მთავარი,სიახლეები

რატომ ჩადგეს შუშის შენობა ბათუმის ცენტრალურ პარკში – მერია კითხვებს არ პასუხობს

07.11.2023 • 6528
რატომ ჩადგეს შუშის შენობა ბათუმის ცენტრალურ პარკში – მერია კითხვებს არ პასუხობს

ბათუმის ცენტრალურ პარკში, იქ, სადაც საბავშვო ატრაქციონებია განთავსებული, შუშის შენობა ჩადგეს. შენობის ფართობი დაახლოებით 200 კვ მეტრია. ადგილზე არ არის გამოკრული საინფორმაციო დაფა, შესაბამისად, არც პარკის დაცვის სამსახურის თანამშრომლებს აქვთ ინფორმაცია, რის გახსნას გეგმავენ შენობაში.

შენობა რკინისა და შუშის გამოყენებით, მსუბუქი კონსტრუქციით მოუწყვიათ, ამიტომ მშენებელს ნებართვის მისაღებად სტანდარტული პროცედურის გავლა არ მოუწევდა – კანონი მსუბუქი კონსტრუქციის განთავსების შემთხვევაში გამარტივებულ წესს ითვალისწინებს.  მიუხედავად ამისა, მშენებელი ვალდებულია მერიას შეატყობინოს კონსტრუქციის გამართვის შესახებ და ესკიზიც შეათანხმოს.

ბათუმის ცენტრალური პარკი

„ბათუმელები“ დღეს დილიდან ცდილობს გაარკვიოს რა შეთანხმება აქვს შენობის მეპატრონეს მერიასთან და რის გახსნას გეგმავს ის პარკში, შუშის შენობაში.

მერიაში პასუხი არ გაგვცეს.

შენობაში უკვე განთავსებული მოწყობილობით შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ შესაძლოა შენობის ნაწილში ატრაქციონი განათავსონ.

ბათუმის ცენტრალური პარკი

„ბათუმელების“ ინფორმაციით, მიწის ნაკვეთის მოიჯარე, სადაც შუშის შენობა მოაწყვეს, შპს „სიმბიოზი-ჯგუფია“.

კომპანიამ საიჯარო ხელშეკრულება მერიასთან 2023 წლის 12 ივნისს, აუქციონში გამარჯვების შემდეგ გააფორმა.

ხელშეკრულების თანახმად, კომპანიის სარგებლობაში გადავიდა 221 კვ, მეტრი მიწის ფართობი ცენტრალურ პარკში განთავსებულ ატრაქციონებთან ახლოს. საიჯარო ფასი 45 530 ლარია. ხელშეკრულებას ერთწლიანი ვადა აქვს.

შპს „სიმბიოზი-ჯგუფი“ 2021 წელს არის დაფუძნებული და მისი მფლობელი თეიმურაზ მეტივიშვილია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: