განათლება,მთავარი,სიახლეები

10 ათასზე მეტი მშობელი სკოლაში უფასო კვების დანერგვას მოითხოვს

23.10.2023 • 2052
10 ათასზე მეტი მშობელი სკოლაში უფასო კვების დანერგვას მოითხოვს

არასამთავრობო ორგანიზაცია „მშობლები განათლებისთვის“ ინიციატივით პეტიცია მომზადდა, რომელიც სკოლებში უფასო კვებას შეეხება. ინიციატივას შეუერთდა განათლების კოალიციაც, რომელიც მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს დამფუძნებელია.

პეტიციას ამ დროისთვის ათი ათასზე მეტი ადამიანი აწერს ხელს. მოქალაქეები სკოლებში ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობის აკრძალვას და სასკოლო კვების პროგრამის დანერგვას მოითხოვენ.

ორგანიზატორების განცხადებით, გაკვეთილებს უმეტესად „მშიერი ბავშვები ესწრებიან“, რაც მოსწავლეების სწავლის ხარისხს ამცირებს, ჯანმრთელობას და განვითარებას კი საფრთხეს უქმნის.

„გარდა იმისა, რომ სკოლებში კვების პროგრამა არ არსებობს, არ არის გამოყოფილი კვების დრო და ჰიგიენური სივრცე, სადაც ბავშვები სახლიდან წაღებული საკვების მიღებას შეძლებენ.

ბევრ ოჯახს არ აქვს შესაძლებლობა, შვილს სახლიდან გაატანოს საკვები, რაც ზრდის ბავშვებს შორის უთანასწორობას. ბევრ სკოლაში არ არსებობს ბუფეტი. სადაც ბუფეტი ფუნქციონირებს, ეს იმის ხარჯზე, რომ სკოლის სივრცე ნაქირავები აქვს კერძო პირს და ბუფეტის ნაცვლად იქ გახსნილი აქვს მაღაზია, სადაც ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი პროდუქტებით ვაჭრობს.

ე.წ. ბუფეტში იყიდება გაზიანი სასმელები, მდარე, საეჭვო ხარისხის ტკბილეული და ცომეული“ – აცხადებენ პეტიციის ავტორები.

პეტიციაზე ხელისმომწერები ითხოვენ:

  • იმ სკოლებში, სადაც მოქმედებს ბუფეტი, დაუყოვნებლივ შეწყდეს ჯანმრთელობისთვის ზიანის მომტანი საკვებით ვაჭრობა;
  • სურსათის ეროვნული სააგენტოს მიერ რეგულარულად შემოწმდეს ბუფეტებში გასაყიდი პროდუქციის შემადგენლობა და ხარისხი;
  • განათლების სამინისტრომ დაჩქარებული წესით დანერგოს ჯანსაღი სასკოლო კვების პროგრამა;
  • მუშაობის პროცესი იყოს გამჭვირვალე.

როგორც ორგანიზატორები აცხადებენ, პეტიციის ტექსტი და ხელმოწერები დღესვე წარედგინება განათლების სამინისტროს, ასევე, საქართველოს პარლამენტის განათლებისა და მეცნიერების კომიტეტს, სურსათის ეროვნულ სააგენტოს, ჯანდაცვის სამინისტროს და სახალხო დამცველის აპარატს.

„სასკოლო კვება მთელ მსოფლიოში განიხილება არა როგორც პრივილეგია, არამედ როგორც მოსწავლეთა უფლება, რომელიც ბავშვის საკვებ რაციონსა და ჯანმრთელობას აუმჯობესებს, ამაღლებს აკადემიურ მოსწრებას და სკოლას აქცევს მოსწავლეებისთვის უფრო მიმზიდველ ადგილად.

საქართველო მსოფლიოს ქვეყნების იმ 10%-შია, სადაც სასკოლო კვების პროგრამა ჯერ არ დანერგილა.

კონსულტაციისა და ტრენინგის ცენტრის მიერ 2021 წელს მომზადებული პოლიტიკის დოკუმენტის „საქართველოში სასკოლო კვების სისტემის ჩამოყალიბების საჭიროება და პერსპექტივები“ მიხედვით, ქვეყნების უმრავლესობა მნიშვნელოვან სახსრებს გამოყოფს მოსწავლის კვების დაფინანსებისთვის.

ეს დანახარჯი ქვეყნის ეკონომიკური განვითარების მიხედვით 42$-დან 242 $-ის ფარგლებში მერყეობს.

საქართველოს მსგავსი შემოსავლების ქვეყნების გამოცდილების გათვალისწინებით, სასკოლო კვების ღირებულება ერთ მოსწავლეზე მთელი წლის განმავლობაში სულ მცირე 140 ლარს შეადგენს“ – ნათქვამია პეტიციის ორგანიზატორთა განცხადებაში.

ფოტოზე: პეტიციის ორგანიზატორთა ბრიფინგი. 

___________________

ამ თემაზე:

https://batumelebi.netgazeti.ge/news/478343/

გადაბეჭდვის წესი


ასევე: