მთავარი,სიახლეები

რა გაარკვია მთავრობამ რუსულ სკოლებთან დაკავშირებით ერთ წელში

02.11.2023 • 2024
რა გაარკვია მთავრობამ რუსულ სკოლებთან დაკავშირებით ერთ წელში

აკრედიტაციის გარეშე მოქმედი კერძო რუსული სკოლები, სადაც საქართველოს განათლების სამინისტრომ ერთი წლის წინ მოკვლევა დაიწყო, შეუფერხებლად ფუნქციონირებს.

„ბათუმელებმა“ არააკრედიტებული სკოლების: „School Club Georgia-სა“ და „პროექტორის“ შესახებ სტატიები 2022 წლის 2 და 9 სექტემბერს გამოაქვეყნა.

ორივე სკოლის საქმიანობა რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ ლეგიტიმურადაა ცნობილი და სკოლის მოსწავლეებიც გამოცდებს დისტანციურად აბარებენ მოსკოვსა და პეტერბურგში.

ორივე სკოლის დირექტორი და მფლობელი რუსეთის მოქალაქეა.

სკოლებში საგნებს რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული სახელმძღვანელოებით ასწავლიან და ატესტატსაც რუსეთის განათლების სამინისტრო გასცემს სკოლის კურსდამთავრებულებისთვის.

სკოლამ, რომელზეც ერთი წლის წინ საქართველოს განათლების ხარისხის მართვის სამინისტრომ მოკვლევა დაიწყო, კიდევ სამი სკოლა გახსნა, ახლა საქართველოში Scool Club Georgia-ს ოთხი სკოლა აქვს: ორი თბილისში, ერთი ბათუმში და ერთიც ქობულეთში.

სქრინი რუსული სკოლა School Club Georgia-ს ვებგვერდიდან

Scool Club Georgia-ს ბათუმის ფილიალი მას შემდეგ, რაც მედიამ მათ შესახებ დაწერა, უბრალოდ გადაფუთეს: წაშალეს სარეკლამო ბანერი და წარწერები. ახლა შენობის დანახვისას ვერავინ მიხვდება, რომ აქ ყოველდღიური სასწავლო პროცესია.

კერძო რუსული სკოლა School Club Georgia. 2023 წლის 18 ოქტომბერი

კერძო რუსული სკოლა School Club Georgia. 2022 წლის სექტემბერი 

  • რას ამბობენ რუსულ სკოლებში

მიმართეს თუ არა განათლების სამინისტროს აკრედიტაციისთვის ამ ერთ წელში ან იყვნენ თუ არა შსს-დან სკოლაში და რა დადგინდა მოკვლევის შედეგად – ამ კითხვით Scool Club Georgia-ს დავუკავშირდით სკოლის გვერდზე მითითებულ ნომერზე. სკოლის მენეჯერმა, რომელმაც სახელი და გვარი არ გვითხრა, გვიპასუხა, რომ სკოლაში შსს-დან ნამდვილად იყვნენ, წაიღეს დოკუმენტები და გამოჰკითხეს მშობლები, მასწავლებლები.

როგორ გაგრძელდა საქმის მოკვლევა, ამის მერე რა მოხდა? – ვკითხეთ რუსული სკოლის მენეჯერს.

– და რა გნებავთ, რომ მომხდარიყო? თქვენი წყალობით მოვიდა ჩვენთან პოლიცია, კი. მაგრამ მოვიდა და წავიდა. ჩვენ კანონს არ ვარღვევთ და ჟურნალისტებთან არ გვსურს ურთიერთობა – განაცხადა სკოლის მენეჯერმა.

ამ საუბრის მერე სკოლის დირექტორი, ნატალია გეორგიევა, თავად დაგვიკავშირდა და ჩვენს იმავე კითხვებზე, რაც მენეჯერს დავუსვით, წერილობით ასე გვიპასუხა:

„ვფიქრობ, რომ თქვენ არასწორად გესმით საქართველოს კანონი საგანმანათლებლო საქმიანობის შესახებ. ამ კანონით ნათლადაა დადგენილი კრიტერიუმები, რომლებსაც ჩვენი საქმიანობა არანაირად არ არღვევს. დარღვევების აღმოჩენის შემთხვევაში ვერ გავაგრძელებდით მუშაობას.

არ ვიცი, ვინ არის თქვენი ინიციატივების დამკვეთი, მაგრამ, ალბათ, უფრო გონივრული იქნებოდა, ყურადღება მიაქციოთ ბევრ სხვა პროექტს, რომლებიც საქართველოში ხორციელდება“, – მოგვწერა სკოლის დირექტორმა და დასძინა, რომ მათ იურისტებს შეუძლიათ ჩვენს ყველა კითხვას უპასუხონ წერილობით.

დავურეკეთ სკოლა „პროექტორის“ დირექტორს, ანა პუჩკოვასაც, რომელიც რუსეთისა და საქართველოს მოქალაქეა ერთდროულად. იგივე კითხვები დავუსვით, რაც School Club Georgia-ს სკოლის დირექტორს:

„რატომ მირეკავთ? კიდევ უნდა დაწეროთ ამაზე რამე?

ჩვენ არ გვჭირდება მუშაობისთვის ქართული აკრედიტაცია. კემბრიჯის აკრედიტაცია მივიღეთ უკვე და რეგისტრაციას, ოფიციალურ დოკუმენტს ველოდებით, ეს საერთაშორისო აკრედიტაციაა, რომელსაც საქართველოს განათლების სამინისტროც აღიარებს. მოვიდნენ პოლიციიდან და უკან წავიდნენ, მეტი რა უნდა ექნათ?“ – გვიპასუხა სატელეფონო ზარზე ანა პუჩკოვამ.

ორივე სკოლის დირექტორი საუბრისას ამტკიცებს, რომ მათ „სკოლები“ არ აქვთ და რომ ეს, უბრალოდ, სასწავლო დაწესებულებებია, თუმცა ორივე სკოლაში ჩვეულებრივი, ყოველდღიური საგაკვეთილო პროცესია, აქვთ კლასები, გასცემენ რუსეთის განათლების სამინისტროს მიერ დამტკიცებულ ატესტატს და ასწავლიან რუსეთში გრიფირებული სახელმძღვანელოებით სასკოლო საგნებს.

პროექტორს სახელწოდებაც ასეთი აქვს: „სკოლა პროექტორი“.

კერძო რუსული სკოლა „პროექტორი” თბილისში

კანონმდებლობით აკრედიტაცია საქართველოში სჭირდებათ იმ სასწავლებლებს, რომლებიც საქართველოს განათლების სამინისტროს მიერ აღიარებულ ატესტატებს გასცემენ. კერძო რუსული სკოლების ინტერესს არ წარმოადგენს ქართული ატესტატის მიღება, შესაბამისად მათ მიაჩნიათ, რომ აკრედიტაციის გარეშე ფუნქციონირებით კანონს არ არღვევენ.

ერთი წლის წინ ზემოთ ხსენებული სკოლების შესახებ ჩვენ მიერ ინფორმაციის გამოქვეყნების შემდეგ განათლების სამინისტრომ გაავრცელა განცხადება, რომ ბათუმში გახსნილ კერძო სკოლა „School Club Georgia-ს“ არ აქვს ავტორიზაცია, რომელსაც გასცემს ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი. შესაბამისად, სამინისტროს ცნობით, მას არ აქვს საქართველოში ზოგადსაგანმანათლებლო საქმიანობის წარმოების უფლება.

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა საკითხის შესწავლის მიზნით მაშინ შესაბამის უწყებას მიმართა. სახელმწიფო უწყების მხრიდან მაშინ ეს იყო ნაბიჯი, რაც მედიის მიერ გაშუქებულ ამბავზე  მყისიერ რეაგირებას ჰგავდა.

სინამდვილეში, ერთი წლის შემდეგ ვერც შსს-მ, ვერც განათლების სამინისტრომ და ვერც განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულმა ცენტრმა მცირე დისკომფორტიც კი ვერ შეუქმნეს ბათუმსა და თბილისში არააკრედიტებულ კერძო რუსულ სკოლებს.

  • რას ამბობენ განათლების სამინისტრო და განათლების ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნული ცენტრი

არაფერს. ერთი წელი გავიდა მას შემდეგ, რაც ორივე ინსტანციამ მიმართა შესაბამის უწყებას საკითხის გამოსაკვლევად, მაგრამ რა მოიკვლიეს, გაურკვეველია.

განათლების სამინისტროს არც ერთი პრესსამსახური „ბათუმელების“ ზარებს ერთი კვირა არ პასუხობს. ერთი კვირა ვურეკავთ ხარისხის უზრუნველყოფის ეროვნულ ცენტრს, პრესსამსახურის ხელმძღვანელმა ერთკვირიანი ზარების შემდეგ გვიპასუხა და გვითხრა, რომ წერილობით უნდა მივმართოთ ცენტრს საჭირო ინფორმაციის მისაღებად. წერილობითი პასუხის მოსამზადებლად ათდღიანი ვადა აქვთ უწყებებს და ამ ვადის გასვლის შემდეგაც არ გასცემენ ინფორმაციას.

სტატია განახლდება, თუ ისინი კანონის დარღვევის პრაქტიკაზე უარს იტყვიან და მოგვაწვდიან ინფორმაციას.

რეალურად გასაუბრების შესაძლებლობა არ მოგვეცა არავისთან, ვინც უშუალოდ იყო ჩართული სკოლების მოკვლევაში.

მათთვის გვინდოდა გვეკითხა:

  • რა დადგინდა შესწავლის შემდეგ, აქვთ თუ არა კერძო რუსულ სკოლებს ფუნქციონირების უფლება საქართველოში მაშინ, როცა მოსწავლეები ატესტატს რუსეთის განათლების სამინისტროსგან იღებენ და რუსეთში გრიფირებული სახელმძღვანელოებით სწავლობენ?
  • თუ ეს სკოლები აკრედიტაციის გარეშე ფუნქციონირებით არ არღვევენ კანონს, რადგან არ სჭირდებათ ქართული ატესტატი და არც საქართველოს განათლების სამინისტროს მხრიდან აღიარება, მაშინ რა საკანონმდებლო ჩარჩოში აქცევს მათ საქართველოს სახელმწიფო? უფრო კონკრეტულად: სახელმწიფოსთვის რუსული კაფეებისა და კერძო რუსული სკოლის გახსნა, რუსული ატესტატებით და მოსკოვის მიერ ნებადართული სახელმძღვანელოებით, თანაბარი მნიშვნელობის და თანაბრად დაბეგრილი ბიზნესებია?
  • ხომ არ არის კანონი სკოლების აკრედიტაციის შესახებ ხარვეზიანი და ახალ რეალობაში ხომ არ სჭირდება გადახედვა, შევსება, შედეგად კი კერძო რუსული სკოლების და მომავალშიც მსგავსი სასწავლო დაწესებულებების საკანონმდებლო ჩარჩოში მოქცევა?
  • რა გეგმები აქვს სამომავლოდ განათლების სამინისტროს კერძო რუსულ სკოლებთან დაკავშირებით? რამდენად საფრთხისშემცველია იმ ქვეყნის სკოლების ფუნქციონირება საქართველოში, რომლისგანაც ყოველდღიურად მცოცავი ოკუპაციის პირობებში ვცხოვრობთ?
  • ხარვეზიანი კანონი, რომელიც სკოლებს სამართლებრივ ჩარჩოში ვერ აქცევს

განათლების იურისტი, რეზო ხოფერია „ბათუმელებთან“ ამბობს, რომ თუ ორგანიზებული სასწავლო საქმიანობის შედეგად გაიცემა სახელმწიფოს მიერ აღიარებული კვალიფიკაციის დამადასტურებელი დოკუმენტი, თუნდაც სხვა სახელმწიფოში იყოს აღიარებული, წესით, ასეთი საქმიანობა უნდა ექცეოდეს საკანონმდებლო ჩარჩოში:

„მაგრამ იმისთვის, რომ პირს დააკისრო პასუხისმგებლობა, მით უფრო სისხლის სამართლებრივი, საჭიროა ცალსახა და არაორაზროვანი რეგულაცია. პრობლემურია როგორც კანონმდებლობა, ისე მისი აღსრულება.

დეტალურად არ არის მოწესრიგებული, თუ როგორ უნდა ფუნქციონირებდეს უცხო ქვეყნის საგანმანათლებლო დაწესებულების ფილიალი საქართველოში. ასევე არ არის დარეგულირებული დისტანციური განათლების საკითხი. კანონმდებლობა ამ თვალსაზრისით მოწესრიგებას საჭიროებს“, – ამბობს რეზო ხოფერია.

ამ საკითხზე სახელმწიფოს გულგრილობას ადასტურებს ის ფაქტი, რომ ერთი წლის განმავლობაში არც ერთ დეპუტატს არ ჰქონია ინიციატივა, საუბარი დაეწყო ხარვეზიანი კანონის გადახედვაზე.

განათლების სამინისტროს ერთი წლის წინანდელი განცხადებით გაჩნდა განცდა, რომ სახელმწიფო ამ საკითხით დაინტერესდა და მოკვლევა დაიწყო, მაგრამ რეალობა აჩვენებს, რომ არააკრედიტებული კერძო რუსული სკოლების რაოდენობა გაიზარდა და სახელმწიფო ინსტანციები არ აწვდიან ინფორმაციას მედიასა და საზოგადოებას, თუ რა დაადგინეს ერთწლიანი მოკვლევის შედეგად.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: