მთავარი,სიახლეები

როცა მოზარდი ქუჩას ირჩევს, ანუ რას სთავაზობენ კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს – ინტერვიუ

07.11.2023 • 2347
როცა მოზარდი ქუჩას ირჩევს, ანუ რას სთავაზობენ კანონთან კონფლიქტში მყოფ ბავშვებს – ინტერვიუ

„ცურვაზე უფასოდ ვერავინ ივლის, ცურვა და ჩოგბურთი ძვირადღირებულ სპორტად ითვლება. ისეთი ფასებია, მართლა ფუფუნებად ითვლება და ეს ძალიან სამწუხაროა,“ – გვიყვება სოციალური მუშაკი მაია ჯაში, რომელსაც სერვისებზე ვესაუბრებით: რას ვთავაზობთ კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებს.

სოცმუშაკი კონკრეტულ პირობების შესახებ გვიყვება, რის გამოც მოზარდი ზოგჯერ ქუჩაში წასვლას ამჯობინებს, მაგალითად, მშობლის სამუშაოდ საზღვარგარეთ ყოფნა, ან ის, რომ მშობელი მავნე ნივთიერებასა თუ ალკოჰოლზეა დამოკიდებულია და შვილისთვის ვერ იცლის.

მაია ჯაშის აზრით, მუნიციპალიტეტმა, პირველ რიგში, დღის ცენტრები უნდა შექმნას, სადაც ქუჩაში გასული მოზარდებისთვის მიმზიდველი გარემო შეიქმნება – „ბათუმელებმა“ კლუბ „სინერგიას“ სოციალური მუშაკთან, მაია ჯაშთან ინტერვიუ ჩაწერა:

  • ქალბატონო მაია, თქვენი დაკვირვებით, რა საჭიროება აქვთ დღეს ყველაზე მეტად კანონთან კონფლიქტში მყოფ მოზარდებს? როგორ მუშაობს ის სერვისები, რასაც სახელმწიფო ამ ეტაპზე მათ სთავაზობს? 

დიდი ხანია მოქმედებს განრიდების პროგრამა. ეს გულისხმობს იმას, რომ 14-დან 21 წლამდე პირი, როცა პირველად ჩაიდენს დანაშაულს, მისი სისტემიდან განრიდება ხდება. არსებობს კვლევები, სადაც ჩანს, რამდენად პოზიტიურად აისახა ეს მიდგომა შედეგებზე.

ბავშვები დღესაც ჩადიან ყველა ტიპის დანაშაულს. თავდაპირველად მინდა აღვნიშნო ის, რომ ამ ასაკში მოზარდებს ახასიათებთ კანონსაწინააღმდეგო ქმედება, არიან იმპულსურები, აი, უცებ რაღაც მოუნდა და გააკეთა, მაგალითად, რაღაც მოიპარა. შეიძლება მას ამ დროს არ აწუხებს მატერიალური პრობლემა და არც პროტესტი აქვს: უბრალოდ, გაიფიქრა და გააკეთა.

არის შემთხვევები, როცა მოზარდი თავისი ქცევით ამტკიცებს რაღაცას, თუნდაც მშობელს უმტკიცებს, შენ ხომ არ მოგწონვარ ისეთი, როგორიც ვარ? – ამიტომაც, მე ჩავიდინე დანაშაული, ჩემი მაინც არაფერი მოგწონს.

მშობლებსაც აქვთ ძალიან მაღალი თამასა შვილის მიმართ, რომ შვილი უნდა იყოს საუკეთესო, არ უნდა ჩაიდინოს ცუდი არაფერი, იკითხოს ბევრი, ისწავლოს საუკეთესოდ. არის ტენდენცია, რომ არ უნდა ამოასუნთქო ბავშვი. როგორ შეიძლება, არაფრის დრო არ დარჩეს ბავშვს? ბავშვებიც გადარბენაზე არიან.

ბავშვებს აქვთ პროტესტი იმის გამო, რომ მშობლებს სურთ, იყო საუკეთესო. მშობლისთვის ზოგჯერ ის კი არაა ამოსავალი, რომ შვილი ბედნიერი იყოს და ბავშვი ბავშვობის პერიოდით ტკბებოდეს, არამედ ის უნდა იყოს საუკეთესო.

ეს ისეთი ასაკია, რომ ძალიან ბევრი გამოწვევა აქვთ მოზარდებს ისედაც. მათში დუღს ყველაფერი. ეს ბუნტის, რევოლუციის და წინააღმდეგობის პერიოდია შინაგანად. ბუნებაც ამ დროს მათთვის წინააღმდეგობებით არის სავსე. აქ არის სწორედ ძალიან მნიშვნელოვანი, სწორი რეაგირება გვქონდეს მოზარდების ქცევაზე.

  • სტატისტიკა აჩვენებს, რომ არასრულწლოვნებში ყველაზე გავრცელებული დანაშაული ქურდობაა. ეს აჩვენებს სიღარიბის პრობლემასაც? 

სოციალურ მდგომარეობაზეც არის ეს დამოკიდებული, როცა მატერიალურად შეჭირვებულია ოჯახი, მაღაზიაში შედის მოზარდი და მისთვის მიმზიდველია ბევრი რამ. ხშირად არის შემთხვევა, როცა, მაგალითად, ენერგეტიკულ სასმელს იპარავს მოზარდი მაღაზიაში, ან შოკოლადს, თუმცა სხვადასხვა მიზეზი გვხდება – შესაძლოა, ქურდობის მიზეზი საერთოდ არ იყოს ის, რომ მოზარდს ფული არ აქვს. აი, ასე მოუნდა და აიღო.

ეს მრავალმხრივი პრობლემაა და ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული.

გვხდება ასევე დისფუნქციური ოჯახების პრობლემა, როცა ოჯახში არ არის კეთილდღეობა – ცხადია, ეს არ გულისხმობს მატერიალურ კეთილდღეობას: ზოგჯერ ოჯახში მატერიალურად არ არის ყველაფერი უზრუნველყოფილი, მაგრამ არის სითბო და სიყვარული, იგრძნობა ზრუნვა ბავშვის მიმართ.

მატერიალური ბაზა არ არის ყოველთვის გადამწყვეტი: შეიძლება, ბავშვს მატერიალურად არაფერი აკლია, მაგრამ ტერორის ქვეშ იზრდებოდეს, უგულებელყოფილი იყოს მისი ინტერესები.

დღეს ძალიან ბევრი ბავშვის მშობელი საზღვარგარეთაა, განსაკუთრებით დედები და ეს მძიმე შემთხვევაა ბავშვებისთვის. არსებობენ მამები, რომლებიც არ მუშაობენ და დამოკიდებული არიან მავნე ნივთიერებებზე, ალკოჰოლზე…

ბავშვი, რომლის ოჯახშიც მუდმივად ჩხუბია, ხედავს, რომ მამა, მაგალითად, მუდმივად იღებს ალკოჰოლს, დედა შუაღამისას ბრუნდება სახლში გადაღლილი და მოზარდი მიდის გარეთ. ქუჩა ისეთი ადგილი ხდება, სადა შენ აღიარებული და კარგი ხარ, ოჯახში კი, შენ არავინ არ ხარ.

ბავშვებს შორის ხშირია შელაპარაკებაც, ბულინგს არ ვგულისხმობ, მაგრამ ნახეთ, როგორ არის: რას ხედავენ მოზარდები პარლამენტში, სადაც პარლამენტის წევრები ხოცავენ ერთმანეთს, იგინებიან, ილანძღებიან, ხელითაც ეხებიან ერთმანეთს.

ზუსტად იგივე ქმედებისთვის მოზარდი შეიძლება მოხვდეს სისტემაში – მანდატური გამოუძახებს პოლიციას და დაიწყება პროცესი. ბავშვებს ამ დროს ძალიან რელევანტური კითხვა უჩნდებათ: რატომ? გაუგებრობა გვქონდა და წავიჩხუბეთ, თქვენ, დიდებიც ხომ ჩხუბობთ?

მაია ჯაში

რეაგირების რა სტანდარტს ახვედრებს სახელმწიფო მოზარდს, რომელსაც კანონთან კონფლიქტი აქვს?

დღეს რაც არსებობს – განრიდება, ეს იდეალური საშუალებაა იმიტომ, რომ მოზარდი პრაქტიკულად ხელახლა იწყებს ყველაფერს ისე, რომ ნასამართლობა არ აქვს და შეუძლია ჩაერთოს სხვადასხვა პროგრამაში. ყველას გვახსოვს რა იყო 2010 წლამდე, როცა ბავშვები ციხეში ხვდებოდნენ, მაგალითად, პურის, ან ჯართის ქურდობის გამო…

განრიდების დროს მოზარდს ეკისრება გარკვეული ვალდებულება, სოცმუშაკი ამზადებს შეფასებას და მისი კონკრეტული საჭიროებიდან და ინტერესიდან გამომდინარე, მას მიეწოდება სხვადასხვა სერვისი.

ეს შეიძლება იყო ფსიქოლოგთან მუშაობა, სარეაბილიტაციო პროგრამები, ან ტრენინგები. ფსიქო-სოციალური სერვისის ერთ-ერთი მიმწოდებელია, მაგალითად, „სინერგია“, სადაც მე ვმუშაობ, როგორც სოციალური მუშაკი.

„სინერგია“ ევროკავშირის მხარდაჭერით შეიქმნა. საჭიროების შემთხვევაში ჩვენთან მოზარდს უტარდება, როგორც ინდივიდუალური კონსულტაციები, ასევე ჯგუფური სესიები, მათ შორის, ონლაინ.

  • მშობლებისთვის რა არის ყველაზე დიდი გამოწვევა, რასაც ხშირად აწყდებით? 

ხშირია შემთხვევა, როცა მშობელს აქვს ძალიან ზერელე დამოკიდებულება ამ შემთხვევების მიმართ. მშობლებთან ხშირად გვიწევს ახსნა, რომ უნდა მოვიდეს ბავშვი, მაგრამ ის ამას არ უზრუნველყოფს. ვუხსნი მშობელს, რომ ეს სერიოზული საკითხია, ბავშვს აქვს კონფლიქტი კანონთან.

მშობელი ამ დროს გპასუხობს, არ აქვს დრო, ან რა დროს ეს არის, ვმუშაობ, დაკავებული ვარ და ასე შემდეგ.

ეკონომიკურმა პრობლემებმა ძალიან შეარყია ხალხის აზროვნება, მშობელი გადასულია იმაზე, რომ ოღონდ რაღაც აჭამოს შვილს.

  • კანონთან კონფლიქტში მყოფი ერთ-ერთი მოზარდის დედამ გვითხრა, რომ ფსიქოლოგმა მოზარდი ვერ დააინტერესა და მან ისევ ქუჩაში არჩია დარჩენაო. მშობლის თქმით, პრობლემაა ასევე უფასო სერვისების არარსებობა, რაშიც არასრულწლოვანი ჩაერთვებოდა. 

ხშირია შემთხვევა, როცა მშობელი ხედავს ფსიქოლოგის მოზარდთან მუშაობის საჭიროებას, მაგრამ ბავშვს ეს არ უნდა. ეს არ არის ფსიქოლოგის ბრალი, ფსიქოლოგთან იძულებთ ვერავის მიიყვან…

არსებობს გარკვეული სერვისები, რაც ყველასთვის ხელმისაწვდომია, მაგალითად, კანონთან კონფლიქტში მყოფს ერთ-ერთ ბავშვს უნდოდა ფეხბურთის თამაში და ბათუმის მერიამ მისცა მას ამის საშუალება. სამწუხაროდ, მერიას ხშირად თავისი პროგრამების შესახებ ინფორმაცია არ მიაქვს საზოგადოებამდე, თორემ ბევრი რამ არის ხელმისაწვდომი იგივე მოსწავლე-ახალგაზრდობის სახლში.

მაგალითად, ცურვა სურს მოზარდს, არის ხელმისაწვდომი?  

ვერა. ცურვაზე უფასოდ ვერავინ ივლის, ცურვა და ჩოგბურთი ძვირადღირებულ სპორტად ითვლება. ისეთი ფასებია, მართლა ფუფუნებად ითვლება და ეს ძალიან სამწუხაროა.

მაგრამ აი, სპორტის ბევრი სხვა სახეობა არის ხელმისაწვდომი, მათ შორის, მაგალითად, ბალახის ჰოკეი, კალათბურთი, ფეხბურთი. შესაძლებელია ამ ინფორმაციის მოძიება. სოციალური მუშაკის როლიც ეს არის ამ პროცესში, რომ თევზი კი არ მივცე მოზარდს მე, არამედ ვასწავლო, როგორ დაიჭიროს ის.

  • რა სჭირდებათ ყველაზე მეტად მოზარდებს, თქვენი გამოცდილებიდან რა შეგიძლიათ გვითხრათ? 

ჩემი აზრით, ბავშვებს, პირველ რიგში, სჭირდებათ დღის ცენტრები, სადაც შეიკრიბებიან და მათთვის სასურველი საქმით დაკავდებიან. ეს შეიძლება იყოს ხატვა, ხელოვნების წრეები, ფილმების ნახვა და განხილვა…ასეთი ცენტრი ჰქონდა კიდეც ბათუმში 2009-2010 წლებში „World Vision“-ს და ამან პრაქტიკაში კარგად იმუშავა.

ამ ცენტრში უნდა იყვნენ პედაგოგები, ფსიქოლოგები.

ბათუმს ამ ეტაპზე კლუბ „სინერგიის“ გარდა, ალტერნატივა არ აქვს. გაურკვეველია, როცა დასრულდება ჩვენი ეს პროექტი ერთ წელში, რა იქნება შემდეგ?

სახელმწიფოს, მუნიციპალიტეტებს უნდა აინტერესებდეთ, რომ ეს სერვისი დარჩეს. ამ შემთხვევაში სახელმწიფომ უნდა შემოგვთავაზოს თავისი მონაწილეობა, რაც არ ჩანს. ჩვენ არაერთხელ მივმართეთ ბათუმის მერიას თანამონაწილეობის შესახებ, მაგრამ რეაგირება არ იყო.

შესაბამისი სერვისების შესაქმნელად, რაც სჭირდებათ მოზარდებს, საჭიროა ნება და ფინანსები, ასევე, არსებული რესურსის ეფექტურად გამოყენება.

მაგალითად, ქალაქში მინი სპორტული მოედნები და სტადიონები მეტ-ნაკლებად ყველა უბანს აქვს, საჭიროა მოზარდების აქტიური ჩართულობა. ჩემი აზრით, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია, განვითარდეს ქუჩის სპორტი: ქუჩის კალათბურთი, ქუჩის ფეხბურთი. აი, უბანი უბანთან რომ თამაშობს, თანაც, ამას უნდა ჰქონდეს სისტემატური ხასიათი.

მნიშვნელოვანია, ასევე მოზარდებისთვის ავტორიტეტულმა ფეხბურთელმა, ან კალათბურთელმა წამოიწყოს ეს აქტივობა თავისი უბნიდან. მნიშვნელოვანია, ავტორიტეტების ჩართვა ამ პროცესში. აი, ეს კარგი ფეხბურთელია, კარგად თამაშობს. ანალოგიურად, მწერალმა შესაძლოა მოზარდებისთვის ლიტერატურული კლუბი შექმნას და ასე შემდეგ.

____

ამ თემაზე:

რა უნდა „დაახვედროს“ მერიამ დანაშაულისკენ მიდრეკილ თინეიჯერებს – ინტერვიუ

გადაბეჭდვის წესი


ასევე: