სიახლეები

საფრთხე ბათუმის კონცხთან – 43 000 კუბ/მ ხრეშს მახინჯაურში გადაიტანენ

23.10.2023 • 8287
საფრთხე ბათუმის კონცხთან – 43 000 კუბ/მ ხრეშს მახინჯაურში გადაიტანენ

ბათუმის კონცხიდან ამოსაღები ჭარბი ნატანი [ქვიშა-ხრეში] მახინჯაურის სანაპირო ზოლში პლაჟების ხელოვნურად შექმნას მოხმარდება. ასეთია აჭარის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამმართველოს გადაწყვეტილება.

პროექტით დაგეგმილია ბათუმის კონცხის წყალქვეშა ფერდიდან დაგროვილი ჭარბი აკუმულაციური უბნებიდან მასალის ამოღება და მახინჯაურის სანაპირო ზოლზე დაყრა.

ბათუმის კონცხიდან ამ ეტაპზე ამოსაღებია ჯამში 43 000 კუბური მეტრი ნატანი. ამ ოდენობის ნატანის ამოღებას და მახინჯაურის სანაპიროსთან დაყრას, ამჟამინდელი გათვლებით, 3,5 მილიონი ლარი დასჭირდება.

დაგეგმილ საქმიანობას სჭირდება თუ არა გარემოზე ზემოქმედების შეფასება [გზშ-ს], ამის დასადგენად სამმართველომ სკრინინგის პროცედურა უკვე დაიწყო. საბოლოო გადაწყვეტილებას საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამ პროცედურის გავლის საფუძველზე მიიღებს.

რატომ არის აუცილებელი ბათუმის კონცხიდან ჭარბი ნატანის ამოღება

ჭარბი ნატანის არსებობა ბათუმის კონცხთან საფრთხის შემცველია, ვინაიდან არის საშიშროება, რომ ის წყალქვეშა კანიონში ჩაზვავდეს, რაც პლაჟის ნაპირიდან მოწყვეტას გამოიწვევს.

ასეთ ფაქტს ბოლოს 1999 წლის იანვარში ჰქონდა ადგილი, როცა ბათუმის კონცხთან ნაპირს მოწყდა და ზღვაში დაიკარგა დაახლოებით 200 მეტრი სიგრძისა და 60 მეტრამდე სიგანის პლაჟი.

„პერიოდულად კანიონის სანაპირო ზონაში, ძირითადად წყალქვეშა ფერდის ლოკალურ უბნებზე, აკუმულირდება ნატანის დიდი მოცულობა. კრიტიკული მასის ჩამოყალიბების შემთხვევაში იგი გადაადგილდება სიღრმეებისაკენ და თან გაიყოლებს წყალზედა პლაჟის ნაწილს, პრაქტიკულად ზვავის ან მეწყრული პროცესის ანალოგიურად.

პროცესის პროვოცირება შეუძლია ნებისმიერ უმნიშვნელო შემაშფოთებელ ფაქტორს: შტორმის ხანგრძლივობა, მიმართულება, სიძლიერე, კრიტიკულ მასაში არაერთგვაროვანი ნატანის [წინა წლებში ხშირ შემთხვევაში, საყოფაცხოვრებო ნაგვისა და სამშენებლო ნარჩენების შემცველობა] გაუწყლოვნების განსხვავებული პირობები და ასევე მრავალი სხვა…

ცხადია, ნეგატიური პროცესის ჩამოყალიბება დამოკიდებულია აღნიშნულ შემაშფოთებელ ფაქტორებზე, მათ შორის ბუნებრივ ფაქტორებზე [კერძოდ, მიწისძვრის რეზონანსული ბიძგები]. ზემოთ აღწერილი პროცესის განვითარების დრო და შედეგების პროგნოზი შეუძლებელია“, – აღნიშნულია სამმართველოს მიერ მომზადებულ სკრინინგის ანგარიშში.

ამავე დოკუმენტში აღნიშნულია, რომ ბათუმის კონცხზე პლაჟის მოწყვეტის მაპროვოცირებელი 1999 წელს „თურქეთში, ქალაქ ტრაპიზონის რაიონში [ბათუმიდან 250-270 კმ.-ში] მომხდარი მიწისძვრის [3 მაგნიტუდა, დამოწმებულია თურქეთის მხარესთან] რეზონანსული მცირე ბიძგები“ გახდა.

სკრინინგის ანგარიშის მიხედვით, არსებული მონაცემების საფუძველზე შესაძლებელია „ვივარაუდოთ, რომ 2012 წლიდან დღემდე ადგილი ჰქონდა წყალქვეშა ფერდის განტვირთვას ლოკალურ უბნებზე, ცხადია, არა იმ მასშტაბით, როგორც 1999 წელს.“

„კონცხზე შეიძლება მოხდეს მასალის დაგროვება და ჩაზვავება იმ სიღრმეზე, რომელსაც ჩვენ ვერ ვაკონტროლებთ. აქედან გამომდინარე, იმ პლაჟზე, რომელზეც უკვე მოხდა ნიადაგის ჩაქცევა, ზემოთ აღნიშნული მიზეზების გამო, კატეგორიულად უნდა აიკრძალოს ყოველგვარი მშენებლობა.“ – აღნიშნულია ანგარიშში.

პლაჟის ფართობის ზრდა ბათუმის კონცხთან წლების მიხედვით / ფოტოები სკრინინგის ანგარიშიდან

„დაგეგმილი საქმიანობის ადგილი განსაზღვრა ბუნებრივად განვითარებულმა კონცხის უკონტროლო ზრდამ და მახინჯაურის სანაპიროზე შექმნილმა კრიტიკულმა ვითარებამ.“ – აღნიშნულია სკრინინგის ანგარიშში.

წარეცხვის უბანი ბათუმის კონცხთან 2000 წელს და ნაწილობრივ აღდგენილი იგივე უბანი 2007 წელს / ფოტოები სკრინინგის ანგარიშიდან

რატომ მახინჯაურის სანაპირო

„აჭარის ზღვისპირეთიდან ბოლო 150 წლის განმავლობაში წაირეცხა დაახლოებით 400 ჰექტარი [ხმელეთი], აქედან მხოლოდ 1930-1980 წლებში დაახლოებით 200 ჰექტარი: გონიო-ბათუმის სანაპიროდან – 40 ჰექტარი; მახინჯაური-ჩაქვი-ქობულეთის სანაპიროდან კი – 150 ჰექტარი. დროის მოკლე პერიოდში ასეთი მასშტაბის ნეგატიური პროცესი ძალზე უარყოფითად აისახა მცირემიწიანი აჭარის სოციალურ და ეკონომიკურ პირობებზე“, – ვკითხულობთ სკრინინგის ანგარიშში.

ამავე დოკუმენტის მიხედვით, „ვინაიდან ბათუმის სანაპირო ზოლზე 2022-2023 წლებში განხორციელდა პლაჟების აღდგენითი და ნაპირგასწვრივი სატრანზიტო ნაკადისთვის აუცილებელი რაოდენობის მასალის შეტანა, ჩვენ შესაძლებლად ჩავთვალეთ წინა წლების გამოცდილების შესაბამისად, კონცხიდან ამოღებული მასალა შეგვეტანა მახინჯაურის სანაპიროზე.“

აქ, „2022-2023 წლებში პლაჟების აღდგენით სამუშაოებში“ იგულისხმება ხრეშის ხელოვნურად შეტანა აეროპორტის ასაფრენი ზოლის მიმდებარედ და ახალ ბულვართან.

ამ ავარიულ უბნებზე 2022 წლის ნოემბრიდან 2023 წლის მაისამდე პერიოდში, ოფიციალური მონაცემებით, 413 ათასი კუბური მეტრი ხრეში შეიტანეს, რისთვისაც კერძო კომპანიასთან ხელშეკრულება 5 568 487 ლარზე იყო გაფორმებული.

ამ ადგილებში ხრეშის ხელოვნურად შეტანა მომავალშიც აუცილებელი იქნება პლაჟების შესანარჩუნებლად. მეტიც, ახალ ბულვართან სანაპიროს ფოლადის ხიმინჯებით გამაგრებაც კი გადაწყვიტეს, რისთვისაც 15,6 მილიონი ლარი დაიხარჯება.

„მცურავი სამშენებლო ტექნიკის გამოყენებით საშუალება გვაქვს ახლოს მივიტანოთ ნაპირთან კონცხიდან ამოღებული მასალა და შევავსოთ ამ მასალით მახინჯაურის წყალაქვეშა ტრავერსები.

უნდა აღინიშნოს, რომ ამ რაოდენობის მასალის შეტანა დიდად ვერ შეცვლის მახინჯაურის პლაჟის პარამეტრებს, თუმცა გარკვეულ დადებით გავლენას მოახდენს არსებული პლაჟწარმომქნელი მასალის დეფიციტის შევსებაში.

მახინჯაურში პლაჟის აღდგენითი სამუშაოები 20 წელზე მეტია არ ჩატარებულა“, – აღნიშნულია სკრინინგის ანგარიშში.

მახინჯაურის სანაპირო ზოლი / 15.09.2023

დაგეგმილი სამუშაოები

სკრინინგის ანგარიშის მიხედვით, ბათუმის კონცხთან „სამუშაოები განხორციელდება არა საკურორტო სეზონის დროს; ამასთან, მასალის მოპოვების ადგილის პირდაპირ აუცილებელია პლაჟზე, დროებით, მხოლოდ მოპოვების დროს აიკრძალოს პლაჟით სარგებლობა.

კონცხიდან მასალის ამოღების და მახინჯაურის პლაჟების რეაბილიტაციის სამუშაოები უნდა განხორციელდეს მცურავი სამშენებლო ტექნიკის გამოყენებით.

კერძოდ, მასალის ამოღება 3-10 მეტრი სიღრმეებიდან მოხდება მცურავი ამწის [15-16 ტ] საშუალებით. ამოღებული მასალა დატვირთული იქნება თვითმავალ ბარჟებზე, რომლებიც 5 კმ მანძილზე გადააადგილებენ ამოღებულ მასალას მახინჯაურის სანაპირო ზოლამდე. შემდეგ ბარჟებიდან განთავსდება მასალა მახინჯაურის სანაპიროზე.

მცურავი ტექნიკის გამოყენება შესაძლებელია მხოლოდ შესაბამისი ჰიდრომეტეოროლოგიური პირობების დროს. მცურავი ამწის მუშაობა იკრძალება წყლის 2 ბალზე მეტი ღელვის დროს.

მშენებლობის ხანგრძლივობა განსაზღვრულია კალენდარული გრაფიკით და შეადგენს 170 კალენდარულ დღეს“.

„ეს ღონისძიება უნდა გაგრძელდეს მომავალ წლებშიც, ვინაიდან მდინარეული მასალის დეფიციტის პირობებში. კონცხის წყალქვეშა ფერდიდან მოპოვებული მასალის, ისევ პლაჟების დასაცავად გამოყენება და წყალქვეშა ფერდის ჭარბი მასალისგან განტვირთვა ძალზე მნიშვნელოვანია“, – აღნიშნულია ანგარიშში.

ანგარიშს ახლავს მინერალური რესურსების ეროვნული სააგენტოს წერილიც, სადაც აღნიშნულია, რომ კონცხთან ამოსაღები მასალა წარმოადგენს სასარგებლო წიაღისეულს, მაგრამ მისი ამოღება და ჩაყრა ისევ ზღვაში, მახინჯაურის სანაპირო ზოლის პრობლემურ უბანზე, 4-5 მეტრის სიღრმეზე, არ ითვლება ლიცენზირებად საქმიანობად.

ამავე წერილში აღნიშნულია, რომ „არ უნდა მოხდეს ამოღებული ინერტული მასალის გამოტანა ხმელეთზე, ან მისი სხვა დანიშნულებით გამოყენება. წინააღმდეგ შემთხვევაში ქმედება ჩაითვლება წიაღით უკანონო სარგებლობად.“

  • 2019 წელს ბათუმის კონცხის მიმდებარე პლაჟიდან ქვიშა-ხრეშის გადატანას ახალი ბულვარისკენ გეგმავდნენ სპეციალური მილებით, თუმცა ამ კონსტრუქციამ არ იმუშავა და ხრეში ძველი ბულვარიდან მანქანებით გადაიტანეს და ლოდებით მოწყობილ დამცავ ნაგებობასთან ჩაყარეს.

ამავე თემაზე:

ნაპირდაცვა თუ ბათუმის სანაპიროს ეკოლოგიური დასახიჩრება – რა შემთხვევაში ემუქრება წარეცხვა ძველ ბულვარს

მთავარი ფოტო: ბათუმის კონცხი / 28.10.2023

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: