მთავარი,სიახლეები

როგორ ახერხებს ივანიშვილი ოპოზიციის დასუსტებას

28.10.2023 • 1154
როგორ ახერხებს ივანიშვილი ოპოზიციის დასუსტებას

„ივანიშვილმა მოახერხა ის, რომ მთლიანობაში ნდობა დაიკარგა ყველაფრის მიმართ, დისკრედიტაცია მოხდა მთლიანად პროცესის,“ – თავის დაკვირვებას გვიზიარებს ეკა ბესელია, რომელსაც ვკითხეთ: რა როლი აქვს ბიძინა ივანიშვილს ოპოზიციის დასუსტებაში?

პოლიტიკური ოპოზიციის წევრები, თუ ივანიშვილის თანაგუნდელები სხვადასხვა მეთოდს ასახელებენ, თუ როგორ მუშაობს ივანიშვილი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ. პირველ რიგში, მათ ფინანსური მოტივაციების შექმნა ახსენდებათ და დისკრედიტაცია.

„ჩვენთან პერსონებზე გადის მაინც პროცესის „ტვირთი“. ინსტიტუციურად ოპოზიციაც მყიფეა,“ – აღნიშნავს ეკა ბესელია.

პოლიტიკოსებს უჭირთ გადაჭრით იმის თქმა, მთავარ ოპოზიციურ პარტიაში მიმდინარე რყევებსა და დასუსტებაში ურევია თუ არა ივანიშვილის ხელი.

„ამას დრო გამოაჩენს“, – გვპასუხობს ენმ-დან წამოსული ხატია დეკანოიძე.

„მე მაინც მგონია, რომ ამაში ხელისუფლების ხელი ურევია. შეიძლება ისე, რომ თვითონაც ვერ ხვდებიან ამას,“ – ივანიშვილს არ ასახელებს, თუმცა მისი პოლიტიკური სვლის ამოცნობას ცდილობს მისი ყოფილი თანაგუნდელი – ეკა ბესელია.

  • რა მეთოდებით ახერხებს ივანიშვილის ოპოზიციის დასუსტებას? 

„ვიღაც გადაიბირეს, ვიღაც მოისყიდეს, დაიჭირეს… ეს პროცესი ჯერ კიდევ 2012 წელს დაიწყო,“ – გვიყვება ხატია დეკანოიძე, რომელმაც ცოტა ხნის წინ ენმ დატოვა და ახლა საპარლამენტო პოლიტიკური ჯგუფის „ევროოპტიმისტების“ წევრია: – „ხომ გახსოვთ, მაშინ, 2012 წელს, მაჟორიტარების ნაწილი როგორ გადავიდა „ოცნებაში“: ზოგი დააშანტაჟეს, ზოგთან სუსმა იმუშავა, ფული გააკეთებინეს, ან ოჯახის წევრებით დააშინეს… იგივე მეთოდებია ახლაც,“ – ამბობს ხატია დეკანოიძე.

იგი განსაკუთრებულ აქცენტს პოლარიზაციაზე აკეთებს, რომელიც, მისი აზრით, ყველაზე მეტად ივანიშვილს აწყობს პოლიტიკური ოპონენტების დასასუსტებლად.

„პოლარიზაციას უწყობს ხელს ივანიშვილი, რომ ადამიანებს აღარ დარჩეთ სივრცე, სადაც შეიძლება აკეთო რეალური პოლიტიკა. მუდმივად გვაქვს დაპირისპირება, შეჯახება, აი, აგენტები, მოღალატეები და ამ დროს რეალურად ვერანაირ პროდუქტს საზოგადოებას ვერ სთავაზობს ოპოზიცია.

ოპოზიციას არც აქვს ნაფიქრი პროდუქტის შექმნაზე. პოლარიზაციის შედეგია ესეც. მაგალითად, გვქონდა კანონპროექტი სკოლებში დირექტორების არჩევაზე – კარგად ვხედავთ ყველა, როგორ დაიწყო „ოცნებამ“ წინასაარჩევნო კამპანია სკოლებში და მიდის რეპრესიები, მაგრამ ეს კანონპროექტი მხოლოდ დილის საინფორმაციო გამოშვებებში გავიდა.

ჩემი პარტიიდან წამოსვლის ერთ-ერთი მთავარი მიზეზიც ეს იყო: ოპოზიციური პარტიები ხშირ შემთხვევაში ვერ ქმნიან დღის წესრიგს, მხოლოდ ერთდღიანი გზავნილებით მოქმედებენ… ჩვენ დავცილდით ადამიანების ყოფას,“ – მიიჩნევს ხატია დეკანოიძე.

ხატია დეკანოიძე

როცა ოპოზიციური პარტია ვერ პასუხობს გამოწვევებს, ეს ოპოზიციის მოქნილობის და პოლიტიკური ცოდნის პრობლემაა, თუ ივანიშვილმა შექმნა ეს მოცემულობა?

„ძირითადად სახელისუფლებო პროპაგანდა ქმნის პოლიტიკურ დღის წესრიგს,“ – ხატია დეკანოიძის დაკვირვებით ბიძინა ივანიშვილი  პროპაგანდისტული გზავნილებითაც ახერხებს ოპოზიციის დასუსტებას.

„მაგალითად, პროპაგანდამ სააკაშვილი დახატა მტრის ხატად და ამან იმუშავა წარმატებით. ჩვენ ამას ვერაფერი ვერ დავუპირისპირეთ, რადგან ღერძი მაინც იყო სააკაშვილი და ეს დღემდე მუშაობს.

ამას ახლა დაუმატა ივანიშვილმა ომის შიში, პროპაგანდა ომის შიშის კულტივაციას ახდენს და ესეც მუშაობს,“ – ამბობს ხატია დეკანოიძე.

ოპოზიციონერის აზრით, ივანიშვილი ფინანსურ რესურსებსაც უკეტავს ოპოზიციას, ასევე მედიის ნაწილს:

„პრობლემაა დამოუკიდებელი ფინანსური წყაროებიც – ბიზნესმენებს უჭირთ გადაწყვეტილების მიღება, რადგან ელით რეპრესიები, თუ ოპოზიციას დააფინანსებენ. ფინანსური დამოუკიდებლობის პრობლემა აქვთ ტელევიზიებსაც.

პარტია უნდა იყოს დაფუძნებული იდეოლოგიაზე და ქმნიდეს გარკვეულ პროდუქტს, მაგრამ როგორც „ქართული ოცნებაა“ დამოკიდებული მხოლოდ ივანიშვილზე, ენმ სააკაშვილზე დამოკიდებული პარტიაა და ჭირს ამ მოცემულობაში პროდუქტის შექმნა. ამიტომაც აწყობს ივანიშვილს პოლარიზაცია და ეს ფონი.

საზოგადოებაში ხელისუფლების მიმართ უკმაყოფილება იზრდება, მაგრამ ვერ იმატებს ნდობა ოპოზიციის მიმართ, რადგან ჩვენ ერთი და იგივე ამომრჩეველს ველაპარაკებით,“ – ისევ ოპოზიციის კრიტიკას უბრუნდება ხატია დეკანოიძე და მიჩნევს, რომ ივანიშვილის სტრატეგიას ოპოზიციამ გააზრებული სვლით უნდა უპასუხოს.

„კონკრეტულ მაგალითებს ვერ დაგისახელებთ, რადგან არ არსებობს სამხილები, ამაზე ადამიანებმა ღიად უნდა ისაუბრონ, თუმცა კორუფციული გარიგება რომ იყო გოგა კიკილაშვილის შემთხვევაში, ეს ხომ ცხადია? ეს არის მაგალითი, როგორ ყიდულობს ივანიშვილი მოსამართლის ხმას,“ – პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის იმპიჩმენტის საქმე ახსენდება ეკა ბესელიას, რომელსაც ასევე ივანიშვილის სტრატეგიაზე ვესაუბრეთ: რა მეთოდებით მუშაობს ოლიგარქი პოლიტიკური ოპონენტების წინააღმდეგ?

პარტია „სამართლიანობისთვის“ ლიდერი – ეკა ბესელია იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად გოგა კიკილაშვილის არჩევაზე გვესაუბრება – პარლამენტმა მოსამართლის შვილი იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრად 2023 წლის 17 ოქტომბერს აირჩია, ამ გადაწყვეტილების წინა დღით კი, საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეების უმრავლესობამ, მათ შორის, ხვიჩა კიკილაშვილმა დასკვნა დადო, რომ სალომე ზურაბიშვილმა კონსტიტუცია დაარღვია.

ეკა ბესელიას აზრით, გადმობირება და მოსყიდვა, ასევე, დისკრედიტაცია მთავარი ინსტრუმენტებია ივანიშვილის ხელში პოლიტიკური ოპოზიციის წინააღმდეგ. ივანიშვილის ყოფილი თანაგუნდელის დაკვირვებით, ბიძინა ივანიშვილი მაშინვე ცდილობს ნებისმიერი ადამიანის „გაშავებას“, როცა პოლიტიკურ არენაზე კონკრეტული პირის პოლიტიკურად გაძლიერების პოტენციურ საფრთხეს ხედავს.

„ვფიქრობ, ამიტომაც გახდა სამიზნე სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც განიხილავენ, როგორც ოპონენტს და ძალაუფლების შენარჩუნების პროცესში საფრთხის შემცველს. იმპიჩმენტის პროცესის დაწყების მთავარი მიზანი იყო დისკრედიტაციის კამპანია, რომ სალომე ზურაბიშვილმა ვერ შეძლოს გაძლიერება.

ბიძინა ივანიშვილი ებრძვის ყველა შესაძლებლობას, სადაც შეიძლება გაჩნდეს კოალიციის, პოლიტიკური ერთობის შექმნის რესურსი,“ – გვიყვება ეკა ბესელია.

ეკა ბესელია

ეკა ბესელია გვახსენებს, რომ 2012 წელს ივანიშვილის გამარჯვების ფორმულა იყო დამოკიდებული არა მხოლოდ ივანიშვილის გამოჩენაზე, არამედ გამარჯვება ოპოზიციის ერთობამ განაპირობა. მისი აზრით, ივანიშვილის დამარცხება ისევ ერთობით შეიძლება.

„მაშინ [2012 წელი] გამარჯვების ფორმულა იყო დიდი ერთობა. მახსოვს, თავად [ივანიშვილმა] მითხრა, მოდი, დავუძახოთ, პატარა პარტიებსაც, ყველა შემოვიკრიბოთო. ეს არ იყო ახალი ველოსიპედი, მაგრამ იყო სწორი ფორმულა,“ – გვიყვება ეკა ბესელია.

დიდი ფინანსური და სახელისუფლებო ბერკეტების მიუხედავად, ეკა ბესელია დარწმუნებულია, რომ ოპოზიცია გაძლიერებას და ნდობის მოპოვებას შეძლებს – ეკა ბესელია ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ ივანიშვილის ქცევა 2020 წლის არჩევნების შემდეგ მკვეთრად შეიცვალა, როცა მან დაინახა, რომ პროპორციული სისტემით არჩევნები წააგო და მაჟორიტარების ხარჯზე შექმნა „ოცნებამ“ უმრავლესობა პარლამენტში.

„2020 წლამდე ივანიშვილი ჯერ კიდევ მიიჩნევდა, რომ ძალაუფლების გაყოფა შესაძლებელია. ახლა ის ასე არ ფიქრობს და ყველაფერი, რამაც შეიძლება წარმოქმნას ალტერნატიული ძალა და დააკარგვინოს ძალაუფლება, მას აფრთხობს. ის ცდილობს, რომ დაასუსტოს ოპოზიცია – ვინც ძლიერია, ცხადია, ვერ მართავ და ვერ გექნება გავლენა. მან მოახერხა და შექმნა კიდეც ასეთი გარემო.

ინსტიტუციური სიმყიფე და, ზოგადად, პოლიტიკური სისტემის არამდგრადობა  გავლენას ახდენს მთლიანად პროცესზე, თუმცა თუ გავიხსენებთ 2020 წლის არჩევნების შედეგებს, ჯამურად ოპოზიციამ მეტი ხმა აიღო პროპორციული არჩევნების ნაწილში, ვიდრე „ქართულმა ოცნებამ“. ეს მარტივად აჩვენებს იმას, რომ ოპოზიციურად განწყობილი ამომრჩევლების რაოდენობა იზრდება.

ოპოზიციის ამოცანა უნდა იყოს დღეს რამდენიმე, მაგრამ არა ბევრი და ძლიერი ალტერნატივის შექმნა. თუ „ნაციონალური მოძრაობა“ არ იქნება ისეთი მონსტრი, როგორიც იყო, როცა იგი ყველას ისრუტავდა, შესაძლოა, მოცემულობა შეიცვალოს. ჩემი აზრით, ახალი სახეები უნდა მოვიდნენ პოლიტიკაში, არსებული პოლიტიკური სპექტრი დაბერდა, თუმცა საჭიროა გამოცდილებაც – გაზავება უნდა მოხდეს სიახლის და გამოცდილების. სამოქალაქო სექტორში უამრავი აქტიური ადამიანია, უნდა გარისკონ და გაიმეტონ საკუთარი კომფორტის ზონა,“ – მიიჩნევს ეკა ბესელია.

ოპოზიციის ერთობის საკითხს როგორ იყენებს ივანიშვილის პროპაგანდა? – პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა გვესაუბრება:

„ოცნების“ მთავარი გზავნილი არის ის, რომ ყველა, ვინც ჩვენი მოწინააღმდეგეა, კოლექტიური ნაცმოძრაობაა, მაგრამ რადგან სინამდვილეში ეს ასე არ არის, ის იყენებს ოპოზიციაში არსებულ, ერთმანეთისგან განსხვავებულ ინტერესებს იმ განწყობის წარმოსაჩენად, რომ ესენი ერთიანიც კი არ არიან, ნახეთ, ერთმანეთს როგორ უპირისპირდებიან,“ – გვიყვება პოლიტოლოგი, GIPA-ს პროფესორი ბაკურ კვაშილავა.

პოლიტოლოგს ეჭვი აქვს, რომ ივანიშვილი ხშირად „ფინანსური დაინტერესებით ახერხებს პარტიების დაშლას.“

„ჯერჯერობით არცერთი კონკრეტული სამხილი არ არსებობს, რომ ვთქვათ, რომ აი, თანხის გადარიცხვა დაფიქსირდა, მაგრამ ეს ვარაუდია. ვარაუდია კონკრეტული პირების გადაბირებაც. ბიძინა ივანიშვილი პირდაპირ არ ჩნდება, მაგრამ გვაქვს საკმარისი საფუძველი ვივარაუდოთ, რომ „ოცნების“ უკან ივანიშვილი დგას და „ოცნება“ იქცევა ისე, როგორც ივანიშვილს სურს.

ფაქტი ისაა, რომ ამ დრომდე „ქართული ოცნება“ აკონტროლებს პოლიტიკური დღის წესრიგს და ოპოზიცია ელის ორშაბათის ბრიფინგს, რომ პასუხი გასცეს…“, – პოლიტიკურ დღის წესრიგზე ამახვილებს ყურადღებას ბაკურ კვაშილავა, რადგან რეიტინგის კლების მიუხედავად, მმართველი პოლიტიკური გუნდი ახერხებს პოლიტიკური ამინდი თავად შექმნას. პოლიტოლოგის აზრით, ამას „ოცნება“ ადმინისტრაციული და ფინანსური რესურსების პოლიტიკურად „სწორად გამოყენებით“ ახერხებს.

ბაკურ კვაშილავა

„როდესაც ეს უზარმაზარი ფინანსური რესურსი აქვთ, ამ დროს შეიძლება შენთვის  სასარგებლო მოტივაცია შეუქმნა მოწინააღმდეგეს და ამან გამოიწვიოს პარტიის დაშლა ნაწილებად, ან საერთოდ ისეთი სტრატეგიის შექმნა კონკრეტულ პარტიაში, რომელიც ნაკლებად დააზიანებს „ქართულ ოცნებას“.

რამდენიც არ უნდა იძახოს „ოცნებამ“, რომ ოპოზიცია არის „კოლექტიური ნაცმოძრაობა“, „რადიკალური ოპოზიცია“ და სხვა, გამოგონილი ტერმინებით ისაუბროს, ფაქტია, რომ ოპოზიციაში არსებობენ ერთმანეთისგან დამოუკიდებელი ლიდერები, რომლებიც რაღაც საკითხებზე შესაძლოა იზიარებენ ერთმანეთის პოზიციებს, მაგრამ მათ დამოუკიდებელი მიზნები და ინტერესები აქვთ. ამ დროს დომინანტურ ძალას შეუძლია ისე მოაწყოს ეს ინტერესები, რომ ისინი ერთმანეთს დაუპირისპირდნენ.

„ოცნების“ ბრძოლის ეს წესები აშკარად არ არის სამართლიანი, რადგან იგივე საჯარო სამსახურებში დასაქმებული ადამიანების ერთგულება უნდა ნიშნავდეს ქვეყნის ერთგულებას და არა კონკრეტული პარტიის ერთგულებას… „ოცნებას“ ასევე შეუძლია გაცილებით მეტი პროფესიონალის დაქირავება, რომელიც შეადგენს მედია კონტენტს, სტრატეგიულ გეგმას და დასახავს მის განხორციელებას.

ჩვენ ვვარაუდობთ, რომ „ოცნება“ გარკვეულ მოტივაციებს უქმნის კონკრეტულ ადამიანებს, რომლებიც აზიანებენ რომელიმე პარტიას, ან მთლიანად ოპოზიციის რეიტინგს, მაგრამ ეს არის ისეთი რამ, რაც მაშინვე შეიცვლება, როგორც კი ოპოზიციაში დაიჯერებენ, რომ „ოცნების“ დამარცხება შესაძლებელია,“ – მიიჩნევს პოლიტოლოგი ბაკურ კვაშილავა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: