მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

გადაკეტილი ხახულის ქუჩა – ბათუმის მერიაში არ ამბობენ როდის გაიხსნება გზა

07.11.2023 • 1099
გადაკეტილი ხახულის ქუჩა – ბათუმის მერიაში არ ამბობენ როდის გაიხსნება გზა

ბათუმში ხახულის ქუჩა [ამავე ქუჩის მეორე შესახვევის მიმდებარედ] გადაკეტილია. მიზეზი – ხიდზე სამუშაოებს ატარებენ, რის გამოც ავტომანქანებს შემოვლითი გზის გავლა უწევთ, ისევ ხახულის ქუჩით რომ გააგრძელონ მოძრაობა. ამ ხიდის ქვეშ ღია სანიაღვრე არხი გადის.

გზის [ხიდის] ჩაკეტვა პრობლემაა ქვეითებისთვისაც. მოქალაქეები, რომლებიც „ბათუმელებს“ დაუკავშირდნენ, ამბობენ, რომ არც დროებითი გადასასვლელია ქვეითებისთვის მოწყობილი, ბავშვები არხის მეორე მხარეს, მიკროავტობუსებთან რომ მიიყვანონ და სკოლაში გაუშვან.

სამუშაოები ხახულის ქუჩაზე, რის გამოც გზა გადაკეტილია / 7.11.2023

„აქ ვინც მუშაობს, მათ ვესაუბრე. მითხრეს, ჩვენ რა ვქნათ, ასეთი დავალება გვაქვსო. ვის მივმართო-მეთქი და მერიაში დარეკეთ, ჩვენ 20 დღე მაინც დაგვჭირდება სამუშაოებისთვისო. საფეხმავლო მაინც დამიტოვეთ, რომ სამარშრუტო ტაქსამდე გავიდე-მეთქი და ვერ გავაკეთებთ, ვინმე რომ ჩავარდეს, პასუხს არ ვაგებთო“. – მოგვწერა ერთ-ერთმა მოქალაქემ.

სამუშაოები ხახულის ქუჩაზე, რის გამოც გზა გადაკეტილია

იმავე მოქალაქის თქმით, მან მერიაშიც დარეკა, სადაც უთხრეს, რომ „ყველაფერი კანონიერადაა“, თუმცა შეუძლია პატრული გამოიძახოს:

„გამოვიძახე პატრული, დარეკა და ყველაფერი კანონიერადაა, ვერაფერს ვიზამო და წავიდა. ბავშვებს სამას მეტრზე მეტი მანძილის გავლა უწევთ, მიკროავტობუსთან რომ მივიდნენ. ცუდ ამინდში ბავშვებით ამ გზის გავლა შეუძლებელია. ყველა მანქანა იქით დადის და გზაც არაა მოწესრიგებული. მარკეტებიც იქით მხარეს დარჩა… არც ის ვიცით, რამდენი ხანი ვიქნებით ასეთ მდგომარეობაში.“

ხახულის ქუჩაზე ჩაკეტილი ხიდის შემოსავლელი გზა / 7.11.2023

„ბათუმელები“ მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს დაუკავშირდა, ვისი დაკვეთითაც ტარდება სამუშაოები ხახულის ქუჩაზე.

მთავარ კითხვაზე – როდის დასრულდება სამუშაოები ხიდზე და როდის გაიხსნება გზა ამ მონაკვეთში? – პასუხი სამმართველოდან ვერ მივიღეთ.

ხახულის ქუჩა / 7.11.2023

„აღნიშნული სამუშაოების დასრულების ვადა განსაზღვრულია 2026 წლის მარტამდე. სამუშაოები მაღალი ტემპით მიმდინარეობს, მოსახლეობასთან ეტაპობრივად შეხვედრებიც იმართება. კომპანია, როდესაც კეტავს რომელიმე გადასასვლელს, მოქალაქეებს ყოველთვის უწესრიგებს ალტერნატიულ გზას“, – მხოლოდ ეს მოგვწერეს მერიის სამმართველოდან.

ხიდზე მიმდინარე სამუშაოების გამო ჩაკეტილი ხახულის ქუჩა ბათუმში და შემოვლითი გზა [აღნიშნულია წითელი წერტილებით]

ხახულის ქუჩა მამია ვარშანიძის ქუჩის გაგრძელებაა და ამ ორი ქუჩის კეთილმოწყობაზე ხელშეკრულება მერიის სამმართველოს შპს „ბონდი 2009“-სთან აქვს გაფორმებული 2023 წლის 3 აპრილს.

ხელშეკრულება 30 999 929 ლარზეა გაფორმებული. პირობის მიხედვით კი, სამუშაოების დასრულების ვადა – 2026 წლის მარტი, ორივე ქუჩას ეხება. მამია ვარშანიძის ქუჩაზე სამუშაოები ჯერ არ დაწყებულა.

ამ თემაზე:

„ვიხრჩობით ცემენტში“ – მოქალაქე ბათუმში სუს-ის ყოფილი თანამშრომლის ბიზნესის წინააღმდეგ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: