მთავარი,სიახლეები

„შიშის დათესვა უნდათ, ახალგაზრდები გარბიან, რუსები – შემოდიან“ – რას ამბობენ სოფელ ხაბელაშვილებში 

06.11.2023 • 3390
„შიშის დათესვა უნდათ, ახალგაზრდები გარბიან, რუსები – შემოდიან“ – რას ამბობენ სოფელ ხაბელაშვილებში 

„საიდანაც მეტ შემოსავალს მიიღებენ, იმის მხარეს იჭერენ. ახლა ისე არიან, რომ რუსეთისკენ არიან მიწოლილი… ინტერნეტში ვნახე ქალი, „ზაბორს“ რომ შლიდა, ჩემს ეზოში რატომ უნდა შემოღობოსო… ბოლო ვარიანტი მაგია, რუსი შემოღობავს ჭოროხს აქეთ,“ – ხელს იქნევს უიმედობის ნიშნად თამაზ ბერიძე. მას შუახევში, სოფელ ხაბელაშვილებში  შევხვდით.

მაღალმთიან სოფელში მცხოვრები ადამიანების აზრით, საქართველო ევროპას სცილდება და ხელისუფლება ხალხის მოტყუებას ცდილობს. ხაბელაშვილებიც იცლება ხალხისგან. მოსახლეობას ამ თემაზეც ვესაუბრეთ: რატომ იცლება სოფელი?

იმის საჩვენებლად, რომ „ქართულ ოცნებას“ ევროპული წესები არ აწყობს, თამაზ ბერიძე საკუთარი ბაღისკენ მიგვითითებს, ამ მიწას 2019 წლიდან არ მირეგისტრირებენო:

„მომივიდა პასუხი, არ ფორმდება და 2024 წელს იქნებაო, ანუ არჩევნები მოდის… ხელის აპარატით ვწამლავ თხილის ბაღს, აპარატს ვერ მივიღებ, რადგან მამა-პაპისეული მიწა გაფორმებული არ მაქვს,“ – ამბობს თამაზ ბერიძე და ღობესთან ახლოს ჩერდება, სხვა ამბებიც რომ მოგვიყვეს.

თამაზ ბერიძე

„ახალგაზრდებისგან დაიცალა სოფელი, მარტო მოხუცები ვრჩებით,“ – წუწუნებს თამაზი და ანგარიშობს, რამდენ სახლიდან ამოვა ამ ზამთარს კვამლი.

„33 ოჯახიღა ვართ დარჩენილები, ზაფხულობით 40-მდე ავდივართ,“ – ასკვნის მალევე და მერე მიზეზებს გვაცნობს, რის გამოც სოფელი იცლება:

„ერთი ხეხილის საწარმო მაინც გაეხსნათ შუახევი, ხულოს და ქედის მოსახლეობისთვის. ხეხილი გვაქვს ტონობით და გვილპება. 20 კაპიკად რომ ჩაიბარებდეს ვინმე, აქედან ვინმე არ წავა.

თხილის მოსავალს წელს არა უშავდა, 4 ლარში ჩავაბარე, გასულ წელს ორ ლარ-ნახევარი გადამიხადეს მარტო. მამაჩემს ბაზარში ჩაჰქონდა ხილი და იქ ჰყიდდა 2 – 3 ტონას, ახლა შესყიდულია ბაზარი, თუ ჩაიტან რამეს, გამოგართმევენ იაფად და თვითონ ძვირად ყიდიან.

სახელმწიფომ უნდა შექმნას პერსპექტივა, რომ გლეხია თუ ახალგაზრდა, ჯიბის ფული ჰქონდეს: უფულო არც ევროპაში უნდათ და არც სადმე სხვაგან,“ – გვითხრა თამაზ ბერიძემ.

„ხელისუფლების რომელიმე კაცი მოიყვანეთ აქ, თუ გაჩერდეს. ყველაფერი მოდის მოსავალი, მარა მაგაზე გაჩერდება? – არ გაჩერდება,“ – სახლის წინ ყოვნდება ასმათ ბერიძე და შვილებზე გვიყვება: ერთი ბიჭი სამუშაოდ რუსეთში წასულა და იქ დაღუპულა. ასმათი დარდობს, მეორე შვილიც მიდის სოფლიდანო.

ასმათ ბერიძე

„სოციალურად დაუცველი ადამიანები რომ დაასაქმეს, სხვებმა რა ქნას?“ –  სოცდაუცველების წინასაარჩევნოდ დასაქმებას ირიბად აკრიტიკებს ასმათ ბერიძე და კონკრეტულ ციფრს ასახელებს: პატარა სოფელში, სადაც ასმათ  ბერიძე ცხოვრობს, გზას  და სოფლის სხვა საჯარო სივრცეებს 6 კაცი ალაგებს.

„ჩემი შვილი უფულობის გამო ემიგრაციაში წავიდა და მომიკვდა,“ – განაგრძობს თხრობას ასმათ ბერიძე, – „რუსეთში ნახა სამსახური, მაგრამ ავარიაში მოყვა და ძლივს მომიყვანეს სახლამდე. მეორეც მიდის ქალაქში, აქ გამჩერებელი არ არის.

ერთ მანქანა შეშას რომ მოიტან და თავზე დაგადგებიან, ამ სოფელში რით უნდა გავთბეთ, აბა? ბილეთი ჰქონდა, მაგრამ არ იყო ჩაჭრილი ისე, როგორც საჭიროა. სასამართლოები ჩაატარეს ამაზე.

ერთადერთი გზას წმენდენ, როცა დიდი თოვლი მოდის. თოვლი აქ რამხელა მოდის, იცი?!“ – გვეუბნება ასმათ ბერიძე და სახლის მეორე სართულის აივნისკენ გვითითებს, იქამდე ამოვიდა შარშან თოვლიო.

ხაბელაშვილებში მცხოვრებ ქალს მიმდინარე პოლიტიკურ თემებზეც ვეკითხებით, მაგალითად, სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტზე:

„ერთი ქალი პრეზიდენტი გვყავს და თავი დაანებონ, იყოს იქ ლამაზად,“ – კითხვას არ გვასრულებინებს ასმათი. მას „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის შეფასებას ვახსენებთ, რომ პრეზიდენტი კონსტიტუციას არღვევს.

„მაგათ რომ ჰკითხო, ყველა ყველაფერს არღვევს, ქალია და მე მხარს ვუჭერ,“ – კატეგორიულია ასმათ ბერიძე, პაუზის შემდეგ კი განაგრძობს:

„სკამებისთვის ჩხუბობენ, სკამებისთვის, აბა, რისთვის? პარლამენტის წევრი რომ სიტყვა „ბანძს“ იტყვის, იმ წუთში უნდა გამოაგდო იქიდან, ტელევიზორში რატომ უნდა ჩანდე ჩხუბით, თუ საქართველო გედარდება?“ – ასმათ ბერიძეს სურს, ეს შეკითხვა მივიდეს პარლამენტარებამდე.

„ერთმანეთს რომ ურტყამენ და აგინებენ, რაღა კანონი უნდა გამოიტანონ?“ – პოლიტიკოსების აღარც ასმათ ბერიძის ქმარს, ნოდარს სჯერა, საქონელს აბალახებს და ჩვენს დიალოგს უერთდება.

ნოდარ ბერიძე აჭარის მაღალმთიანეთის დეპუტატის, ანზორ ბოლქვაძის პასიურობაზე აკეთებს აქცენტს:

„დაინახეთ სადმე? ზის ბოლოში, მე არ დამინახავს, რომ ლაპარაკობდეს. გარეთ, რესტორნებში თუ ლაპარაკობს, არ ვიცი… ყველა პარლამენტარს თავისი ბიზნესი აქვს და უფრთხილდება. არჩევნები როცა მთავრდება, მერე ვეღარ ნახავ, წელიწადში ერთხელ მაინც ხომ უნდა გამოიაროს?“ – კითხულობს ნოდარ ბერიძე.

ნოდარ ბერიძე

„კაი საქმეს ეს მთავრობა აკეთებს, სოფელსაც უყურებენ, ბევრსაც აშავებს, მაგრამ ბევრს აკეთებს,“ – ეს ნარიმან ბერიძემ გვითხრა, რომელიც სოციალურად დაუცველია და სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში დაასაქმეს – ის სოფლის გზას ალაგებს.

ნარიმანი ცდილობს, „ოცნების“ მიმართ მადლიერება გვაჩვენოს, თუმცა კონკრეტულ კითხვებზე პასუხის გაცემის დროს კრიტიკისგანაც არ იკავებს თავს. მასთან გასაუბრება აჩვენებს, რა შეიძლება იყოს სოფლებში სოცდაუცველების მასობრივად დასაქმების რეალური მიზანი, როცა დასაქმება ზოგიერთ შემთხვევაში მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს და პროგრამა 2024 წლის არჩევნებიდან რამდენიმე თვეში შეწყდება.

„ჩემი ვალდებულებაა, რომ გზაზე სისუფთავე იყოს, არხების ამოწმენდა, მოსაცდელების დალაგება, 5-6 ვართ დასაქმებული გზაზე, დანაწილებული გვაქვს საქმე: ერთი მარტო ცენტრს ალაგებს, ერთი ხაბელაშვილების ხიდს…“ – გვითხრა ნარიმან ბერიძემ. მას ვკითხეთ, ვინ აკეთებდა იგივე საქმეს, ვიდრე სოფლის გზაზე 6 კაცს დაასაქმებდნენ.

„დაულაგებელი არც მანამდე არ რჩებოდა სოფელი, მეეზოვე ალაგებდა, ხან ხალხი ვიკრიბებოდით, მაგალითად, ამოწმენდაზე,“ – ეღიმება ნარიმან ბერიძეს.

თქვენი აზრით, რამდენად სწორია, როცა დასაქმების ეს სახელმწიფო პროგრამა 2024 წლის არჩევნებიდან რამდენიმე თვეში შეწყდება? – ვეკითხებით დასაქმებულს.

„არჩევნების მერე არ უნდა წყდებოდეს, ეს სამართლიანი არაა… მაშინ სხვა სამსახური უნდა შემოგვთავაზონ. მერე ალბათ გამდიდრდებიანო, ფიქრობენ, რა ვიცი, სხვა ადგილზე დაგვასაქმონ მაშინ, იქამდე თუ მივაღწიე, იქითაც გავქაჩავ,“ – უკმაყოფილებას გამოხატავს ნარიმან ბერიძე.

ნარიმან ბერიძე

„ბათუმელები“ სოცდაუცველებს ქედის, შუახევის და ხულოს სხვა სოფლებშიც ესაუბრა, რამდენიმე სოფელში დასაქმებულმა დასაქმებულმა სოცდაუცველებმა გვითხრეს, რომ ისინი „ოცნების“ მხარდამჭერები არიან, ან წინა არჩევნებზე „ოცნების“ კოორდინატორებად მუშაობდნენ.

ნარიმან ბერიძემ კი გვითხრა, რომ გახარიას პარტიის მხარდამჭერია და წინა არჩევნებზე ამ პარტიის წევრი იყო უბნის საარჩევნო კომისიაში.

„მევალებოდა, რომ დარღვევები რაც იქნებოდა, იმას დავკვირვებულიყავი. დარღვევები იყო ცოტ-ცოტა,“ – ამ თემაზე საუბრის გაგრძელება მან აღარ ისურვა.

ამავე სოფელში კიდევ სამი სოცდაუცველი სკოლაში დაუსაქმებიათ: ორი სკოლის დალაგებაზე, ერთი – ბიბლიოთეკაში.

„მე კლასებს ვალაგებ, ჩემი ქმარი – სკოლის ეზოს,“ – გვითხრა ვენერა ბოლქვაძემ, რომელსაც მის ბოსტანში გავესაუბრეთ მას შემდეგ, რაც სკოლაში დასაქმებული სოცდაუცველები სამუშაო სათებში ადგილზე არ დაგვხდნენ.

ვენერა ბოლქვაძე

„არაფერი არ გვქონდა შემოსავალი და დაგვასაქმეს. სკოლის რწმუნებულმა შესთავაზა ჩემს მეუღლეს დაგასაქმებთო და მერე სკოლის დირექტორი დაგველაპარაკა.

მე ორი საათი მყოფნის სულ: მივდივარ, ჩემს სამ ოთახს დავალაგებ და ერთი დარბაზი მიწევს. სკოლაში სულ 32 მოსწავლეა. სკოლაში ჩემამდე მუშაობდა და ახლაც მუშაობს დამლაგებელი. დანარჩენ კლასებს ის ალაგებს,“ – ამბობს ვენერა ბოლქვაძე.

სხვა სოფლებში დასაქმებული სოცდაუცველების მსგავსად, ამ სოფელშიც დასაქმებულებმა „ბათუმელებთან“ აღნიშნეს, რომ ხელშეკრულება არ შეუნახავთ და რაც მთავარია: დასაქმების შესახებ შეთავაზება და შეთანხმებაც მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელთან შედგა და არა სოციალური დაცვის სააგენტოში. სოცდაუცველებთან გასაუბრება სოფელ ხაბელაშვილებშიც აჩვენებს, რომ საქმდება ყველა სოცდაუცველი, ვისაც აქვს ეს სტატუსი და მათ სამუშაოს კოორდინაციას სოფლის რწმუნებული უწევს.

სოფლის ცენტრში, პატარა მაღაზიასთან ვჩერდებით

„ბავშვები, ხომ იცით, ჯგუფ-ჯგუფად მოდიან, შეიძლება, ორს ჰქონდეს ფული, სამს – არა. შეხედავ, მიხვდები, დაჩაგრულია. ყოველდღიურად არის ეს სიტუაცია,“ – გვიყვება მიხეილ ბერიძე, რომელიც თან მაღაზიაში შესულ ბავშვს ტკბილეულს უწონის. მიხეილ ბერიძე ღიმილით გვიდასტურებს, რომ დახლზე ნისიების რვეული უდევს და როცა ფურცვლას იწყებს, წუხილით დასძენს, ზოგიერთი ისეთია, წელიწადი გადის და ვალს ვერ იხდის, რას იზამ, სოფელი სოფელიაო.

მიხეილ ბერიძე

მაღაზიის შესასვლელთან, წითელ მაგიდაზე დომინოს თამაშობენ. „ოცნებას“ ქვეყანა რუსეთისკენ მიჰყავს“ – ხმამაღლა მოგვმართავს ერთ-ერთი და თამაშს განაგრძობს. „პოლიტიკა არ გვინდა“, – ისმის შეძახილი მაღაზიის სხვა კუთხიდან. აშკარაა, პოლიტიკაზე აქ ხშირად საუბრობენ.

რამ შეგიქმნათ ეს შთაბეჭდილება, რომ რუსეთისკენ მიდის „ოცნება“? – ვეკითხები რეპლიკის ავტორს.

„ვუყურებთ, რომ რუსეთისკენ მიდის, ბრმა ხომ არ ვართ, ვუყურებთ ხომ?!“ – ღიმილით აპროტესტებს შეკითხვას მიხეილ ბერიძე, მაღაზიის მესაკუთრე.

მაღაზია

„ჩემი გადასახედით ისე ვიცი, რომ ვალდებულება გააჩნიათ რუსებთან. ერთეულს შეიძლება უნდოდეს ევროპა, მაგრამ ზემოდან ისეთი კანონები მოდის, რასაც კრემლში ლაპარაკობენ, ისე იმეორებენ საქართველოში. როგორც მოქმედებენ რუსეთში, ისე მოქმედებენ აქაც“, – მაღაზიის გარეთ განვაგრძობთ უკვე საუბარს მიხეილ ბერიძესთან. მაღაზიის შიგნით უკვე ხმაურია: „ოცნების“ მხარდამჭერი პოზიცია არ ისმის, თუმცა ადამიანები კამათობენ: რამდენად შესაძლებელია ცვლილებები?

„რუსული პროპაგანდა როგორც მუშაობს  ძალით, ისეა, ჩაგრავენ დანარჩენებს და ძალით აკეთებენ, რასაც უნდათ. ძალადობა ხომ რუსულია?“ – კითხვას სვამს მიხეილ ბერიძე და შეშის დაპობას განაგრძობს მაღაზიის შესასვლელთან.

მერე მიხეილს ლაზარე გრიგორიადისი ახსენდება, „რომელი გადამტრიალებელი და რევოლუციის მომწყობი ის იყოო“, ბრაზობს:

„ეს შიშის პროპაგანდაა, შიშის დათესვა უნდათ… ასეა, ზოგი შეშინდა, ზოგს მოსწყინდა ერთი და იგივე, ხედავენ, რომ სამართალი არ არის, ახალგაზრდები საზღვარგარეთ გარბიან, რუსები – შემოდიან“ – ასრულებს მიხეილ ბერიძე.

„თურქეთში გადავდივარ და ჩაის ვკრეფ სეზონურად, დღეში 100-150 ლარი გამოდის ჩვენს ფულზე, მაგრამ ძალიან რთული სამუშაო, დიდი მაკრატელი უნდა იქნიო მთელი დღე და მძიმე ტომარა ათრიო,“ – ომარ ბერიძეც სოფელ ხაბელაშვილებში ცხოვრობს და გვიყვება, რომ თავის გატანა ხან სეზონური შრომით უწევს, როცა თურქეთში გადადის, ხან ბათუმში, მშენებლობაზე დასაქმებით.

ომარ ბერიძე და სხვებიც გვიყვებიან, რომ ვინც სოფელს ტოვებს, სამუშაოდ ძირითადად ბათუმში მიდის. ბოლო დროს სოფლიდან სამუშაოდ მიდიან პოლონეთსა და გერმანიაშიც.

„ხელისუფლება ხალხს ატყუებს, ევროპისკენ მივალთო, სინამდვილეში კი, რუსეთისკენ მიჰყავს,“ – დომინოს თამაშს განაგრძობს ომარ ბერიძე, – „მესამე პრეზიდენტი რუსეთის ტყვეა და ციხეში ჰყავთ, უკრაიანასაც არ უჭერენ მხარს. ხედავს „ოცნება“, რომ სიმართლეს ეუბნებიან, თავს ესხმის ქალებს და ჟურნალისტებს“.

„ომარ, რა ქენი, წააგე, ბიჯო?“ – პოლიტიკური დისკუსიის დასრულებას ცდილობს დომინოს ერთი მოთამაშე.

„წავაგე, წავაგე,“ – თამაშის დასრულებას ამჩნევს ომარ ბერიძეც.

ომარ ბერიძე

სოფელ ხაბელაშვილებში შეგვხვდნენ „ქართული ოცნების“ მხარდამჭერებიც. მაგალითად, ტარიელ ბოლქვაძე მიიჩნევს, რომ საქართველოში სასამართლო დამოუკიდებელია და ევროპარლამენტარები „ჩვენი ხელმძღვანელები არ არიან,“ მათი კრიტიკა საქართველოს ხელისუფლებამ რომ გაითვალისწინოს.

„ევროპარლამენტარები ჩვენი ხელმძღვანელები არ არიან, საქართველოს მოსახლეობას რაც უნდა, ისე უნდა ვიმოქმედოთ, ჩვენ ვართ დამოუკიდებელი და ჩვენ თვითონ უნდა გადავწყვიტოთ, ევროპაც ჩვენი ძმა იქნება…“, – გვითხრა ტარიელ ბოლქვაძემ.

მას შევახსენეთ, რომ ევროკავშირი საქართველოსგან კონკრეტული პირობების შესრულებას მოითხოვს იმისთვის, რომ ჩვენ ევროპას დავუახლოვდეთ, მაგალითად, სასამართლო უნდა გათავისუფლდეს პოლიტიკური გავლენისგან.

„ვინ ამბობს, რომ არაა სასამართლო დამოუკიდებელი?“ – კითხულობს მოქალაქე და ამატებს: „არ ვიცი, ვის რა არ მოსწონს, ზოგს სახლში რომ პურის ფქვილი შეუტანო, ისიც არ მოსწონს“.

ტარიელ ბოლქვაძე

„უბედურ დღეში ვართ, ფაროსანამ ისეთ დღეში ჩაგვაგდო“, – ეს გურამ ამაღლობელმა გვითხრა, როცა სოფელი ხაბელაშვილები დავტოვეთ და ჭვანაში ჩამოვიარეთ. იგი სოფლის კიდევ ერთ პრობლემაზე გვესაუბრა. გურამ ამაღლობლის მტკიცებით, ხელისუფლება ფაროსანას ეფექტურად არ ებრძვის.

„გასულ წელს მოვიდა მანქანა, ვუთხარი, აქ შეწამლეთ, აქაა ბევრი ფაროსანა-მეთქი და ასე ვერ დაგიწამლი, ჩვენ ჩვენი წერტილები გვაქვსო. მერე მოვიდა მანქანა და აკაციებს ასხამდა. აქ ნუ ასხამთ-მეთქი, ვეუბნები და არაო. წელს მოსავალი ფაქტობრივად გაანადგურა ფაროსანამ, ლობიოს, პომიდორს, ყველაფერს დაარტყა, უფრო მეტია ფაროსანა ახლა, ვიდრე წინა წლებში იყო,“ – ამბობს გურამ ამაღლობელი.

გურამ ამაღლობელი

გურამ ამაღლობელს აქვს გზავნილი პარლამენტარებისთვისაც:

„აქ რომ მოდიან, ანგელოზები არიან, ჩადიან და იქ რას აკეთებენ? არ ვიცი, აქ როგორ უნდა მოვიდნენ, მე მაგათ არ გავუტარებ,“ – განსაკუთრებით ქალ დეპუტატებზე თავდასხმას გაუბრაზებია მოქალაქე. გურამ ამაღლობლის აზრით, საქართველოს ხელისუფლება რუსეთის ინტერესებს ატარებს.

„მტერი მტერია ყოველთვის, ამერიკასთან და ევროპასთან ჯობია კავშირი, გვეპატრონებიან, ახლა სად ვართ, აზრზე არ ვარ, ივანიშვილი რუსია და მაგისაა მთავრობა და პარლამენტიც,“ – ამბობს გურამ ამაღლობელი.

„ევროპა არის წესრიგი, წესრიგი არ სურს „ოცნებას,“ ასე გამოდის,“ – ხელისუფლების განცხადებები ამ შთაბეჭდილებას უქმნის იოსებ ამაღლობელს.

უწესრიგობის ხელშეწყობის მაგალითად მოქალაქემ მედიკამენტების ფასი მოგვიყვანა: დაპირების მიუხედავად, რატომ უწევს პენსიონერს თურქეთში გადასვლა, წამლები იაფად რომ შეიძინოს?!

იოსებ ამაღლობელი

„მე მგონი, არ უნდათ ევროპა, სხვა რა ჩანს, აბა?

რუსეთმა დაიმორჩილა საქართველო უკვე, 80 % პურიც რუსეთიდან შემოდის… თუ რუსეთი კარგია, რატომ მათი შვილები არ სწავლობენ რუსეთში? თუ ევროპა კარგი არ არის, რატომ უშვებენ თავიანთ შვილებს ევროპაში?“ – ამ შეკითხვებს გვაბარებს ხელისუფლებასთან იოსებ ამაღლობელი.

შუახევი, სოფელი ხაბელაშვილები

გადაბეჭდვის წესი


ასევე: