მთავარი,სიახლეები

ბათუმის მერიის მთავარ არქიტექტორად გიორგი წანაწყენიშვილს ნიშნავენ

04.11.2023 • 1861
ბათუმის მერიის მთავარ არქიტექტორად გიორგი წანაწყენიშვილს ნიშნავენ

ბათუმის მერიამ ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსი შეარჩია. ეს თანამდებობა ერთ წელზე მეტია ვაკანტურია.

„ბათუმელების“ ინფორმაციით სამსახურს გიორგი წანაწყენიშვილი უხელმძღვანელებს. ის პროფესიით არქიტექტორია და მერიამ სამსახურის უფროსის თანამდებობაზე კონკურსის წესით შეარჩია.

მერია ინფორმაციას უარყოფს:

„ამ დრომდე ისევ მამუკა რამიშვილი ასრულებს სამსახურის უფროსის მოვალეობას“ – გვითხრეს პრესსამსახურში.

თავად გიორგი წანაყენიშვილმა დაგვიდასტურა, რომ  კონკურსში მონაწილეობს:

„ჯერ პროცედურა არ დასრულებულა და თუ ასე იქნება შემდეგ ვილაპარაკოთ“ – გვითხრა თავად გიიორგი წანაყენიშვილმა.

„ბათუმელების“ ინფორმაციით გიორგი წანაყენიშვილი ერთადერთი კანდიდატია, რომელმაც ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობის დასაკავებლად კონკურსის ორი ეტაპი გადალახა და მისი დანიშვნა გადაწყვეტილია.

გასაუბრება 10 ნოემბერსაა დანიშნული.

გიორგი წანაწყენიშვილი საგანმანათლებლო საქმიანობას ეწევა, გარდა ამისა ის შპს იქს ვაი ზეტ.ჯი- ს 50 პროცენტის მფლობელია. გასულ წლებში ის ფლობდა ასევე შპს „რიდა დეველოპმენტ საპორტ კომპანის“ 49 პროცენტს.

ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურის უფროსის თანამდებობა ვაკანტურია გასული წლის აგვისტოდან, მას შემდეგ რაც ის მირიან მეტრეველმა დატოვა.

თანამდებობიდან წასვლის შემდეგ სამსახურის ყოფილმა უფროსმა „ბათუმელებთან“ საუბრისას თქვა, რომ თანამდებობიდან  ვინმესთან დაპირისპირების გამო არ წასულა და ბათუმის მთავარი არქიტექტორის პოზიცია ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო დატოვა.

მან „ბათუმელებს“ ასევე დაუდასტურა, რომ სუს-მა ბათუმის მერიიდან სამშენებლო ნებართვები ამოიღო, თუმცა არ დააკონკრეტა, რა პროექტებს უკავშირდებოდა ეს ნებართვები.

გადადგომიდან მალევე მირიან მეტრეველი აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში სივრცითი დაგეგმარების ჯგუფში არქიტექტორად დასაქმდა.  ყოფილი უფროსის მოვალეობას ბათუმის მერიის ქალაქმშენებლობისა და ურბანული პოლიტიკის სამსახურში დღემდე  მისი მოადგილე, მამუკა რამიშვილი ასრულებს.

დარჩება თუ არა მამუკა რამიშვილი სამსახურში ახალი უფროსის დანიშვნის შემდეგ ამის შესახებ არ ვიცით, ის  ჩვენს ზარებს დიდი ხანია არ პასუხობს.

მთავარი ფოტო: შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი

გადაბეჭდვის წესი


ასევე: