მთავარი,სიახლეები

ჯანდაცვის სამინისტროს შშმ პირის სასარგებლოდ 7130 ლარის გადახდა დააკისრეს – PHR

07.11.2023 • 770
ჯანდაცვის სამინისტროს შშმ პირის სასარგებლოდ 7130 ლარის გადახდა დააკისრეს – PHR

არასამთავრობო ორგანიზაციის „პარტნიორობა ადამიანის უფლებებისთვის“ (PHR) განცხადებით, დღეს, 7 ნოემბერს, მათ მოიგეს დავა თბილისის საქალაქო სასამართლოში საქართველოს მთავრობისა და სოლიდარობის ფონდის წინააღმდეგ.

საქმე შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვისათვის უფასო სტომატოლოგიური მომსახურებას ეხებოდა.

ორგანიზაციის განცხადებით, ჯერ კიდევ 2021 წლის 9 მარტს თბილისის საქალაქო სასამართლომ დაადგინა, რომ „ყველა ქცევის დარღვევის ან კომუნიკაციის სირთულის მქონე შშმ პირი, ვისაც ესაჭიროება ზოგადი ანესთეზიით, ე.წ. ნარკოზით სტომატოლოგიური მომსახურების მიღება – უფასოდ ანუ სახელმწიფოს დაფინანსებით მიიღებდა ამ მომსახურებას“.

PHR-ის განცხადებით, ეს იყო პირველი საქმე საქართველოში, რომლის წარმოებაც სპეციალური მოსარჩელის სტატუსით წარიმართა.

„აღნიშნული საქმე იყო პრეცედენტული, რადგან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა უფლებრივი მდგომარეობის გაუმჯობესებას ემსახურებოდა.

დროებითი განჩინების აღსასრულებლად საქართველოს მთავრობასა და ჯანდაცვის სამინისტროს ერთ წელზე მეტი დრო დასჭირდა. აღნიშნული ვადა სასამართლომ არაგონივრულად მიიჩნია. ამ დროის განმავლობაში ბავშვს კბილი, რომელიც ჯანსაღი იყო და დაბჟენას საჭიროებდა, ამოსაღები გაუხდა. ამასთან დედას მოუწია ფინანსური ხარჯის სრულად დაფარვა.

დაახლოებით ერთწლიანი დავის შემდეგ თბილისის საქალაქო სასამართლომ (მოსამართლე: დავით წერეთელი), ჯანდაცვის სამინისტროს დაავალა მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება, ჯამში 7130 ლარის ოდენობით“, – წერს PHR-ი.

საქმეზე მუშაობდნენ ადვოკატები: თამარ კაპანაძე, სოფიკო მენაბდიშვილი, ანა არგანაშვილი.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: