მთავარი,სიახლეები

მამა დამეღუპა 2 წლის წინ და ვერ წავედი, ფრენები არ იყო. ბილეთებს ახლაც ვინახავ – ემიგრანტი ქალი

08.11.2023 • 10049
მამა დამეღუპა 2 წლის წინ და ვერ წავედი, ფრენები არ იყო. ბილეთებს ახლაც ვინახავ – ემიგრანტი ქალი

„საქართველოში რომ დავბრუნდი ემიგრაციაში ყოფნის 7 წლის შემდეგ, საკუთარი ოჯახის წევრებთან ურთიერთობა გამიჭირდა. იმიტომ კი არ გამიჭირდა, რომ სიცივე ვიგრძენი ან აღარ ვუყვარდი და შეიცვალნენ.

არა.

უბრალოდ, მე აღარ მქონდა საერთო. ის ყოველდღიური რამ, რაც გვაერთიანებდა, გამოვტოვე. მივხვდი, რომ აქ, იტალიაში, უფრო მეტ ხალხთან მქონდა კავშირი. რადგან გვაქვს საერთო დარდი, საერთო საფიქრალი, საერთო საქმე. და აქ უფრო ადვილად შეიძლება ადამიანთან იკონტაქტო, ილაპარაკო..“ – ამბობს 48 წლის ლელა ჩუბინიძე. ის  17 წელია რაც იტალიაში ცხოვრობს.

იტალიაში სამუშაოდ 2007 წელს წავიდა. იმ დროს, როცა საზღვარგარეთ წასვლა გაცილებით რთული იყო. საქართველოში დატოვა საქმე, რომელსაც აკეთებდა და რომლისგანაც საკმარის შემოსავალს ვერ იღებდა.

ემიგრაციაში ყოფნის პირველი ორი წელი მისთვისაც ისეთივე რთული იყო, როგორც სხვა ქალებისთვის, რომლებიც უცხო ქვეყანაში ბედისა და სამსახურის საძიებლად ჩადიან ხოლმე.

ლელას თქმით, საქართველოდან ყველაფერი ლამაზად ჩანს და რეალურად, რისი გამკლავება უწევთ ახალჩასულ ქალებს, მაგაზე არავინ საუბრობს.

განსაკუთრებით სტრესულად ახსოვს ქართველი ე.წ. დამსაქმებლები, რომელთა გამოც უცხო ქვეყანაში გადადგმული პირველი ნაბიჯები ასმაგად რთული აღმოჩნდა.

ემიგრაციაში ყოფნის 17 წლის თავზე ლელა ამბობს, რომ აღარასდროს იცხოვრებს „ქართველ დამსაქმებლებთან“.

ლელა ჩუბინიძე
ფოტო: მარიამ ქველიაშვილი

მისი თქმით, არაკეთილსინდისიერი ე.წ. დამსაქმებლები ემიგრაციაში წასული არაერთი ქალისთვის აღმოჩნდნენ მახე, რომლებისგანაც თავის დაღწევა დიდ დროს, ენერგიას და თანხას მოითხოვს.

საქართველოს მოქალაქეთა უმრავლესობა, რომლებიც იტალიაში სამუშაოდ ჩადიან, პირველ ეტაპზე, სანამ საბუთებს მოაწესრიგებენ (და ზოგჯერ ეს წლები გრძელდება), არალეგალურად შრომობენ. არალეგალურად დასაქმება რთულია. სამსახურის პოვნის ორი გზა არსებობს – სანდო ნაცნობი/მეგობარი, რომელიც რეკომენდაციას გაგიწევს იტალიელ ოჯახთან ან დამსაქმებელი.

დამსაქმებლები არიან ის ადამიანები, ვინც წლებია უკვე იტალიაში ცხოვრობენ, მოწესრიგებული აქვთ დოკუმენტაცია, აქვთ დაქირავებული ბინა და ამ ბინაში საწოლებს სამსახურის მაძიებლებზე აქირავებენ.

არიან დამსაქმებლები, რომლებიც კანონის ფარგლებში მოქმედებენ და მათ მიერ სამსახურის მაძიებლისთვის გაწეული მომსახურება შესაბამისად ფორმდება, თუმცა უმრავლეს შემთხვევაში მათი საქმიანობა არალეგალურია.

სამსახურის მაძიებლებისგან, განსაკუთრებით კი, ახალჩასულებისგან დამსაქმებლები ცდილობენ მაქსიმალური სარგებელი მიიღონ. ლელა ჩუბინიძე ამბობს, რომ როდესაც იტალიაში საცხოვრებლად ჩავიდა, სწორედ მსგავს დამსაქმებელთან მოხვდა.

„ფული თითქმის არ მქონდა როცა ჩამოვედი. იყო დღეები, საჭმლის ფულიც არ მქონდა. მთელი ღამეები ვტიროდი. ვამბობდი, როგორ შეიძლება ქართველები ასეთები იყვნენ. დამსაქმებელთან, სარდაფის სტილის ოთახში ვცხოვრობდი სამ ქალთან ერთად. დიდხანს ვიყავი უმუშევარი. მერე, როგორც იქნა, დავსაქმდი.

მახსოვს, ახალი შესული ვიყავი სამსახურში და იმ დამსაქმებელმა ჩემი მეგობარი გამოაგდო. რაღაც არ მოეწონა და ღამის ცხრა საათზე გააგდო სახლიდან.

მაშინ აქ ქართველებს ბინები აღებული არ ჰქონდათ და მახსოვს, რამდენიმე ქალაქის იქით, სხვა ქალაქში გავუშვით ეს გოგო მატარებლით, რომ ღამე გაეთია,“- იხსენებს ლელა ჩუბინიძე ერთ-ერთ ეპიზოდს მისი ცხოვრებიდან.

ლელა ჩუბინიძე ფიქრობს, რომ დრო, რომელსაც ემიგრაციაში მყოფი ადამიანები საკუთარი სახლებიდან შორს ატარებენ, არის დაკარგული.

„არანაირი თანხა არაა ღირებული, როცა შვილი დედის გარეშე იზრდება. მე არ ვარ დაქორწინებული, მაგრამ მაკლია ჩემების სითბო. არ ვარ მათ გვერდით. 64 წლის მამა დამეღუპა ორი წლის წინ და ვერ წავედი. ფრენები არ იყო. ბილეთი დღემდე შენახული მაქვს, არასდროს არ გადავაგდებ. ეს ყველაფერი გაკლია, ამას ვერაფერი ვერ შეგივსებს. ჩვენ აქ ვართ იმისათვის, რომ თავი ვირჩინოთ. დანარჩენი ყველაფერი დაკარგულია.

შრომა, რომელსაც ემიგრანტები ვწევთ, არის შეუფასებელი. ძნელია იმუშაო მოხუცთან, იცხოვრო მოხუცის ცხოვრებით, მოხუცის აზრით, ეს არის ძალიან რთული, ძალიან ძნელი და ეს ყველას არ შეუძლია.

ვიცი ქალები, რომლებიც ფსიქიკურად შეირყნენ იმიტომ, რომ ეს არის სტრესი, უდიდესი ფსიქოლოგიური ტრავმა, რომელსაც ვიღებთ. ეს არის შეუფასებელი შრომა, რომელსაც ვწევთ,“ – ამბობს ლელა ჩუბინიძე.

ლელას თქმით, ემიგრაციაში ყოფნის მე-17 წელს ცდილობს ცხოვრება დააბალანსოს და მარტო მუშაობას აღარ მიუძღვნას თავი.

„ადრე მარტო მოხუცთან ვცხოვრობდი. კვირაში სამი საათი მქონდა მხოლოდ თავისუფალი დრო. ახლა გადაწყვიტა, მიდგომა შეეცვალა.

ახლა დავდივარ სავარჯიშო დარბაზში, ესთეტიკის ცენტრში, ვცდილობ, ჩემ თავს დრო დავუთმო. შემოვლილი მაქვს ევროპა. ვაძლევ ჩემ თავს იმის უფლებას, რომ მქონდეს უკეთესი ცხოვრება. ვცდილობ, არაფერი აღარ მოვიკლო“, – ამბობს ლელა.

„არ ვეცნობი ახალ ამბებს საქართველოს შესახებ, იმიტომ, რომ არ დავითრგუნო. მაგრამ როცა ჩავდივარ, კარგად ცხოვრობს ხალხი. ბევრად უკეთესად, ვიდრე ემიგრანტები ვცხოვრობთ სხვადასხვა ქვეყანაში,“ – ამბობს ლელა ჩუბინიძე.

ლელა ჩუბინიძე, ბოლონია
ფოტო: მარიამ ქველიაშვილი

„საქართველოს სახელმწიფოს თუ ჩვენ რამედ ვუღივართ, ელემენტარულად დაგვიცვას. ვითხოვდით საკონსულოს გახსნას ფლორენციაში, ხელმოწერებიც შევაგროვეთ რამდენიმე წლის წინ, მაგრამ არ გაუხსნია.

ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეუძლია საქართველოს, მისი მოქალაქეები რამედ რომ უღირდეს. ამ დროს ქვეყანა ჩვენით ცხოვრობს, ჩვენზე დგას. საქართველოში კორპუსები რომ შენდება, ვინ ყიდულობს ბინებს? ემიგრანტები ყიდულობენ. ყველაფერი ჩვენით არის. ამაზე უნდა დაფიქრდეს სახელმწიფო.

მე ჯერ საქართველოში დაბრუნებას არ ვაპირებ. წელს მქონდა რთული პერიოდი. სამსახური ვერ ვიშოვე, რაღაც სხვა სირთულეებიც მქონდა. რაღაც მომენტში რატომღაც მომინდა წასვლა იტალიიდან. მერე გადავიფიქრე. ახლა ვფიქრობ, რომ ალბათ დადგება დღე, როცა ამას ძალიან ადვილად გავაკეთებ. მაგრამ ახლა ვმუშაობ, კარგად ვარ და ამ მომენტში თავს შევიკავებ დაბრუნებისგან,“ – ამბობს ლელა.

ლელას თქმით, ევროპა მისთვის, პირველ რიგში, არის თავისუფლება და ხელმისაწვდომი ჯანდაცვა. მომენტი, როცა უფულობის გამო არ გეშინია ექიმთან მისვლის და აუცილებელი მკურნალობის მიღების გარეშე დარჩენის.

„ევროპა არის თავისუფლება. არის ძალიან ბევრი რამე, რაც აუცილებლად უნდა ვისწავლოთ ევროპელებისგან, აუცილებლად უნდა გადავიღოთ. ყველაზე მეტად რაც მომწონს, არის ის, რომ ევროპელებს აქვთ დროის გამძაფრებული შეგრძნება. ამათთვის დროს აქვს ყველაზე დიდი ფასი.

მე მომწონს ძალიან ის, რომ ბავშვები იზრდებიან ისეთი ფსიქოლოგიით, როდესაც დაბადების დღეზე, შობას, ბებია, დედა, მამა აჩუქებს ფულს, ის ბავშვი არ მიდის და იმ ფულს სათამაშოებში არ ხარჯავს. მან იცის, რომ უნდა ისწავლოს. ამიტომ თანხას აგროვებენ, სრულწლოვანი როცა გახდებიან, საკუთარი სწავლის ფული თვითონ რომ გადაიხადონ. იციან აგრეთვე, რომ სრულწლოვნები რომ გახდებიან, აუცილებლად უნდა იყვნენ დამოუკიდებლები,“ – ამბობს ლელა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: