განათლება,მთავარი,სიახლეები

გასაუბრების ხელმეორედ ჩატარებას ვითხოვთ – სკოლის დირექტორობის კანდიდატი

02.11.2023 • 7655
გასაუბრების ხელმეორედ ჩატარებას ვითხოვთ – სკოლის დირექტორობის კანდიდატი

„არ უნდა სჭირდებოდეს ადამიანს, საქართველოს მოქალაქეს, პარტია ან ნათესავი იმისათვის, რომ რომელიმე პოზიციაზე დაინიშნოს. ადამიანი მისი ცოდნის შესაბამისად უნდა ფასდებოდეს“, – ამბობს ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი, სკოლის დირექტორობის კანდიდატი მაია ეკალაძე „ბათუმელებთან“.

ის სხვა 30 პედაგოგთან ერთად სკოლის დირექტორობის კონკურსის მეორე ეტაპის შედეგებს აპროტესტებს და ხუთი თვეა განათლების მინისტრთან შეხვედრას მოითხოვს. რატომ მიიჩნევს ის გასაუბრების ეტაპს უსამართლოდ და როგორ მოიშორა „გასაუბრებით“ სამინისტრომ ხელისუფლებისთვის არასასურველი კანდიდატები?

  • ქალბატონო მაია, როგორც ვიცით, თქვენ კონკურსს გასაუბრების ეტაპიდან გამოეთიშეთ, რა ხდებოდა გასაუბრებაზე, რას არ ეთანხმებით?

ჩემი გასაუბრება იყო 5 აპრილს. 4 აპრილს მე დავრეკე სამინისტროში და ვიკითხე, თუ რა კრიტერიუმებით გვაფასებდნენ კანდიდატებს. რადგან მსგავსი ინფორმაცია არასად არ ჰქონდა სამინისტროს გამოქვეყნებული.

„დირექტორის სტანდარტით“ – ასე ზედაპირულად მითხრეს და მომიშორეს თავიდან.

ეს სტანდარტი ზეპირად ვიცი და, შესაბამისად, არც მქონია განცდა, რომ რაიმე პრობლემა შეიქმნებოდა.

გასაუბრებაზე პრაგმატული კითხვები იყო, ყოველდღიურობას ეხებოდა და რაიმე შემოქმედებითობა იქ საჭირო არ იყო.

ერთი-ორი ცალი კალამი და ფურცელი ედოთ მაგიდაზე ფორმალურად, რადგან არავინ არაფერს ინიშნავდა. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, არც კომისიის წევრებს ჰქონდათ ინფორმაცია კრიტერიუმებზე.

შემდეგ, როცა გასაუბრების შედეგები გავაპროტესტე და მოვითხოვე შეფასების დოკუმენტი, ეს დოკუმენტი არ მომცეს. სამაგიეროდ მომწერეს, რომ თურმე ჰქონდათ 6 კრიტერიუმი, მათ შორის იყო „შემოქმედებითად მიღებული გადაწყვეტილების უნარი“ და თითოეული კრიტერიუმი ფასდებოდა 5 ქულით. და ეს არ იცის სერტიფიცირებული კანდიდატების 99-მა პროცენტმა.

არც კომისიის წევრებმა იცოდნენ ამის შესახებ, რადგან მეუბნებოდნენ, რომ დირექტორების სტანდარტით გვაფასებდნენ და მეც ამ სტანდარტით ვპასუხობდი. კითხვებიც ამ სტანდარტიდან იყო, ძირითადად.

  • პირველად მონაწილეობდით მსგავს კონკურსში?

მე ჩემი კომპეტენცია დავადასტურე 2014 წელსაც და უფრო ადრეც და სამივეჯერ ტესტირებაზე ავიღე ძალიან მაღალი ქულა. თეორიულად ვადასტურებ ჩემს ცოდნას, თუმცა არც ერთ შემთხვევაში არ მომეცა ამ ცოდნის პრაქტიკაში გამოყენების შესაძლებლობა.

პირველ ორ შემთხვევაში სერტიფიკატი ავიღე. ახლა, 2023 წელს კი, ტესტირება მაღალი ქულებით ჩავაბარე, თუმცა გასაუბრებიდან გამომთიშეს პროცესს.

როცა არ საქმდები დირექტორად, 7 წლის შემდეგ სერტიფიკატს ვადა გასდის. ერთი წელიც რომ ვყოფილიყავი დირექტორი, ამ შემთხვევაში იქნებოდა ჩემი სერტიფიკატი უვადო და ესეც არის დისკრიმინაცია, რა თქმა უნდა, რადგან, მე ვადასტურებ კომპეტენციას, მაგრამ დირექტორად არ ვინიშნები.

3 ათასზე მეტმა ადამიანმა გაიარა კონკურსზე რეგისტრაცია და აქედან 1366-მა ადამიანმა ტესტირებამდე თქვა დირექტორობაზე უარი. ძალიან საეჭვოა ხომ ამხელა რიცხვი. შეიძლება კონკურსზე არ გამოვიდეს ასი, ხუთასი, მაგრამ  როცა აპლიკანტების ნახევარი უარს ამბობს, ეს ბევრ კითხვას აჩენს.

დანიშნული არჩევნები პანდემიის მომიზეზებით გადადეს, მაგრამ ისიც საეჭვოა, რომ ამ პერიოდში თან ამ ქვეყანაში ამდენი ადამიანი დასაქმდა და აღარ აინტერესებდა დირექტორობა.

კი დადიოდა ხმები, რომ დატოვებდნენ სერტიფიკატის გარეშე და ტყუილად იწვალებდნენ, არის ნიჰილიზმიც, რომ „მე მაინც არ დამნიშნავენ“, აი, ეს, ჩვენი პოლიტიკური ნიშნით დაწუნება და ბევრი მიზეზი შეიძლება იყოს. მაგრამ, ფაქტია, რომ ამ 1800 კონკურსანტიდან მესამე ეტაპზე მხოლოდ 750 კანდიდატი გადავიდა და შემდეგ მათგან  თითქმის უმრავლესობა საერთოდ აღარ წარადგინეს მითითებულ სკოლებში.

  • როგორც ვიცით, სასამართლოში დავობთ. რას ითხოვთ კონკრეტულად?

ვითხოვთ, გასაუბრების ხელმეორედ ჩატარებას, გასაუბრების პროცესის ღიაობას და გამჭვირვალობას.

სასამართლოს დავუმტკიცებთ, რომ ეს პროცესი არ იყო ღია, კომისიაში არ იყვნენ თავისუფალი წევრები, კომისიის რაოდენობა იყო სხვადასხვა, შეფასების კრიტერიუმები წინასწარ არ იყო ცნობილი კონკურსანტებისთვის და მერე გაჩნდა საეჭვო ვითარებაში, ეს ხომ უნდა ყოფილიყო დაბეჭდილი არა?

რა გვკითხეს და ჩვენ რა ვუპასუხეთ, ამას ვერ წარვადგენთ, რადგან არ იწერებოდა გასაუბრება, მაგრამ ის, რაც დოკუმენტურად დადასტურდა, ვფიქრობ, ესეც აჩვენებს პროცესუალურ დარღვევებს.

ძალიან კარგია, რომ გამოცდა არსებობს, მაგრამ ეს გამოცდაც უკვე ფორმას კარგავს ნელ-ნელა: თუ რამდენიმე წლის წინ ფორმალური სახე მაინც ჰქონდა ამ გამოცდებს, ახლა ეს ფორმალობაც დაკარგა.

არც კი ცდილობენ ახსნან, რატომ აკეთებენ ამას, რა მიზანი აქვთ და რა შედეგებს მოიტანს. მაგრამ მე ვიცი, რომ შედეგებს მოიტანს ძალიან ცუდს.

  • ამბობთ, რომ ხუთი თვეა მინისტრთან შეხვედრას ცდილობთ 30 ადამიანი. ერთხელ მაინც თუ გამოგეხმაურათ რაიმე ფორმით?

8 ივნისიდან ვითხოვთ შეხვედრას, 5 ოქტომბერს დაგვემატნენ წარდგენის გარეშე დარჩენილი კანდიდატები. სხვათა შორის, სამინისტრო ჩვენ დაყოფასაც შეეცადა, რადგან ნაწილი მიიყვანა მესამე ეტაპამდე და ნაწილი მეორიდან გამოთიშა. ამიტომ იყო, რომ ვინც მესამე ეტაპზე გადავიდა, ნაკლებად საუბრობდა ამ ხარვეზებზე.

ეს არასწორი კონკურსები მარტო ჩემი ან ერთი ადამიანის პრობლემა კი არ არის, ეს ეხება სკოლას, ბავშვებს და, ზოგადად, კონკურსების მიმართ ნდობას.

არ მინდა, ჩემი შვილიც იმავე გზას გადიოდეს, რასაც მე გავდივარ ამდენი წელი. ჩემი შვილი თავისი უნარებით დასაქმდა საერთაშორისო ორგანიზაციაში. მეც, თავის დროზე, ჩემი უნარებით დავსაქმდი, მაგრამ მე მეტი წვალება მიწევდა და მიწევს, ახალ თაობას კი აღარ უნდა უწევდეთ ასეთი წვალება.

მე არ ვარ რომელიმე პარტიის მხარდამჭერი, მაგრამ ჩემთვის მნიშვნელოვანია საქართველო და ევროინტეგრაცია. მინდა, რომ საქართველო იდგეს ევროპულ ღირებულებებზე ამ საკითხშიც.

ადამიანი, საქართველოს მოქალაქე, დასაქმების დროს თავისი ცოდნით, უნარებით უნდა ფასდებოდეს და არ უნდა სჭირდებოდეს პარტია და ან ნათესავი იმისათვის, რომ რომელიმე პოზიციაზე დაინიშნოს.

სკოლის დირექტორობა უნდა იყოს მიღწევადი რიგითი ადამიანისთვის, თუ ის შრომობს და აქვს კომპეტენცია.

სამჯერ ოფიციალურად მოვითხოვე მინისტრთან შეხვედრა, ვითხოვ, ყველა პლატფორმიდან, იქნება პრესა თუ ტელევიზია. გვინდა, შევხვდეთ და ვუთხრათ კონკრეტული არგუმენტები, თუ რატომ არის აუცილებელი გასაუბრების ხელმეორედ ჩატარება. უნდა მოგვისმინოს და მერე განსაჯოს, საჭიროა თუ არა ახალი გასაუბრება.

  • როგორც ვიცი, „მასწავლებლის ეროვნული დღე“ რომ გახსნა თეატრში მინისტრმა, იმ დღეს თქვენი ჯგუფიც იქ იყო საპროტესტო პლაკატებით. არც იქ გამოგეხმაურათ ამილახვარი?

დიახ, გავმართეთ აქცია თეატრის წინ, მობრძანდნენ პარლამენტარები, მათ შორის იყო ალუდა ღუდუშაური, რომელიც ადამიანის უფლებათა კომიტეტში ყოფილა თურმე. მე, პირადად, ძალიან ვბრაზობ მასზე ქალების მიმართ მისი საძაგელი გამონათქვამების გამო. ვერც კი ვაფასებ, რა შეიძლება ვუწოდო მაგას, მსგავსი ტერმინები ასეთი მაღალი ტრიბუნიდან არ უნდა ისმოდეს, მიუღებელია. სხვათა შორის, ეს მოქმედებს ბავშვის ქცევასა და ფსიქიკაზე.

ჩამოიარეს კახაძემ და ღუდუშაურმა, მისცეს ტელევიზიებს კომენტარი, დაღუნეს თავი და სირაქლემასავით გამოიქცნენ.

არც კი უკითხავთ, რას ვაპროტესტებდით. მასწავლებლის დღეც კი არ მოულოციათ.

ამილახვარი და პრემიერი უკანა მხრიდან შევიდნენ და საერთოდ არ დაგვინახია.

„მასწავლებლის ეროვნული დღე“/ მაია ეკალაძე კოლეგებთან ერთად თეატრის წინ, აქციაზე.

უარესსაც გეტყვით, 43 წლის ვარ და ჩემი ასაკის გეოგრაფიის მასწავლებელი ჩამოიყვანეს მუნიციპალიტეტიდან და არ შეუშვეს შენობაში, სიაში არ ხარო უთხრეს. უკან გააბრუნეს ადამიანი. აი, ასეთი შეურაცხყოფა მიაყენეს მასწავლებელს მასწავლებლის დღეზე.

ან 600 ათასი ლარიდან მხოლოდ 11 ათასი რომ დაიხარჯა მასწავლებლებისთვის მაშინ, როცა უფრო მეტი იმსახურებდა ჯილდოს. 60-100 მასწავლებელი მაინც დაეჯილდოებინათ ამ თანხით. ან რა საჭირო იყო ასეთი პომპეზურობა.

იმ ინტერვიუმ კი, რომელიც ერთ-ერთმა დაჯილდოებულმა თქვენს გამოცემას მისცა, საერთოდ გამაოგნა. ცხოვრება რომ აღარ მოგინდება, იმ მდგომარეობაში ჩამაგდო. თუმცა არ ვფიქრობ, რომ დანარჩენი ათი დაჯილდოებულიც ასე მსჯელობს.

ჩემი აზრით, მასწავლებელი, რომელიც ღირსეულად შრომობს, ჯილდოც ეკუთვნის წელიწადში ერთხელ, კარგი დაზღვევაც, რომ მოგვარებული იყოს მისი ჯანმრთელობის პრობლემები.

ფსიქოლოგის, ნევროლოგის კონსულტაციები ასი პროცენტით უნდა უფინანსდებოდეს მასწავლებლებს. ჩვენ დაზღვევაც კი არ გვაქვს წესიერი.

ბევრი ყურადღება სჭირდება სკოლას და არც იმას ვფიქრობ, რომ ფინანსები გამოასწორებს მოსწავლის შეფასებას, თუმცა ერთ-ერთი წინაპირობა იქნება. ფულის დაზოგვით და მასწავლებლის დამცირებით სკოლას ვერ ავაშენებთ.

  • ვიცით, რომ მომავალ წელს არჩევნებია. გამოცდილება გვაჩვენებს, რომ ხელისუფლება მასწავლებლებს თავის ელექტორატად განიხილავს. ფიქრობთ, რომ ამიტომ დატოვეს ძველი დირექტორები სკოლაში, რადგან ახალი კადრები არ მოიაზრებით მათ მხარდამჭერ რესურსად?

ყველაზე მოწყვლადი არასერტიფიცირებული მასწავლებლები არიან. სამსახური არის ადამიანის საარსებო წყარო, მასწავლებლისთვისაც და მეეზოვისთვისაც, არ აქვს მნიშვნელობა, ვინ იქნება.

ყველაზე მეტად ეს გვაწუხებს სწორედ, რომ დიახ, ამ ადამიანებს გამოიყენებენ არჩევნებში. მერწმუნეთ, მე ვერასდროს გამიბედავენ იმის თქმას, რომ „ნუ ლაპარაკობ ხმამაღლა“, ან მომიტანე 7 ხმა, 30 ხმა. თუ ხვალ სკოლაში არ ვიმუშავებ და გამომიშვებენ სამსახურიდან, არ დავიკარგები. და, ზოგადად, ადამიანი, რომელიც განათლებაზეა დამოკიდებული, ვერავის მართული ვერ იქნება. ასეთი კადრი, როგორც ჩანს, არ უნდათ.

თუ ხელისუფლებას არ აქვს ქვენა გრძნობები და თუ არ სჭირდებათ ეს ხალხი საარჩევნო ხმებად ან იმისთვის, რომ ხმაჩაკმენდილნი ისხდნენ და არც ერთ პრობლემაზე არ ილაპარაკონ, მაშინ რისთვის ტოვებენ არასერტიფიცირებულ კადრებს, ნაკლები ცოდნის მქონე ადამიანებს სკოლაში და რატომ ეუბნებიან უარს მცოდნე ადამიანებს?

სასამართლო პროცესი არ მოაგვარებს პრობლემას, რადგან სკოლაშია პრობლემა.

დღესაც ვთხოვ მინისტრს, ტყუილად აყოვნებს, კეთილი ინებოს და შეგვხვდეს.

ძალიანაც ნუ იქნებიან თავდაჯერებულები, რადგან სამასწავლებლო დიდი ხანია გუგუნებს, შეიძლება ხმას არ იღებდნენ, მაგრამ იმის იმედიც ნუ ექნებათ, რომ მივლენ არჩევნებზე და ხმას მათ სასარგებლოდ ჩააგდებენ ყუთში.

დაგვპირდნენ ხელფასის მატებასაც, თუმცა ესეც ბურუსითაა მოცული და არავინ იცის, როდის მოიმატებს.

_______________________

ფოტოზე: მაია ეკალაძე. კადრი „მთავარი არხის“ ეთერიდან

გადაბეჭდვის წესი


ასევე: