მთავარი,სიახლეები

ახალგაზრდა მასწავლებლის ცხოვრება ღორჯომში – „მეც მინდოდა ბავშვობაში ფერადი კლასი“

24.10.2023 • 5720
ახალგაზრდა მასწავლებლის ცხოვრება ღორჯომში – „მეც მინდოდა ბავშვობაში ფერადი კლასი“

დღეს ქართული ენისა და ლიტერატურის 25 წლის მასწავლებელზე, ლუიზა შანიძეზე უნდა გიამბოთ, რომელიც ხულოში, ღორჯომში, გორგაძეების საჯარო სკოლაში ასწავლის.

ლუიზამ გორგაძეების სკოლაში წელს დაიწყო მუშაობა და საცხოვრებლად მაღალმთიან აჭარაში წავიდა. ახალგაზრდა მასწავლებელს უნდა, რომ ღორჯომის, ადგილობრივებისა და მათი ყოველდღიურობის თუ ტრადიციების შესახებ სხვებსაც მოუყვეს და ამიტომ ღორჯომში მისი ცხოვრების შესახებ „ტიკტოკზე“ ვიდეოების გადაღება დაიწყო.

ლუიზას ბევრ ვიდეოში ნახავთ დარსა თუ ავდარში, სკოლისკენ ფეხით მიმავალი მოსწავლეების კადრებს.

ლუიზა სერტიფიცირებული მასწავლებელია. მან გასულ წელს გაიარა მასწავლებლის მოსამზადებელი პროგრამა და პარალელურად ქობულეთის ერთ-ერთ სკოლაში ასწავლიდა.

მასწავლებელი მიყვება, რომ ამ პროფესიის არჩევა შემდეგ გადაწყვიტა, რაც მე-11 კლასში სკოლა გამოიცვალა და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელს შეხვდა – „ერთ კვირაში უკვე ზუსტად ვიცოდი, რომ მეც ქართულის მასწავლებელი უნდა ვყოფილიყავი“.

ლუიზა ქვეყნის დაცვის ერთ-ერთ ყველაზე ძლიერ იარაღად სახელმწიფო ენას მიიჩნევს და აბრებზე სხვა ენაზე შესრულებული წარწერების საკითხს ეხმიანება.

„არ ვსაუბრობ, როგორც ქართული ენის მასწავლებელი, ვსაუბრობ რიგითი მოქალაქის სახელით, რომელსაც აწუხებს ქვეყნის, ენის ბედი და ვისთვისაც დაუშვებელია საქართველოს ქალაქებში სხვა ენის დომინანტად წარმოჩენა, სახელმწიფო ენასთან შედარებით. ჩემთვის ყოვლად მიუღებელია ბანერები და სხვა სახის რუსულენოვანი წარწერები.

ბათუმში რომ ვსეირნობთ მე და ჩემი მეგობრები, შევდივართ კაფეებში, ხშირად ქართულ ენაზე არ აქვთ მენიუ, რუსულენოვანია წარწერები, ბევრგან მიმტანებმა საერთოდ არ იციან ქართული ენა… ყველაფერი ეს, რა თქმა უნდა, დისკომფორტს მიქმნის და ბევრჯერ დამიტოვებია მსგავსი სივრცეები პროტესტის ნიშნად“, – მითხრა ლუიზამ.

ლუიზას თქმით, ზუსტად იცოდა, რომ წელს მთაში უნდოდა ესწავლებინა, მაგრამ ზუსტად არ იცოდა სად.

„მთელი ზაფხული ვარკვევდი, როგორ დავსაქმებულიყავი მთაში მასწავლებლად.

არსებობს ასეთი პროგრამა – „ასწავლე საქართველოსთვის“. ამ პროგრამის ფარგლებში მინდოდა დასაქმება. როგორც გავარკვიე, პანდემიის შემდეგ არც კი აუყვანიათ „ასწავლე საქართველოსთვის“ ფარგლებში კადრი, არადა სკოლები ითხოვენ მაღალმთიან რეგიონებში მასწავლებლებს.

რადგან ამ პროგრამით ვერ დავსაქმდებოდი, ვაკანსიები მოვძებნე მთის სკოლებში და ყველგან გავაგზავნე განაცხადი. შემდეგ ჩემი სკოლის დირექტორი დამიკავშირდა, გავიარე საფეხურები და ასე მოვხვდი ღორჯომში, გორგაძეების 9-კლასიან საჯარო სკოლაში. არანაირი დანამატი არ მაქვს ხელფასის სახით. დედაჩემიც მასწავლებელია და ისეთივე ხელფასი მაქვს მეც, როგორც მას“, – ამბობს ლუიზა.

მასწავლებელი გვიხსნის, რომ ღორჯომში ცხოვრებაზეც თავად ზრუნავს და ქირის გადახდის ნაცვლად მასპინძელი ოჯახის სკოლის მოსწავლე შვილებს ამეცადინებს დამატებით.

„არ არის მთაში ცხოვრება მარტივი, მითუმეტეს, როცა მკაცრი ზამთარია. როცა გათოვდება, აპრილამდე იქნება თოვლი. სადღაც 1200 ლარი გაქვს ხელფასი და უნდა დატოვო ოჯახი, მეგობრები, საყვარელი ადგილები, კინო, თეატრი, კაფე და წახვიდე მთაში.

სწორედ [დაბალი] ხელფასის გამო არ უღირთ მასწავლებლებს მთებში ასწავლონ და ხშირად ირჩევენ საერთოდ მიატოვონ მასწავლებლობა და სხვა მიმართულებით დასაქმდნენ. მეც შემეძლო ასე მოვქცეულიყავი და საყვარელი ადამიანის გარემოცვაში დავრჩენილიყავი, თუმცა მე ნამდვილად ძალიან მიყვარს მთა და ჩემთვის არც მთის ცხოვრებაა პრობლემა“.

ლუიზასგან ვიგებთ, რომ გორგაძეების საჯარო სკოლაში სულ 24 მოსწავლე სწავლობს.

მასწავლებლის დაკვირვებით, ბევრი მოსწავლე აქტიურადაა სასოფლო თუ საოჯახო საქმიანობაში ჩართული და ხშირად ამიტომაც ვერ ახერხებენ გაკვეთილების სრულყოფილად მომზადებას:

„როცა 2-3 მოსწავლე გყავს კლასში, თუ რომელიმე მათგანს რაიმე შეეშლება, ან ისე ვერ მოყვება როგორც საჭიროა, იქვე ვამეცადინებ და ვასწავლი, როგორც რეპეტიტორი. ქალაქის სკოლებში იმდენად ბევრი მოსწავლეა, რომ შესაძლოა ინდივიდუალური დრო ვერც კი გამოუყო მათ.

არასდროს მაქვს იმის შეგრძნება, რომ რაღაც ვერ მოვასწარი, მოსწავლემდე ვერ მივიტანე ჩემი სათქმელი.

ვხვდები, რომ სწორი პროფესია ავირჩიე. ვუყვარვარ მოსწავლეებს და თუ ისეთი მომენტია, რომ დღეს იზარმაცა და არ ისწავლა რომელიმემ, შემიძლია ისე დაველაპარაკო, რომ შემდეგი დღისთვის აუცილებლად იმეცადინოს. ერთმა მოსწავლემ ისიც მითხრა, რომ არ მესწავლა, შემრცხვებოდაო. მეგობრული დამოკიდებულება გვაქვს ერთმანეთის მიმართ და ვიცი, რა სჭირდებათ და როგორ მივუდგე.

წარმოვიდგენ, რა ენდომებოდა პატარა ლუიზას მათ ადგილზე და ვცდილობ ამით ვიხელმძღვანელო მოსწავლეებთან კონტაქტისას. მეც მინდოდა ბავშვობაში ფერადი კლასი და რატომაც არა. ბავშვებს შევთავაზე, ფერადი საკლასო ოთახი ხომ არ გინდათ-მეთქი. ყოველ დღე მთხოვდნენ, მალე გვეყიდა საღებავები“, – გვიყვება მასწავლებელი.

ლუიზა თავად აპირებდა საღებავის ყიდვას ოთახის გადაღებვისთვის, თუმცა ამ საკითხის დირექტორთან განხილვის შემდეგ, დირექტორმა იდეის განსახორციელებლად თანხა სკოლის ბიუჯეტიდან გამოყო: „მოსწავლეებმა ცისფერი ფერი აირჩიეს, მაგრამ ხულოში საღებავების დიდი არჩევანი არ იყო და ლურჯი კლასი გამოგვივიდა“.

ახალგაზრდა მასწავლებლის თქმით, იმისთვის, რომ საგაკვეთილო პროცესი კიდევ უფრო ნაყოფიერი გახდეს, პროექტორი სჭირდებათ.

„მოსწავლეებმა არ იცოდნენ პრეზენტაციების კეთება და ნელ-ნელა ვასწავლი. როცა პრეზენტაციის დახმარებით ვხსნი გაკვეთილებს, ჩემი კომპიუტერის ეკრანს მათი მერხებისკენ ვაჩოჩებ. ყველა სკოლას სჭირდება პროექტორი. თანხას ვაგროვებ და ვფიქრობ, ზამთარში უკვე შევძლებ პროექტორი შევიძინო ჩვენი სკოლისთვის“.

ლუიზა ფიქრობს, რომ მასწავლებელსა და მოსწავლეს შორის ნდობის არსებობა ერთ-ერთი აუცილებელი პირობაა მოსწავლის განათლების ხარისხისა თუ მოტივაციის გაზრდის.

მომავალ წელს ლუიზა სხვა მთაში ფიქრობს მასწავლებლობას, ახალი გამოცდილებისა და გარემოს გასაცნობად – „მცხეთა-მთიანეთში, პატარა ხის სახლში მინდა ვიცხოვრო“.

@luissashanidze პიკნიკი ბავშვებთან ერთად ☀️ #აჭარა #ღორჯომი💚🌸 #მასწავლებელი 👩🏻‍🏫🏔️ #პიკნიკი ♬ Home – Matthew Hall

ლუიზა ღორჯომისა და ღორჯომელების შესახებაც გვიყვება. ამბობს, რომ ადგილობრივებს განსაკუთრებული იუმორი აქვთ, რასაც კიდევ უფრო საინტერესოს ხდის დიალექტური ფორმები.

„დიდმა ოჯახმა მიმასპინძლა და ოჯახის ყველა წევრი იმას ცდილობს, რომ თავი კომფორტულად ვიგრძნო. ვცდილობ, რაღაც საქმეებში მეც დავეხმარო და ოდნავ მაინც შევეხიდო მათ, რადგან ვხედავ, რამდენად დიდი შრომა აქვთ.

ის სტერეოტიპი ჩემში დაიმსხვრა, რომ ჩემი ჩაცმის სტილი, ან რაიმე სხვა ადგილობრივებისთვის შესაძლოა მიუღებელი ყოფილიყო“, – გვეუბნება ლუიზა.

ლუიზა თავისუფალ დროს ძირითადად კითხვას უთმობს. წვიმიანი დღეების შემდეგ კი სოკოს საკრეფად მიდის ბავშვებთან ერთად. მას სოკოს მოკრეფის გამოცდილება აქამდე არასდროს ჰქონია.

მასწავლებლის საყვარელი ადგილი ღორჯომში მასპინძლის სახლის შუშაბანდიანი აივანია, რომელსაც მზე პირდაპირ უყურებს.

„აქ ყველაფერი მოჰყავთ, თითქმის არაფერს არ ყიდულობენ. დილის 7 საათიდან ფეხზე არიან და შრომობენ, რომ მათ შვილებს არაფერი მოაკლდეთ. ყველაზე ხშირად ბავშვების მიმართ რაც მესმის ეს არის – „თქვენ ისწავლეთ“ და მაქსიმალურად ცდილობენ ბავშვები.

აქაური ყოველდღიურობა არ იძლევა იმის საშუალებას, რომ ადამიანებმა დაისვენონ. 6-თვიანი ზამთრის გადაგორებისთვის ყველა პროდუქტი უნდა მოიმარაგონ, დააბინაონ და ა.შ.

მინდოდა მომეყოლა, როგორ ვცხოვრობდი სოფელში. მომეყოლა აქ მცხოვრები ხალხის შესახებ და მეთქვა საზოგადოებისთვის, რომ მთაში ცხოვრება არ არის „კატასტროფა“, როგორც ეძახიან ხოლმე. ჩემი ვიდეოების ქვეშაც ბევრი კომენტარი დაიწერა, „მანდ რამ აგიყვანა, ხულოში და თანაც ღორჯომში“. საერთოდ არ არის აქ ცხოვრება ისეთი რთული, როგორც ამბობენ ხოლმე“,- მითხრა ლუიზამ საუბრის ბოლოს.

ლუიზა მოსწავლეებთან ერთად სკოლისკენ მიმავალ გზაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: