მთავარი,სიახლეები

რატომ სძულთ „ოცნების“ კაცებს აქტიური პარლამენტარი ქალები

09.11.2023 • 1192
რატომ სძულთ „ოცნების“ კაცებს აქტიური პარლამენტარი ქალები

„შენ ხარ ბანძი, ჩვეულებრივი ბანძი ქალი ხარ. გაიარე რა, ფარჩაკი, ბანძი. იმ ქალების ჩამონათვალშიც ვერ ჯდები, ვისაც სააკაშვილი ევასებოდა“, – ასე მიმართა „ქართული ოცნების“ დეპუტატმა ალუდა ღუდუშაურმა ოპოზიციონერ დეპუტატ ქალს, ანი წითლიძეს.

უზრდელობის რეკორდი მოხსნა „ოცნების“ კიდევ ერთმა დეპუტატმა ირაკლი ბერაიამ, რომელმაც სიტყვიერი შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტარ თეონა აქუბარდიას.

„მე მოვუწოდებ ამ ადამიანს, მისი გრძელი და ყველგან ნამყოფი ენით ჩემი და ჩემი კომიტეტის სახელის ხსენებისგან თავი შეიკავოს“, – განაცხადა მან აქუბარდიას მხრიდან კრიტიკის მოსმენის შემდეგ.

თეონა აქუბარდია საუბრობდა რეზოლუციის პროექტზე და იმაზე, რომ პარტნიორებს სათანადოდ რეაგირება ჰქონოდათ შეეფასებინათ ოკუპირებულ ოჩამჩირეში რუსული სამხედრო ფლოტის განთავსებაზე.

„ქალბატონი აქუბარდია არაერთხელაა ნამყოფი ნატო-ს საპარლამენტო ასამბლეაზე. როდესაც ანგარიშებსა და რეზოლუციებში ჩემი არაერთი შენიშვნა და შესწორება ყოფილა ინიცირებული და როდესაც საქართველოს საკითხი გადიოდა, არც ერთხელ დარბაზში არ მჯდარა, შოპინგზე იყო გაქცეული, ან მისივე სიტყვებით თუ ვიტყვით, „პახმელიაზე“ ბალიშიდან თავის წამოწევა ეზარებოდა.

…(ამიტომ არ მიეცა) მისნაირებთან და ვიღაც-ვიღაცებთან „სელფების“ გადაღების და გაფეისბუქების საშუალება, აეროპორტის ლაუნჯებში შესვლის, იქ გასკდომის და გამოთრობის და გაშხლართვის საშუალება“, – ამბობდა ირაკლი ბერაია.

ამ სექსისტური და არაეთიკური განცხადებების მიუხედავად, პარლამენტის თავმჯდომარეს შალვა პაპუაშვილს ბერაიასთვის შენიშვნაც კი არ მიუცია. პირიქით, დროც კი დაუმატა სიტყვის დასასრულებლად.

თეონა აქუბარდია

თეონა აქუბარდია ითხოვს ბერაიამ თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარის თანამდებობა დატოვოს, ღირსების შემლახავი განცხადებების გამო კი აპირებს სასამართლოში უჩივლოს.

„ის, რაც „ოცნების“ კაცუნამ ირაკლი ბერაიამ იკადრა ჩემს წინააღმდეგ, პატარა კაცობაც აღარ ჰქვია. სუს-ის მეთოდები არ გამაჩუმებს, მაშინ, როცა მათი მთავრობის წევრი პუტინთან ერთად სადილობს და დარბაზში მის გამოსვლას ესწრება, მაშინ, როცა პარლამენტის თავმჯდომარე დასავლეთის წინააღმდეგ დეზინფორმაციის ფლაგმანი ხდება და მაშინ, როცა რუსული ოკუპაცია „ოცნებას“ წინა ხელისუფლების მემკვიდრეობა ჰგონია და პასუხისმგებლობას ამით იცილებს თავიდან.

ამას ალბათ გაგრძელებაც მოჰყვება, მაგრამ სუს-ს და „ოცნება“-ს ვეტყვი, რომ მათი არ მეშინია და ვერ გამაჩუმებენ!“ – ამბობს თეონა აქუბარდია.

მოგვიანებით, ირაკლი ბერაიამ ჟურნალისტებთან თქვა, რომ „ემოციურად გადაჭარბებული“ იყო მისი განცხადება და ამის გამო მშრალად მოიბოდიშა.

„ოცნების“ დეპუტატების მხრიდან არავის გაუპროტესტებია ქალი კოლეგების მიმართ გამოთქმული ყოვლად მიუღებელი ეპითეტები. მხოლოდ ქალმა დეპუტატებმა გააკეთეს განცხადება და თქვეს, რომ ბერაიას განცხადებები უკიდურესად სექსისტური და მიზოგინიურია.

მათი შეფასებით, მმართველი პარტიის დეპუტატები ოპოზიციონერი ქალი კოლეგების წინააღმდეგ „სუს“-ის მეთოდებით იბრძვიან.

ერთი სიტყვითაც არ გამოხმაურებია ქალი კოლეგების შეურაცხყოფას მამუკა მდინარაძე, სამაგიეროდ, ირაკლი ბერიას თანამდებობიდან გადაყენების მოთხოვნაზე ქ, ალებს ასე უპასუხა: „ცოტა ზედმეტები არ მოგივიდეთ, ახლა! შეირგეთ ის ბოდიში“.

ანი წითლიძე

ოპოზიციონერი ქალები კი ამბობენ, რომ ბერაიას ფარისევლურ ბოდიშს არ მიიღებენ და საქმეს ბოლომდე მიიყვანენ.

„ბერაია, რომელმაც შეურაცხყოფა მიაყენა პარლამენტის ქალ დეპუტატს, თეონა აქუბარდიას, დაუყოვნებლივ გადაყენებულ იქნას თანამდებობიდან“.

„ეს არ არის ჩვეულებრივი ამბავი, ეს არის ძალიან მძიმე შეურაცხყოფა მთელი ჩვენი საზოგადოებისთვის“, – განაცხადა ხატია დეკანოიძემ, რომელსაც სიტყვის დასრულებაც კი არ აცადა პაპუაშვილმა და მიკროფონი გაუთიშა.

ოპოზიციონერ ქალ დეპუტატებს სოლიდარობა გამოუცხადა საქართველოს პრეზიდენტმა და თქვა, რომ ის სიტყვები, რაც „ოცნების“ კაცი დეპუტატებისგან მოისმინა, შეურაცხყოფს მთლიანად პარლამენტს.

მისი თქმით, თუ ამ ყველაფერზე რეაგირება არ ექნება პარლამენტის თავმჯდომარემ, „მაშინ ის თვითონ აკარგვინებს სახეს საქართველოს პარლამენტს.

ეს ნამდვილად სირცხვილია: ქართველობისთვის, საქართველოსთვის, საქართველოს პარლამენტისთვის. მე არ ვიცი, რა კანონი ვინ უნდა მიიღოს უხამსობაზე, როცა თუ ეს არ არის უხამსი სიტყვები, მე არ ვიცი, რა არის“, – ამბობს სალომე ზურაბიშვილი.

„ქართული ოცნების“ დეპუტატების მხრიდან ოპოზიციონერი ქალების შეურაცხყოფის პირველი შემთხვევა არ ყოფილა. მაგალითად, სექსისტური განცხადებებით გამოირჩევა თავად პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილიც.

ის ჯერ კიდევ არ იყო თანამდებობაზე, როცა თინა ბოკუჩავა სპიკერატისთვის განკუთვნილი ადგილიდან ძალით გამოიყვანა და ფიზიკურად იძალადა მასზე და „ოცნების“ წარმომადგენლებს არც მაშინ დაუგმიათ მსგავსი ქმედება.

ქალებზე ძალადობის ფაქტები პარლამენტში

პარლამენტის პლენარულ სხდომაზე, სადაც შეკრებისა და მანიფესტაციის შესახებ კანონპროექტში გამკაცრებულ ცვლილებებს განიხილავენ, სწორედ პაპუაშვილმა ეძახა ქალ დეპუტატებს  რადიკალები და ისტერიულები, მათ შორის თინა ბოკუჩავას, რომელიც აპროტესტებდა კანონში დაგეგმილ ცვლილებებს.

როცა ასევე ოპოზიციონერმა დეპუტატმა ხათუნა სამნიძემ ამის გამო შენიშვნა მისცა პაპუაშვილს და უთხრა, რომ მან „სექსისტური განცხადება გააკეთა“, პაპუაშვილმა ქალ კოლეგას უთხრა, რომ „უფლებები, სექსიზმი მხოლოდ ტრენინგებზე აქვს გაგებული და “Power Point-ის პრეზენტაციაზე შორს ვერ წასულა” და რომ „მორალთან და ქალთა უფლებებთან ახლოსაც კი არ არის გავლილი“.

ოპოზიციონერი ქალი დეპუტატების მიმართ სექსისტური ლექსიკით გამოირჩევა „ქართული ოცნების“ ხელმძღვანელი ირაკლი კობახიძეც.

„მე ახლა ქალთან პოლემიკაში ვერ შევალ, ასეთი წესია“, – უთხრა ჟურნალისტებს 20 სექტემბერს, როცა მას „ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა ანი წითლიძემ რუსი ჯაშუში და მშიშარა უწოდა.

აქუბარდიას და წითლიძის მსგავსად, კაცი დეპუტატების სამიზნე, სხვა ოპოზიციონერი ქალებიც არაერთხელ გამხდარან

ქალი კოლეგების მიმართ შეურაცხმყოფელი ენით საუბარს არც არჩილ თალაკვაძე მორიდებია. მაგალითად, 2020 წელს, როცა ის პარლამენტის თავმჯდომარე იყო, „სასოწარკვეთილი ნაციონალი დიასახლისები“ უწოდა ოპოზიციონერ დეპუტატებს – ელენე ხოშტარიასა და ირმა ნადირაშვილს, როცა მათ არჩილ თალაკვაძის მოხსენების დროს საბჭოთა კავშირის ჰიმნი ჩართეს.

„ქართული ოცნების“ წარმომადგენელი კაცები, განსაკუთრებული აგრესიით იმ ქალი დეპუტატების მიმართ გამოირჩევიან, რომლებიც ღიად და პრინციპულად აკრიტიკებენ „ოცნების“ პრორუსულ პოლიტიკას და უმრავლესობის წევრებს ხელი შეუშალეს რუსული კანონის მიღებაში.

ალუდა ღუდუშაურის და ირაკლი ბერაიას სექსისტური, შეურაცხმყოფელი და ღირსების შემლახავი განცხადებები, პარლამენტის გენდერულ საბჭოსაც კი არ შეუფასებია.

მხოლოდ საბჭოს თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა აღნიშნა, რომ კაცი კოლეგების მხრიდან გაკეთებული განცხადებები მძიმე და მიუღებელია და „ნამდვილად არ აქვს გამართლება“, თუმცა ამ თემაზე მეტი დისკუსიის წარმოება საჭიროდ არ მიიჩნია.

გენდერის მკვლევრის მარიამ ჭანჭალეიშვილის აზრით, სრული დეჰუმანიზაცია შეიძლება ეწოდოს ქალი დეპუტატების წინააღმდეგ შექმნილ ნარატივს, რომელიც ქალთმოძულეობაზეა აგებული.

მარიამ ჭანჭალეიშვილი

„და რაც უფრო გააქტიურდებიან ქალები პარლამენტში, რაც უფრო მკაფიო იქნება მათი გამოხატვის გზები, უფრო მეტად გაიზრდება კაცი პოლიტიკოსების მხრიდან ეს აგრესია, რომელიც დაიწყო ჯერ კიდევ უცხოური გავლენის აგენტის კანონის ინიცირების დროს, როცა ოპოზიციონერი ქალები ხმამაღლა საუბრობდნენ, ჰქონდათ მკაფიო, ხაზგასმული გამოხატვის ფორმები და ეს ძალიან დიდ აგრესიას იწვევდა „ქართული ოცნების“ დეპუტატებში.

ამით ცდილობენ გამოიწვიონ ამ ქალების მიმართ აგრესია, რადგან ჩვენ საზოგადოებაში უფრო მიღებულია ქალი, რომელიც არის მშვიდი, გაწონასწორებული, არ შედის კაცებთან დაპირისპირებაში, მორჩილია უფრო მეტად და ასე შემდეგ. აი, ამით მანიპულირებენ და ცდილობენ, ხაზი გაუსვან იმას, რომ თითქოს ეს ქალები „ქალობის“ ჩარჩოებს ცდებიან და შესაბამისად არ იქცევიან.

ამით ცდილობენ, რომ ამ ქალების ხმა იყოს მაქსიმალურად გაუფასურებული და მარგინალიზებული“, – ამბობს მარიამ ჭანჭალეიშვილი.

მისი თქმით, „ოცნების“ კაცი დეპუტატები იმიტომ ცდილობენ მიზოგინიური ლექსიკა გამოიყენონ, რომ ქალს აღარ დარჩეს მათთან ღირსეულ დისკუსიაში შესვლის სივრცე.

„ღირსების აყრას ცდილობენ ამით, რაც ხელს უწყობს ქალების განდევნას პოლიტიკური ველიდან“, – ამბობს მარიამი.

მისი აზრით, ასევე მნიშვნელოვანია სექსუალიზებული კომენტარები, რომელსაც კაცი პოლიტიკოსები იყენებენ ოპონენტი ქალების მისამართით და ამის მაგალითია თუნდაც ღუდუშაურის ლექსიკა.

„როცა ის წითლიძეს ეუბნებოდა, რომ იმ ქალების სიაშიც არ იყო, რომელიც სააკაშვილს მოეწონებოდა. ცდილობენ ქალები გაიგივებული იყვნენ მხოლოდ თავიანთ სქესთან და რომ შეიძლება ქალი პოლიტიკოსები ამ კონტექსტში განიხილო. თითქოს მათი სხეულები და გარეგნობაა მნიშვნელოვანი და არა ის პოლიტიკა, რასაც ქმნიან.

გარდა ამისა, როცა კაცი დეპუტატი ასეთი სიძულვილის ენით საუბრობს და მას არ უთიშავენ მიკროფონს, ეს აჩვენებს, რომ ქალზე ძალადობა ნებადართული და წახალისებულია პარლამენტში.

რეალურად, ქალის მიმართ პატივისცემის იდეა ფასადურია ამ ადამიანებში, რადგან მიმართავენ არათანაბარი ბრძოლის მეთოდებს, რომელსაც ქალი არასდროს გამოიყენებს მათ წინააღმდეგ. არც ჰომოფობიურ რიტორიკას მათ შორის, რადგან ქალები არ საუბრობენ ასეთი ენით.

ძალიან რთულია, როცა ადამიანი გესხმის ასეთი პირადი შეურაცხმყოფელი ენით და ეს მართლაც არის ძალადობა და შევიწროება“, – მიიჩნევს მარიამ ჭანჭალეიშვილი.

„პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ იურისტი ანა თავხელიძე კი იმ პირების პასუხისმგებლობაზე საუბრობს, ვინც ვალდებული იყო რეაგირება მოეხდინა ქალთა მიმართ ძალადობაზე, მაგრამ არ იმოქმედა.

ანა თავხელიძე

„ის, რაც ამ დღეებში პარლამენტში ვნახეთ, ცალსახად არის სექსუალური შევიწროება, რადგან სექსუალური შინაარსის არასასურველი, ღირსების შემლახავი ვერბალური ქცევაა. ქალი დეპუტატების მიმართ მტრული გარემოს შექმნა კაცი კოლეგების მხრიდან თითქმის ყოველდღიური მოვლენა გახდა“, – ამბობს ანა თავხელიძე.

მისი შეფასებით, ამას აქვს მსუსხავი ეფექტი ქალებისთვის, რომლებიც სხვადასხვა სექტორში არიან დასაქმებული და სხვასაც უქმნის განწყობას, რომ თითქოს პოლიტიკოსი ქალების მიმართ ასეთი მოპყრობა არის ნორმალიზებული.

„შესაბამისად, წახალისება ხდება ქალთა მიმართ დისკრიმინაციული მოპყრობის და ეს მაშინ, როცა ისედაც მწვავე პრობლემაა ქვეყანაში ამ მიმართულებით – სახელმწიფო კი ეფექტურად ვერ პასუხობს ამ გამოწვევას.

იმის ნაცვლად, რომ პარლამენტი დაკავებული იყოს რაც შეიძლება ეფექტური მექანიზმი შექმნას გენდერული თანასწორობის უზრუნველსაყოფად, პირიქით, უთანასწორო გარემოს ქმნის, რომ კიდევ მეტად დაზარალდნენ ქალები“, – ამბობს ანა.

მისი თქმით, სექსუალური შევიწროება სამართლებრივი განზომილება, ადამიანის უფლებების დარღვევაა და ბოდიში ამის საპასუხო ვერ იქნება.

„სამართლებრივი რეაგირებაა ამაზე საჭირო და დეპუტატმა ქალებმა აუცილებლად უნდა მიმართონ სასამართლოს. მათ აქვთ უფლება კომპენსაციაც მოითხოვონ მიყენებული მორალური ზიანისთვის.

გარდა ამისა, უნდა დადგეს ყველა ასეთი ადამიანის პროფესიული პასუხისმგებლობის საკითხიც, რადგან ყველამ დავინახოთ, ადამიანები რომლებიც ჩადიან სექსუალურ შევიწროებას, რაღაცის ფასს იხდიან ამისთვის.

მათ შორის, ეს შეიძლება იყოს პარლამენტის თავმჯდომარეც, რადგან მას აქვს ვალდებულება რეაგირება მოახდინოს ძალადობაზე, მით უმეტეს, როცა ეს მის თვალწინ ხდება. მას კი, როგორ დავინახეთ, არანაირი ზომა არ მიუღია.

ძალადობის წამახალისებელი ადამიანები ვერ გამოხატავენ ჩვენს აზრს პარლამენტში, ამისთვის არ აგვირჩევია ისინი. ამიტომ გარდა ამ დეპუტატებისა, ვინც სექსუალურად იძალადა ოპონენტ კოლეგა ქალებზე, უნდა დადგეს საკანონმდებლო ორგანოს ხელმძღვანელის პასუხისმგებლობის საკითხიც“, – მიიჩნევს ანა თავხელიძე.

მისი აზრით, შალვა პაპუაშვილი საკითხი ჯერ კიდევ მაშინ რომ დამდგარიყო დღის წესრიგში, როცა მან თინა ბოკუჩავაზე იძალადა ფიზიკურად, „ნორმალურ ქვეყანაში ის ვერასდროს გახდებოდა პარლამენტის თავმჯდომარე და არც დღეს გვექნებოდა ეს მოცემულობა პარლამენტში“, – ამბობს ანა.

უფლებადამცველების აზრით, ქალი პოლიტიკოსების მიმართ ძალადობა არ უნდა იყოს ნორმად მიჩნეული და ამაზე საზოგადოებასაც უნდა ჰქონდეს თავისი პასუხი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: