მთავარი,სიახლეები

გამთენიისას ივანიშვილის ბაობაბის ხე ავტომანქანით შეკვეთილში მიიტანეს 

30.10.2023 • 1114
გამთენიისას ივანიშვილის ბაობაბის ხე ავტომანქანით შეკვეთილში მიიტანეს 

აღმოსავლეთ აფრიკიდან, კერძოდ, კენიიდან დენდროლოგიური პარკისთვის ფოთის ნავსადგურში შემოტანილი ხეები სავარაუდოდ უკვე შეკვეთილშია. თვითმხილველების თქმით, ბაობაბის ერთი ხე ფოთიდან შეკვეთილში სპეციალური ავტომანქანით დღეს, 30 ოქტომბერს, გამთენიისას გადაიტანეს. დანარჩენი ხეები კი ზღვით, ბარჟით უნდა გადაეტანათ.

ვიდრე ხეს მაგისტრალზე გამოატარებდნენ, გრიგოლეთი-ფოთის გზაზე ყველა ის კონსტრუქცია [სარეკლამო ბანერები, საგზაო მანიშნებლები] ჩამოხსნეს, რაც ხელს უშლიდა არაგაბარიტული ტვირთის გატარებას. პროცესს პოლიცია აკონტროლებდა.

პერიოდულად, 29 ოქტომბრის საღამოდან, გადაკეტილი იყო გრიგოლეთი-ფოთის გზა, შეფერხებული იყო მოძრაობა ურეკი-გრიგოლეთის მონაკვეთზეც.

კენიიდან საქართველოში ბაობაბის ხეები, როგორც კენიის ადგილობრივი მედია წერს, 2023 წლის აგვისტოში წამოიღეს, კენიის ქალაქ მომბასადან.

ამავე მედიის ინფორმაციით, „კენიიდან საქართველოში ბაობაბების გადამზიდავ გემში დამალული ორი ადამიანი დააკავეს“, რომლებიც ამ გემით ქვეყნის არალეგალურად დატოვებას ცდილობდნენ.

ტერიტორია შეკვეთილში, სადაც დენდროლოგიური პარკია მოწყობილი, შპს „ურეკი რეზიდენსის“ საკუთრებაშია. ამ კომპანიის 100 პროცენტი წილის მფლობელი კი, რეესტრის ბოლო ამონაწერით, ბიძინა ივანიშვილის მეუღლე, ეკატერინა ხვედელიძეა. ამავე დოკუმენტებით, ეკატერინა ხვედელიძეს ეს კომპანია შვილმა, ბერა ივანიშვილმა უსასყიდლოდ გადასცა საკუთრებაში [აჩუქა] 2023 წლის ივნისში.

მილიარდერი და ყოფილი პრემიერის, ბიძინა ივანიშვილის მიერ კენიიდან ბაობაბის გიგანტური ხეების გადმოტანაზე ინფორმაცია დაახლოებით ხუთი წლის წინ გავრცელდა.

მიმდინარე წელს კი, კენიის რესპუბლიკის პარლამენტის დეპუტატებმა გამოძიებაც დაიწყეს საქართველოში ბაობაბის ხეების ექსპორტთან დაკავშირებით. ადგილობრივი მედიის თანახმად, ისინი სამ სახელმწიფო უწყებას ადანაშაულებენ ხეების გაყიდვის დროს გამჭვირვალობის ნაკლებობასა და კორუფციაში.

მედიის ინფორმაციით, საქმე ეხებოდა ბაობაბის 8 ხეს, რომლებიც უცხოურ კომპანიას საქართველოს ტერიტორიაზე უნდა გადაეტანა კენიის კილიფის ოლქიდან. როგორც კენიის სატყეო სამსახურში ამბობდნენ, მათ აცნობეს, რომ ხეების დანიშნულების ადგილია ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, შეკვეთილში მდებარე დენდროლოგიური პარკი.

„განზრახვა იყო, რომ ხეები გამოფენილიყო [ერთ-ერთ] განყოფილებაში, მსოფლიოს სხვადასხვა კუთხიდან შეგროვილ ხეებთან ერთად“, – აღნიშნავდა სამსახურის წარმომადგენელი ჯეიმს მვენდენი.

კენიაში მყიდველად ასახელებდნენ საქართველოს მოქალაქეს, გიორგი გვასალიას. ადგილობრივთა ცნობით, სწორედ გვასალია ხელმძღვანელობდა იქ ჩასული უცხოელი კონტრაქტორების ჯგუფს, რომელმაც ბაობაბების მოძიება 2019 წლიდან დაიწყო. იგი იყენებდა დრონებსაც, რათა „საუკეთესო“ ხეები ამოერჩია.

2022 წელს, პროტესტის ფონზე, კენიის მთავრობამ ბაობაბების საქართველოში ექსპორტის პროცესი შეაჩერა, დასძინა რა, რომ შესაბამისი ლიცენზია არალეგალურად იყო გაცემული.

თუმცა გადაწყვეტილება 2023 წლის თებერვალში შეიცვალა, როცა კენიის სატყეო სამსახურმა გიორგი გვასალიას ნებართვა მისცა, ბაობაბები საქართველოში გაეტანა. უწყება დასძენდა, რომ ხსენებული ხე გადაშენების პირას მყოფი სახეობა არ არის და მას არც დაცული ხის სახეობის სტატუსი აქვს კენიაში.

მთავარი ფოტო: Kevin Odit / Nation Media Group: „კენიამ დაამტკიცა ბაობაბის რვა ხის ექსპორტი ოზურგეთში, საქართველოში.“

ბაობაბის ხის ტრანსპორტირებისთვის ჩამოხსნილი კონსტრუქცია გრიგოლეთი-ფოთის მაგისტრალზე. ხე აქ მანქანით დღეს, გამთენიისას გაატარეს / ფოტო: „ბათუმელები“ / 30.10.2023

გრიგოლეთში კონსტრუქციები გზაზე 2019 წელსაც ჩამოხსნეს, როცა ბიძინა ივანიშვილის პარკისთვის სუფსიდან [სოფელ ხიდმაღალადან] მრავალწლოვანი ხე გადაიტანეს.

არც ის არის პირველი შემთხვევა, როცა საქართველოში ბაობაბები შემოიტანეს. ადრე შემოტანილი ერთ-ერთი ხე ისევ შეკვეთილში, ბიძინა ივანიშვილის სასტუმრო „პარაგრაფშია“.

ამასთან, ბრიტანული გამოცემა EveningStandard 2018 წლის სექტემბერში იუწყებოდა, რომ ივანიშვილს კენიიდან კიდევ ოთხი, 250-ტონიანი ბაობაბის ხე მოჰქონდა.

ამ თემაზე ვრცლად:

ივანიშვილს აფრიკიდან ოთხი ბაობაბის ხე მიაქვს – პორტი $850 000 მიიღებს (ბრიტანული გამოცემა)

გადაბეჭდვის წესი


ასევე: