მთავარი,სიახლეები

რა იცვლება სტატუსის მიღებით, რა იქნება შემდეგ? – ვანო ჩხიკვაძის განმარტება

08.11.2023 • 985
რა იცვლება სტატუსის მიღებით, რა იქნება შემდეგ? – ვანო ჩხიკვაძის განმარტება

„ახალი პირობითობა არის ერთგვარი შესაძლებლობა იმისა, რომ იმ შემთხვევაში, თუ ამ პირობებს შევასრულებთ და მის აქტიურ მონიტორინგს განვახორციელებთ, ხელისუფლება, ვინც არ უნდა იყოს ის, ვაიძულებთ, გარკვეული ნაბიჯები გადადგას. ეს არის ერთადერთი ბერკეტი,“ – ამბობს ვანო ჩხიკვაძე, ღია საზოგადოების ფონდის ევროინტეგრაციის პროგრამის ხელმძღვანელი.

მას ვკითხეთ, რა ბერკეტია კანდიდატის სტატუსი იმისთვის, რომ საქართველო ევროპული ოჯახის წევრი გახდეს?

დღეს, 8 ნოემბერს, ევროკომისიამ რეკომენდაცია გასცა, საქართველოს ევროკავშირის კანდიდატი ქვეყნის სტატუსი მიენიჭოს. საბოლოო გადაწყვეტილება სტატუსის მინიჭებაზე ევროსაბჭომ 2023 წლის დეკემბერში უნდა მიიღოს.

ვანო ჩხიკვაძე განმარტავს, რომ კანდიდატის სტატუსი ევროკავშირთან ურთიერთობის ახალ ეტაპზე გადასვლაა, სადაც უმთავრეს გამოწვევად ისევ რჩება ხელისუფლების პოლიტიკური ნება. ექსპერტი ხაზს უსვამს იმას, რომ შემდეგ წელს ყველაზე დიდი ინტერესით ჩვენი საერთაშორისო პარტნიორები საპარლამენტო არჩევნებს დააკვირდებიან: როგორ გარემოში ჩატარდება არჩევნები საქართველოში.

„კანდიდატის სტატუსი არ უკავშირდება პირდაპირ არჩევნებს. თუმცა იმის გათვალისწინებით, რომ ხელისუფლებას უნდა ძალაუფლება შეინარჩუნოს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წინაპირობა, სავარაუდოდ, დაკავშირებული იქნება არჩევნები ჩატარდეს ნორმალურ და მისაღებ პირობებში.

მომავალი წლის არჩევნებთან ახლოს არის ევროკომისიის ახალი გადაწყვეტილება, რომელიც შესაძლებელია უკავშირდებოდეს საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების ახალი ეტაპის დაწყებას. ბუნებრივია, ეს პროცესი იქნება ძალიან მნიშვნელოვანი.

საქართველო უკვე ჩართულია გაფართოების ქვეყნების სიაში და ყოველი წლის შემოდგომაზე მომზადდება უსაფრთხოების ანგარიში, სადაც ნათლად გამოჩნდება, რამდენად წინ წავიდა საქართველო. ეს არის მექანიზმი, რომ ვაიძულოთ ხელისუფლება, გადადგას ნაბიჯები ევროკავშირისკენ,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ვანო ჩხიკვაძე.

საქართველოს მოქალაქეებისთვის რა იცვლება? როგორ შეიძლება ვაიძულოთ ხელისუფლება, მაგალითად, რეალურად გაათავისუფლოს სასამართლო პოლიტიკური გავლენებისგან და რეფორმები მხოლოდ ფასადურად არ ჩაატაროს? – ვკითხეთ ევროინტეგრაციის საკითხების ექსპერტს.

„უნდა დავუსვათ შეკითხვა ჩვენ თავს: მოცემული ხელისუფლების პირობებში რამდენად რეალისტურია წინსვლა ევროინტეგრაციის გზაზე, შემდეგ კი, ამის მიხედვით ვიმოქმედოთ: დავუჭიროთ მხარი მოქმედ ხელისუფლებას და მოქმედ პოლიტიკურ ძალებს, თუ სხვებს დავუჭიროთ მხარი, რომლებიც უზრუნველყოფენ ქვეყნის წინსვლას ევროინტეგრაციის გზაზე?

საქართველო ერთი ნაბიჯით დაუახლოვდა ევროკავშირში გაწევრებას. ის, რაზეც ბევრი ადამიანი ოცნებობდა, იგივე ილია ჭავჭავაძის დაბადების დღეა დღეს, ეს ოცნება შეიძლება ახდეს და საქართველო გახდეს ევროპული ოჯახის წევრი. მთავარია, რომ ეს პირობები უნდა განიმარტოს კარგად. ამ პირობების შესრულება დაეხმარება რეალურად ქვეყანას, მისი ტრანსფორმაცია მოხდეს და გახდეს უკეთესი ქვეყანა,“ – გვითხრა ვანო ჩხიკვაძემ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: