ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ბულვარში ველობილიკს მწვანედ შეღებავენ და გაანათებენ – ორმილიონიანი ტენდერი

09.11.2023 • 2300
ბულვარში ველობილიკს მწვანედ შეღებავენ და გაანათებენ – ორმილიონიანი ტენდერი

ბათუმის ბულვარი ველობილიკის რეაბილიტაციას გეგმავს, რისთვისაც აჭარის ბიუჯეტიდან 2 მილიონი ლარი დაიხარჯება.

პროექტის მიხედვით, შეკეთებული ველობილიკი ბულვარის ტერიტორიაზე [იახტკლუბიდან ახალი ბულვარის ამფითეატრამდე] მწვანედ შეიღებება, ბილიკის მთელ სიგრძეზე კი მოეწყობა განათება.

ბულვარის ადმინისტრაციამ სამუშაოების შესყიდვაზე ტენდერი 2 მილიონ 42 ათას 598 ლარით გამოაცხადა.

ტენდერით გათვალისწინებული სამუშაოები ეტაპობრივად, კალენდარული გეგმა-გრაფიკის შესაბამისად უნდა შესრულდეს და მთლიანობაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 150 დღეში უნდა დასრულდეს.

ბულვარის ტერიტორია ახალ ბულვარში მდებარე ამფითეატრის მიმდებარედ მთავრდება, ამიტომ ველობილიკის გაგრძელება აეროპორტის მიმართულებით ბულვარს არ ეკუთვნის. შესაბამისად, ბულვარში რეაბილიტირებული ველობილიკი იქნება მწვანე ფერის, ხოლო გაგრძელება აეროპორტის მიმართულებით [ისევე, როგორც ველობილიკები ქალაქის სხვა ადგილებში] იქნება წითელი ფერის.

შესრულებული სამუშაოს ხარისხის საგარანტიო ვადა, როგორც ტენდერის პირობაშია აღნიშნული „სწორი ექსპლუატაციის პირობებში საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან შეადგენს:

  • ველობილიკის სამღებრო სამუშაოებზე არანაკლბ 2 წელს;
  • რკინაბეტონის სამუშაოებზე არანაკლებ 10 წელს.

ამასთან, „საგარანტიო პერიოდში აღმოჩენილი ნებისმიერი ხარვეზის აღმოფხვრა (შეკეთება და/ან შეცვლა ახლით), ასევე აღნიშნული სამუშაოების შესრულების პროცესში და საგარანტიო პერიოდში უხარისხოდ შესრულებული სამუშაოს შედეგად გამოვლენილი ნებისმიერი სხვა ზიანის აღმოფხვრა სრულად ეკისრება მიმწოდებელს“.

შესრულებულ სამუშაოებზე ხარისხის გარანტიის უზრუნველსაყოფად კი, ტენდერში გამარჯვებულს საბოლოო მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმებიდან 1 წლის განმავლობაში შესრულებული სამუშაოების საერთო ღირებულების 5 პროცენტს დაუკავებენ.

ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს „2020 წლის პირველი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების თარიღამდე შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათისა და შინაარსის სამშენებლო-სარეაბილიტაციო სამუშაოები ან/და რკინაბეტონის მოწყობის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 5 106 495 ლარის ოდენობით“.

ვიზუალიზაცია პროექტიდან

არსებული სიტუაცია / ფოტო ტენდერიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: