მთავარი,სიახლეები

ხოჯებს აკავებდნენ და წიხლს აყოლებდნენ მანქანაში – 94 წლის კაცი სტალინურ რეპრესიებზე ჭვანაში

07.11.2023 • 1264
ხოჯებს აკავებდნენ და წიხლს აყოლებდნენ მანქანაში – 94 წლის კაცი სტალინურ რეპრესიებზე ჭვანაში

ჭვანა 328 კაცით დასახლებული სოფელია შუახევის მუნიციპალიტეტში, წლების მიხედვით, საქართველოს მოსახლეობის აღწერის სტატისტიკას თუ დავაკვირდებით, სოფელში მცხოვრებთა რაოდენობა თანდათან მცირდება.

ნური ბეჟანიძე ჭვანაში ცხოვრობს. შვილები და შვილიშვილები თბილისსა და გურიაში დასახლდნენ. 94 წლისაა და 1937-38 წლების საბჭოთა რეპრესიებს მოესწრო. ამ დროს 8, 9 წლის ბიჭი იყო, მაგრამ ახსოვს, როგორი შიში იყო გამეფებული სოფელში, მამა როგორ არ უშვებდა სახლიდან, რამე არ წამოგცდესო, ახსოვს, როგორ იჭერდნენ სასულიერო პირებს – ხოჯებს ჭვანის ხეობაში.

1929 წელს დაბადებული ნური ბეჟანიძე წარსულზე მშვიდად ვერ საუბრობს. ოხრავს და ამბებს ასე ჰყვება, ხან აცრემლებულ თვალებს მალავს ხელებით: მე მაგარი ვიყავი და ბევრ რამეს გავუძელი, იმიტომ რომ მუშაობა შემეძლოო, ამბობს.

დარდობს, რომ 6 წელია ვეღარაფერს აკეთებს. 40 წელი მუშაობდა მხერხავად სოფელ ნაღვარევის ქარხანაში.

„ჩემი ახალგაზრდობა კომუნისტების მოსვლა იყო. ვირებივით გვამუშავებდნენ. 40 წელი ვიმუშავე სახერხზე, გეგმა ჰქონდა მთავრობას, შენ ვინ გკითხავდა, რომ მთავრობა არ მოგწონდა? კრებას ჩაატარებდნენ, გადაწყვეტდნენ საკითხს და უნდა გაკეთებულიყო საქმე“, – ამბობს ნური ბეჟანიძე.

ნური ბეჟანიძე, 94 წლის, სოფელ ჭვანის მკვიდრი

ამბობს, რომ ახსოვს ჭვანიდან წაყვანილი და დახვრეტილი „უბრალო ხალხის“ ამბები. როგორც თავად ამბობს. „უსწავლელი“ ხალხიც მიჰყავდათ და ხვრეტდნენ. უნახავდნენ რამე საეჭვოს ან „უშნოდ“ ილაპარაკებდნენ რამეს და მიჰყავდათო, ჰყვება:

„ჩემი მეზობლებიც დახვრიტეს, უსწავლელი ხალხი იყო, განათლებული ადამიანი იშვიათობა იყო მაშინ. უნახავდნენ ასეთ ადამიანს რამეს და წაიყვანდნენ, ჩემი მეზობლებიც ასე წაიყვანეს – ყველა ამაზე ჰყვებოდა ჩუმად, ხუსია იყო ტაკიძე, ახმედ ტაკიძე იყო კიდევ. ბიძაშვილები იყვნენ ესენი. წაიყვანეს და დახვრიტეს“, – იხსენებს ჭვანის 94 წლის მცხოვრები.

ვაგანკოვსკის სასაფლაოს 1926-1936 წლების დახვრეტილთა სიაში მართლაც იძებნება ჭვანაში მცხოვრები ხუსია ტაკიძე, რომელიც ამ დოკუმენტის მიხედვით 1880 წელს დაბადებულა.

ხუსია ტაკიძე 1929 წლის 12 დეკემბერს დაუკავებიათ ანტისაბჭოთა აგიტაციისა და კონტრრევოლუციურ ორგანიზაციასთან თანამშრომლობის ბრალდებით. 1931 წლის 8 იანვარს გაუსამართლებიათ და გასამართლებიდან ერთ კვირაში, 14 იანვარს დაუხვრეტიათ.

სქრინი ვაგანკოვსკის სასაფლაოს 1926-1936 წლების დახვრეტილთა სიიდან

 

ამ რუსულ სიაში დახვრეტილთა უმრავლესობის სახელისა და გვარის გასწვრივ ფოტოცაა, მაგრამ ხუსია ტაკიძის ფოტო სიაში არ იძებნება.

ნური ბეჟანიძე იხსენებს ხოჯების დაჭერის ამბებსაც ჭვანაში:

„ღამე ჩამოდგებოდა მანქანა, დაიჭერდნენ ხალხს, შეყრიდნენ, სად მიჰყავდათ კაცმა არ იცის. მე საბჭოს შენობასთან ვცხოვრობდი მაშინ, პატარა ბიჭი ვიყავი. სიბნელეში, გამთენიისას მოდიოდა მანქანა, დილას შეავსებდნენ, წაიყვანდნენ…

ხოჯებიც ასე დააკავეს, ვერ ადიოდნენ მანქანაში და ჯარისკაცები წიხლს აყოლებდნენ, ამ სოფელში, ჭვანაში ხდებოდა ეს.

დაგასმენდა ვინმე და გიჭერდნენ, დასმენაში ფულს უხდიდნენ“, – ამბობს ნური ბეჟანიძე.

სოფელი ჭვანა/2023 წლის 2 ნოემბერი

მოგვიანებით, როცა წამოიზარდა, იხსენებს, რომ თავადაც აღმოჩნდა საფრთხეში რელიგიურობის გამო. ჭვანის საბჭოში მისი ნათესავი მუშაობდა, როცა ნური გამოიძახეს და დაკითხეს. არკვევდნენ, ვინ იცავდა რამაზანს სოფელში და ვინ – არა.

ნური ნათესავმა გადაარჩინა: ესენი კულტურული ხალხია, ძმა ექიმი ჰყავს, თბილისში ცხოვრობს, როგორ დაიცავენ მარხვასო, უთქვამს საბჭოს თანამშრომელ ნათესავს.

„სდევნიდნენ, რელიგიას სდევნიდნენ. კი არაფერში უშლიდათ ხელს რელიგია, მაგრამ ისე, უბრალოდ. გეგმა ჰქონდათ და ხალხის შეშინება, გატეხა უნდოდათ. ხმა რომ გავარდებოდა სოფელში, ვინმე დაიჭირესო მამაჩემი სახლიდან არ მიშვებდა, რამე არ წამოგცდეს და არ დამიჭირონო“, – ამბობს ჭვანის მკვიდრი.

საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს არქივზე დაყრდნობით  ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტმა (IDFI)  შეაგროვა 1937-38 წლებში აჭარაში დახვრეტილ პირთა მონაცემები. ამ სიის მიხედვით, აჭარაში დიდი ტერორის დროს 1050 ადამიანი დახვრიტეს.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: