მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

ფერიის, ორთაბათუმისა და მახინჯაურის საბავშვო ბაღების რეკოსტრუქციაზე 6 მილიონია გამოყოფილი

02.11.2023 • 1002
ფერიის, ორთაბათუმისა და მახინჯაურის საბავშვო ბაღების რეკოსტრუქციაზე 6 მილიონია გამოყოფილი

საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდს ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფლების – ფერიის, მახინჯაურისა და ორთაბათუმის საბავშვო ბაღების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაცია აქვს დაგეგმილი, რისთვისაც მთლიანობაში 6 მილიონი ლარია გათვალისწინებული.

ფონდმა სამივე საბავშვო ბაღის რეკონსტრუქციაზე ტენდერი ერთი ხელშეკრულების ფარგლებში პრეისკურანტით და Design-Build მეთოდით გამოაცხადა, რაც გულისხმობს არსებული შენობების რეკონსტრუქცია-რეაბილიტაციისთვის საჭირო დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებას და ამ დოკუმენტაციის საფუძველზე შესაბამისი სამუშაოების შესრულებას.

სამუშაოების სრულად შესრულების ვადა სამივე საბავშვო ბაღის შემთხვევაში ხელშეკრულების გაფორმებიდან 16 თვეა. აქედან 4 თვე განსაზღვრულია დოკუმენტაციის მოსამზადებლად, ხოლო 12 თვე – შესაბამისი სამუშაოების შესასრულებლად. „სამუშაოების შესრულების ვადა მოიცავს ზამთრის სეზონის კლიმატური პირობებით გამოწვეულ მოცდენის პერიოდსაც“, – აღნიშნულია ტენდერში.

ამასთან, პირობის მიხედვით, დეტალური საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადების დაწყება, ისევე როგორც ამ დოკუმენტაციის მიღება-ჩაბარების შემდეგ, საბავშვო ბაღებზე შესაბამისი სამუშაოების დაწყება, დამოკიდებულია მუნიციპალური განვითარების ფონდის წერილობით მითითებაზე.

ტექნიკური დოკუმენტების მიხედვით:

  • სოფელ ფერიის საბავშვო ბაღის ტერიტორიის ფართი 1 808 კვადრატული მეტრია და გათვლილია 150 ბავშვზე,
  • სოფელ მახინჯაურის საბავშვო ბაღი – 1 164 კვადრატული მეტრი – გათვლილია 150 ბავშვზე
  • სოფელ ორთაბათუმის საბავშვო ბაღი – 2 244 კვადრატული მეტრი – გათვლილია 250 ბავშვზე.

საპროექტო დოკუმენტაცია დამუშავებული უნდა იყოს, საქართველოში მოქმედი, დარგის შესაბამისი კანონმდებლობისა და კანონქვემდებარე ნორმატიული დოკუმენტების მოთხოვნების შესაბამისად. სამუშაოები უნდა შესრულდეს საქართველოში მოქმედი და მიღებული საერთაშორისო სამშენებლო ნორმებისა და სტანდარტების შესაბამისად.

„საპროექტო გადაწყვეტები და შესრულებული სამუშაოების ხარისხი უნდა უზრუნველყოფდეს საბავშვო ბაღის საიმედო და უსაფრთხო ფუნქციონირებას, მსგავსი შენობა-ნაგებობებისათვის სტანდარტებით განსაზღვრული, სრული საექსპლუატაციო ვადის განმავლობაში. შემსყიდველი მიმწოდებელს გადასცემს მის ხელთ არსებულ ყველა მასალას, რომელიც შესაძლოა საჭირო გახდეს ტექნიკური და ფინანსური წინადადების მოსამზადებლად“, – აღნიშნულია ტენდერში.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 12 ნოემბერს დაიწყება და 15 ნოემბერს დასრულდება. შესყიდვის სახელშეკრულებო ღირებულება 6 მილიონ 83 ათას 120 ლარია.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: