მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რატომ არის საშიში ნაბახუსევიდან „გამოსვლა“ ალკოჰოლით – ექიმის რჩევები

02.11.2023 • 18943
რატომ არის საშიში ნაბახუსევიდან „გამოსვლა“ ალკოჰოლით – ექიმის რჩევები

ალკოჰოლი ტოქსიკური და ფსიქოაქტიური ნივთიერებაა დამოკიდებულების გამომწვევი თვისებებით, თუმცა ის ფაქტი, რომ ხშირად სოციალიზაციის რუტინულ ნაწილად მიიჩნევა, აძნელებს ჯანმრთელობისთვის მიყენებული ზიანის სათანადო შეფასებას.

ოფიციალური სტატისტიკით საქართველოში ალკოჰოლის მოხმარების საერთო გავრცელება საკმაოდ მაღალია – 78.5%. ბოლო კვლევის თანახმად, საქართველოში ალკოჰოლს რეგულარულად მოიხმარდა გამოკითხული მოსახლეობის 39 პროცენტი (58.9% კაცი, 20.7% ქალი). მძიმე ეპიზოდური სმის პროცენტული მაჩვენებელი 18.3 პროცენტია.

დიდი ხნის განმავლობაში მიიჩნეოდა, რომ ღვინის მცირე დოზით მიღებას შესაძლოა დადებითი ეფექტიც ჰქონოდა ჯანმრთელობაზე, თუმცა ალკოჰოლის დალევასთან დაკავშირებული რისკები და ზიანი სისტემატურად ფასდება წლების განმავლობაში და კარგად არის დოკუმენტირებული, რის საფუძველზეც, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციამ მიმდინარე წელს გამოაქვეყნა განცხადება, სადაც ვკითხულობთ: „როდესაც საქმე ეხება ალკოჰოლის მოხმარებას, არ არსებობს უსაფრთხო დოზა, რომელიც არ იმოქმედებს ჯანმრთელობაზე“.

ალკოჰოლის ხშირი მოხმარება ზრდის ჯანმრთელობის ისეთი სერიოზული პრობლემების რისკებს, როგორიცაა: კიბო, გულსისხლძარღვთა დაავადებები, ინსულტი, ჰიპერტენზია, ღვიძლის დაავადებები.

ჯანმო: დღეში თუნდაც ერთი ჭიქა ალკოჰოლი ზრდის ძუძუს კიბოს განვითარების რისკს.

„ბაუ ბათუმის საერთაშორისო ჰოსპიტლის“ სისხლძარღვთა ქირურგი, არჩილ სიგუა ამბობს, რომ ალკოჰოლი, თამბაქოსგან განსხვავებით, ჯერ აფართოებს სისხლძარღვებს, მაგრამ მეორე დღეს ავიწროებს, რა დროსაც შესაძლოა განვითარდეს მაღალი არტერიული წნევა და სხვა სირთულეები: 

„საწყის ეტაპზე, როცა ალკოჰოლი ხვდება სისხლში, ის აფართოებს სისხლძარღვებს, შეიძლება ადამიანმა ცოტა უკეთესად იგრძნოს თავი, წნევაც კი დაეწიოს, კარგ ხასიათზე მოვიდეს და ზოგადად კარგად გრძნობდეს თავს, მაგრამ როცა ალკოჰოლი გამოდის ორგანიზმიდან, მეორე-მესამე დღეს გაფართოებული არტერიები ნელ-ნელა ისევ ვიწროვდება.

ზოგჯერ ხდება ისე, რომ ორგანიზმიდან ალკოჰოლის გამოსვლისას ძალიან ჩქარა მიდის გაფართოებული სისხლძარღვების უკან დაბრუნების პროცესი და ხდება სპაზმი, ამ დროს სისხლძარღვები კიდევ უფრო ვიწროვდება, ვიდრე ალკოჰოლის მიღებამდე იყო. იმატებს შანსი, რომ ამ ფონზე პაციენტის ჯანმრთელობა გაუარესდეს“ – ამბობს ექიმი.

არჩილ სიგუა ამბობს, ადამიანებმა, რომელთაც აწუხებთ მაღალი წნევა და სისხლძარღვთა სხვა პრობლემები, პირველ რიგში საერთოდ არ უნდა მიიღონ ალკოჰოლი, მაგრამ თუ მიიღეს, მეორე დღეს უნდა იყონ განსაკუთრებით ყურადღებით:

„ჩვენ არ ვსაუბრობთ ნაბახუსევზე, ჩვენ ვსაუბრობთ სისხლძარღვოვან პრობლემაზე, რომელიც შეიძლება განვითარდეს ამ დროს. ამიტომაა საჭირო მეორე დღეს წნევის რეგულარული კონტროლი ყოველ 4-5 საათში ერთხელ, რადგან სისხლძარღვების შევიწროებისას შეიძლება არტერიული წნევა უჩვეულოდ გაიზარდოს. ფიზიკური დატვირთვაც მეორე დღეს უნდა იყოს ზომიერი და არა მძიმე.

ასევე, სასურველია, რომ ინტოქსიკაცია მოიხსნას სათანადო რაოდენობის (საშუალოდ 2 ლ.) სითხის მიღებით. ამ დროს წყალი აუცილებელია.

არჩილ სიგუა განმარტავს, რომ ეპიზოდური სმის შემდეგ, როცა ადამიანი თავს ცუდად გრძნობს და ვერ ფხიზლდება, მისთვის დამატებით ალკოჰოლის მიცემა [რა მეთოდსაც ხშირად მიმართავენ], საფრთხისშემცველია:

„შეიძლება ის ერთი ჭიქა მყისიერად დაეხმაროს სისხლძარღვების გაფართოებაში, არტერიულმა წნევამაც დაიწიოს, მაგრამ მეორე შეტევაზე შეიძლება კიდევ უფრო მეტად შეავიწროოს ეს სისხლძარღვები და ეს უფრო საშიშია. ასეთ დროს საუკეთესო დახმარებაა გადასხმა და ექიმის ზედამხედველობა“.

ჯანმოს ცნობით, რაც უფრო მეტ ალკოჰოლს მოიხმართ, მით უფრო იზრდება კიბოს განვითარების რისკი. თუმცა, უახლესი მონაცემები მიუთითებს, რომ ჯანმოს ევროპის რეგიონში ალკოჰოლთან დაკავშირებული კიბოს შემთხვევების ნახევარი გამოწვეულია „მსუბუქი“ და „ზომიერი“ ალკოჰოლის მოხმარებით – 1,5 ლიტრზე ნაკლები ღვინო ან 3,5 ლიტრზე ნაკლები ლუდი ან 450 მილილიტრზე ნაკლები ალკოჰოლური სასმელი კვირაში. 

ჯანდაცვის სამინისტროს პროტოკოლი: დღეში სამი ან მეტი ერთეული ალკოჰოლის მოხმარება ასოცირებულია გულსისხლძარღვთა დაავადებების (გსდ) მომატებულ რისკთან. ეპიდემიოლოგიური კვლევების მონაცემები მეტყველებს, რომ გსდ რისკი ნაკლებია ალკოჰოლის ზომიერ მომხმარებლებში (დღეში ერთიდან ორ ერთეულამდე) არამომხმარებლებთან შედარებით.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: