ბათუმი,მთავარი,სიახლეები

შავ ზღვაში შემოსულმა მუქმა ქორჭილამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ენდემურ სახეობებს

09.11.2023 • 34663
შავ ზღვაში შემოსულმა მუქმა ქორჭილამ შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ენდემურ სახეობებს

შავ ზღვაში რამდენიმე წელია ინტენსიურად მრავლდება თევზის სახეობა – მუქი ქორჭილა, რომელმაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას შავი ზღვის ენდემურ სახეობებს. ინფორმაციას ამის შესახებ ეკოლოგი და იქთიოლოგი არჩილ გუჩმანიძე ავრცელებს.

მუქი ქორჭილას ბუნებრივი გავრცელების არეალი წყნარი ოკეანის დასავლეთ სექტორი – რუსეთის, ჩინეთის, კორეის და იაპონიის სანაპირო წყლებია.

თევზის ეს სახეობა შავ ზღვაში პირველად 2013-2014 წლებში დაფიქსირდა უკრაინაში – რუსეთის მიერ ოკუპირებული ყირიმის სანაპიროზე, ხოლო მომდევნო წლებში ის გავრცელდა შავი ზღვის კრასნოდარის მხარის სანაპიროებზე და საქართველოს სანაპიროს აფხაზეთის მონაკვეთზე. 2023 წელს ის მოიპოვეს ოდესის მახლობლად, თურქეთში – ორდუს მახლობლად და საქართველოში – ქობულეთის, ბათუმის, ფოთის და ყულევის მახლობლად.

„ის ფაქტი, რომ რომ 2013-2014 წელს ფიქსირდება მისი პირველი მოპოვება და ამის შემდეგ მუქი ქორჭილას არეალი შავ ზღვაში ფართოვდება, მიგვითითებს იმაზე, რომ საქმე გვაქვს პოპულაციის – როგორც რიცხოვნობის, ასევე, არეალის ზრდასთან. 2013-2014 წლებში თუ იყო მისი ჭერის ერთეული შემთხვევები, ახლა გაცილებით მეტი ცნობა მოდის. ოკუპირებული ყირიმი, კრასნოდარის მხარე, ოდესა, ორდუ, ანატოლიის სანაპირო, საქართველოს ზღვისპირეთი – ანუ ფაქტობრივად მთლიანად მოიცვა შავი ზღვა“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე.

როგორ მოხვდა შავ ზღვაში მუქი ქორჭილა? – იქთიოლოგი 2 სავარაუდო ვერსიაზე საუბრობს. ერთ-ერთი ვერსიის თანახმად, მუქი ქორჭილას ქვირითი ან ლავრა წყნარი ოკეანის დასავლეთ სექტორიდან შემოსული გემის ბალასტური წყლით შემოვიდა.

მეორე ვერსია კი ყირიმში, გიგანტური ხამანწკის მარიკულტურის ბუმს უკავშირდება, როცა ყირიმში ვლადივოსტოკიდან რამდენჯერმე შეიტანეს წყნარი ოკეანის გიგანტური ხამანწკის შპატი [მოლუსკის ახალმოსახლეობა], რასაც სავარაუდოდ შემოჰყვა მუქი ქორჭილას ქვირითი ან ლარვა. 

„ზუსტად იმ ადგილიდან შეიყვანეს, სადაც ეს სახეობა არის გავრცელებული და საკმაოდ მრავალრიცხოვანია (ვლადივოსტოკი, პრიმორიეს მხარე), სავარაუდოდ სწორედ აქედან მოხვდა შავ ზღვაში, შემოჰყვა შპატს და მერე, როცა მოხდა შპატის ჩანერგვა შავი ზღვის მარიფერმებში, ეს სახეობა გავიდა შავ ზღვაში“ – ამბობს არჩილ გუჩმანიძე. 

წლების განმავლობაში შავ ზღვაში სხვა წყლებიდან არაერთი უცხოური სახეობაა შემოსული, თუმცა არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ ეს თევზი, თავისი მახასიათებლების გამო, განსხვავებული შემთხვევაა, კერძოდ, მას შეუძლია ენდემური სახეობებისთვის საფრთხის შექმნა:

„როცა გამოქვეყნებული ნაშრომებით შევისწავლეთ ამ თევზის ბიოეკოლოგია წყნარი ოკეანის, მისი ბუნებრივი არეალის მაგალითზე, ვნახეთ, რომ აქ სერიოზულ პოტენციურ საფრთხეებთან გვაქვს საქმე.

ეს არის გამოკვეთილი მტაცებელი, რომელიც საკმაოდ მსხვილ ზომებს აღწევს, სიგრძით 65 სანტიმეტრამდე, წონით – 4-6 კილოგრამამდე. იკვებება თავთხელ [არაღრმა] წყლებში, რაც ჩვენი ზღვისთვის ყველაზე აქტუალურია.

თუ ეს სახეობა მასიურად გამრავლდა, რისი ტენდენციაც შეინიშნება, მაშინ ზიანი უკვე მნიშვნელოვანი იქნება, იმიტომ, რომ ეს შეეხება ფსკერულ თევზებს, განსაკუთრებით – სანაპიროს კიბოსნაირებს. ვთვლი, რომ შეიძლება სერიოზულად შეამციროს ღორჯოსებრთა მრავალფეროვნება, ეს ჯგუფი კი ყველაზე მნიშვნელოვანია შავ ზღვაში. შავი ზღვა თუ რამით არის გამორჩეული და განსაკუთრებული – ღორჯოა, 200-იდან მისი 35 სახეობაა შავ ზღვაში ფიქსირებული, ანუ შავი ზღვის აბორიგენებია, ასე ვთქვათ.

ვინაიდან უფრო ფსკერულ ფორმებს ეტანება, ამიტომ აქ ველოდებით ყველაზე დიდ პრესს კიბოსნაირებზე, წვრილ ფსკერულ თევზების მარაგზე, როგორიცაა: ხონთაქარა (ბარაბული), მერლანი, ღორჯოსებრი და მთელი რიგი სხვა თევზები. ჩვენ მთელი რიგი მრავალფეროვნება სწორედ აქ გვაქვს“.

ასე მოხდა მოლუსკ რაპანას შემთხვევაში, რომელიც შავ ზღვაში 50-იან წლებში გავრცელდა. იგი იაპონიიდან შემომავალი გემების ბალასტურ წყლებს შემოჰყვა და მისთვის ხელსაყრელ პირობებში გამრავლდა. არჩილ გუჩმანიძე ამბობს, რომ რაპანამ მოლუსკების 200-მდე სახეობა გადააშენა შავ ზღვაში.

ერთ-ერთი მიზეზი, რის გამოც მუქი ქორჭილა შესაძლოა საფრთხისშემცველ ინვაზიურ სახეობად მოგვევლინოს შავ ზღვაში, ის არის, რომ თევზის ამ სახეობას შავ ზღვაში ე.წ. მომხმარებელი ფაქტობრივად არ ჰყავს:

„შავ ზღვაში მსხვილი, გამოკვეთილი მტაცებელი ფაქტობრივად არ გვყავს. ერთადერთი, შეიძლება ვთქვათ, რომ არის ძალიან შეთხელებული რიცხოვნობით შავი ზღვის ზვიგენი – კატრანი, რომელიც გადაშენების პირასაა უკვე და მეცნიერები ვმსჯელობთ, რომ წითელ ნუსხაში უნდა იქნას შეტანილი და მეორე არის კამბალა კალკანი, რომელიც არ არის იმდენად გამოკვეთილი მტაცებელი“.

არჩილ გუჩმანიძის თქმით, რა სახეს მიიღებს ეს პოპულაცია, როგორი იქნება მისი მოცულობა, ტევადობა და სტრუქტურა – რთული სათქმელია, თუმცა უახლოეს წლებში გამოჩნდება, დარჩება ის მცირერიცხოვან, ლოკალურ სახეობად, რომელიც იშვიათად გვხვდება ერთეული ეგზემპლარების სახით, თუ მოხდება პოპულაციური აფეთქება.

იქთიოლოგი ამბობს, რომ ინვაზიისგან საუკეთესო თავდაცვა არის მისი პრევენცია: 

„სხვა შემთხვევაში ადამიანები უბრალოდ დამკვირვებლები ვართ. ახლა უნდა დავაკვირდეთ ამ პროცესს, პულსზე უნდა გვეჭიროს ხელი და შემდგომ პროცესში უნდა ვნახოთ, რა მიმართულებით შეიძლება რეკომენდაციების შემუშავება და ნაბიჯების გადადგმა. ამას, რა თქმა უნდა სჭირდება გამართული კვლევები, ინსტრუქციები და გამართული ბიოლოგიური მონიტორინგი, რომელიც, სამწუხაროდ, არ გაგვაჩნია“.

____________

მთავარ ფოტოზე: მუქი ქორჭილა, გადაღებულია საქართველოში, ადგილობრივი მეთევზის მიერ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: