ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ძაღლების თავშესაფრის აშენებაზე 32,9 მილიონი ლარით ხელახალი ტენდერი გამოაცხადეს

07.11.2023 • 1271
ძაღლების თავშესაფრის აშენებაზე 32,9 მილიონი ლარით ხელახალი ტენდერი გამოაცხადეს

ბათუმში, ჩაქვის დასახლებაში, მიუსაფარ ძაღლთა თავშესაფრისა და იპოდრომის მოსაწყობად მერიის ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ ბოლოს გამოცხადებული ტენდერი არ  შედგა. შესაბამისად, სამმართველომ ტენდერი ხელახლა გამოაცხადა.

სატენდერო თანხა, როგორც არშემდგარ, ასევე ხელახლა გამოცხადებულ ტენდერში ერთი და იგივეა – 32 948 540 ლარი. პირობის მიხედვით, სამუშაოები ხელშეკრულების გაფორმებიდან 3 წელში უნდა დასრულდეს.

ახალ ტენდერში წინადადებების მიღება კი, 2023 წლის 29 ნოემბერს დაიწყება და 4 დეკემბერს დასრულდება.

რაც შეეხება სატენდერო მოთხოვნებს, მერიის სამმართველოს სატენდერო კომისიის ოქმში აღნიშნულია, რომ გაითვალისწინეს „სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში არსებული ინფორმაცია, რომლის „ანალიზი ადასტურებს, რომ ბაზარზე ოპერირებს მიმწოდებელთა საკმარისი რაოდენობა, რომელთაც აქვთ შესაძლებლობა ტენდერში მონაწილეობის სურვილის შემთხვევაში, დააკმაყოფილონ სატენდერო დოკუმენტაციით დაწესებული მოთხოვნები. კომისიამ განიხილა წარმოდგენილი პროექტი და მიიღო გადაწყვეტილება ტენდერის გამოცხადების შესახებ“.

განახლება: აღნიშნული ტენდერი სამმართველოს სატენდერო კომისიამ შეწყვიტა. ოქმში აღნიშნულია, რომ საპროექტო დოკუმენტაცია საჭიროებს დაზუსტებას.

წინა ტენდერი კი, რომელიც არ შედგა [მასში მონაწილეობა არავინ მიიღო], 2023 წლის 23 ოქტომბერს დასრულდა.

მონაწილის მიმართ მაშინაც და ახლაც ძირითადი მოთხოვნა არ შეცვლილა:

  • სატენდერო პირობის მიხედვით, „ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2017 წლის 1-ელი იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის [შენობა-ნაგებობების მშენებლობა] სამუშაოების შესრულების გამოცდილება, ჯამურად არანაკლებ 40 მილიონი ლარის ღირებულებით;
  • მათ შორის ერთი ობიექტი/პროექტის ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 15 მილიონი ლარის ოდენობით“.

ჩაქვში მიუსაფარი ძაღლების თავშესაფრისა და სარეკრეაციო სივრცის მოწყობა ქალაქის მერიამ 3 წლის წინ დააანონსა.

„გამოვდივარ ინიციატივით, რომ  ცხოველთა ახალი თავშესაფარი ატარებდეს ყველაზე პოპულარული ჩვენი ოთხფეხა მეგობრის „კუპატას“ სახელს…“ – განაცხადა მაშინ თორნიკე რიჟვაძემ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ.

2021 წელს კი, მერიამ კერძო კომპანიასთან 12 788 480 ლარზე ხელშეკრულებაც გააფორმა – დაპროექტებასა და მშენებლობაზე, თუმცა ეს ხელშეკრულება შეწყვიტა და ხელახალი ტენდერი უკვე მხოლოდ პროექტირებაზე გამოაცხადა.

მერიის სამმართველომ შერჩევა-შეფასების ეტაპზე პროექტირების ტენდერიც შეწყვიტა, რომელიც 700 ათასი ლარით იყო გამოცხადებული [ერთ-ერთი პრეტენდენტი მერიას პროექტისა და ხარჯთაღრიცხვის მომზადებას 490 ათას ლარად სთავაზობდა].

ხელახალი ტენდერი კი, სამმართველომ ისევ 700 ათასი ლარით გამოაცხადა. საბოლოოდ ხელშეკრულება დეტალურ პროექტირებაზე შპს „აჭარკაპმშენთან“ მერიის სამმართველომ 587 ათას ლარზე გააფორმა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: