მთავარი,სიახლეები

უმაღლესი საბჭოს თანამშრომლის, „ოცნების“ ყოფილი კანდიდატის სამშენებლო ბიზნესი

01.11.2023 • 4038
უმაღლესი საბჭოს თანამშრომლის, „ოცნების“ ყოფილი კანდიდატის სამშენებლო ბიზნესი

ბათუმში, მაზნიაშვილის #9-ში, შპს „ველ ბილდინგი“ ავარიული სახლის ათვისებას გეგმავს. სანაცვლოდ მერიისგან კ2 კოეფიციენტის გაზრდას ითხოვს გონიოში, ანდრია პირველწოდებულის პირველ ჩიხში, #11-ში, ზღვასთან ახლოს მდებარე მიწის ნაკვეთზე დაგეგმილი სამშენებლო პროექტისთვის.

მონიშნულია სამშენებლო მიწის ნაკვეთი

საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს „ველ ბილდინგი“ 2023 წლის ივნისში დაუფუძნებიათ. კომპანიის 45 პროცენტი აჭარის უმაღლესი საბჭოს ჯანმრთელობისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის თანაშემწეს, მამუკა კაკაბაძეს ეკუთვნის.

მამუკა კაკაბაძე თვითმმართველობის არჩევნებში გონიოს მაჟორიტარობის კანდიდატი იყო „ოცნებიდან“, მას არჩევნები ენმ-ს წევრმა ნუგზარ ფუტკარაძემ მოუგო, რომელიც არჩევნებიდან მალევე გარდაიცვალა.

კომპანიამ შესაბამისი შეთანხმების მოთხოვნით მერიას უკვე მიმართა, საკითხი მერის სათათბირო საბჭომ განიხილა, დადებითი გადაწყვეტილება მიიღო და ის საკრებულოს დასამტკიცებლად წარუდგინა.

„ოცნების“ უმრავლესობამ გადაწყვეტილებას მხარი დაუჭირა. ოპოზიციას საკითხის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია, მათ სხდომა პროტესტის ნიშნად დატოვეს. პროტესტის ერთ-ერთი მიზეზი ეს საკითხიც იყო.

განსხვავებული პოზიცია მხოლოდ საკრებულოს წევრს „გახარია საქართველოდან“ ნატალია ძიძიგურს ჰქონდა, მას სხდომა არ დაუტოვებია და საკითხის დამტკიცებას მხარიც დაუჭირა.  გასულ კვირას ის სწორედ ამ სხდომასთან დაკავშირებული გადაწყვეტილების გამო პარტიიდან გარიცხეს.

განმარტებითი ბარათის მიხედვით, რომელიც მერიამ საკრებულოს წარუდგინა, შპს „ველ ბილდინგი“ მაზნიაშვილის #9-ში ორსართულიანი ავარიული სახლის ათვისებას და აქ მცხოვრები მესაკუთრეების დაკმაყოფილებას გეგმავს.

სანაცვლოდ გონიოში დაგეგმილი სამშენებლო პროექტის კ2 კოეფიციენტის 17.0- მდე გაზრდას ითხოვდა. მერიამ კომპანიას გონიოში დაგეგმილი სამშენებლო პროექტის კ2 კოეფიციენტი არა 17,0-მდე, არამედ 4.5-მდე გაუზარდა. 

ბათუმი, მაზნიაშვილის #9

კომპანიის 55 პროცენტი შპს „აბ დეველოპმენტის“ საკუთრებაა, ამ კომპანიას კი ბეგლარ ბოლქვაძე ფლობს.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, მაზნიაშვილის #9-ში მდებარე ორსართულიანი შენობა 423 კვ.მეტრია. შენობის ირგვლივ ქუჩაზე მეტ-ნაკლებად შენარჩუნებულია ძველი იერ-სახე და სიმაღლე.

მერიის ინფორმაციით:

„კომპანიის მიერ ხდება ავარიული სახლის 7 მესაკუთრის დაკმაყოფილება, რომლებთანაც გაფორმებულია ხელშეკრულებები, აქედან ერთ-ერთი მესაკუთრის დაკმაყოფილება ხდება მშენებლობის ნებართვის გაცემამდე“ [ტექსტი სიზუსტის დაცვით].

მაზნიაშვილის #9

ბათუმში, მაზნიაშვილის ქუჩაზე, რამდენიმე შენობას ძეგლის სტატუსი აქვს. შესაბამისად, დასანგრევად მომზადებული შენობა ძეგლის დაცვის არეალშია. ამიტომ პროექტზე მსჯელობა კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოს ზონალურ საბჭოსაც მოუწევს.

კულტურული მემკვიდრეობის შესახებ კანონით, ძეგლიდან 150 მეტრის რადიუსში არ შეიძლება ისეთი მშენებლობა, რაც ძეგლს დაჩრდილავს. ამიტომაც ძეგლის დაცვის ზონაში დაგეგმილ სამშენებლო პროექტს სამშენებლო ნებართვის გაცემამდე სააგენტოს ზონალური საბჭო ითანხმებს.

ადგილზე გამოკრული დაგვხვდა საინფორმაციო ბანერი, რომლის მიხედვითაც კომპანია მაზნიაშვილის ქუჩაზე ოთხსართულიანი საცხოვრებელი სახლის მშენებლობას გეგმავს.

ოფიციალური დოკუმენტების მიხედვით, გონიოში, იმ მიწის ნაკვეთზე, სადაც შპს „ველ ბილდინგი“ მშენებლობას გეგმავს, მერიასთან სამშენებლო პროექტი შპს „არქდიზაინს“ ჰქონდა შეთანხმებული. კომპანიამ მშენებლობა რატომღაც გადაიფიქრა. ახლა მერიაში ახალ პროექტს ელოდებიან. კოეფიციენტის გაზრდას საკრებულომ მხარი უკვე დაუჭირა.

მერია ასევე განმარტავს, რომ შეთანხმების სანაცვლოდ, კომპანია ახალაშენებულ შენობაში კ2 კოეფიციენტის გაზრდით მიღებული ფართობის არანაკლებ 10%-ს მერიას გადასცემს. ეს კანონის მოთხოვნაა. დოკუმენტში წერია ისიც, რომ ამ ფართობს მერია სოციალური მიზნით, ავარიული ბარაკული ტიპის საცხოვრებელი სახლების ჩანაცვლებისთვის გამოიყენებს.

სამშენებლო მიწის ნაკვეთი გონიოში 2201 კვ.მეტრია. შპს „ველ ბილდინგმა“ ის ვალდებულების შესრულების პირობით დაირეგისტრირა.

საჯარო რეესტრის მონაცემებით, ბეგლარ ბოლქვაძის შენატანი კომპანიის საწესდებო კაპიტალში ნახევარ მილიონზე მეტია. ეს საჯარო რეესტრის ამონაწერშიც არის დაფიქსირებული. უმაღლესი საბჭოს თანამშრომელს, მამუკა კაკაბაძეს ვკითხეთ, თავად რა რესურსით გეგმავს მშენებლობას. მისი განმარტებით, მიწის ნაკვეთს გონიოში, სადაც მშენებლობა იგეგმება, მისი ოჯახი თანასაკუთრებაში ფლობდა:

„გამოჩნდა ინვესტორი, რომელიც დაინტერესდა აღნიშნული მიწის ნაკვეთით და ჩვენც დავთანხმდით ამ წინადადებას, რაც შემდგომში აისახა ჩემი წილობრივი თანამონაწილეობით. როგორც მე ვიცი ინვესტორისგან, ყველაფერი არის კანონთან შესაბამისობაში და არანაირი განსაკუთრებული მიდგომა სახელმწიფოს მხრიდან ამ პროექტთან მიმართებაში არ ყოფილა. მე პირადად მერიის არც ერთ სტრუქტურასთან აღნიშნულ პროექტთან დაკავშირებით არ მიკონტაქტია.

შესაბამისად, პროექტთან დაკავშირებით ინფორმაციას დეტალურად არ ვფლობ სამწუხაროდ. მე როგორც ვიცი, ინვესტორი ავარიული პროგრამის ფარგლებში კანონის შესაბამისად აუმჯობესებს ძველ ბათუმში მცხოვრები კონკრეტული მოქალაქეების საცხოვრებელ პირობებს და სახელმწიფოს მხრიდან არანაირი დამატებითი შეღავათით არ სარგებლობს.“

საჯარო რეესტრით ამ ქონებაზე თანასაკუთრების შესახებ ინფორმაცია არ დასტურდება. მიწის ნაკვეთი წლების განმავლობაში სურიე კეჟერაძეს ეკუთვნოდა. როცა მამუკა კაკაბაძეს ამ საკითხის დაზუსტება ვთხოვეთ, გვითხრა, რომ ნაკვეთი მისი ნათლიის ოჯახს ეკუთვნის.

გონიოში დაგეგმილი პროექტი კომპანიას მერიაში ჯერ არ წარუდგენია.

მამუკა კაკაბაძე მიიჩნევს, რომ პროექტით დაინტერესება კონკრეტული დეპუტატის დისკრედიტაციის მიზანს ემსახურება:

„რაც შეეხება ჩემს სამსახურს, მე არ ვარ პროფესიული საჯარო მოხელე და ამდენად აქ კანონდარღვევაზე საუბარი ზედმეტია. სავარაუდოდ, ეს თემაც წამოიწია კონკრეტული დეპუტატის დისკრედიტაციის მიზნით, რაც ჩემთვის პირადად სამწუხაროა. რაიმე დასამალი რომ ყოფილიყო, ძალიან მარტივად ავირიდებდი ამ კომპანიაში ჩემი ფიგურირების ფაქტს თავიდან. აღნიშნულთან დაკავშირებით სხვა დამატებითი კომენტარის გაკეთება სამწუხაროდ არ შემიძლია.“

გადაბეჭდვის წესი


ასევე: