განათლება,მთავარი,სიახლეები

რატომ არ უყვარს მასწავლებლების ნაწილს კომპლექსური დავალება – ინტერვიუ

24.10.2023 • 6127
რატომ არ უყვარს მასწავლებლების ნაწილს კომპლექსური დავალება – ინტერვიუ

მასწავლებლები ვალდებულნი არიან, მოსწავლეების ცოდნა შეაფასონ ორი მეთოდით – განმავითარებელი შეფასებითა და კომპლექსური დავალებით. ზოგიერთი პედაგოგი კრიტიკულად აფასებს კომპლექსურ დავალებებს და მიიჩნევს, რომ ეს ზედმეტი შრომა და ქაღალდომანიაა. რატომ არის მნიშვნელოვანი კომპლექსური დავალება? – ამ თემაზე „ბათუმელები“ სკოლა „თაობის“ სამოქალაქო განათლების პედაგოგს, თორნიკე ზაქარაძეს ესაუბრა.

  • ბატონო თორნიკე, როგორ ფიქრობთ, რატომ არიან პედაგოგები კრიტიკულად განწყობილნი კომპლექსური დავალებების მიმართ? თქვენ თუ გაქვთ იგივე დამოკიდებულება და რატომ?

კომპლექსური დავალების მიზანია დაადგინოს, გაიგო თუ არა მოსწავლემ სრულყოფილად ის თემა, რაც გაიარა და რამდენად დაეუფლა სქემის ფარგლებში სამიზნე ცნებებს.

კარგია ის, რომ ეროვნული სასწავლო გეგმის მიხედვით, ე.წ საგნობრივი მიზნები არ არის გაწერილი ერთ წელზე, არამედ საფეხურებრივია და მასწავლებელს მთელი სამი წელი აქვს იმისთვის, რომ რაღაც შედეგზე გავიდეს კონკრეტულ საგანში.

სწორედ ამ მიზნების მიღწევაში ეხმარება პედაგოგს კომპლექსური დავალება.

მასწავლებელს აქვს სრული ავტონომია და თავისუფლება, რომ შუალედურ მიზნებს მიაღწიოს, თავად გამოკვეთოს ეს მიზნები ინდივიდუალურად და გადაწყვიტოს, როგორ აქცევს შუალედურ თემას გრძელვადიან მიზნად.

მაგალითად, სამოქალაქო განათლების მიზნები არის დემოკრატია, სამოქალაქო საზოგადოება, სამოქალაქო მონაწილეობა და მდგრადი განვითარება, ხომ?! ეს ოთხი ცნება არის ჩვენი მიზანი და ამაზე ბავშვებმა უნდა იცოდნენ ბევრი რამ.

თუ მაქვს კონკრეტული თემა, მაგალითად, ადამიანის უფლებები, ამ თემაში ჩემი შუალედური მიზანია ის, რომ ბავშვმა გაიგოს დემოკრატიის, სამოქალაქო მონაწილეობის შესახებ და სწორედ ამისთვის ვადგენ კომპლექსურ დავალებას.

კომპლექსური დავალება შეიძლება იყოს ძალიან მარტივი, რადგან რეალურად, ეს არის რამდენიმე საშინაო და საკლასო დავალების ნაკრები.

კომპლექსური დავალებისთვის შემიძლია მოვიფიქრო ბევრი რამ. მაგალითად, ბავშვს ვუთხრა – წარმოიდგინე, რომ ხარ უფლებადამცველი, ადვოკატი ან სახალხო დამცველი და იცი, რომ დაირღვა კონკრეტული მოქალაქის უფლება. ან, ვთქვათ, გენდერულ ნიადაგზე მოხდა ძალადობა და აკეთებ ამ თემაზე საჯარო განცხადებას. მომიმზადე საჯარო სიტყვა, სადაც ისაუბრებ იმაზე, რა უფლება დაირღვა, რატომ დაირღვა, რატომ უნდა დაიცვა და რომელი ინსტანცია უნდა გაიარო ამ უფლების დასაცავად.

ეს არის კომპლექსური დავალების ძალიან მარტივი მაგალითი.

არაფერია ამაში რთული და საშიში ხომ?! რასაც ვასწავლი ადამიანის უფლებებზე, იქიდან უნდა იხელმძღვანელოს მოსწავლემ.

  • რთულად რატომ ეჩვენება ეს პედაგოგების ნაწილს?

ვფიქრობ, მასწავლებლებს თავიდანვე არ აუხსნეს პრინციპი სათანადოდ და ამან გამოიწვია გაუგებრობა.

კომპლექსური დავალება გულისხმობს სამ რამეს: ეს არის საკითხი ანუ თემა; რა არის შეფასების კრიტერიუმები – ანუ რას ვაფასებთ, როგორ ვაფასებთ ბავშვს, კონკრეტულად რა უნდა გააკეთოს და მესამე – ეს არის პროდუქტი, რომელსაც ქმნის მოსწავლე.

მთავარი ამ სამიდან არის შეფასების კრიტერიუმები და არა პროდუქტი, როგორც ეს გაიგეს პედაგოგებმა.

  • შეფასების კრიტერიუმსაც მასწავლებელი ადგენს, თუ უკვე დადგენილია ეს კრიტერიუმები?

მასწავლებელი არის შეუზღუდავი ამ საკითხში და ცხადია, მას შეუძლია გამოკვეთოს ეს კრიტერიუმები. თავიდან ყველამ გაამახვილა ყურადღება პროდუქტზე, რომელიც მოსწავლემ უნდა შექმნას. სინამდვილეში პროდუქტი – იქნება ეს ვიდეომიმართვა თუ საჯარო სიტყვა ან სხვა, მეორეხარისხოვანია და მთავარია პროცესი, თუ როგორ აკეთებს ბავშვი ამ დავალებას.

რადგან მოსწავლის შეფასების ძველი მოდელი აქცენტს აკეთებდა ბავშვის ნაშრომზე, ბევრი ალბათ, ქვეცნობიერად თუ ცნობიერად, აქეთკენ წავიდა და ამაზე გადაიტანა ყურადღება და არა – პროცესზე.

თუმცა ეს არ არის მხოლოდ მასწავლებლების პრობლემა, უფრო იმის ბრალია, რომ ტრენინგების ან სხვა გადამზადების დროს სათანადოდ ვერ აუხსნეს, ვერ გააგებინეს პედაგოგებს, რა უფრო მნიშვნელოვანია.

შეიძლება პრობლემად განვიხილოთ ის, რომ მასწავლებლებს არ უყვართ ზოგადად ჩარჩოები და ამბობენ, რომ სხვა ბევრი რამითაც შეიძლება შეფასდეს მოსწავლე.

ამიტომ, როცა კანონმდებლობით გვევალება რაღაც, ეს მიაჩნიათ პრობლემად. თუმცა, ჩემი აზრით, კომპლექსური დავალებისა და კურიკულუმების ანუ ე.წ. სასწავლო გეგმის შედგენა კარგია.

  • მინახავს სოციალურ ქსელებში როგორ გამოაქვთ ხოლმე მასწავლებლებს კომპლექსური დავალების ნიმუშები და ირონიულად განიხილავენ. ფაქტია, რომ ზოგიერთი არ აღიქვამს ამას სერიოზულად.

ვიღაცისთვის შეიძლება ირონიული იყოს ეს დავალება, ვიღაცისთვის – საინტერესო, მაგრამ რეალურად, მასწავლებლებს აქვთ სრული თავისუფლება ამ დავალებების შედგენისას.

ვთქვათ, დემოკრატიაზე რა წარმოდგენა უნდა შეექმნას ბავშვს, ამის განსაზღვრის ავტონომია მასწავლებელს აქვს.

ჩემთვის კომპლექსური დავალება არის ინსტრუმენტი, რომ ჩემს საგანში რაღაც მიზნებს მივაღწიო და ეს ძალიან მაგარია.

შარშან საკმაოდ კარგი საგნობრივი გზამკვლევები გამოვიდა, საკმაოდ ნორმალური ფორმებია და იქ წერია, რა ნაბიჯები უნდა გადაიდგას იმისათვის, რომ კომპლექსური დავალება შესრულდეს და მასწავლებელმა ეს ფორმა უნდა შეავსოს. რაღაც მხრივ, ეს კარგიცაა, იმიტომ, რომ კომპლექსური დავალების უკეთ გააზრება ხდება.

  • რამდენი კომპლექსური დავალების ვალდებულება აქვს მასწავლებელს?

სრული ავტონომია აქვს სკოლას და მასწავლებელს ამ მხრივ.

ვერავინ ეტყვის მასწავლებელს, რატომ გააკეთე, ვთქვათ, ერთი კომპლექსური ამ თემის ფარგლებში და არა ხუთი. ეს მასწავლებლის გადასაწყვეტია.

სულ რომ არ გააკეთოს, ამის უფლება არ აქვს, ეროვნული სასწავლო გეგმის მიზნებიდან გამომდინარე, რადგან ყველა თემაში მუშავდება სამიზნე ცნება და ეს კომპლექსური დავალების გარეშე ვერ მოხდება.

რამდენად დაფარა სამიზნე ცნებები მოსწავლემ, ამას ადგენს კომპლექსური დავალება. დახურული ტესტებით ამას ვერ დავადგენთ.

  • გადავიდეთ კურიკულუმზე, რა მოეთხოვება ამის ფარგლებში მასწავლებელს და ფიქრობთ თუ არა, რომ ეს ართულებს მასწავლებლის შრომას?

კურიკულუმი არის სამოქმედო გეგმა. ჩვენ გვაქვს სამი კურიკულუმი – ეროვნული სასწავლო გეგმა, სკოლას აქვს სასკოლო-სასწავლო გეგმა და მასწავლებელს უნდა ჰქონდეს საგნობრივი კურიკულუმი.

მასწავლებლის მიერ შედგენილ საგნობრივ კურიკულუმზე დაყრდნობით დგება სასკოლო კურიკულუმი. მათ ეფუძნება სკოლა, წესით.

აქ ყველაზე კარგად ჩანს მასწავლებლის ინდივიდუალიზმი და კონკრეტული სკოლის ავტონომიურობა.

რა თქმა უნდა, ეს ყველაფერი ეროვნულ სასწავლო გეგმას ეფუძნება, მაგრამ გზა, რომელსაც გადის სკოლა ეროვნული მიზნების მისაღწევად, სხვადასხვაა და ლოგიკურიცაა, რომ ყველა სკოლას განსხვავებული კურიკულუმი შეიძლება ჰქონდეს, რადგან ყველა სკოლას ერთი საჭიროება არ აქვს და სკოლების საჭიროება ინდივიდუალურად უნდა განისაზღვროს.

  • ერთი პედაგოგი ფეისბუქში წერდა, „რა კურიკულუმი უნდა შეადგინოს სკოლამ ისეთი, რომელიც განსხვავებული იქნება ესგ-გან?“ – რაში ეთანხმებით და რაში არა?

ალბათ იმიტომ, რომ ნაწილობრივ გაიგო კურიკულუმის მნიშვნელობა.

კურიკულუმი ოთხ კითხვას პასუხობს – რატომ ვასწავლი? რას ვასწავლი? როგორ ვასწავლი? როგორ ვაფასებ?

  • ამ კითხვებს ესგ არ სვამს?

ესგ [ეროვნული სასწავლო გეგმა] პასუხობს კითხვას: რატომ ვასწავლი? რას ვასწავლი, ამაზეც პასუხობს ნაწილობრივ, რადგან სავალდებულო თემების ჩამონათვალია მოცემული, თუმცა როგორ ვასწავლი და როგორ ვაფასებ, ამაზე მასწავლებელმა უნდა უპასუხოს.

  • საქართველოში რასაც მიიჩნევენ სასკოლო კურიკულუმად, ეს არის გაუგებრობა“- წერდა კიდევ ერთი პედაგოგი. რა იწვევს ამ გაუგებრობას?

ამ კრიტიკას მეც ვეთანხმები ნაწილობრივ, იმ გაგებით, რომ უფრო მეტი ავტონომიურობაც შეიძლებოდა ჰქონოდა მასწავლებელს. ესგ, რა თქმა უნდა, გვიწესებს ჩარჩოებს და მგონია, უფრო მეტია ეს ჩარჩოები, ვიდრე უნდა იყოს.

  • მაგალითად, რომელი ჩარჩო არ მოგწონთ?

სავალდებულო თემების ჩამონათვალი, საათების განაწილება… სახელმწიფოს შეუძლია შემამოწმოს, ვაღწევ თუ არა შედეგს და ამ შედეგს კვირაში ოთხი გაკვეთილით მივაღწევ თუ ორით, ეს სკოლამ უნდა გადაწყვიტოს.

  • პედაგოგები ამბობენ, რომ ამ ყველაფრის გამო ისინი ზედმეტად შრომობენ. თქვენ თუ გაქვთ იგივე განცდა?

მასწავლებელი არ არის ვალდებული, გაკვეთილების შემდეგ ისევ იჯდეს სკოლაში და გეგმები წეროს. ეს პრეტენზია ლეგიტიმურია, თუმცა ნახევრად, რადგან მასწავლებელი ვალდებულია სამოქმედო გეგმა დაწეროს ზაფხულში. ამისთვის იღებს ის ზაფხულის ხელფასს.

თუ მასწავლებელი ნოემბერში იწყებს მატრიცის შედგენას, ალოგიკურიცაა, დამღლელიც და არასწორიც. თან გაკვეთილები ატარო ისე, რომ დაგეგმილი არ გაქვს და თუ გეგმებსაც გზა და გზა წერ, ეს გამოიწვევს ზედმეტ შრომას.

ამიტომ, წესით და რიგით, მასწავლებელმა კურიკულუმი და თემატური მატრიცა უნდა შეადგინოს სასწავლო წლის დაწყებამდე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: