მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება ბათუმში საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის 

08.11.2023 • 1013
ნახევარი მილიონი ლარი დაიხარჯება ბათუმში საახალწლო ღონისძიების ორგანიზებისთვის 

ბათუმში საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებისთვის ქალაქის ბიუჯეტიდან ნახევარი მილიონი ლარია გამოყოფილი. ამ თანხაში არ შედის იმ მომღერლების/შემსრულებლების ჰონორარი, რომლებსაც 31 დეკემბრის კონცერტზე მოიწვევენ. ღონისძიებები ორი კვირის განმავლობაში – 2023 წლის 25 დეკემბრიდან 2024 წლის 7 იანვრის ჩათვლით – ევროპის მოედანზე გაიმართება.

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე ბათუმის კულტურის ცენტრმა ორი ტენდერი გამოაცხადა 319 ათას 450 და 196 ათას 550 ლარით. ორივე ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 14 ნოემბერს დაიწყება და 17 ნოემბერს დასრულდება. მომსახურების მიწოდების ვადა კი 25 დეკემბრიდან 8 იანვრამდე პერიოდია.

რაც შეეხება მომღერლებს, როგორც ბათუმის კულტურის ცენტრში „ბათუმელებს“ უთხრეს, ამ ეტაპზე გრძელდება მოლაპარაკებები, თუ ვინ მოახერხებს კონცერტზე ჩამოსვლას, ასევე ჰონორარების ოდენობაზეც. 31 დეკემბრის კონცერტზე მოწვეულ შემსრულებლებთან კი კულტურის ცენტრი ხელშეკრულებებს ტენდერის გარეშე, გამარტივებული შესყიდვით გააფორმებს. რა თანხას გადაიხდის ქალაქი ჰონორარებში, ამ დროისთვის უცნობია.

საახალწლო ღონისძიებების ორგანიზებაზე 319 ათას 450 ლარით გამოცხადებული ტენდერის პირობის მიხედვით, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს:

  • სანტას კუთხე, საახალწლო ინსტალაციები, სცენის დეკორაცია, კარვებით უზრუნველყოფა, სცენის დეკორაცია
  • ცეცხლოვანი შოუ, ჯამბაზების წარმოდგენა, დიჯეების კონცერტის ორგანიზება, დიჯეი აპარატურით მომსახურება და დიჯეი მაგიდის ეკრანი,
  • ახალი წელი შენს ეზოში – მოსიარულე ავტომანქანა, ქეითირინგით უზრუნველყოფა,
  • დაცვით და ტრანსპორტით ასევე პიროტექნიკური მომსახურება, ლედ ეკრანი,
  • საწვიმარი ლაბადა, ბანერების და აფიშების ბეჭდვა და სხვა.

ერთ-ერთი საახალწლო დეკორაცია „ტელევიზორი“, რომელსაც ევროპის მოედანზე განათავსებენ, უნდა იყოს ფოტოზე წარმოდგენილი ესკიზის მსგავსი / ფოტო ტენდერიდან

ტენდერის პირობის მიხედვით, 31 დეკემბერს ფეიერვერკის გასროლების საერთო ჯამური რაოდენობა უნდა იყოს 350; გასროლების საერთო დრო არანაკლებ 3,5 წუთი; გასროლებს შორის ინტერვალი კი, არაუმეტეს 2 წამი.

გასროლის ადგილი, გასასროლი შარების ფერთა ინდიკაცია და ვიზუალი უნდა იყოს სხვადასხვა. რაც წინასწარ უნდა შეთანხმდეს დამკვეთთან. ამასთან, შემსრულებელი ვალდებულია მოახდინოს საქართველოში არსებული კანონის ფარგლებში უსაფრთხოების წესების დაცვა, ხოლო გასროლის შედეგად დამდგარი ზიანი [ასეთის არსებობის შემთხვევაში] სრულად აანაზღაუროს.

რაც შეეხება პრეტენდენტის გამოცდილებას, მას „2021 წლის 1-ლი იანვრიდან ტენდერის გამოცხადებამდე პერიოდში უნდა გააჩნდეს ანალოგიური კულტურული ღონისძიების ორგანიზების შესრულების გამოცდილება, ამასთან აღნიშნულ პერიოდში განხორციელებული ერთ-ერთი პროექტის სახელშეკრულებო თანხა უნდა შეადგენდეს მინიმუმ 100 000 ლარს.“

რაც შეეხება 196 ათას 550 ლარით გამოცხადებულ ტენდერს, პრეტენდენტმა უნდა უზრუნველყოს:

  • საგამოფენო სივრცის (ჯიხურების) მოწყობა; ჯიხურებისა და ფანჩატურების მოწყობა;
  • შესასვლელი თაღი;
  • ქუჩის ხეივნების მოწყობა;
  • ბიოტუალეტით, ასევე ტრანსპორტით მომსახურება და ბუხრების შეშით უზრუნველყოფა.

თაღი მემედ აბაშიძის გამზირზე / ვიზუალიზაცია / ფოტო ტენდერიდან

ამ ტენდერში გამარჯვებულს ევალება მემედ აბაშიძის გამზირზე [დემეტრე თავდადებულის ქუჩიდან ბარათაშვილის ქუჩამდე მონაკვეთში] 70 მეტრის სიგრძის ხეივნის მოწყობა.

„ხეივანი უნდა მოეწყოს ჰორიზონტალური პრინციპით ლითონის ბაგირის მეშვეობით, ბაგირი გზის ზედაპირიდან მინიმუმ 3,5 მეტრით უნდა იყოს დაშორებული. ბაგირზე უნდა განთავსდეს ვარსკვლავის ფორმის არანაკლებ 50 სმ დიამეტრის განათებული დეკორაცია, ვარსკვლავზე დაშვებული უნდა იყოს განათებული წვიმები და სხვა დეკორაციები არანაკლებ 1 მეტრისა. დეკორაციის მთლიანი რაოდენობა არანაკლებ 250 ცალი. დეკორაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ესკიზის მსგავსი [ესკიზი ნახეთ ქვემოთ].“ – აღნიშნულია ტენდერში.

ესკიზები/ვიზუალიზაცია / ფოტოები ტენდერიდან

ტენდერის მიხედვით, განსხვავებული დეკორაციებით მოეწყობა 130 მეტრი სიგრძის „ხეივანი“ მემედ აბაშიძის გამზირზე [ბარათაშვილის ქუჩიდან კ. გამსახურდიას ქუჩამდე მონაკვეთში].

„ხეივანი უნდა მოეწყოს ჰორიზონტალური პრინციპით ლითონის ბაგირის მეშვეობით… ბაგირზე დეკორაციის სახით უნდა განთავსდეს საახალწლო თემატიკის სასაჩუქრე ყუთი, ბაფთა, ზარი. თითოეული დეკორაცია [არანაკლებ 350 ცალი] უნდა იყოს განათებული. დეკორაცია უნდა იყოს წარმოდგენილი ესკიზის მსგავსი“ [ესკიზი ნახეთ ზემოთ].

საახალწლო ღონისძიებების რუკა [ბათუმი, მემედ აბაშიძის გამზირი და ევროპის მოედანი] / ფოტო ტენდერიდან

5 მილიონ 159 ათასი ლარი ბათუმის გასაფორმებლად

რაც შეეხება ქალაქის საახალწლოდ გაფორმებას, ამისთვის ბათუმის ბიუჯეტიდან ცალკე დაიხარჯება 5 მილიონზე მეტი ლარი.

შესაბამისი ტენდერი მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს 5 159 000 ლარით ჰქონდა გამოცხადებული.

სამმართველოს მომსახურებას ზუსტად ამ თანხის ფარგლებში სთავაზობს შპს „აჭარგანათება“.

მერიის სამმართველოს სატენდერო კომისიის ოქმის მიხედვით, „აჭარგანათების“ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია სრულად შეესაბამება ტენდერის მოთხოვნებს და კომპანიას 2023 წლის 17 ნოემბრამდე მიეცა ვადა შესაბამისი საბანკო გარანტიის წარსადგენად.

გარანტიის წარდგენის შემდეგ სამმართველო კომპანიასთან ხელშეკრულებას გააფორმებს.

ამ ტენდერის შესახებ ვრცლად:

4.6 მილიონი ლარი – ახალი წლის ხარჯები აჭარაში

გადაბეჭდვის წესი


ასევე: