მთავარი,სიახლეები

ირანელმა ნობელის პრემიის ლაურეატმა ციხეში შიმშილობა დაიწყო

07.11.2023 • 825
ირანელმა ნობელის პრემიის ლაურეატმა ციხეში შიმშილობა დაიწყო

მედიის ცნობით, პატიმრობაში მყოფმა ირანელმა უფლებადამცველმა, ნობელის პრემიის წლევანდელმა ლაურეატმა მშვიდობის დარში, ნარგეს მოჰამადიმ შიმშილობა დაიწყო.

BBC-ის ინფორმაციით, 51 წლის მოჰამადი მისთვის და სხვა ირანელი მოქალაქეებისთვის სამედიცინო დახმარებაზე უარის თქმასა და ჰიჯაბის ტარების სავალდებულო კანონს აპროტესტებს. მედიის ცნობით, მიუხედავად იმისა, რომ ნარგეს მოჰამადის გულისა და ფილტვების დაავადების გამო გადაუდებელი მკურნალობა სჭირდება, პროკურატურა მის საავადმყოფოში გადაყვანაზე უარს აცხადებს.

ირანული მხარის გადაწყვეტილებასა და ნარგესის შიმშილობას ეხმაურება ნორვეგიის ნობელის კომიტეტი. არაჰუმანური და მორალურად მიუღებელია მოთხოვნა, რომ ქალმა პატიმრებმა საავადმყოფოში გადასაყვანად აუცილებლად უნდა ატარონ ჰიჯაბი – ნათქვამია ნობელის კომიტეტის განცხადებაში.

ნობელის პრემია პატიმრობაში მყოფ ირანელ უფლებადამცველს ქალთა ჩაგვრის წინააღმდეგ გაწეული ღვაწლისა და ადამიანის უფლებების დაცვის მხარდაჭერისთვის 2023 წლის ოქტომბერში გადაეცა.

ნობელის კომიტეტის თანახმად, 2022 წლის სექტემბრის დემონსტრაციებზე გამოყენებული სლოგანი – ,,ქალი-სიცოცხლე-თავისუფლება“ ეხმიანება ნარგეს მოჰამადის ბრძოლას სისტემური დისკრიმინაციისა და ჩაგვრის წინააღმდეგ.

ნარგეს მოჰამადი ჰიჯაბთან და სხვა სამოსთან დაკავშირებული კანონის დარღვევის ბრალდებით ე.წ. მორალის პოლიციამ 2022 წლის სექტემბერში დააკავა.

ჯამში უფლებადამცველი ირანში 13-ჯერ დააკავეს და 5 საქმეზე მიუსაჯეს პატიმრობა, რაც 31-წლიანი თავისუფლების აღკვეთით კვალიფიცირდა. მას ასევე მიესაჯა 154 როზგი, თუმცა მედიისთვის დღემდე უცნობია, აღასრულეს თუ არა ეს სასჯელი.

ფოტოზე: ნარგეს მოჰამადი. ფოტო: ევროპის პრესფოტო სააგენტო. EPA-EFE/ABEDIN TAHERKENAREH. ფოტო გადაღებულია 2005 წელს, თეირანში.

______________

ავტორი: ანა ბაჟუნაიშვილი 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: