მთავარი,სიახლეები

„ყოველთვის დავჭრი, რამდენჯერაც გააბამთ“ – 66 წლის ქალი საოკუპაციო ხაზიდან

27.10.2023 • 1599
„ყოველთვის დავჭრი, რამდენჯერაც გააბამთ“ – 66 წლის ქალი საოკუპაციო ხაზიდან

„ყოველთვის დავჭრი, რამდენჯერაც გააბამთ, ოკუპანტებო“, – ამბობს ლუდა სალია და სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო მავთულხლართებს რკინის მაკრატლით ჭრის.

„ეს ჩვენი სოფელი, ჩვენი შარაგზაა და არ გაქვთ უფლება, სოფელი შუაზე გაგვიყოთ. არც მორალური და არც არანაირი უფლება არ გაქვთ,“ – ამბობს ლუდა სალია.

ლუდას თქმით, ეს იყო პასუხი საპატრიარქოს პრესმდივნის კომენტარზე, რომელმაც განაცხადა, რომ თურმე ქართული დროშის აფრიალების გამო გაამკაცრეს რუსებმა კონტროლი ლომისში.

„მსგავსი პოლიტიკა და მიდგომა ოკუპანტებთან არის დამღუპველი“ – ამბობს ლუდა სალია „ბათუმელებთან“ საუბარში.

66 წლის ლუდა სალია აფხაზეთიდან დევნილია. სოხუმი დაცემის შემდეგ დატოვა და მისი მეუღლის სოფელში, ხურვალეთში დასახლდა.

ყოველდღე საკუთარი თვალით უყურებს მცოცავ ოკუპაციას და იმას, როგორ იტაცებენ საკუთარი ეზოებიდან რუსი ოკუპანტები საქართველოს მოქალაქეებს.

„2018 წელს ჩემი მზარეული საკუთარი ეზოდან გაიტაცეს და ცხინვალის ციხეში იყო. მერე გამოვისყიდეთ, რა თქმა უნდა. ეთნიკურად ოსია ეს ქალი და ვიღაცები ჩაერივნენ, რომ გაეთავისუფლებინათ.

ღამე არ ეძინა ქალს შიშითა და ნერვიულობით. გატაცების შემდეგ ინფარქტი მიიღო და მკურნალობდა. როცა მომჯობინდა, ისრაელში, ემიგრაციაში წავიდა.

ახლა გირაოსაც აღარ თანხმდებიან და ყველას ციხეში უშვებენ, ვისაც საოკუპაციო ხაზის კვეთის გამო გაიტაცებენ“, – გვეუბნება ლუდა სალია.

მისი თქმით, ხელისუფლება არაფერს აკეთებს არც გატაცებულების გამოსახსნელად და არც საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ადამიანების დასახმარებლად.

„ხელისუფლებას საერთოდ არ აინტერესებს ჩვენი ბედი. არც ირაკლი ბებუას ეხმარება, რომელიც სოხუმის ციხეშია გამოკეტილი.

რუსეთის დროშაც იმიტომ დაწვა ბებუამ, რომ საქართველო ერთიანია და ერთი დროშის ქვეშ უნდა გავერთიანდეთ ქართველები და აფხაზებიო, სხვა კი არაფერი დაუშავებია.

დეკანოზმა ანდრია ჯაღმაიძემ რომ თქვა, ვიღაცამ ქართული დროშა ააფრიალა ლომისში და მაგის მერე გაამკაცრეს რუსებმა კონტროლიო, ამიტომ გავავრცელე ის ვიდეო, სადაც მავთულხლართებს ვჭრი. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როცა მე მავთულხლართებს ვჭრი. სხვა დროსაც გადამიჭრია და ყოველთვის გადავჭრი, რადგან ამ მავთულხლართებს რუსი ოკუპანტები ჩვენს მიწაზე აბამენ.

ვისაც აღიზიანებს ქართული დროშა? მოვიდეს და მითხრას, აბა, რა აღიზიანებს.

ასე კი არ უნდა თქვას ჯაღმაიძემ, რომ რუსები ღიზიანდებიან თურმე, პირიქით, საპატრიარქომ და ეკლესიამ უნდა უთხრას რუსეთის საპატრიარქოს, რომ დაგვიბრუნონ ჩვენი სალოცავები, მაგრამ არა. ამიტომ დავარქვი ამ ყველაფერს უსიტყვო კაპიტულაცია. დავკარგავთ სახელმწიფოებრიობას ალბათ ასე თუ გავაგრძელეთ.

მაშინ ადგნენ და გვითხრან, რომ მიეყიდნენ რუსებს“, – ამბობს ლუდა სალია.

2017-2021 წლებში, რუსმა სამხედროებმა საოკუპაციო ზოლიდან 577 საქართველოს მოქალაქე გაიტაცეს, „საზღვრის უკანონო კვეთის ბრალდებით“.

რამდენიმე ადამიანი ახლაც ცხინვალის და სოხუმის ციხეებში იმყოფება პატიმრობაში. მათ შორისაა ირაკლი ბებუა, რომლის ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმეა.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური ამბობს, რომ ირაკლი ბებუას, ისევე როგორც ოკუპირებულ ტერიტორიებზე უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს სხვა მოქალაქეების უპირობო გათავისუფლების საკითხი, „მკაცრად დადგება მიმდინარე წლის 10-11 დეკემბერს დაგეგმილი ჟენევის საერთაშორისო დისკუსიების მორიგ რაუნდზე“, თუმცა საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ლუდა სალია მიიჩნევს, რომ მთავრობა არ იჩენს სათანადო ძალისხმევას უკანონო პატიმრობაში მყოფი მოქალაქეების გამოსახსნელად.

საოკუპაციო რეჟიმების მიერ უკანონო პატიმრობაში მყოფი საქართველოს არაერთი მოქალაქე გარდაიცვალა. მათ შორის ირაკლი კვარაცხელია და დავით ბაშარული.

საოკუპაციო ძალების მიერ იყო მოკლული არჩილ ტატუნაშვილი, ასევე გიგა ოთხოზორია, რომელიც 2016 წლის მაისში სოფელ ხურჩაში, დე ფაქტო აფხაზეთის საზღვართან, მოკლეს.

„ამ საქმეების მიმართ სამართლის აღსრულება ჯერ კიდევ ვერ ხერხდება, რაც ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის სინდრომს ქმნის და ახალისებს დანაშაულებრივ  ქმედებებს“-წერს სუს-ი 2021 წლის ანგარიშში.

ლუდა სალიას საოკუპაციო ხაზთან საქართველოს, უკრაინისა და ევროკავშირის დროშები აქვს გამოფენილი.

ლუდას სახლის წინ საქართველოს დროშის გარდა უკრაინის და ევროკავშირის დროშებიც აქვს გამოფენილი. ასე ცდილობს აჩვენოს ოკუპანტებს, თუ სად არის საქართველოს მომავალი და ადგილი.

„ერთი რიგითი ადამიანი ვარ, ქალი, რომელსაც თავისი ქვეყანა, სამშობლო უყვარს და ნამდვილად არ მინდა, აქ რუსმა ითარეშოს. ჩვენი მიწა ჩვენ უნდა გვეკუთვნოდეს.

ძალიან შემაშფოთებელია მცოცავი ოკუპაცია. იქაც, ხურვალეთში, ორი სალოცავი წაიღეს რუსებმა და ჩვენ, რა თქმა უნდა, ვერ მივდივართ, შორიდან ვუყურებთ.

გააუბედურეს, არც თვითონ უვლიან, არც ჩვენ გვიშვებენ. ან როდის იყო, რუსი ქართულ სალოცავს მოუვლიდა, გადაღებვებით არის დაკავებული და ასეთი სიტუაციაა“, – გვეუბნება ლუდა.

ოკუპაციისა და მძიმე სოციალურ-პოლიტიკური მდგომარეობის მიუხედავად, ლუდა ცდილობს პატარა იმედი გაუჩინოს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრებ ადამიანებს.

მავთულხლართებთან 80 მეტრში, სადაც მისი სახლი დგას, მოხუცთა სახლი გახსნა და 16 ხანდაზმულს უვლის. საკვირაო სკოლა აქვს საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები ბავშვებისთვის.

„რვა ადგილობრივი მყავს დასაქმებული, ორი დევნილიც მყავს სამაჩაბლოდან და ვართ, ვცხოვრობთ ასე და ვმუშაობთ.

ანწუხელიძის სახელობის საკვირაო სკოლა რეჟისორ სანდრო ელოშვილთან ერთად გავხსენი. რადგან ჯერ შენობა არ გვაქვს, ჩემ სახლში მოდიან ბავშვები.

მოხუცთა სახლი ვაუჩერული დაფინანსებითაა და სახელმწიფო ზრუნვის სააგენტო იხდის თანხას. ამ მხრივ პრობლემა არ გვაქვს სახელმწიფოსთან, მაგრამ მისი დამოკიდებულება ოკუპაციასთან უკვე თვალის დახუჭვა კი აღარ არის, კაპიტულაციამდე მიდის საქმე და ეს ძალიან ცუდია.

ჩვენ კი, აქ მყოფი მოსახლეობა, ასე ვართ აქ და ვცდილობთ, ცოტათი მაინც ავაჟრიამულოთ სოფელი“, – გვეუბნება ლუდა სალია.

ევროკავშირის სადამკვირვებლო მისია
ფოტო: ნეტგაზეთი

სუს-ის ბოლო, 2021 წლის ანგარიშის მიხედვით, ამავე პერიოდში, ადამიანების გატაცების გარდა ოკუპირებული აფხაზეთის მიმართულებით უკანონო ე.წ. ბორდერიზაციის 9, ხოლო ოკუპირებული ცხინვალის რეგიონის მიმართულებით – 130 შემთხვევა დაფიქსირდა.

„უკანონო აქტივობები გამოიხატა როგორც ახალი მავთულხლართების გავლებაში, ისე ძველი მავთულხლართებისა და ღობეების განახლებაში, ე.წ. ხანძარსაწინააღმდეგო ხნულებისა და მიწათხრილების მოწყობაში, ე.წ. საზღვრის აღმნიშვნელი ბანერებისა და საგუშაგოების უკანონოდ აღმართვაში“-წერს სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური.

ამავე ანგარიშის მიხედვით, საანგარიშო პერიოდში ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ ფიქსირდებოდა ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის მიზანმიმართული დისკრიმინაცია, რაც გამოიხატებოდა მშობლიურ ენაზე განათლების მიღების უფლების შეზღუდვაში, ასევე „რეგიონების რუსიფიკაციისა და მოსახლეობის ეთნიკური იდენტობის შეცვლის, მათი ასიმილაციისკენ მიმართული პოლიტიკა“.

რუსეთის მიერ ოკუპირებულ ტერიტორიებზე კვლავ გრძელდება დევნილობაში მყოფი საქართველოს მოქალაქეების საკუთრებაში არსებული ქონების, საცხოვრებელი სახლების განადგურება ან ქონებზე უფლების შეზღუდვა.

„განსაკუთრებულ შეშფოთებას იწვევს ოკუპირებულ ცხინვალის რეგიონში, სოფელ ერედვში ეთნიკურად ქართველი მოსახლეობის ნასახლარებზე ნაგავსაყრელის ამოქმედება“-წერს უსაფრთხოების სამსახური.

მათივე შეფასებით, უკანონო დაკავებები, ე.წ. ბორდერიზაცია და თავისუფალ გადაადგილებაზე დაწესებული შეზღუდვები უხეშად არღვევს ადგილობრივი მოსახლეობის უფლებებს, აუარესებს მათ ეკონომიკურ მდგომარეობას, აზიანებს ადგილზე არსებულ უსაფრთხოების გარემოს და ახდენს საოკუპაციო ხაზის გასწვრივ მცხოვრები მოსახლეობის იზოლაციას.

ფოტო: რეგინფო/ უცხოელი დიპლომატები საოკუპაციო ხაზთან. 2017 წელი.

2008 წლიდან მოყოლებული, ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიამ (EUMM) 86 000-ზე მეტი პატრულირება განახორციელა, რაც ხელს უწყობს საქართველოს უფრო მეტ სტაბილურობას და ადგილობრივი მოსახლეობის უსაფრთხოებას.

თუმცა, კონფლიქტის ზონაში მცხოვრები მოქალაქეები მიიჩნევენ, რომ სანამ რუსული საოკუპაციო ძალები დგანან ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ნდობის აღდგენა და მშვიდობის მიღწევა ამ რეგიონებში, ძალიან რთული იქნება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: