მთავარი,სიახლეები

„მე მიყვარს ბულვარი“ – ახალი ინსტალაციის პროექტზე ტენდერია გამოცხადებული

01.11.2023 • 818
„მე მიყვარს ბულვარი“ – ახალი ინსტალაციის პროექტზე ტენდერია გამოცხადებული

„მე მიყვარს ბულვარი“ – ბათუმის ბულვარში ამ ინსტალაციის დადგმას გეგმავენ. ინსტალაციას, სავარაუდოდ, ახალი ბულვარი განათავსებენ.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადებაზე ბულვარის ადმინისტრაციამ ტენდერი 2 966 ლარით უკვე გამოაცხადა.

ტექნიკური დავალების მიხედვით, ინსტალაცია/მონუმენტი – „მე მიყვარს ბულვარი“ უნდა დაპროექტდეს შემდეგი ზომებით: „სიგრძე – არანაკლებ 15 მეტრი, სიმაღლე – არანაკლებ 1,8 მეტრი; მოცულობითი ასობგერის სისქე – არანაკლებ 30 სანტიმეტრი, მოცულობითი ასობგერის სიგანე – პროპორციულად“.

ინსტალაცია/მონუმენტი უნდა იყოს უსაფრთხო, მყარი დამაგრებით. საჭირო მასალების ვარიანტებისა და ფერთა არჩევა უნდა შეთანხმდეს ბულვარის ადმინისტრაციასთან.

საპროექტო-სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციის მომზადება და შესასრულებელი სამუშაოების ღირებულების დადგენა ტენდერში გამარჯვებულმა ხელშეკრულების გაფორმებიდან 30 დღეში უნდა დაასრულოს.

ანალოგიური ინსტალაცია – „მე მიყვარს ბულვარი“ – ცოტა ხნის წინ ბულვარში, კოლონადების უკან, რამდენიმე დღის განმავლობაში იდგა.

დროებითი ინსტალაცია ბათუმის ბულვარში კოლონადებსა და სანაპირო ზოლს შორის / 22 ოქტომბერი 2023 წ. / ეს ინსტალაცია ბულვარიდან უკვე გატანილია

„როცა მოქალაქეებს ბულვარის ახალი გეგმის მონახაზი გაგვაცნეს, იქ ძალიან კარგად იყო აღნიშნული, რომ ბულვარის ბილიკები უნდა იყოს გამჭოლი, კოლონადებიდან ზღვის და პალმების ხედი იშლებოდა… ეს იაფფასიანი და ბანალური კონსტრუქცია კი ორმხრივად კეტავს ამ აღქმას. ამას დავუმატოთ ის, რომ თავად ბულვარი არის კულტურული მემკვიდრეობის ძეგლი და მათ შორის კოლონადებიც, ასეთი უხეში ჩარევა მიუღებელია. ეს კონსტრუქცია არღვევს ავთენტურ იერს და არც ტურისტებისთვის იქნება საინტერესო, რადგანაც მათთვის გაუგებარ ენაზეა შესრულებული. ასეც რომ არ იყოს, მასში ორიგინალური და საინტერესო არაფერი არ არის“, – გვითხრა მაშინ ერთ-ერთმა მოქალაქემ.

ბულვარის ადმინისტრაციაში კი „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ კონსტრუქცია ერთ-ერთი ფესტივალის ფარგლებში დაამზადებინეს, „არის დროებითი და არამდგრადი, ამიტომ, ამ კონსტრუქციას ავიღებთ, შევინახავთ და საჭიროებისა და კარგი ამინდის შემთხვევაში შეგვეძლება მისი გამოყენება“.

ეს კონსტრუქცია კოლონადების უკან აღარ დგას, თუმცა ახალი ინსტალაციის ვიზუალი ფაქტობრივად იმეორებს მას:

დროებითი კონსტრუქცია ბულვარში [რომელიც უკვე აიღეს] და ახალი ინსტალაციის ვიზუალი/ესკიზი ტენდერიდან.

„ახალი ინსტალაცია აუცილებლად იქნება ქართულ ენაზე. ესკიზი, რაც ტენდერს ახლავს, არის ჩვენი დიზაინერის მიერ შექმნილი, თუმცა შესაძლებელია საერთოდ განსხვავებული ვერსიებიც შემოგვთავაზონ, რასაც შესაბამისი კომისია განიხილავს და ამის შემდეგ დაამტკიცებენ საბოლოო პროექტს.

რაც შეეხება ახალი ინსტალაციის განთავსებას, დაგეგმილი გვაქვს 2024 წლისთვის. სავარაუდო ლოკაციად ახალი ბულვარი მოიაზრება.

იმ კონსტრუქციამ, რაც ბულვარში დროებით იდგა, საკმაოდ დიდი მოწონება დაიმსახურა სტუმრების მიერ… ახალი ინსტალაცია ერთგვარი საკომუნიკაციო მესიჯი იქნება ჩვენგან ჩვენი სტუმრებისთვის, ვიზიტორებისთვის და ვგეგმავთ, რომ ის იყოს მყარი, ანტივანდალური, რომელიც მუდმივად განთავსდება ბულვარში.“ – გვითხრეს „ბათუმის ბულვარში“ დღეს, პირველ ნოემბერს.

ტენდერის პირობის მიხედვით, პრეტენდენტს შეუძლია ბულვარს შესთავაზოს „ინსტალაციის ვარიაციები, როგორც ჰორიზონტალური, ისე ვერტიკალური კომბინაციები“.

აღწერის მიხედვით კი, ინსტალაციის „შიდა კარკასი უნდა იყოს მყარი; უჟანგავი ლითონის, რომელიც ვანდალიზმის ფაქტების შემთხვევაში იოლად არ დაზიანდება. კონსტრუქცია უნდა იყოს გარე გამოყენებისთვის. ამასთან, გარე შეფუთვა გარემო პირობებთან ადაპტირებული, ხანგრძლივი პერიოდით გარე გამოყენების მიზნით. კონსტრუქციას უნდა ჰქონდეს განათება (შესაძლებელია განხილული იქნას რამდენიმე ვერსია, როგორც მინათება, ისე შიდა განათება)“.

საბოლოოდ, გამარჯვებული პროექტის ავტორს მოუწევს დამატებითი მომსახურების გაწევაც. კერძოდ: „სამუშაოების მიმდინარეობისას გაუთვალისწინებელი გარემოების აღმოჩენის შემთხვევაში კი, „მიმწოდებელი ვალდებულია, შემსყიდველის მიერ გაცემული წერილობითი დავალების საფუძველზე გონივრულ ვადებში შეიტანოს სათანადო ცვლილებები (კორექტირება) შესაბამის სახარჯთაღრიცხვო დოკუმენტაციაში, დამატებითი ანაზღაურების გარეშე“.

ბულვარში დასადგამი ინსტალაციის/მონუმენტის პროექტირებაზე გამოცხადებულ ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 6 ნოემბერს დაიწყება და 8 ნოემბერს დასრულდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: