მთავარი,სიახლეები

რას ამბობს ყოფილი მოსამართლე სასამართლოში „საინტერესო საქმეების“ გადანაწილებაზე

31.10.2023 • 838
რას ამბობს ყოფილი მოსამართლე სასამართლოში „საინტერესო საქმეების“ გადანაწილებაზე

„ელექტრონული გადანაწილება ჩვენ მოცემულობაში ვერ უზრუნველყოფს თანაბრობას: ზოგიერთი მოსამართლე ნაკლებად დატვირთულია და საქმეებს ნაკლებად განიხილავს, თუმცა ჩვენთან ისეთი მოსამართლეები არიან პრივილეგირებული, უმჯობესია, მაგათ არც განიხილონ რომელიმე საქმე,“ – ხუმრობის განწყობაზე მოდის ადვოკატი ბექა ბასილაია, როცა მას საქმეების ელექტრონულ გადანაწილებაზე ვესაუბრებით.

ეს სისტემა 2018 წლიდან ამოქმედდა საერთაშორისო პარტნიორების ხელშეწყობით. ამ მოდელმა უნდა უზრუნველყოს როგორც თანაბრობა მოსამართლეებს შორის, ასევე მიუკერძოებლობის პრინციპის შექმნა: არავინ იცოდეს წინასწარ, რომელი საქმე რომელი მოსამართლის სამუშაო მაგიდაზე აღმოჩნდება.

რა შეიცვალა სასამართლო სისტემაში საქმეების ელექტრონული, შემთხვევითი გადანაწილების სისტემის ამოქმედებით?

„თუ მანამდე სასამართლოს თავმჯდომარეს შეეძლო, პირდაპირ მიეტანა „საინტერესო“ საქმე მოსამართლემდე, ახლა ეს წესი იძლევა საშუალებას, რომ მოსამართლე მიიყვანონ კონკრეტულ საქმემდე. ეს არის ირიბი გზა იმისთვის, რომ „საინტერესო საქმე“ სისტემისთვის სასურველი მოსამართლის ხელში აღმოჩნდეს,“ – გვიყვება მაია ბაქრაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

პროგრამა ალგორითმის მიხედვით მუშაობს, როცა მოსამართლეებს რიგითობის მიხედვით უწევთ საქმეები, თუმცა სამართლებრივი ბაზა არაერთ დაშვებას ითვალისწინებს, მაგალითად, თუ მოსამართლე იმავდროულად სასამართლოს თავმჯდომარეა ან იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი, მისი სახელი და გვარი უფრო იშვიათად მოხვდება ელექტრონულ პროგრამაში, ვიდრე ჩვეულებრივი მოსამართლე.

ადვოკატი ბექა ბასილაია, რომელსაც ხშირად აქვს პოლიტიკურად მაღალი ინტერესის მქონე საქმეები, მაგალითად, მიხეილ სააკაშვილის საქმე, თავის დაკვირვებას გვიზიარებს, რატომ ვერ აღმოჩნდა ეფექტური საქმეთა ელექტრონული, შემთხვევითი გადანაწილების მოდელი:

„არ ვიცი, პრაქტიკაში რა მეთოდს იყენებენ, მაგრამ მთავარი პრობლემა ხომ ჩვენ შემთხვევაში არის დამოუკიდებელი მოსამართლეები. ეს სისტემა იმუშავებდა იმ შემთხვევაში, როცა მოსამართლეების დიდი ნაწილი დამოუკიდებელია და მცირე ნაწილთან გვაქვს მიკერძოებული გადაწყვეტილების მიღების საფრთხე. ჩვენ დაახლოებით 10 პროცენტი გვყავს კეთილსინდისიერი მოსამართლე და 90 % – კონტროლირებადია.

სისტემის ამოცანაა, მისთვის საინტერესო საქმე არ მოხვდეს კეთილსინდისიერ მოსამართლესთან, რომ მან არაპროგნოზირებადი გადაწყვეტილება არ მიიღოს,“ – გვიყვება ბექა ბასილაია.

ბექა ბასილაია

პრაქტიკაში რა სქემა მუშაობს იმისთვის, რომ პოლიტიკურად „საინტერესო საქმე“ დაინტერესებული ჯგუფისთვის სასურველ მოსამართლესთან მოხვდეს? – კანონი არაერთ გამონაკლისს უშვებს, მაგალითად, სასამართლოს თავმჯდომარეების ბუნდოვანი უფლებამოსილება, როცა მას შეუძლია მოსამართლეების მორიგეობის გეგმა დაუსაბუთებლად შეცვალოს, ან კლანისთვის არასასურველი მოსამართლე ერთი კოლეგიიდან მეორეში გაამწესოს.

სამხილი არ მაქვსო, შენიშნავს ადვოკატი ბექა ბასილაია, თუმცა მას ეჭვი აქვს, ამ მხრივ პროკურორებიც აქტიურობენ:

„პროკურორებმაც იციან, რომ პროგრამის ალგორითმი რიგითობის მიხედვით აწერს მოსამართლეებს საქმეებს. პროკურორებს აქვთ წვდომა ინფორმაციაზე, რომელ მოსამართლეს რომელი საქმე ეწერება. თუ პროკურორს სურს, სასურველი საქმე არ მოხვდეს მისთვის არასასურველ მოსამართლესთან, იმ დღეს სხვა საქმეს შეიტანს სასამართლოში, მაგალითად, ნარკოდანაშაულის ან ქურდობის საქმეს. „არასასურველი“ მოსამართლის რიგი რომ ჩაივლის და სხვა საქმით დაკავდება, მერე შეიტანს სასამართლოში საქმეს, რომელსაც რომელიმე კონტროლირებადი მოსამართლე განიხილავს.

თუ დააკვირდებით, საქმეებზე, სადაც ხელისუფლების პირდაპირი ინტერესია გამამტყუნებელი განაჩენების მიღება, მუდმივად ხვდება იმ მოსამართლის ხელში, ვისგანაც ლოიალური განწყობა ხელისუფლებას გარანტირებული აქვს,“ – მიიჩნევს ბექა ბასილაია.

„პირველ რიგში, მინდა ვთქვა, რომ ელექტრონული განაწილების წესი არის ძალიან კარგი – საქმეები უნდა ნაწილდებოდეს შემთხვევითობით, მაგრამ ჩვენ მოცემულობაში ეს სისტემა ადამიანის ჩარევას არ გამორიცხავს: არსებობს საგამონაკლისო შემთხვევები და წესი უფრო გამოდის გამონაკლისი, ვიდრე თავად საგამონაკლისო შემთხვევები,“ – გვესაუბრება ყოფილი მოსამართლე, მაია ბაქრაძე, თბილისის სააპელაციო სასამართლოს ყოფილი მოსამართლე.

მაია ბაქრაძე ამჯერად „დამოუკიდებელი იურისტების ჯგუფის“ წევრია და გამონაკლისებზე ამახვილებს ყურადღებას:

„მაგალითად, სასამართლოს თავმჯდომარე  ვერ ჩაერევა იმ საქმეების გადანაწილების სისტემაში, რომელიც ალგორითმის მიხედვით მუშაობს, თუმცა შეუძლია, მაგალითად, მოსამართლეების მორიგეობის გრაფიკი შეცვალოს.  შემთხვევითობის პრინციპი ასე ირღვევა.

ჩარევის შესაძლებლობა არის იმ შემთხვევაშიც, როცა სასამართლო ადმინისტრაციულ დავებზე ვადებში შეზღუდულია.

შემთხვევა იყო სააპელაციო სასამართლოში, როცა კონკრეტულ სპეციალიზაციაში საქმეებს მხოლოდ 3 მოსამართლე განიხილავდა. პროგრამას როგორც არ უნდა ემუშავა, სულ ამ სამ მოსამართლეში ატრიალებდა საქმეებს. ეს სამი მოსამართლე ერთი პალატის შემადგენლობა იყო.

სასამართლოს თავმჯდომარეებს შეუძლიათ, მოსამართლეები პალატიდან პალატაში გადააადგილონ, ან კოლეგიიდან – კოლეგიაში,“ – უყვება მაია ბაქრაძე „ბათუმელებს“.

მაია ბაქრაძე

ყოფილ მოსამართლეს თანაბრობის პრინციპის დაცვაზეც ვკითხეთ: რა სახის პრობლემაა, როცა თანამდებობაზე მყოფ მოსამართლეებს ნაკლებად უწევთ საქმის განხილვა?

„პრობლემაა ის, რომ ეს თანამდებობები იქცა ერთგვარ ცენზად და ჩინად. ამ წოდების ქვეშ ფუნქცია არ მოიაზრება, ამიტომაც ეს შეღავათები ძალიან უსამართლოა. მოდით, ვთქვათ, რა დამატებითი ფუნქციების შესრულება უწევთ, მაგალითად, სასამართლოს თავმჯდომარეებს? – სადაც მენეჯერები ჰყავთ, იქ ისინი ახორციელებენ მენეჯერულ ფუნქციებს, კოლეგიებისა და პალატების თავმჯდომარეებს საერთოდ ფუნქცია არ აქვთ. თქვან მაშინ, რას აკეთებენ, რის გამო არ უნდა განიხილავდნენ საქმეებს?“

სასამართლო კლანის ცნობილი სახეები, რომლებსაც საქმეების განხილვა იშვიათად უწევთ, სახალხო დამცველის 2023 წელს გამოქვეყნებული საპარლამენტო ანგარიშშიც მოხვდნენ:

„თბილისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარესა და ამავე სასამართლოს საგამოძიებო კოლეგიის თავმჯდომარეს, მიხეილ ჩინჩალაძეს, 2022 წელს, 11 თვის განმავლობაში, ჯამში დაეწერა 27 საქმე, მაშინ როდესაც ამავე პერიოდში ამავე კოლეგიის დანარჩენ 5 მოსამართლეს 1840 საქმე – თითოეულს საშუალოდ 368 საქმე.

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს თავმჯდომარეს, ირაკლი ბონდარენკოს, 2022 წლის 11 თვის განმავლობაში ჯამში სულ დაეწერა 3 საქმე, მაშინ, როდესაც ამავე პერიოდში იმავე პალატის დანარჩენ 5 მოსამართლეს დაეწერა ჯამში 1109 საქმე – თითოეულს საშუალოდ 222 საქმე.

უზენაესი სასამართლოსა და ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის თავმჯდომარეს, ნინო ქადაგიძეს, 2022 წელს, 11 თვის განმავლობაში, ჯამში სულ 1 საქმე დაეწერა. მაშინ, როდესაც ამავე პალატის დანარჩენ 8 მოსამართლეს იმავე პერიოდში 1394 საქმე (თითოეულს საშუალოდ 174 საქმე) დაეწერა.

თვალშისაცემია ასევე საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის კიდევ ერთი მოსამართლის, ქეთევან ცინცაძისათვის დაწერილი საქმეების სიმცირე. მას 2022 წლის 11 თვის განმავლობაში ჯამში სულ 31 საქმე დაეწერა.

უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის თავმჯდომარეს, შალვა თადუმაძეს, 2022 წელს, 11 თვის განმავლობაში, ჯამში მხოლოდ 13 საქმე დაეწერა, მაშინ, როდესაც იმავე პერიოდში პალატის დანარჩენ 5 მოსამართლეს ჯამში 1291 საქმე (თითოეულს საშუალოდ 258 საქმე) დაეწერა.

უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის თავმჯდომარეს, გიორგი მიქაუტაძეს, 2022 წელს, 11 თვის განმავლობაში, ჯამში სულ 7 საქმე დაეწერა, მაშინ, როდესაც იმავე პერიოდში პალატის დანარჩენ 12 მოსამართლეს ჯამში 1693 საქმე (თითოეულს საშუალოდ 141 საქმე) დაეწერა,“ – ვკითხულობთ სახალხო დამცველის ანგარიშში.

„თუ გადავავლებთ თვალს, მაგალითად, იუსტიციის უმაღლესი საბჭოს სხდომების სიხშირეს, თვალსაჩინოა, რომ არ აქვთ მათ ისეთი დატვირთულობა, რომ ამ დონით არ უწევდეთ საქმეების განხილვა. თანაც, როცა მოსამართლეების საკმარისი რაოდენობა არ გვყავს და იუსტიციის უმაღლესი საბჭო ხელს უშლის სისტემაში ახალი მოსამართლეების ნაკადის შემოდინებას,“ – ამბობს ანა პაპუაშვილი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მართლმსაჯულების მიმართულების პროექტების კოორდინატორი.

„თანაც, თანამდებობაზე ერთი და იგივე პირები ხვდებიან: დიმიტრი გვრიტიშვილი, ლევან მურუსიძე და ასე შემდეგ,“ – დასძენს იურისტი.

ანა პაპუაშვილი

„საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემის არსებული მოწესრიგება ვერ უზრუნველყოფს ინდივიდუალური მოსამართლის დამოუკიდებლობაზე არასათანადო გავლენების რისკების მინიმუმამდე შემცირებას. რიგ შემთხვევებში ბუნდოვანი და გაუმჭვირვალეა როგორც სასამართლოს თავმჯდომარეების, ისე სასამართლოების კანცელარიებისა და მენეჯმენტის დეპარტამენტის როლი ამ
პროცესში,“ – ვკითხულობთ შეფასების ანგარიშში „საქმეთა ელექტრონული განაწილების სისტემა“ საქართველოში, რომელიც „სოციალური სამართლიანობის ცენტრმა“ 2022 წელს გამოაქვეყნა და 2020-2021 წლების პერიოდს ასახავს.

„2020-2021 წლების პერიოდში, ჯამურად, 537 929 საქმე განაწილდა, აქედან შემთხვევითი პრინციპის დაცვით – 333 485 საქმე. შესაბამისად, საქმეთა მესამედზე მეტი ისევ შემთხვევითობის პრინციპის დაუცველად ნაწილდება და წინა წლებთან შედარებით, ამ მხრივ, გაუმჯობესება არ შეინიშნება,“ – კვლევაში აქცენტირებულია ის, რომ ამ თემაზე საჯარო ინფორმაციის გაცემის სტანდარტიც გაუარესდა.

შეფასების ანგარიშში რამდენიმე ფაქტორია ხაზგასმული, რაც ელექტრონული გადანაწილების სისტემის ეფექტურობას ხელს უშლის:

  • „სასამართლოს თავმჯდომარეებს კვლავ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს. შესაბამისად, არსებული კლანურობისა და კორპორატივიზმის ფონზე, დიდია მათ მიერ რიგი უფლებამოსილებების არაკეთილსინდისიერად, თვითნებურად გამოყენების რისკები. პრობლემას წარმოადგენს თავმჯდომარეებისთვის ისეთი ფართო უფლებამოსილებების მინიჭება, რომლებიც სუბიექტური შეფასების და ინდივიდუალურ მოსამართლეებზე არალეგიტიმური ზეგავლენის შესაძლებლობას იძლევა.
  • კვლავ ბუნდოვანია, ვინ და რა გარემოებებზე დაყრდნობით უნდა შეაფასოს „აუცილებელი შემთხვევის“, „მართლმსაჯულების შეფერხების თავიდან აცილების“ ან/და „ობიექტური გარემოების“ არსებობა, რომელთა საფუძველზეც: ა) სხვა ვიწრო სპეციალიზაციის მოსამართლეს კონკრეტული საქმის განხილვის შესაძლებლობა ეძლევა, ბ) ჩერდება საქმეთა განაწილება და საქმე განსახილველად სხვა მოსამართლეს გადაეცემა;
  • მორიგეობის განსაზღვრა საქმეთა განაწილების სისტემის ერთ-ერთი პრობლემური ასპექტია, როგორც შინაარსობრივი, ისე ამ პროცესში სასამართლოს თავმჯდომარის ჩართულობის თვალსაზრისით. კერძოდ, საერთო სასამართლოებში მორიგეობის განრიგი წინასწარ არის განსაზღვრული, თუმცა სასამართლოს თავმჯდომარე უფლებამოსილია, ყოველგვარი დასაბუთების გარეშე, ნებისმიერი ვადით შეიტანოს მასში ცვლილებები. შესაბამისად, საქმეთა მორიგეობით განაწილების წესი საქმის კონკრეტულ მოსამართლეზე გადაცემის შესაძლებლობას იძლევა.
  • საქმეთა ელექტრონული განაწილების წესით განსაზღვრულია კონკრეტულ მოსამართლეზე საქმეების განაწილების შეჩერების შესაძლებლობა სხვადასხვა საფუძვლით, მათ შორის, შვებულების, ორსულობის, სამსახურებრივი მივლინებისა და დეკრეტული შვებულების საფუძვლებით.
  • სასამართლოს თავმჯდომარეებთან მიმართებით, ერთ-ერთი პრობლემური საკითხი ისაა, რომ მათ მოსამართლეები კი არ აირჩევიან, არამედ იუსტიციის უმაღლესი საბჭო ნიშნავს. თავად საბჭოში არსებული კლანურობისა და კორპორატივიზმის პრაქტიკების გათვალისწინებით, ასეთი მოწესრიგება თავმჯდომარეების საშუალებით ინდივიდუალურ მოსამართლეებზე არასათანადო ზეგავლენის მოხდენის რისკებს მნიშვნელოვნად ზრდის,“ -აღნიშნულია „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ მიერ მომზადებულ შეფასების ანგარიშში.

„საქმეთა ელექტრონული გადანაწილება პირდაპირ უკავშირდება სასამართლოს გადატვირთულობას, ასევე სასამართლოს დამოუკიდებლობის საკითხს. ეს ის პრობლემაა, რომელსაც თავად სასამართლო სისტემა ადასტურებს,“ – ამბობს ანა პაპუაშვილი, „სოციალური სამართლიანობის ცენტრის“ იურისტი. მისი აზრით, პირველ რიგში, მოსამართლეების მოტივაციაზე აისახება ცუდად რეალობა, როცა მათ ასობით საქმე აწერიათ, კონკრეტულ მოსამართლეებს კი, 3-4 საქმე აქვთ.

„გარდა იმისა, რომ გადატვირთული მოსამართლეების მოტივაციაზე აისახება ეს, ამას გავლენა აქვს მოსამართლის დროის მენეჯმენტზე, ის აცილებს ვადებს და მისი გადაწყვეტილების დასაბუთება იქნება ნაკლებად ხარისხიანი.

გარდა ამისა, მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი სასამართლოს ერთ-ერთი წინაპირობა იქმნება, როცა არ ვიცით, რომელი მოსამართლე განიხილავს ჩვენს საქმეს. როცა საქმეების მესამედზე მეტი არ განიხილება შემთხვევითობის პრინციპით და კორპორატივიზმის საფრთხეებზე ვსაუბრობთ, მოქალაქეებს არ აქვთ გარანტია, რომ მისი საქმე დამოუკიდებელ მოსამართლესთან შეიძლება მოხდეს,“ – გვიყვება ანა პაპუაშვილი.

თუ კლანს აქვს მეტ-ნაკლები გავლენა ყველა მოსამართლეზე, რატომ შეიძლება მოქალაქისთვის მნიშვნელოვანი იყოს საქმეების ელექტრონული გადანაწილების პროგრამა და ის, თუ რომელი მოსამართლის ხელში მოხვდება მისი საქმე?

„ჩვენ ჰიბრიდულ რეჟიმად მოვიხსენიეთ სასამართლო. ეს ნიშნავს, რომ არსებობს დაშვება: სისტემაში არსებობენ კეთილსინდისიერი და დამოუკიდებელი მოსამართლეები.

გვინდა, გვჯეროდეს, რომ სისტემაში ასეთი მოსამართლეები არიან და ასეცაა: თუ წინა ხელისუფლების დროს საუბარი იყო მოსამართლეების ტოტალურ კონტროლზე, დღეს ცალკეულ საქმეებზე არის შანსი, რომ სასამართლომ სამართლიანი და დამოუკიდებელი გადაწყვეტილება მიიღოს.

მთავარი პრობლემა არის ის, რომ ელექტრონული გადანაწილების არსებული სისტემა იძლევა შესაძლებლობას, განსაკუთრებული ინტერესის საქმეები არ მივიდეს კეთილსინდისიერ მოსამართლემდე,“ – აღნიშნა ანა პაპუაშვილმა „ბათუმელებთან“.

___

„ბათუმელებმა“ სტატია მოამზადა USAID სამართლის უზენაესობის პროგრამის მხარდაჭერით. პროგრამას ახორციელებს აღმოსავლეთ-დასავლეთის მართვის ინსტიტუტი (EWMI) ამერიკის შეერთებული შტატების საერთაშორისო განვითარების სააგენტოს (USAID) მხარდაჭერით.

სტატიის შინაარსზე სრულად პასუხისმგებელია „ბათუმელები“ და მასში გამოთქმული მოსაზრებები შესაძლოა არ ასახავდეს ზემოთ ნახსენები საერთაშორისო ორგანიზაციების შეხედულებას.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: