სიახლეები

მოხალისეობა საქართველოში – ვის როდის და რატომ ვეხმარებით

31.10.2023 • 860
მოხალისეობა საქართველოში – ვის როდის და რატომ ვეხმარებით

რატომ გვიჩნდება სურვილი სრულიად უსასყიდლოდ დავეხმაროთ სხვებს? –  თანაგრძნობის ბუნებრივი უნარი მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ადამიანებს უბიძგებს, გახდნენ მოხალისეები და გაიღონ საკუთარი დრო და რესურსი სხვისი ცხოვრების გასაუმჯობესებლად. 

საქართველოში მოხალისეობას საკმაოდ დიდი ისტორია აქვს. უახლოეს წარსულში ამის მაგალითია 17 ივნისს თბილისში, დიდ დიღომში, 11 წლის გოგონას ძებნაში როგორ ჩაერთო ასობით ადამიანი სრულიად უანგაროდ, საკუთარი სურვილით.

ასევე, ახლო წარსულში მოხალისეობის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური მაგალითია 2015 წლის წყალდიდობა თბილისში, როცა მდინარე ვერე ადიდდა, დატბორა „მზიური“, ზოოპარკი. წყალდიდობამ შეიწირა ადამიანებისა და ცხოველების სიცოცხლე.

სტიქიის მეორე დღეს შეიქმნა ფეისბუქჯგუფი: „13 ივნისი – მოხალისეთა გაერთიანება“ და მოხალისედ დარეგისტრირდა 10 000-ზე მეტი ადამიანი.

მოხალისე ნიკა დავითაშვილი 8 წლის წინანდელ ამბებს იხსენებს. სწორედ მან შექმნა ონლაინდოკუმენტი ამ დღეებში მოხალისეების დასარეგისტრირებლად. ნიკა პროფესიით პროგრამისტია, ივნისის წყალდიდობის ტრაგედიამდე იცავდა ვაკის პარკს, სადაც მშენებლობას გეგმავდნენ და კარგად ჰქონდა შესწავლილი ინფორმაციის სწრაფად გავრცელების მეთოდები.

მოხალისეები მზიურის ტერიტორიას ასუფთავებენ. ფოტო – ნეტგაზეთი/ნათია გაბეჩავა. 16.06.2015

ნიკა ძირითადად კომპიუტერთან იჯდა და მოხალისეებს კრებდა, ინფორმაციას ავრცელებდა და ერთმანეთთან აკავშირებდა სხვადასხვა ჯგუფს:

„მიუხედავად იმისა, რომ ღამით არ მეძინა იმ დღეებში, მაინც არ ვიღლებოდი. ეს იყო დიდი ადრენალინი და მუდმივი შეგრძნება იმის, რომ უზარმაზარი საქმე გვქონდა ყველას ერთად გასაკეთებელი.

ცოტა მოულოდნელიც კი იყო ადამიანების მაშინდელი თანადგომა და თავდაუზოგავი შრომა. ძალიან სწრაფად გავავრცელეთ ინფორმაცია. ძალიან ბევრმა მიიტანა წყალდიდობის ტრაგედია გულთან. ყველა მზად იყო დახმარებოდა დაზარალებულებს. შრომობდნენ, დროს, რესურსებს, ენერგიას ახმარდნენ ტერიტორიის დალაგებასა და გაწმენდას.

იმ დღეებში ბევრს ჰქონდა განცდა, რომ საქართველოში რეალური, ქმედითი სამოქალაქო საზოგადოება სწორედ 2015 წლის ივნისში დაიბადა, მოხალისეობის დიდ მუხტთან ერთად.

ალბათ ასე ფიქრობდნენ 1920 წლის მაისშიც, ქუთაისში, როცა გიმნაზიელები ჯერ ერთად კრეფდნენ, მერე კი ჰყიდდნენ გვირილებს ქუთაისის ქუჩებში და შეგროვილი თანხით ტუბერკულოზით დაავადებულ ადამიანს ეხმარებოდნენ. მოხალისეობის ეს იდეა გიმნაზიელ ალექსანდრა ჩიქოვანს ეკუთვნოდა. ტუბერკულოზი მე-20 საუკუნის დასაწყისში მომაკვდინებელი დაავადება იყო და წამალი არ არსებობდა.

„გვირილობა“ ქუთაისში. საქართველოს ეროვნული არქივის ფოტო

სწორედ ასე დაიბადა „გვირილობა“ ქუთაისში, საქართველოს პირველი რესპუბლიკის წლებში. ბოლშევიკური რეჟიმის დამყარების შემდეგ დღესასწაული გაუქმდა და 60 წელი აღარავის აღუნიშნავს, თუმცა ქუთაისს „გვირილობა“ 1980-იანი წლებიდან დაუბრუნეს და დღემდე ყოველწლიურად აღინიშნება.

მოხალისეების ძალისხმევა მხოლოდ ადამიანებზე არ ვრცელდება. საქართველოში ასობით მოხალისე სრულიად უანგაროდ ზრუნავს მიუსაფარ კომპანიონ ცხოველებზე, ძაღლებსა და კატებზე, გარემოზე, რომელშიც ვცხოვრობთ.

ბათუმელმა მასწავლებელმა, თეონა ყურშუბაძემ „მიუსაფარ ცხოველთა დახმარების ჯგუფი ბათუმში“ 5 წლის წინ შექმნა ფეისბუქზე. ჯგუფში 10 000-ზე მეტი ადამიანია გაერთიანებული, რომლებიც საკვებით, წამლებით და ნივთებით ეხმარებიან მიუსაფარ ცხოველებს. ნაავარიევი ძაღლებისა და კატებისთვის აგროვებენ ფულს ოპერციებისთვის, სტერილიზაცია-კასტრაციისთვის და ცდილობენ გააჩუქონ მიუსაფარი ცხოველები:

„მეგობრების, ნაცნობების, ნათესავების დიდი წრე მყავს და ვცდილობთ დავეხმაროთ ადამიანებს და ცხოველებს. ადამიანი მოგიყვება მაინც რა უჭირს და გაგაგებინებს, ცხოველებს კი ჩვენით უნდა მივხვდეთ რა სჭირდებათ, ეს მათ ბევრად უფრო მოწყვლადს ხდის.

თეონა ყურშუბაძე. ფოტო: facebook

ვთხოვდი ყველას, ვისაც მეტისი ჰყავს სახლში, კატა იქნება თუ ძაღლი, გთხოვთ, არ გაამრავლოთ მიუსაფარი ცხოველები, რადგან ეს საქართველოში კანონით არ რეგულირდება, თუ კასტრაცია-სტერილიზაციის საშუალება არ გაქვთ მოგვმართეთ და დაგეხმარებით. მიუსაფარი ცხოველების უკონტროლო გამრავლება მათ საშინელ დღეში ჩაგდებას ნიშნავს.

მოხალისეობა უანგაროდ, უსასყიდოდ რაიმეს კეთებას გულისხმობს, სიტყვაც ამას მიგვანიშნებს – ხალისით რამის კეთება. ეს ცხადია არ არის ჩემი შემოსავლის წყარო. პროფესიით პედაგოგი ვარ, მაქვს ჩემი საყვარელი საქმე, რომელიც მიყვარს. მოხალისეობა ჩემი ნებაყოფლობითი საქმიანობაა“ – ამბობს თეონა ყურშუბაძე.

სამი წლის წინ საქართველოში, ევროკავშირის მხარდაჭერით, მოხალისეობაზე დაფუძნებული ციფრული პლატფორმა შეიქმნა, სადაც ერთდროულად ხდები მოხალისე და სხვა მოხალისეებისგან შემოთავაზებული დახმარების მიმღებიც. 

volunteer.ge – ასე ჰქვია ვებგვერდს, სადაც დარეგისტრირება შეუძლიათ მოხალისეთა დახმარების საჭიროების მქონე პირებსაც და მოხალისეობის მსურველებსაც, როგორც ორგანიზაციებს, ასევე ფიზიკურ პირებს. 

ვებგვერდზე დარეგისტრირებული ადამიანი წერს, თუ რაში სჭირდება დახმარება, მის ირგვლივ კი მოხალისეები იკრიბებიან. ამ დახმარების საპირწონედ მოხალისე, რომელიც სხვას დაეხმარება, საკუთარ ანგარიშზე აგროვებს მოხალისეობაში გახარჯულ დროს. შემდეგ კი ამ დროით თავადაც შეუძლია მიიღოს სხვისგან მოხალისეობრივი სარგებელი. 

ვებგვერდის შექმნის ერთ-ერთი ინიციატორი ლიკა კილაძეა – განათლების განვითარების და დასაქმების ცენტრის გამგეობის თავმჯდომარე. ის ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია აღირიცხოს, რა დროს მოახმარენ ვებგვერდზე დარეგისტრირებულები მოხალისეობრივ საქმიანობას. 

„ამ სტატისტიკას ვაწარმოებთ სამომავლოდ მოხალისეობასთან დაკავშირებული სწორი პოლიტიკის შესამუშავებლად. გარდა იმისა, რომ მხარს ვუჭერთ მოხალისეობრივ იდეას და ამ კულტურის პოპულარიზაციას ჩვენ ვართ პოლიტიკის შემუშავებაში ჩართული, ადვოკატირებას ვუწევთ სხვადასხვა მხარეს, ვთანამშრომლობთ სხვადასხვა სტრუქტურასთან და ვაკვირდებით, რა ეკონომიკური და სოციალური სარგებელი მოაქვს მოხალისეობას, ეს შრომა გაზომვადია“ – ამბობს volunteer.ge-ს წარმომადგენელი. 

მოხალისეობის კულტურა საქართველოში და საბჭოთა კავშირის სხვა ქვეყნებში მნიშვნელოვნად დააზიანა საბჭოთა ხელისუფლებამ.

სწორედ ესა აღნიშნული ღია საზოგადოების ფონდისა და ახალგაზრდა რესპუბლიკური ინსტიტუტის კვლევაში – „სახელმწიფო პოლიტიკა მოხალისეობის სფეროში: ქართული კანონმდებლობა და მსოფლიო გამოცდილება“. კვლევაში ვკითხულობთ, რომ გაეროს მონაცემებით, პოსტსაბჭოთა ქვეყნებში მოხალისეობა არაპოპულარულია.

ამ ფაქტს მკვლევრები იმით ხსნიან, რომ საბჭოთა კავშირში მოხალისეობა კომუნისტური იდეოლოგიის შემადგენელი ნაწილი იყო, რაც ხშირად იძულებით და სავალდებულო შრომას გულისხმობდა, მოხალისეობა კი პირველ რიგში საკუთარი სურვილის, სამოქალაქო პოზიციის გამოხატვაა.

თუმცა საბჭოთა კავშირის იდეოლოგიასაც კი გადაურჩა ძველი ქართული ტრადიცია, რაც მოხალისეობის და თანადგომის მაგალითად შეიძლება განვიხილოთ. ეს გარდაცვლილის ოჯახში სადილის მიტანის ტრადიციაა, რომელიც საქართველოს ბევრ კუთხეში დღემდე არსებობს.

სადილი მგლოვიარე ოჯახში მიაქვთ მეზობლებს, ოჯახის წევრის გარდაცვალების პირველსავე დღიდან.  როცა ვინმე გარდაიცვლება, იკრიბებიან ოჯახის მეზობლები, „მოხალისეები“ და ინაწილებენ, ვინ რომელ დღეს უნდა უზრუნველყოს საკვებით მგლოვიარეები, მიცვალებულის დაკრძალვამდე.

„ხარჯის გაღებას“ გარდაცვლილის მეზობლებს არავინ ავალდებულებს, თუმცა დიდ სირცხვილად მიიჩნევა ამ საქმისთვის თავის არიდება. ტრადიციის საფუძველი გარდაცვლილის ოჯახისთვის    მატერიალური საზრუნავის ჩამოშორება და ამ ფორმით მძიმე დღეების შემსუბუქებაა.

შრომაში მოხალისეობის მაგალითია კიდევ ერთი ცოცხალი ტრადიციაა – ნადი. ყანის მკის, ხვნისა თუ თესვისას დღემდენ იკრიბებიან ოჯახის ახლობელ-ნათესავები, შორეული თუ ახლო მეზობლები და ეხმარებიან ერთმანეთს.

მოხალისეობას ვერავის აიძულებ, თუმცა განვითარებულ ქვეყნებში თავად მოხალისეობის წამახალისებელი მიდგომები მოქმედებს. მაგალითად, როცა უცხოელისთვის საფრანგეთის მოქალაქის სტატუსის მინიჭების საკითხი დგება, ამ დროს სახელმწიფო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს, იყო თუ არა ჩართული პირი საფრანგეთში მოხალისეობრივ საქმიანობაში, სულერთია, რომელ სფეროში.

მოხალისეებს  გარემოს უკეთესობისკენ შეცვლის, სხვა ადამიანების ან ცხოველების დახმარების უანგარო სურვილი აერთიანებთ. ეს სურვილი კი კაცობრიობის ისტორიის განმავლობაში არ იკარგება.


ეს სტატია შექმნილია ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის მხარდაჭერით, პროექტის “სამოქალაქო საზოგადოების ინიციატივა: მდგრადი, ღია და ანგარიშვალდებული სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები საქართველოს განვითარებისთვის” ფარგლებში. მის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია  “თავისუფალ ჟურნალისტთა სახლი” და შესაძლოა, რომ იგი არ გამოხატავდეს ევროკავშირისა და კონრად ადენაუერის ფონდის შეხედულებებს.  

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: