მთავარი,სიახლეები

„ქალებს დააჯერეს, რომ მენსტრუალური ტკივილი ნორმაა“ – კვლევა მენსტრუალურ სიღარიბეზე

27.10.2023 • 872
„ქალებს დააჯერეს, რომ მენსტრუალური ტკივილი ნორმაა“ – კვლევა მენსტრუალურ სიღარიბეზე

მენსტრუაციაზე და მის საჭიროებებზე საუბარი დღემდე ტაბუირებულია საქართველოში. ქალებს საჯაროდ საუბარიც უჭირთ მენსტრუალური სიღარიბის ფორმებზე.

ამ საკითხის შესახებ არასამთავრობო ორგანიზაცია „თანასწორობის მოძრაობამ“ ვრცელი კვლევა მოამზადა სახელწოდებით – „მენსტრუალური სიღარიბე საქართველოში“.

ტერმინით – მენსტრუალური სიღარიბე აღინიშნება სოციალური, ეკონომიკური, პოლიტიკური და კულტურული ბარიერებით განპირობებული შეზღუდული წვდომა მენსტრუალურ პროდუქტებზე, განათლებაზე, წყლის/სანიტარიის ობიექტებსა და ნარჩენების მართვაზე.

კვლევის ფარგლებში რესპონდენტები გამოიკითხნენ როგორც ქალაქის, ასევე სოფლის ტიპის დასახლებებში, კერძოდ: თბილისში, გორის მუნიციპალიტეტში, აჭარასა და იმერეთში. ცალკე ფოკუსჯგუფი ჩატარდა ლბქტ თემის წარმომადგენლებთან – სულ 7 ფოკუსჯგუფი.

კვლევაში მონაწილე რესპონდენტების დიდი ნაწილის თქმით, გაუსაძლისი ტკივილის შემთხვევაშიც ვერ მიდიან ექიმთან ეკონომიკური და სხვა სახის სიდუხჭირის გამო. ამასთან, შეზღუდული წვდომა აქვთ მენსტრუალური ჰიგიენის პროდუქტებზე, რაც განსხვავებულად ვლინდება სხვადასხვა სოციალურ ჯგუფში.

კვლევის ერთ-ერთი მონაწილე მენსტრუაციასთან დაკავშირებულ ცოდნაზე ამბობს, რომ ინფორმაცია აკლია მენსტრუალური ტკივილის შესახებ: „ტკივილი რომ კაცებს ჰქონდეთ, ათასჯერ იქნებოდა ნაკვლევი. მედიკამენტებიც იქნებოდა და კვლევებიც იქნებოდა ჩატარებული…“

კვლევის კიდევ ერთი მონაწილის თქმით, „ქალებს დააჯერეს, რომ მენსტრუალური ტკივილი არის ნორმა“.

„გვაჯერებენ, რომ ამას ყურადღება არ უნდა მივაქციოთ და ჩვეულებრივად გავაგრძელოთ მუშაობა. საკუთარ თავზე ზრუნვის საშუალება არ გვაქვს, იმიტომ, რომ ძალიან ძვირია“ – ამბობს კვლევის მონაწილე. 

მენსტრუალურ პროდუქტებზე წვდომასთან დაკავშირებით კვლევის მონაწილე 46 წლის ქალი ქუთაისიდან ამბობს, რომ აუცილებელია არსებობდეს რაიმე პროგრამა, რომლის საშუალებითაც შეღავათიან ფასად შეიძენდნენ ქალები საფენებს, რადგან მათი ღირებულება ძვირია და მით უფრო რთული ხდება მათი შეძენა იმ ოჯახებში, სადაც რამდენიმე ქალი ცხოვრობს.

„ყოფილა შემთხვევები, რომ საფენისთვის საკმარისი ფული არ მქონია. არ მქონდა იმის ფუფუნება, რომ მშვიდად და კომფორტულად შევხვედროდი ამ პერიოდს. ისეთი მიზერული ხელფასებია, რომ წინასწარაც რომ გადადო, არ გამოვა…“ – ფოკუსჯგუფის მონაწილე აჭარიდან. 

კვლევაში მონაწილეები საუბრობენ შეუსაბამო პირობებზე სამსახურში, სადაც დამსაქმებლების მხრიდან არ არის გათვალისწინებული მათი მენსტრუაციული საჭიროებები:

„სამსახურში არანაირი შეღავათი არ გვაქვს. შესვენება მხოლოდ ერთი საათია და რაც არ უნდა გიჭირდეს, ყველაფერი იმ ერთ საათში უნდა მოესწროს. მაქსიმუმ ერთმანეთს რომ შევუმსუბუქებთ რაღაც საქმეს, დამსაქმებლის მხრიდან მხარდაჭერა არ გვაქვს. კლიენტი თუ არის, შეიძლება ის ერთი საათიც ვერ გამოიყენო საპირფარეშოში გასასვლელად“.

კვლევის დასკვნითი ნაწილი მოიცავს რეკომენდაციებს სახელმწიფო უწყებებისა და კერძო სექტორისთვის.

კერძოდ, რეკომენდაციებში საქართველოს პარლამენტის მიმართ ნათქვამია, რომ ცვლილებები უნდა განხორციელდეს:

  • საგადასახადო კანონმდებლობაში მენსტრუალურ პროდუქტებზე გადასახადების შემცირების მიზნით;
  • შრომით კანონმდებლობაში მენსტრუაციის მქონე ადამიანებისთვის მენსტრუალურ შვებულებასთან და სამუშაო დღის განმავლობაში დასვენების დროსთან მიმართებით;
  • პარლამენტმა უნდა მიიღოს შესაბამისი ზომები იმისათვის, რომ მენსტრუაციასთან დაკავშირებული ხარჯები გათვალისწინებული იყოს სოციალურ პაკეტებში;
  • მიიღოს შესაბამისი ზომები მენსტრუალური ჰიგიენის საშუალებებსა და სანიტარულ ობიექტებზე წვდომის ზრდისა და საჭირო რესურსების მობილიზებისთვის;
  • გენდერული თანასწორობის მუდმივმოქმედმა საპარლამენტო საბჭომ დაიწყოს მუშაობა მენსტრუალური სიღარიბის პრობლემის დღის წესრიგში დაყენებისა და პრობლემის აქტუალიზაციის მიმართულებით.

კვლევის ფარგლებში – „მენსტრუალური სიღარიბე საქართველოში“ მომზადდა რეკომენდაციები  საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვისაც, სადაც ნათქვამია, რომ სამინისტრომ უნდა უზრუნველყოს ფორმალურ და არაფორმალურ საგანმანათლებლო სივრცეებში სათანადო ცოდნის მიწოდება მენსტრუაციასთან დაკავშირებით, აღმოფხვრას რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული საკითხებისა და მენსტრუაციის განხილვისას მოსწავლეების გენდერის მიხედვით განცალკევების პრაქტიკა სკოლებში, უზრუნველყოს რესურსები საგანმანათლებლო დაწესებულებების საპირფარეშოებში მენსტრუალური ჰიგიენის საშუალებების ხელმისაწვდომობისთვის, სასკოლო სახელმძღვანელოებში მოხდეს მენსტრუაციასთან დაკავშირებული ინფორმაციის გადახედვა, შევსება და განახლება, რაც ხელს შეუწყობს ცნობიერების ამაღლებას და სტიგმის დაძლევას და ა.შ.

რეკომენდაციებში, რომლის ადრესატიც საქართველოს ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროა, ნათქვამია, რომ სამინისტრომ უნდა მიიღოს ზომები რეპროდუქციულ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული სერვისების ხელმისაწვდომობის გასაზრდელად; აუცილებელია, მოხდეს ფინანსური, გეოგრაფიული, ფიზიკური, ინფორმაციული და სამედიცინო პერსონალის კომპეტენციასთან დაკავშირებული ბარიერების გათვალისწინება; სამინისტრომ უნდა იმუშაოს სამედიცინო პერსონალის ცნობიერების ამაღლებასა და სენსიტიზაციაზე ლბტქი+ და შშმ პირების სპეციფიკურ საჭიროებებთან მიმართებით და სხვა.

კვლევის ავტორებს რეკომენდაციები აქვთ კერძო სექტორის მიმართაც: „გაითვალისწინონ მენსტრუაციის მქონე დასაქმებულთა საჭიროებები და გადაიდგას ნაბიჯები მხარდამჭერი გარემოს ფორმირებისთვის, რაც შეიძლება გამოიხატებოდეს ჰიგიენური საშუალებების უზრუნველყოფით საპირფარეშოში და ანაზღაურებადი დასვენების დღეებით მენსტრუაციის დროს“ – წერია კვლევაში.

„ბათუმელები“ ესაუბრა „თანასწორობის მოძრაობის“ აღმასრულებელი დირექტორის მოვალეობის შემსრულებელს, მარიამ გულიაშვილს. მას ვკითხეთ, როგორია მათი დაკვირვება, თუ კეთდება რაიმე მენსტრუალური სიღარიბის დასაძლევად შესაბამისი ორგანოების მხრიდან.

„არამარტო საზოგადოებაში, სამედიცინო სივრცეშიც, გინეკოლოგებისთვისაც კი ნორმალიზებულია მენსტრუალური ტკივილი, რაც, რა თქმა უნდა, კომპეტენციის ნაკლებობის ბრალია და არსებობს თანამედროვე მიდგომები, რომლებიც ტკივილის მენეჯმენტის შესაძლებლობას იძლევა. ამისთვის საჭიროა მენსტრუალური პათოლოგიების დროული დიაგნოსტირება. ეს, ერთი მხრივ, ფინანსურად ხელმიუწვდომელია, განსაკუთრებით რეგიონებში მცხოვრები ადამიანისთვის, რადგან მათ უნდა გასწიონ როგორც სამედიცინო მომსახურების, ასევე გადაადგილების და სხვა ტიპის ხარჯები. მნიშვნელოვანი გამოწვევაა ისიც, რომ არასდროსაა ყურადღება გამახვილებული რეპროდუქციულ ჯანმრთელობაზე დაზღვევის პაკეტებში“, – გვითხრა მარიამ გულიაშვილმა.

„თანასწორობის მოძრაობის“ დაკვირვებით, არც მთავრობა და არც კერძო სექტორი არ არის დაინტერესებული ამ პრობლემის გადაჭრით და ამასთან, მენსტრუაციის თანმხლები გართულებები პრაქტიკულად სრულადაა უგულებელყოფილი დამსაქმებლების მხრიდან.

„ძალიან დიდი სამუშაო აქვს გასაწევი განათლების სამინისტროს სექსუალური და რეპროდუქციული ჯანდაცვის შესახებ ინფორმირებულობის გაზრდის მიმართულებით. ფაქტობრივად, განათლების ეროვნულ სისტემაში არ არსებობს სქესობრივი განათლების კომპონენტები“,- ამბობს მარიამ გულიაშვილი.

კვლევაში მოყვანილია მაგალითები, თუ რას აკეთებენ სხვა ქვეყნებში მენსტრუალური სიღარიბის შესამცირებლად.

მაგალითად, 2020 წლის ნოემბერში შოტლანდია გახდა პირველი ქვეყანა, სადაც მენსტრუალური ჰიგიენის საშუალებები უფასოა ყველასთვის, ვისაც სჭირდება; საფრანგეთის მთავრობამ განაცხადა, რომ 2024 წლიდან ქვეყნის მასშტაბით 25 წლამდე მოსახლეობისთვის უფასო იქნება მრავალჯერადი გამოყენების მენსტრუალური ჰიგიენის საშუალებები (მენსტრუალური ჭიქა, მრავალჯერადი გამოყენების საფენები), თუმცა აღნიშნული ინიციატივა არ ეხება 25 წელზე უფროს ქალებს, რაც პრობლემაა და საჯარო კრიტიკის საგნად იქცა; 2018 წელს ავსტრალიის მთავრობამ შეიმუშავა საჯარო სკოლებში უფასო საფენებისა და ტამპონების ხელმისაწვდომობის გეგმა და ა.შ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: