მთავარი,სიახლეები

ბათუმში 358 მძღოლი დააჯარიმეს ავტომანქანის მავნე გამონაბოლქვის გამო

07.11.2023 • 639
ბათუმში 358 მძღოლი დააჯარიმეს ავტომანქანის მავნე გამონაბოლქვის გამო

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის ცნობით, 2 თვეში, 4 სექტემბრიდან 4 ნოემბრის ჩათვლით, ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის საქართველოში 1 839 სამართალდამრღვევი დაჯარიმდა.

ყველაზე მეტი – 803 დარღვევა თბილისში დაფიქსირდა, 407 დარღვევა დაფიქსირდა ქუთაისში, 358 – ბათუმში, 271 კი – რუსთავში.

დეპარტამენტის თანამშრომლები საქართველოს 4 დიდ ქალაქში – თბილისში, რუსთავში, ქუთაისსა და ბათუმში მიმდინარე წლის 4 სექტემბრიდან ახორციელებენ მოძრავი ავტოსატრანსპორტო საშუალებების ხილული გამონაბოლქვის კონტროლს.

1 839 საჯარიმო ქვითრიდან 1 544 ქვითარი ფიზიკური პირის სახელზე ფიქსირდება; 295 შემთხვევაში კი გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა იურიდიული პირები დააჯარიმეს.

1009 საჯარიმო ქვითარი მსუბუქი ავტომობილების მძღოლების, ხოლო 830 – სატვირთო და მიკროავტობუსის ტიპის ავტომობილების მძღოლების მიმართ არის შედგენილი.

ავტოსატრანსპორტო საშუალებების გამონაბოლქვის კანონმდებლობით დადგენილ ნორმასთან შეუსაბამობისთვის, ფიზიკური პირის შემთხვევაში, ჯარიმის ოდენობა პირველ ჯერზე 100 ლარია, მეორე ჯერზე – 300 ლარი, მესამე ჯერზე – 600 ლარი. იურიდიული პირის შემთხვევაში კი ჯარიმა 500, 1500 და 3000 ლარია.

ჯარიმის 10 დღის ვადაში გადახდის შემთხვევაში, სამართალდამრღვევს ჯარიმის ოდენობა 20%-ით შეუმცირდება.

ამავე თემაზე:

4 ქალაქში ავტომანქანების გამონაბოლქვის კონტროლი დაიწყო – ჯარიმა 100 ლარიდან იწყება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: