მთავარი,სიახლეები

მოსწავლეებს უფლებების დაცვაზე ვესაუბრები და ჩემს თავს ვერ ვიცავ – დირექტორი სკოლის მიღმა

25.10.2023 • 5184
მოსწავლეებს უფლებების დაცვაზე ვესაუბრები და ჩემს თავს ვერ ვიცავ – დირექტორი სკოლის მიღმა

„შესაძლოა, სამეურვეო საბჭოს არც მე ავერჩიე დირექტორად, მაგრამ ჩავთვლიდი, რომ სკოლას მიეცა არჩევანის უფლება, თუ მას წარუდგენდნენ ორ კანდიდატს მაინც. სკოლებს არ ჰქონდათ არჩევანი, ეს დამცირებაა,“ – ამბობს „ბათუმელებთან“ ტარიელ ქათამაძე, რომელსაც საჯარო სკოლის დირექტორად მუშაობის 17-წლიანი გამოცდილება აქვს. მას ამჯერად ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის დირექტორობა სურდა.

ტარიელ ქათამაძე ჩაქვის # 1-ელი საჯარო სკოლის დირექტორი იყო კანონით განსაზღვრული ვადით. იმის გამო, რომ კანონით იგივე სკოლაში დირექტორობის უფლება არ ჰქონდა, ტარიელ ქათამაძეს არჩევანი ბათუმის მე-8 საჯარო სკოლაზე გაუკეთებია. იმის მიუხედავად, რომ ტარიელ ქათამაძე სერტიფიცირებული დირექტორია, 2013 წლებიდან დირექტორების ტრენერად მუშაობს და დირექტორად მუშაობის მრავალწლიანი გამოცდილება აქვს, განათლების სამინისტრომ მისი კანდიდატურა საერთოდ არ წარუდგინა სამეურვეო საბჭოს.

წესით, სკოლების სამეურვეო საბჭოებს განათლების სამინისტრომ დირექტორობის არაუმეტეს 3 კანდიდატი უნდა წარუდგინოს.

ბათუმის მე-8 საჯარო სკოლა, გამონაკლისი აღმოჩნდა: სხვა სკოლების მსგავსად, ამ სკოლასაც სამინისტრომ რეალური არჩევანის საშუალება არ მისცა და მხოლოდ 1 კანდიდატი წარუდგინა. სამეურვეო საბჭომ სამინისტროს მიერ წარდგენილი კანდიდატის არჩევაზე უარი თქვა.

მსგავსი შემთხვევა დაფიქსირებულა ჩაქვის იმ სკოლაშიც, სადაც ტარიელ ქათამაძეა ამ დრომდე დირექტორი. ამ სკოლიდან სამმა პედაგოგმა ისურვა დირექტორობა, თუმცა სერტიფიცირებული კანდიდატებიდან ამ შემთხვევაშიც მხოლოდ ერთი კანდიდატი წარუდგინა სამინისტრომ სამეურვეო საბჭოს.

სამინისტროს მიერ შეთავაზებული კანდიდატის „არჩევაზე“ ჩაქვის პირველმა საჯარო სკოლამაც უარი თქვა.

ტარიელ ქათამაძე თავის შეფასებას გვიზიარებს, რა აჩვენა ამ პროცესმა:

„როცა არჩევნებს არქმევ პროცესს და რეალურად ასარჩევად არავის უგზავნი სკოლას, არჩევნები დიდად ნათქვამი სიტყვა გამოდის. სკოლებს წარუდგინეს მხოლოდ ის კანდიდატები, რომლებიც სამინისტრომ ჩათვალა საჭიროდ, აჭარის რეგიონში, როგორც ვიცით, თითო კანდიდატი წარადგინეს ყველგან.

არ მაქვს ინფორმაცია, რატომ არ წარმადგინეს, თუმცა ამ დრომდე არანაირი შენიშვნა, ან საყვედური, როგორც დირექტორს, ამდენი წლის განმავლობაში არ მიმიღია. სკოლის სამეურვეო საბჭოს შეიძლება მეც არ ავერჩიე, მაგრამ ამ შემთხვევაში არ გამიჩნდებოდა კითხვები, რადგან სამეურვეო საბჭო კოლეგიალური ორგანოა, სადაც შედის 6 მშობელი, 6 მასწავლებელი და მოსწავლე მოსწავლეთა თვითმმართველობიდან. საბჭო ფარული კენჭისყრით იღებს ამ გადაწყვეტილებას და მე მეცოდინებოდა, რომ გადაწყვეტილება მიიღო კოლეგიურმა ორგანომ.

ბათუმის მე-8 საჯარო სკოლის მაგალითზე შემიძლია ვთქვა, რომ ამ სკოლის თემი არის მართალი. მათ არ აირჩიეს დირექტორი იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ არჩევანი არ ჰქონდათ. ეს არის სამოქალაქო საზოგადოება რეალურად.

ახლა ვრჩები დირექტორის მოვალეობის შემსრულებლად, მაგრამ არ ვიცი, ალბათ მალე მივიღებ გადაწყვეტილებას: მიუღებელია და გულდასაწყვეტია, ესაა დამცირება მთელი სასკოლო საზოგადოების, რადგან სამეურვეო საბჭო ელოდა 3 კანდიდატს და ორიც კი არ წარუდგინეს.

მინდა, მოსწავლეებს, რომლებსაც წლებია სამოქალაქო განათლებას ვასწავლი, თვალებში ჩავხედო და მართალი ვიყო მათთან. მე მათ საკუთარი უფლებების დაცვის შესახებ ვესაუბრები, ამ დროს კი, ჩემს თავს ვერ ვიცავ უსამართლობის გამო,“ – გვითხრა ტარიელ ქათამაძემ.

გამოცდილი დირექტორები არაერთ შემთხვევაში დატოვეს სკოლის მიღმა ისე, რომ განათლების სამინისტროს მათთვის და საზოგადოებისთვის არაფერი განუმარტავს. სერტიფიცირებულ დირექტორების ნაწილს აქვს განცდა, რომ ისინი კრიტიკული აზროვნების გამო ჩამოაშორეს განათლების სისტემას.

ეს აღარაა საჯარო, ეს სამთავრობო სკოლაა“ – სად გააქრო სამინისტრომ დირექტორობის კანიდიდატები – ეს „ბათუმელების“ ერთ-ერთი სტატიაა იმაზე, თუ როგორ მოექცა მმართველი პოლიტიკური პარტიის „ქართული ოცნების“ გავლენის ქვეშ საჯარო სკოლებიც.

ტარიელ ქათამაძეს ვკითხეთ, მის შემთხვევაში რატომ მოუნდა სამინისტროს მისი სისტემიდან ჩამოშორების სურვილი?

„იქნება მითხრან: განათლების სისტემას სად და რა დროს ვუღალატე? როცა კანდიდატების წარდგინებას აკეთებ და უარს ამბობ კადრზე, რომელიც წლებია დირექტორია, ერთხელაც შენიშვნა არ მიგიცია და შესაბამისი უნარები აქვს, ეს ხომ უნდა დაასაბუთო?

მე მორჩილი ვერ ვიქნები – სამოქალაქო ცნობიერების ამაღლებაზე ვსაუბრობ ყოველ დღე. უპოზიციო ადამიანი არის ყველაზე საშიში ადამიანი. სოციალურ ქსელში, ჩემ გვერდზე ყოველთვის ვაფიქსირებ პოზიციას. არ მინდა დავიჯერო, რომ თუ ჩემ პირად მოსაზრებებს ვაფიქსირებ სოციალურ ქსელში, ეს არის განათლების სისტემიდან ჩემი ჩამოშორების პროცესის დაწყება. თუ ეს ასეა, მაშინ ასეთ სახელმწიფოში მუშაობა საერთოდ არ მინდა. მირჩევნია ვიყო „დასჯილი“და არც სკოლის დირექტორობა მინდა,“ – ტარიელ ქათამაძე ელის, რომ შესაძლებელია მეორე ტური გამოცხადდეს, რაც ასევე განათლების სამინისტროს კეთილ ნებაზეა დამოკიდებული და მაშინ წარადგინონ იგი დირექტორობის კანდიდატად.

კანონით ასევე შესაძლებელია, საქართველოს განათლების სამინისტრომ დისკრეციული უფლებამოსილებით ისარგებლოს და პირდაპირ დანიშნოს დირექტორი სკოლაში, სადაც დირექტორობის კანდიდატი სამეურვეო საბჭომ ვერ, ან არ აირჩია.

რა ზიანდება ყველაზე მეტად დირექტორობის კონკურსის ამგვარად ჩატარებით, როცა სკოლებს არჩევანი არ დაუტოვეს? – ტარიელ ქათამაძე ყურადღებას ამახვილებს იმაზე, რომ მის გარდა, დირექტორობის სერტიფიცირებული სხვა კანდიდატებიც არიან, თუმცა მოცემულობაში, როცა სკოლების დიდ ნაწილში სერტიფიცირებული დირექტორები არ გვყავს და მხოლოდ მოვალეობის შემსრულებლები არიან დანიშნული, სამინისტრო რეალური რესურსის გამოყენებაზე უარს ამბობს და ადამიანებს, რომლებსაც ხელში სერტიფიკატები უჭირავთ, არც კი წარუდგენს სამეურვეო საბჭოებს ასარჩევად.

„ქობულეთში 46 საჯარო სკოლაა და მხოლოდ 13 სკოლას წარუდგინეს კანდიდატი. 46 სკოლიდან 33 სკოლა რჩება ამ დრომდე სერტიფიცირებული დირექტორის გარეშე.

მაგალითად, ბობოყვათშიც არის სერტიფიცირებული კანდიდატი, მაგრამ არც ის წარადგინეს… ბათუმში ზუსტი მონაცემი არ მაქვს, მაგრამ ვიცი ასევე, რომ მე-18 სკოლაში არ წარადგინეს სერტიფიცირებული ქალბატონი, ასევე ადლიის საჯარო სკოლაში იყო სერტიფიცირებული კანდიდატი და არც ის წარადგინეს კანდიდატად,“ – დასძინა ტარიელ ქათამაძემ.

რამდენია სერტიფიცირებული დირექტორობის მსურველი და მათგან რამდენი წარუდგინეს სამეურვეო საბჭოს? რატომ არ წარუდგინეს სკოლებს სერტიფიცირებული კანდიდატები, როცა ამის რესურსი არსებობს? რატომ თქვა სამინისტრომ, მაგალითად, ტარიელ ქათამაძეზე უარი, რომელიც გამოცდილი დირექტორია? –  აჭარის განათლების სამინისტროდან წერილობით მხოლოდ ეს მოგვწერეს:

„დირექტორების წარდგენა მოხდა ცენტრალური სამინისტროს მიერ დაკომპლექტებული კომისიის შერჩევით, ცენტრალური სამინისტროს მიერ. აჭარაში სულ 74 სკოლაში გაიმართა დირექტორის არჩევნები. აქედან დირექტორი აირჩიეს 71 სკოლაში. რაც შეეხება თითო კანდიდატურის წარდგენას, ამ თემასთან დაკავშირებით საქართველოს განათლების მინისტრმა ბრიფინგზე გააკეთა კომენტარი,“ – მოგვწერეს აჭარის განათლების სამინისტროს პრესცენტრიდან.

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: