ბათუმი,მთავარი,სიახლეები

ბეშუმში ახალი სათხილამურო ტრასები გაზრდის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის რისკებს – პოლიცია

02.11.2023 • 1370
ბეშუმში ახალი სათხილამურო ტრასები გაზრდის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის რისკებს – პოლიცია

აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში მომზადებულია დოკუმენტი, რომელიც ხულოს მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კურორტ ბეშუმის, შქერნალის უბნისა და გოდერძის უღელტეხილის განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფციას მოიცავს.

ამ კონცეფციით კურორტ ბეშუმში გათვალისწინებულია ორი სათხილამურო ტრასის მოწყობა, რომელთაგან, სასაზღვრო პოლიციის ცნობით, ერთის საბოლოო წერტილი დაშორებულია საქართველო-თურქეთის სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან დაახლოებით 1 250 მეტრით, ხოლო მეორეს საბოლოო წერტილი – სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან დაახლოებით 2 200 მეტრით.

„გეგმით წარმოდგენილი სათხილამურო ტრასების მოწყობის შემთხვევაში გაიზრდება როგორც ინდივიდუალური, ასევე ჯგუფური ტურისტული ნაკადები, რაც თავისთავად გაზრდის სახელმწიფო საზღვრის დარღვევის რისკებს, მათ შორის უნებლიეთ“, – აცხადებს სასაზღვრო პოლიცია. ამის შესახებ აღნიშნულია გარემოს ეროვნული სააგენტოს სარეკომენდაციო წერილში, რომლის ადრესატიც აჭარის ეკონომიკის სამინისტროა.

„ხულოს მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში, კურორტ ბეშუმის (მიმდებარე ტერიტორიებით) – გოდერძის უღელტეხილის არეალის გენერალური გეგმისა და ამ არეალში მოქცეული სამი ერთეული ტერიტორიის – კურორტ ბეშუმის, შქერნალის უბნისა და გოდერძის უღელტეხილის განაშენიანების დეტალური გეგმების კონცეფცია და სტრატეგიული გარემოსდაცვითი შეფასების ანგარიში [სგშ] სამინისტროს მიერ გარემოს ეროვნულ სააგენტოშია წარდგენილი.

სააგენტო წერილობით მიმართავს აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროს „განიხილოს სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით საქართველოს სასაზღვრო პოლიციის შენიშვნები/მოსაზრებები და სგშ-ის ანგარიშში წარმოადგინოს ინფორმაცია მათი გათვალისწინების შესახებ.“

სააგენტოს წერილი 2023 წლის 31 ოქტომბრითაა დათარიღებული, რომელშიც აღნიშნულია, რომ სასაზღვრო პოლიციის ცნობით, სათხილამურო ტრასების მოწყობა დაგეგმილია „სასაზღვრო პოლიციის №1 სამმართველოს (ბათუმი) №7 სასაზღვრო სექტორის (ხიხაძირი) დასაცავ მონაკვეთზე, სასაზღვრო ზონის ფარგლებში“.

ამავე წერილის მიხედვით, ორივე სათხილამურო ტრასის საწყისი წერტილები მდებარეობს კურორტ ბეშუმში და სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან დაშორებულია დაახლოებით 4 200 მეტრით.

„აღნიშნული მიმართულებით, სახელმწიფო საზღვრის ეფექტურად გაკონტროლებისათვის, საქართველოს სასაზღვრო პოლიციას მიზანშეწონილად მიაჩნია, კონცეფციის ფარგლებში გათვალისწინებული იყოს სასაზღვრო პოსტისა და სათვალთვალო კოშკურის მოწყობა საქართველოს სასაზღვრო პოლიციის მიერ მოთხოვნილი პროექტის მიხედვით,“ – აღნიშნულია წერილში.

ამასთან, სასაზღვრო პოლიციის რეკომენდაციაა, გაითვალისწინონ „პირადი შემადგენლობის როტაციისა და სურსათით უზრუნველყოფის მიზნით თოვლმავლების შეძენა, ასევე სათვალთვალო კოშკურის პროჟექტორითა და მძლავრი სათვალთვალო კამერით აღჭურვა.“

გარემოს ეროვნული სააგენტო აჭარის ეკონომიკის სამინისტროს ასევე სწერს, რომ „სტრატეგიულ დოკუმენტში მოცემულია, როგორც სახელმწიფო, ისე კერძო საკუთრებაში არსებული საკადასტრო ერთეულები, რომლებიც უშუალოდ ემიჯნება სახელმწიფო საზღვრის ხაზს და არ არის წარმოდგენილი ინფორმაცია, გათვალისწინებულია თუ არა მოცემული საკადასტრო ერთეულების ფარგლებში რაიმე სახის აქტივობები“.

საქართველოს სასაზღვრო პოლიციის ცნობით კი, სახელმწიფო ინტერესებიდან გამომდინარე, საკადასტრო ერთეულების ფარგლებში სამშენებლო და სხვა სახის აქტივობები არ უნდა განხორციელდეს სახელმწიფო საზღვრის ხაზიდან 1 000 მეტრ მანძილზე ახლოს.

„გაცნობებთ, რომ საჭიროა სტრატეგიულ დოკუმენტსა და სგშ-ის ანგარიშში გათვალისწინებული იყოს ზემოაღნიშნული ინფორმაცია“, – წერს სააგენტო სამინისტროს.

  • სააგენტო სამინისტროსგან ასევე მოითხოვს განიხილოს სგშ-ის ანგარიშსა და სტრატეგიულ დოკუმენტთან დაკავშირებით კავკასიის გარემოსდაცვითი არასამთავრობო ორგანიზაციების ქსელის (CENN), საინიციატივო ჯგუფ „გოდერძის მეგობრებისა“ და ბათუმის ბოტანიკური ბაღის მიერ წარმოდგენილი შენიშვნები/მოსაზრებები და სგშ-ის ანგარიშში წარმოადგინოს ინფორმაცია მათი გათვალისწინების შესახებ.

„ზემოაღნიშნული შენიშვნების საფუძველზე განახლებული სგშ-ის ანგარიშისა და სტრატეგიული დოკუმენტის კანონმდებლობის შესაბამისად წარმოდგენის შემდგომ სააგენტო უზრუნველყოფს რეკომენდაციის გაცემის მიზნით ადმინისტრაციული წარმოების დაწყებას“, – აღნიშნულია სააგენტოს წერილში.

ხულოში, კურორტ ბეშუმისა და მიმდებარე ტერიტორიების გენერალური გეგმის კონცეფციასთან დაკავშირებით აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტრომ სააგენტოს სკოპინგის განცხადებით 2023 წლის მარტში მიმართა. სააგენტოს დასკვნით, სგშ-ს მომზადებისთვის სამინისტროს არაერთი საკითხი ჰქონდა შესასწავლი და დასაზუსტებელი.

ამ თემაზე ვრცლად:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/482663/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: