა და წარმოდგენებში, რომელსაც თავს ახვევდა ხალხს საბჭოთა კავშირი. ეს მემკვიდრეობა ჯერ კიდევ არსად წასულა.

მოქმედებს ეთნიკური და ეროვნული ნიშანიც, სტალინის ქართველობა და ის, რომ პატარა ქალაქში დაიბადა და შემდეგ მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი იმპერიის ერთპიროვნული მმართველი გახდა. ეს ყველაფერი აყალიბებს გარკვეულ ემოციასა და შეგრძნებებს მისი ფიგურის მიმართ.

მიუხედავად იმისა, რომ ახალგაზრდების უმეტესობა არ ამაყობს სტალინით და იაზრებს რეალურ ისტორიას, გამოკითხულთა რაოდენობა, რომელიც მას დადებითად აფასებს, საგანგაშოა. 

ხშირად, ახალი თაობა ასეთ დროს წინაპართა პოზიციას ითვალისწინებს, მამებისა და ბაბუების აზრს.

  • რას აკეთებენ სხვა ქვეყნებში სტალინური რეპრესიების შესაფასებლად, გასააზრებლად? რა შეიძლება ვისწავლოთ სხვა ქვეყნებისგან და რატომ არის ეს მნიშვნელოვანი?

მაგალითად, პოლონეთში უდიდესი ფინანსები იხარჯება ისტორიის კვლევაში, პოპულარიზაციასა და სწორად გააზრებაში. მათ აქვთ უამრავი კვლევა ამ საკითხებზე, ასევე, დიდი ხელშეწყობა აქვთ ისტორიკოსებს, მწერლებს, სახელოვნებო სფეროს წარმომადგენლებს. ეს თემა მათთვის ყოველთვის აქტუალურია. ისტორია სასკოლო სახელმძღვანელოებში აისახება რეალურად და ეხმიანება ეროვნულ მიზნებს. პოლონეთისგან ბევრი რამის სწავლა შეიძლება.

ბათუმში, ბოლოს აღმოჩენილი სამარხის კვლევაში პოლონეთის სახელმწიფოს წვლილი უდიდესია. საქართველოს მათი ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტი სრულიად უსასყიდლოდ დაეხმარა ამ პროცესში. ჩვენ უბრალოდ, მივწერეთ მათ, რომ აჭარაში რეპრესირებულთა სიებში არიან პოლონელებიც. ჩამოვიდნენ და დაგვეხმარნენ კეთილი ნებით.

საქართველოში უნდა მოხდეს სრული დეკომუნიზაცია, ანდაც – დესტალინიზაცია. აუცილებელია სახელმწიფომ ამ საკითხს უდიდესი ყურადღება დაუთმოს, წაახალისოს კვლევები, დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია საბჭოთა სისტემის მიმართ და გადადგას ქმედითი ნაბიჯები, ისეთი, როგორიც გადაიდგა პოლონეთში, უკრაინაში, ბალტიის ქვეყნებში საბჭოთა კავშირის დანგრევის შემდეგ.

ბოროტების იმპერიასთან ჯაჭვის სრულად გაწყვეტის გარეშე შეუძლებელი იქნება დასავლური, ცივილიზებული სამყაროს სრულფასოვანი წევრობა.

________________________

ინტერვიუ ჩაწერილია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის – „ციფრული მედია და ინოვაციები“ – ფარგლებში მომზადებული ჟურნალისთვის – „მედიალაბორატორია“.

ფოტოზე: ანტონ ვაჭარაძე. ფოტო: „ბათუმელები“/მანანა ქველიაშვილი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: