მთავარი,სიახლეები

სახლი და კომპანიები პრაღაში, მიწები უკრაინაში – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის ქონება

10.11.2023 • 9640
სახლი და კომპანიები პრაღაში, მიწები უკრაინაში – საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს უფროსის ქონება

2780 კვ მეტრი მიწის ნაკვეთი 320 000 დოლარად, უკრაინის ცენტრალურ ნაწილში, ქალაქ ვინიცაში, შევჩენკოს ქუჩაზე – ეს ქონება საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა თავისი ქონების გრძელ ჩამონათვალს 2022 წელს დაამატა.

უკრაინაში, იმავე ქალაქში, იმავე ქუჩაზე, ახალშეძენილი ნაკვეთიდან არც ისე შორს, ალექსი ახვლედიანს 860 კვ. მეტრი მიწის ნაკვეთი ჰქონდა 2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვითაც. დეკლარაციაში არ ჩანს, როდის შეისყიდა ეს ნაკვეთი და რა ფასად. არც ის ვიცით, ეს ქონება ისევ მის საკუთრებაშია, თუ უკვე გაასხვისა.

ალექსი ახვლედიანმა ქონებრივი დეკლარაცია 2023 წლის 24 ივლისს, ანუ ექვსწლიანი პაუზის შემდეგ შეავსო, უკვე როგორც საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორმა.

სააგენტოს ზემდგომმა უწყებამ, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სააგენტომ, ალექსი ახვლედიანი ამ პოსტზე კონკურსის წესით შეარჩია. მის დანიშვნამდე ერთი თვით ადრე ეს თანამდებობა თამარ იოსელიანმა დატოვა.

მისივე ქონებრივ დეკლარაციას თუ დავეყრდნობით, ალექსი ახვლედიანს უძრავი ქონება მხოლოდ უცხოეთში აქვს. მნიშვნელოვან უძრავ ქონებას ის უკრაინის გარდა ჩეხეთში, ქალაქ პრაღაში ფლობს.

3000 კვ.მეტრი მიწის ნაკვეთი პრაღაში ალექსი ახვლედიანს 2012 წელს შეუძენია, ამ ქონებაში მას 485 000 ევრო გადაუხდია. 2013 წელს ალექსი ახვლედიანმა პრაღაში სახლიც იყიდა, 139 კვ.მეტრი, რაშიც 860 000 ევრო გადაიხადა.

2016 წელს შევსებული დეკლარაციის მიხედვით, ალექსი ახვლედიანი უკრაინაში, კერძოდ კიევში, დიმიტრევსკის ქუჩაზე, ბინასაც ფლობდა [184 კვ.მ].

იმავე დეკლარაციით, ის ფლობდა კიდევ ერთ – 9300 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს უკრაინაში, თუმცა ზუსტი მისამართი ამ შემთხვევაში დაკონკრეტებული არ არის.

  • უძრავი ქონება საქართველოში

საქართველოში ალექსი ახვლედიანის სახელზე რეგისტრირებული ქონება 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში არ ფიქსირდება. როგორც პრესსამსახურში განგვიმარტეს, ალექსი ახვლედიანმა დეკლარაცია წესების დაცვით შეავსო, მაგრამ საქართველოში არსებული ქონება ტექნიკური ხარვეზის გამო არ აისახა.

„დავრეკეთ და გავარკვიეთ, რომ ტექნიკური ხარვეზია, რომლის გამოსწორებასაც სამი დღე დასჭირდება“, – გვითხრეს სააგენტოს პრესსამსახურში.

საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს დირექტორობამდე ალექსი ახვლედიანმა ქონებრივი დეკლარაცია ბოლოს 2016 წელს შეავსო, როგორც ააიპ „ევროპის ოლიმპიური ფესტივალის თბილის 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის“ თავმჯდომარემ. ამ დეკლარაციის მიხედვით ის საგარეჯოში მცირე ზომის ორ ნაკვეთს ფლობდა სხვადასხვა ქუჩაზე – ჯამში 1940 კვ.მეტრს.

გარდა ამისა, ის საგარეჯოში ფლობდა კიდევ ერთ ნაკვეთს, რომლის ფართობიც ხუთ ჰექტარზე მეტია.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ამ დროისთვის ალექსი ახვლედიანი საგარეჯოში ფლობს 1810 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს ერეკლე მეორის ქუჩაზე და ორსართულიან შენობას თავისი დამხმარე ნაგებობებით. შენობების საერთო ფართობი 965.731 კვ.მეტრია.

საჯარო რეესტრის ამონაწერის მიხედვით, ამ შენობის დიდი ნაწილი იჯარის წესით სხვადასხვა კომპანიაზეა გაცემული, მათ შორის არის „საქართველოს ბანკიც“.

საგარეჯოში ალექსი ახვლედიანი ფლობს ასევე მიწის ნაკვეთს სათავეს ქუჩაზე. აქ მას 430 კვ.მეტრი აქვს რეგისტრირებული, ამ ნაკვეთზე, სავარაუდოდ, სახლიც დგას.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ალექსი ახვლედიანი მიწის ნაკვეთს [425] და მასზე დამაგრებულ შენობას [426.81] ფლობს ასევე დაბა სურამში, კოსტავას ქუჩაზე. ამონაწერის მიხედვით, რომელიც 2021 წლის შემდეგ არ განუახლებიათ, აქ მოიჯარედ ფიქსირდებიან „სილქნეტი“ და „საქართველოს ფოსტა.“

2016 წლის მონაცემებით, ალექსი ახვლედიანი ასევე ფლობს ბინას [72.80 კვ.მ] თბილისში, ახვლედიანის ქუჩაზე.

  • კომპანიები და ბიზნესი

ქონებრივი დეკლარაციის თანახმად, ალექსი ახვლედიანი უკრაინაში, კერძოდ, კიევში რეგისტრირებულ 2 კომპანიას ფლობს. მათ შორის ერთი სამშენებლო კომპანიაა. ეს კომპანიებია – შპს IAVIRI და შპს „სამშენებლო კომპანია ლანა“.

სამშენებლო კომპანიიდან მიღებული შემოსავლის სახით სააგენტოს დირექტორმა დეკლარაციაში 11 მილიონ 500 000 კრონა მიუთითა. შპს IAVIRI – დან კი, მისივე ინფორმაციით, გასულ წელს შემოსავალი არ მიუღია.

ალექსი ახვლედიანი ორ კომპანიას ფლობს ასევე ჩეხეთში, პრაღაში – შპს wine company ღვინის კომპანია უნდა იყოს. ამ კომპანიიდან გასულ წელს ალექსი ახვლედიანს შემოსავლის სახით 118 600 ევრო მიუღია.

მეორე კომპანია შპს AKHMUSI-ა, რომლისგანაც, დეკლარაციის მიხედვით, ასევე არ მიუღია შემოსავალი ალექსი ახვლედიანს.

კიდევ ერთი კომპანია ალექსი ახვლედიანს სლოვენიაში, ლუბლიანაში დაუფუძნებია. ამ კომპანიისგან სააგენტოს დირექტორმა გასულ წელს 178 000 ევრო მიიღო. დეკლარაციაში მითითებული ინფორმაციით, შპს NAVTILUS DOO 2017 წელს არის დაფუძნებული.

დეკლარაციის მიხედვით, ალექსი ახვლედიანი და მისი ოჯახის წევრები საქართველოში სამეწარმეო საქმიანობას არ ეწევიან. 2023 წელს შევსებულ დეკლარაციაში ოჯახის წევრების გრაფაში ალექსი ახვლედიანმა მხოლოდ ცოლი ჩაწერა, ამავე დეკლარაციის მიხედვით ის არ მუშაობს და არ აქვს ხელფასი.

დეკლარაციაში სუფთაა ძვირადღირებული საჩუქრების გრაფა. ეს იმას ნიშნავს, რომ ალექსი ახვლედიანს და მისი ოჯახის წევრებს გასულ წელს არ მიუღიათ საჩუქარი, რომლის ღირებულებაც აღემატება 500 ლარს.

  • შემოსავლები ბიზნესიდან

მისივე ინფორმაციით, რაც ქონებრივ დეკლარაციაში ჩაწერა, გასულ წელს ალექსი ახვლედიანმა ერთ-ერთი უკრაინული კომპანიისგან შემოსავლის სახით 11 მილიონ 500 000 ჩეხური კრონა მიიღო. გარდა ამისა, ალექსი ახვლედიანმა გასულ წელს ორი კომპანიიდან შემოსავლის სახით 296 600 ევრო მიიღო.

ალექსი ახვლედიანის ქონებრივ დეკლარაციაში მისი ხელფასის შესახებ ინფორმაცია არ იძებნება. Hr.gov.ge-ze გამოქვეყნებული ინფორმაციით კი, სადაც კონკურსი იყო გამოცხადებული, სააგენტოს დირექტორის ხელფასი თვეში 10 680 ლარია.

რაც შეეხება დანაზოგებს, დეკლარაციის შევსების დროს, როგორც თავად მიუთითა, ალექსი ახვლედიანს „თიბისისა“ და „საქართველოს ბანკის“ მიმდინარე ანგარიშებზე ჯამში 77 330 ლარი ჰქონდა, დოლარის ანგარიშზე კი – 19 000 დოლარი.

Unicredit Bank Czech Republic – ის მიმდინარე ანგარიშებზე ალექსი ახვლედიანი 256 480 ჩეხურ კრონას და 178 000 ევროს ფლობდა, Raiffeisen bank Slovenia – ს მიმდინარე ანგარიშზე კი 214 000 ევრო მიუთითა. დეკლარაციაში მან დივიდენდის შესახებაც ჩაწერა. მისი ინფორმაციით, დივიდენდის სახით მან 2012 წელს 35 000 დოლარი და 60 000 ევრო მიიღო.

  • ავტომანქანები

2021 წელს ალექსი ახვლედიანს 2014 წელს გამოშვებული ავტომანქანა Land Rover Range rover-ი შეუძენია 150 000 დოლარად. ერთი წლით ადრე, 2020 წელს კი ალექსი ახვლედიანს 3 ავტომანქანა უყიდია: 2003 წელს გამოშვებული MERCEDES BENZ SPRINTER – 14 000 დოლარად, 2000 წელს გამოშვებული Lincoln town Car – 18 000 დოლარად, 2003 წელს გამოშვებული Hammer, H2 – 22 000 დოლარად.

მის საკუთრებაშია ასევე 1996 წელს გამოშვებული, შავი ფერის Volvo S90 – ამ ავტომანქანაში 2005 წელს ალექსი ახვლედიანს 27 000 დოლარი გადაუხდია.

დეკლარაციის მიხედვით, გაცილებით ძვირადღირებული ავტომანქანით გადაადგილდება ალექსი ახვლედიანის მეუღლე თამილა არღვლიანი. მას 2022 წელს, ამავე წელს გამოშვებული მანქანა AUDI e tron – 84 000 ევროდ შეუძენია.

თამილა არღვლიანი ფლობს ასევე 2014 წელს გამოშვებულ Mercedes Benz – GLK-ს. ამ ავტომანქანაში მას მისივე გამოშვების წელს 50 000 დოლარი გადაუხდია.

  • მეუღლე, შვილები და მათი ქონება

მიმდინარე წელს შევსებული დეკლარაციისგან განსხვავებით, 2016 წლის დეკლარაციაში ალექსი ახვლედიანს შვილებიც ჰყავდა შეყვანილი. დეკლარაციის მიხედვით, ამ პერიოდში 22 წლის [1993 წელს დაბადებული] მარიამ ახვლედიანი საგარეო საქმეთა სამინისტროში იყო დასაქმებული. ის ფლობდა ბინას თბილისში, თაქთაქიშვილის ქუჩაზე [101.50 კვ.მ]. რეესტრის მონაცემებით, ეს ბინა ისევ მის საკუთრებაშია. რეესტრის მონაცემებით, ის ფლობს ასევე ბინას თბილისში ჟვანიას ქუჩაზე [ 82.80 კვ.მ].

კიდევ ერთი შვილი, თამაზ ახვლედიანი 2016 წელს შევსებული ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ფლობდა ბინას თბილისში, საირმის ქუჩაზე და 1000 კვ.მეტრ მიწის ნაკვეთს დიღომში.

  • კიდევ რა არის საჯაროდ ცნობილი ალექსი ახვლედიანის შესახებ?

ალექსი ახვლედიანის სახელი „რუსთავი 2“-ის და იმჟამინდელი მისი დირექტორის, ნიკა გვარამიას საქმეს უკავშირდება.

2015 წელს ნიკა გვარამიამ განაცხადა, რომ მას ხელისუფლება პირადი ცხოვრების კადრების გასაჯაროებით დაემუქრა. მისივე ინფორმაციით, „2015 წლის 21 ოქტომბერს ტელეკომპანია რუსთავი 2“-ის შენობაში მასთან შეხვედრისა და ხელისუფლების მოთხოვნის გადასაცემად მივიდა მისი მეგობარი, ევროპის ახალგაზრდული ოლიმპიური ფესტივალ „თბილისი – 2015“-ის საორგანიზაციო კომიტეტის თავმჯდომარე ალექსი ახვლედიანი.

უხმაუროდ არც ევროპის „ოლიმპიური ფესტივალის თბილის 2015-ის საორგანიზაციო კომიტეტის“ მუშაობას ჩაუვლია. საორგანიზაციო კომიტეტის თანამშრომლები სახელფასო დავალიანებაზე საუბრობდნენ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა კი გამოაქვეყნა დასკვნა, რომლის მიხედვითაც კომიტეტი მნიშვნელოვანი დარღვევებით საქმიანობდა. კერძოდ, ვერ იქნა წარმოდგენილი საორგანიზაციო კომიტეტის 2011-2015 წლების შესაბამისი პერიოდების ფინანსური ანგარიშგება, ბალანსები და მასთან დაკავშირებული სხვა ანგარიშები.

ამავე თემაზე: 

თამარ იოსელიანი საზღვაო ტრანსპორტის სააგენტოს ტოვებს

გადაბეჭდვის წესი


ასევე: