მთავარი,სიახლეები

უსინათლო ქალის ბრძოლა – „მე თვითონ დავიწყე საკუთარი თავის ადვოკატირება“

23.10.2023 • 1292
უსინათლო ქალის ბრძოლა – „მე თვითონ დავიწყე საკუთარი თავის ადვოკატირება“

ავტორი: დიანა ცეცხლაძე

__________________

ტერმინ – „შშმ პირის“ უკან დგანან სხვადასხვა შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ადამიანები. ყველა ჯგუფს თავისი საჭიროებები აქვს და ყველაზე მეტად ამ საჭიროებების შესახებ იმ ადამიანებმა იციან, რომლებიც თავად არიან შშმ პირები. ესმაც მათ შორისაა. იგი წლებია შშმ პირთა უფლებადამცველი და შშმ საკითხებისა და პრობლემების ერთ-ერთი ყველაზე აქტიური სპიკერია საქართველოში.

მე ესმა გუმბერიძე ვარ, 28 წლის. დაბადებიდან უსინათლო. მცირე შშმ ქალთა ორგანიზაცია, პლატფორმა „ახალი შესაძლებლობებისთვის“ დამფუძნებელი, შშმ ქალთა ეროვნული ქსელის გამგეობის წევრი. მიუხედავად ამისა, როგორც დამოუკიდებელი აქტივისტი, ისე ვპოზიციონირებ, ვთანამშრომლობ სხვადასხვა ორგანიზაციასთან და ვარ სხვადასხვა უწყებასთან არსებული საკონსულტაციო საბჭოების წევრი. ვწერ ბლოგებს, ძირითადად, შშმ პირების უფლებებზე, ასევე ქალთა უფლებებსა და სოციალურ საკითხებზე.

ჩემი უსინათლობა თანდაყოლილი დარღვევაა და კონკრეტულად არც მახსოვს, რა ასაკში გავიაზრე, რომ ეს დარღვევა მაქვს. ბავშვობიდან ოპერაციებს მიკეთებდნენ თვალებზე. სოფელში, ბავშვებთან ყოფნის დროს ვგრძნობდი გარიყულობას, რადგან არ შემეძლო მათთან ერთად ბურთის თამაში, მაგრამ მაინც ყოველთვის თან დავყვებოდი მათ.

8 წლის ვიყავი, როცა სპეციალურ სკოლაში მივედი და მეორე კლასის მოსწავლე გავხდი. მისვლის დროს ალბათ ყველაზე კარგად გავიაზრე ჩემი დარღვევის შესახებ.

დაბრკოლებები დაიწყო მას შემდეგ, რაც მხედველ გარემოში გასვლა დავიწყე: როცა ვიღებდი მონაწილეობას ოლიმპიადის ბანაკებში, როცა უნივერსიტეტში ჩავაბარე და გავიაზრეთ მეც და ჩემმა მშობლებმაც, რომ სასწავლო პროცესი არ იყო ხელმისაწვდომი, არ მქონდა საჭირო ლიტერატურა. უნივერსიტეტმა არ იცოდა რა პირობები უნდა შეექნა ჩემთვის და პირველ კურსზე, მე თვითონ, გამოუცდელმა სტუდენტმა დავიწყე საკუთარი თავის ადვოკატირება.

ჩემთვის დიდი მიღწევა იყო, როცა გავიაზრე, რომ შემეძლო უნივერსიტეტში დამოუკიდებლად გადაადგილება, თუ მასწავლიდნენ. შესაბამისად, ჩემი მშობლები დილით მიმიყვანდნენ იქ და მთელი დღე დამოუკიდებლად ვიქნებოდი.

დამოუკიდებლობა ძალიან უცნაური რამაა. თავიდან გინდა, მაგრამ როცა ყველა გეუბნება, რომ არ გინდა და არ გჭირდება, მერე შენც ეშვები და იმას, რომ გეხმარებიან იქ, სადაც არ უნდა გეხმარებოდნენ, იღებ, როგორც მოცემულობას და თუ შემდეგ აღარ დაგეხმარებიან, შენ ბრაზდები.

ძალიან ხშირად შშმ პირებს გვაქვს განცდა, რომ ვიღაც მუდმივად გვაკვირდება, რეალურად კი ეს ასე არ არის. უნივერსიტეტის დამთავრების შემდეგ გავაანალიზე, თუ როგორი უჩინარები ვართ.

მიუხედავად იმისა, რომ შენობაში ხელჯოხით გადაადგილებისას, კიბეებზე ასვლისას, იქვე მყოფი სტუდენტებისთვის არაერთხელ დამიბიჯებია ფეხი ან ხელჯოხი დამირტყამს შემთხვევით, მათ წლების შემდეგ არც კი ვახსოვდი და ჩემ შესახებ არც არაფერი იცოდნენ. არ იცოდნენ, რომ მეც თსუ-ს იმავე, იურიდიული ფაკულტეტის სტუდენტი ვიყავი, როგორც ისინი.

ესმა გუმბერიძე/facebook

თუ გამჩნევენ, მხოლოდ შეცოდების გრძნობა აქვთ. მე ამას ვერ ვხედავ, შესაბამისად, თუ ვინმემ ეს სიტყვიერად არ გამოხატა, ვერ ვგრძნობ, მაგრამ არაერთი ეტლით მოსარგებლე შშმ პირისგან გამიგია, რომ ქუჩაში მათი გასვლა დიდ ფსიქოლოგიურ ტრავმას იწვევს. როცა ქუჩაში მხედველ მეგობრებთან ერთად დავდივარ, ყველა მათთან იწყებს საუბარს, აზრადაც არ მოსდით, რომ მე რაიმე მკითხონ ან მესაუბრონ.

მინახავს, როგორ ლაპარაკობენ ჩემ შესახებ, ჩემი თანდასწრებით, მესამე პირში. როცა მარტო ვარ და ჩემგან ინფორმაციის გაგება უნდათ, სხვა გზა არ აქვთ. ხშირად ადამიანები სახელს არ მეუბნებიან და ისე მესაუბრებიან – „ესმა, როგორ ხარ?’’ „კარგად“ – ვპასუხობ და დიალოგი წყდება, იმიტომ, რომ ხმებით ადამიანებს სწრაფად ვერ ვიმახსოვრებ და არ ვიცი რა ვკითხო, ისიც კი არ ვიცი შენობით უნდა მივმართო თუ თქვენობით.

იყო სიტუაცია, როცა ადამიანებს არ უთქვამთ, რომ მიდიოდნენ და ლაპარაკი ცარიელ სივრცეში გამიგრძელებია. ხშირად ხდება, როცა ქუჩაში მივდივარ და ხელს მავლებენ, თითქოს მეხმარებიან, თუმცა ეს ჩემთვის იმავეს ნიშნავს, რაც მხედველისთვის თვალზე აფარებას. ამ დროს შეიძლება დაიბნე და რაღაცას შეეჯახო.

განათლების მიღება ერთ-ერთი პრობლემური საკითხია. დღეს, ვფიქრობ, სკოლებში უკეთესი სიტუაციაა, რადგან გაჩნდა სხვადასხვა სერვისი, სპეცმასწავლებლები, ასისტენტები და ერთიანი ხედვა ამ ყველაფრის უზრუნველსაყოფად. იგივე ეხება პროფესიულ სასწავლებლებსაც, თუმცა სკოლაში ერთ სპეცმასწავლებელს მიბარებული ჰყავს ხუთი შშმ პირი სხვადასხვა დარღვევით; ვიღაცას ფსიქოლოგიური დარღვევა აქვს, ვიღაცას – აუტიზმი, ვიღაც უსინათლოა. თითოეულს განსხვავებული მიდგომა სჭირდება და როცა ერთი მასწავლებელი ყველასთან მუშაობს, გამოდის, რომ ის არავისთან არ მუშაობს.

სკოლა მარტო მერხთან ჯდომა არ არის, მნიშვნელოვანია, რომ იქ მოემზადო უნივერსიტეტში ჩასაბარებლად. კანონმდებლობით შშმ პირს შეუძლია ჩვეულებრივ სკოლაში მიიღოს განათლება, თუმცა რეალურად ეს ასე არ არის.

უმაღლესი განათლების დონეზე არანაირი ერთიანი ხედვა არ არსებობს და უნივერსიტეტის ნებაზე და სტუდენტის თვითადვოკატირებაზეა დამოკიდებული რას გააკეთებს უნივერსიტეტი იმისთვის, რომ მან ისწავლოს. სამწუხაროდ, არ არსებობს უნივერსიტეტებში მისაწვდომობაზე პასუხისმგებელი კადრები და თითოეულ სტუდენტს თავიდან უწევს ამ ყველაფრის გავლა, რადგან ეს გამოცდილება არსად არ გროვდება.

ესმა გუმბერიძე/facebook

სოციალური ფონიც ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პრობლემაა. პირადი ასისტენტის პროგრამა, მართალია, ხორციელდება, მაგრამ ეს ყველაფერი ფინანსდება მუნიციპალიტეტის ფარგლებში და რაიონიდან, სოფლიდან თბილისში ჩასულ სტუდენტს ვიღაც უნდა გაჰყვეს, რაც ორმაგ ხარჯებთანაა დაკავშირებული.

უსინათლოებს გვაქვს გამახმოვანებელი პროგრამები, რომელიც გვიკითხავს ტექსტს, მაგრამ მხოლოდ „ვორდის ფაილში“ აკრეფილს. ხშირად ლექტორები არიან სახელმძღვანელოების ავტორები, რაც იმას ნიშნავს, რომ მათ აქვთ ამ სახელმძღვანელოს „ვორდის“ ვერსია, თუმცა, ხშირად არ გვაძლევენ, მიზეზად კი საავტორო უფლებებში პრობლემის შექმნას ასახელებენ, მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ კანონით გვაქვს უფლება საავტორო უფლებების კანონის გვერდის ავლით მოვითხოვოთ ყველა სახის სასწავლო პროგრამის მოძიება. ეს, რა თქმა უნდა, ჩვენი უფლებების დარღვევაა, მაგრამ ამაზე რეაგირება ხშირად უშედეგოა და დიდ დროს მოითხოვს.

ჩემ შემთხვევაში მე მოვითხოვე წამკითხავები, უნივერსიტეტი მათ ქირაობდა და ისინი მიკითხავდნენ დასკანერებულ მასალას, მე დიქტოფონზე ვიწერდი და ასე ვმეცადინეობდი. თავიდან არ უნდოდათ ამის გაკეთება, მაგრამ ჩემი უფლებები გამოვიყენე და სწავლისთვის საჭირო გარემო მოვითხოვე.

ესმა გუმბერიძე

შშმ პირისთვის სამსახურის მოძიება უფრო გამონაკლისია, ვიდრე წესი. თავი ძალიან უძლური მგონია, როცა ვერ ვეხმარები ადამიანებს. მეც არ მაქვს სტაბილური სამსახური, მიუხედავად იმისა, რომ უცხოეთში მივიღე განათლება და უცხო ენები ვიცი, ყველაზე გრძელვადიანი სამსახური იყო 13 თვე და ჩემი ყველა სამსახური არის ან იყო დაკავშირებული შშმ პირების უფლებებთან, ამ საკითხზე მომუშავე ორგანიზაციებთან და მათ შორის უცხოურ დაფინანსებასთანაც.

დამსაქმებლები უბრალოდ ვერ ხედავენ შშმ პირებს, როგორც კონკურენტუნარიან კადრს და არ უნდათ მათი აყვანა.

ძალიან ბევრ უცხოურ ქვეყანაში ვალდებულია კომპანია, რომელსაც დასაქმებული ჰყავს, პირობითად, 50 პირზე მეტი, ასევე დაასაქმოს შშმ პირი და თუ ამას არ შეასრულებს, არის გარკვეული გადასახადები. სამწუხაროდ, საქართველოში მსგავსი რამ არ არის, თუმცა არსებობს კანონი, რომლის თანახმადაც სახელმწიფო შშმ პირის სამი თვის ხელფასის ნახევარს ასუფსიდირებს.

ბევრმა შშმ პირმა არ იცის მათი უფლებების შესახებ. მაგალითად, უფასოა იურიდიული დახმარება, ადვოკატის დანიშვნის უფლება. წელიწადში 6000 ლარის შემოსავლის ფარგლებში შშმ პირებს აქვთ უფლება, რომ საშემოსავლო გადასახადი არ გადაიხადონ. ჩვენ გვაქვს ასევე უფლება გამოვიდეთ საპენსიო სქემიდან, ასაკის მიუხედავად. მე ვსარგებლობ ამ შეღავათით.

ესმა გუმბერიძე/facebook

ფაქტია, რომ სახელმწიფო ბევრს არაფერს აკეთებს შშმ პირების ცხოვრების გასამარტივებლად, შშმ პირები არ გვხვდებიან ხშირად ქუჩებში, სამუშაო ადგილებსა და გასართობ სივრცეებში, რაც მათ ჩაკეტილობაზე მიუთითებს.

ქალაქები არ არის კეთილმოწყობილი, 10 წელი დასჭირდა ავტობუსში გაჩერების გამოცხადებას. ყველაზე ელემენტარულიც კი, ხმოვანი შუქნიშნების გაკეთება თბილისში ახლა დაიწყო და დიდი პრობლემებიც მოჰყვა. ადამიანები თვითნებურად აზიანებენ, ამბობენ, რომ ის ხმაურს იწვევს, მიუხედავად იმისა, რომ სავსეა ქუჩები ბარებით და მანქანების ხმაურით. სახელმწიფო მოსახლეობის ცნობიერების ამაღლებას არ ცდილობას და შუქნიშნების ღამღამობით გამორთვას ამჯობინებს, თითქოს უსინათლოს ღამე სიარულის უფლება არ აქვს.

ყოველთვის ვცდილობ ჩემი გამოცდილებები გავაზიარო, იმიტომ, რომ მგონია, ეს ძალიან ბევრ ტაბუს გატეხს, ვატარებ ტრენინგებს, როგორ ხდება შშმ პირებთან კომუნიკაცია.

ჩემი ოცნებაა წიგნი დავწერო, რომელიც არ შეეხება შშმ პირებს, ოცნებაა, შემეძლოს ოდესმე სხვა საკითხებზეც ვიმუშაო და არამხოლოდ შშმ პირების თემაზე.

________________

ჩაწერილია ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამაგისტრო პროგრამის – „ციფრული მედია და ინოვაციები“ – ფარგლებში მომზადებული ჟურნალისთვის – „მედიალაბორატორია”.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: