მთავარი,სიახლეები

უნდა შევეჩვიოთ აზრს, რომ ევროპაში ომის საფრთხეა – გერმანიის თავდაცვის მინისტრი

01.11.2023 • 634
უნდა შევეჩვიოთ აზრს, რომ ევროპაში ომის საფრთხეა – გერმანიის თავდაცვის მინისტრი

გერმანიის თავდაცვის მინისტრი ბორის პისტორიუსი აცხადებს, რომ ევროპაში ომის საშიშროებაა და აუცილებელია გერმანია თავდაცვისთვის მზად იყოს.

„რუსეთის აგრესიულმა ომმა უკრაინაში განაპირობა ის, რომ ჩვენი ქვეყანა ახალი რეალობის წინაშე აღმოჩნდა, რომლისგანაც იგი 30 წელია გადაჩვეული იყო“ – ციტირებს „დოიჩე ველე“ გერმანიის თავდაცვის მინისტრს. პისტორიუსმა თქვა, რომ ევროპაში არის „აგრესორის მხრიდან ომის საფრთხე“ და გერმანია ამისთვის ფსიქოლოგიურად მზად არ არის.

პისტორიუსმა დასძინა, რომ გერმანია უნდა მოემზადოს ასეთი საფრთხისთვის, რათა შეძლოს თავის დაცვა. მისივე თქმით, არ შეიძლება მოემზადო საფრთხისთვის, რომელსაც ვერ აღიქვამ. მისი თქმით, უახლოეს წლებში იქნება საუბარი გერმანიაში შექმნილი სპეციალური ფონდის გამოყენებაზე და შეიარაღებული ძალების რეორგანიზაციაზე, თუმცა გასული 30 წლის შეცდომების გამოსწორებას დრო დასჭირდება.

„დოიჩე ველე“ აღნიშნავს, რომ უახლოეს დღეებში გერმანიის თავდაცვის მინისტრი მეორედ საუბრობს ამ თემაზე. მან ამ საკითხზე ყურადღება 29 ოქტომბერს, ტელეკომპანია ZDF-ის ეთერში გაამახვილა.

„ჩვენ კიდევ ერთხელ უნდა შევეჩვიოთ აზრს, რომ ევროპაში შეიძლება იყოს ომის საფრთხე. ეს კი ნიშნავს, რომ ჩვენ მზად უნდა ვიყოთ ომისთვის. ჩვენ მზად უნდა ვიყოთ თავდაცვისთვის და მოვამზადოთ ბუნდესვერი და საზოგადოება ამისთვის,“ – განაცხადა მინისტრმა ZDF-ის გადაცემაში.

_____________

ფოტო: EPA-EFE/ANNA SZILAGYI

გადაბეჭდვის წესი


ასევე: