მთავარი,სიახლეები

„პენსიას ანაბარზე ვინახავდი და პირიქით, 4 წლის პენსია დავკარგე“ – 70 წლის ქალი ქობულეთიდან

27.10.2023 • 84815
„პენსიას ანაბარზე ვინახავდი და პირიქით, 4 წლის პენსია დავკარგე“ – 70 წლის ქალი ქობულეთიდან

„10 წლის წინ, როცა პენსიონერი გავხდი, ვიფიქრე, ანაბარს გავხსნი და შვილს ბინის ფულს დავუგროვებ-მეთქი, სოციალური ანაბარი გავხსენი და პენსია ავტომატურად ანაბარზე გადადიოდა. თანხის დაგროვების ნაცვლად, 4 წლის პენსია საერთოდ დავკარგე,“ – ამბობს 70 წლის ლილი შაქარიშვილი, რომელიც ქობულეთში, სოფელ კვირიკეში ცხოვრობს.

ლილი შაქარიშვილმა „ლიბერთი ბანკთან“ სოციალური ანაბრის ხელშეკრულება 2014 წელს გააფორმა – პენსიონერის პენსია ავტომატურად ანაბარზე გადადიოდა იმ პირობით, რომ მის პენსიას წლიური 13 % სარგებელი დაემატებოდა. ხელშეკრულების პირობის მიხედვით, ლილი შაქარიშვილს საპროცენტო სარგებელი ყოველი პენსიის ჩარიცხვიდან ერთი თვის გასვლის შემდეგ დაერიცხებოდა, თუ ის პენსიას არ აიღებდა.

„გასულ წელს დავინტერესდი და მოვიკითხე, რამდენი დაგროვდა, მითხარით-მეთქი“, – გვიყვება ლილი შაქარიშვილი, – „მითხრეს, 19 700 ლარია თქვენს ანგარიშზეო. გამიკვირდა, რადგან რამდენჯერმე დამჭირდა და კი ავიღე პენსია, მაგრამ 3 ათასი ლარი იქეთ დავამატე წლების წინ ანაბარს. ბევრად მეტი უნდა ყოფილიყო.

შევედი მენეჯერთან. მენეჯერმა დაიანგარიშა და 20 300 ლარიაო. ასე უცებ საიდან გაჩნდა ის 600 ლარიც, ვერ მითხრეს. მერე ამიხსნეს და დადგინდა, როცა ამონაწერი მომცეს სრულად, რომ თურმე ბოლო 4 წელი პენსია აღარ მერიცხებოდა. სოციალურ სააგენტოს დააბრალეს, ალბათ გარდაცვლილი ეგონეთ ან საზღვარგარეთ წასულიო. გარდაცვლილი როგორ გეგონეთ, წელიწადში სამჯერ ჩამოვდიოდი და ხელს ვაწერდი ხელშეკრულებას-მეთქი, კონსულტანტებს ვუთხარი.

აღმოჩნდა, რომ 2018 წლის მარტიდან 2022 წლის მარტამდე გაჩერებული იყო ჩემი პენსიის ჩარიცხვა. სოცსააგენტოში გამიშვეს. იქ მითხრეს, ჩვენი ბრალი არაფერი არ არის, სადაც გინდათ, იქ გვიჩივლეთო,“ – ამბობს ლილი შაქარიშვილი.

პენსიონერმა საბანკო ჩარიცხვების ამონაწერი გვაჩვენა – წარმოდგენილი დოკუმენტაცია სრული არ არის, თუმცა ლილი შაქარიშვილის მიერ წარმოდგენილი საბანკო ამონაწერის მიხედვით, მას 2018 წლამდე პენსია ყოველთვიურად ერიცხებოდა, 2018 წლის შემდეგი პერიოდის ამონაწერში კი, „პენსია“ აღარ გვხდება, აქ მხოლოდ ანაბარზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის შესახებ მონაცემია.

მას შემდეგ, რაც მოქალაქეს ბანკისგან კონკრეტული პასუხი ვერ მიუღია, ანგარიშზე არსებული თანხა აუღია. ლილი შაქარიშვილს 2022 წლის მარტიდან ასევე განუახლეს პენსიის ჩარიცხვა. პენსიონერი აპირებს „ლიბერთი ბანკის“ წინააღმდეგ სასამართლოს მიმართოს.

„სახელმწიფო პენსიის შესახებ“ კანონის მიხედვით, პენსია შეიძლება შეჩერდეს, თუ პირი პენსიას ზედიზედ 6 თვის განმავლობაში არ აიღებს. კანონი ითვალისწინებს პენსიის შეწყვეტასაც რამდენიმე შემთხვევაში, მათ შორის, „პენსიის შეჩერების დღიდან 3 წლის გასვლის შემდეგ“.

რა ხდება ამ შემთხვევაში, როცა პენსიონერს პენსია ანგარიშიდან არ გამოაქვს, მაგრამ მას სოციალური ანაბრის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული? – „ლიბერთი ბანკს“ ჩვენ ამ შეკითხვით მივმართეთ და კონკრეტულ საქმეზე განმარტება ვთხოვეთ, თუმცა ბანკში ჩვენი კითხვები უპასუხოდ დატოვეს.

სოციალური მომსახურების სააგენტოს პრესცენტრში კი განმარტეს, რომ სააგენტოს მოქალაქემ უნდა შეატყობინოს, როცა ის საპენსიო ბარათს აღარ იყენებს და პენსიას კანონით განსაზღვრულ დროში არ იღებს. სააგენტოში ასევე განმარტეს, რომ პენსიის შეწყვეტიდან წელიწად-ნახევრის განმავლობაში უნდა მიემართა მოქალაქეს სააგენტოსთვის, რომ ის პენსია მიეღო, რის ჩარიცხვაც შეწყვეტილი იყო.

სააგენტოში კონკრეტულ შემთხვევააზე დამატებითი ინფორმაციის მოწოდებასაც დაგვპირდნენ.

___

 „ლიბერთი ბანკის“ ან სოციალური სამსახურისგან ინფორმაციის მიღების შემთხვევაში მასალა განახლდება. 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: