მთავარი,სიახლეები

„დამეხმარეთ შვილის დაბრუნებაში“ – ბათუმელი „გულთოს“ ცხოვრება სიღარიბეში

21.10.2023 • 6858
„დამეხმარეთ შვილის დაბრუნებაში“ – ბათუმელი „გულთოს“ ცხოვრება სიღარიბეში

„თქვენს პირდაპირ დგას უმწეო, გაუბედურებული დედა, რომელიც დღე და ღამე ზის მარტოსული, ტირის, რომ შვილი დაიბრუნოს. მენატრება, რომ ვაჭამო, ვაბანაო, ჩავაცვა და ჩავეხუტო… დამიდექით გთხოვთ, გვერდში“, – ამბობს 44 წლის ნატალია გაგოშიძე.

მას ბათუმში თითქმის ყველა იცნობს. „გულთო“ – ასე ეძახიან მას მეტსახელად.

გვიყვება, რომ ათი წლის იყო, როცა დედა გარდაეცვალა და მას შემდეგ ქუჩაში ცხოვრობს და თავს მოწყალებით ირჩენს.

„თბილისში ვმუშაობდი, ყვავილებს და ხატებს ვყიდდი. სადაც მიღამდებოდა, იქ მითენდებოდა, სადარბაზოებში ვცხოვრობდი“- გვეუბნება ნატალია.

ერი წლის შემდეგ ნატალიამ ბათუმში გადმოსვლა გადაწყვიტა, პატარა, ლამაზი ქალაქია და ხალხიც ალბათ უფრო მიმიღებსო.

მას შემდეგ ნატალია ბათუმში ცხოვრობს და როგორც გვეუბნება, ამ ქალაქის ყველა კუთხე-კუნჭული იცის.

„30 წელია უკვე ამ ქალაქში ვარ, ვისაც არ უნდა დავუკაკუნო, ყველა გამიღებს, ყველა მიცნობს, ერთ ლუკმა პურს და ერთ თეფშ საჭმელს არავინ მამადლის. წლებია ამ ხალხის დახმარებით ვარსებობ“ – ამბობს ნატალია.

2010 წელს ნატალიას შვილი შეეძინა. ამბობს, რომ მძიმე პირობებში ცხოვრობდა. ნაქირავები ოთახი ნესტიანი იყო და კედლებიდან წყალი ჩამოდიოდაო – გვიყვება ნატალია.

ამბობს, რომ უბინაობის და ცუდი საცხოვრებელი პირობების გამო იძულებული გახდა საკუთარი შვილი ბავშვთა სახლში მიეყვანა.

„ვერ ვაჭმევდი, ჰიგიენას ვერ ვიცავდი, ამ მქონდა არანაირი პირობები და შემეშინდა, რომ მომიკვდებოდა. მე თვითონ დავურეკე სოციალურ მუშაკს და ვთხოვე დახმარება.

ჩემს თვალზე ცრემლი არ შემშრალა ამის გამო. ყოველ დღე დავდიოდი და ასე ვაჭმევდი რძეს.

გულთო ამბობს, რომ ახლა მისი შვილის ნახვა მხოლოდ ტელეფონით თუ შეუძლია.

ოთხი თვის იყო ჩემი გოგონა, როცა მის დაბრუნება ვცადე, სასამართლოსაც მივმართე, მაგრამ არ მაძლევდნენ დაბრუნების უფლებას.

გულთო, 12 წლის გოგონას დაბრუნებას, უბინაობის გამო ვერ ახერხებს.

ახლა ჩემს გოგონას ჩემი ნათლიის და ზრდის. მას გადასცეს ჩემი შვილი მინდობით აღზრდაში. მეოთხე კლასამდე აქ იყო ჩემი გოგონა, მაგრამ სამი წლის წინ ნათლიის დამ სახლი იყიდა იმერეთში და იქ გადავიდა. ჩემი გოგონაც გადაიყვანა. ყოველ თვეში ჩავდივარ და ვნახულობ“ – ამბობს ნატალია გაგოშიძე.

მისი თქმით, ყველა ბავშვს თავისი დედა უნდა და ბინა რომ ჰქონდეს, ახლაც შეუძლია შვილის დაბრუნება.

„ჩემი ნათლიის და, დღესაც დამიბრუნებს, რომ ვუთხრა. თუმცა ბავშვზე ზრუნვის სააგენტო არ მაძლევს ამის უფლებას. მეუბნებიან, ბინა არ გაქვს, პირობები არ გაქვსო.

ერთხელ დავწერე განცხადება ბინის თაობაზე, მაგრამ არც პასუხი მომწერეს და არც არაფერი“ – გვეუბნება ის.

ნატალია ამბობს, რომ არ უყვარს როცა ვინმეს აწუხებს, მაგრამ მას შემდეგ რაც შვილი გაუჩნდა, უფრო მეტ პასუხისმგებლობას გრძნობს მის წინაშე და სურს, რომ მის შვილს მაინც ჰქონდეს მშვიდი ცხოვრება.

„არა ისეთი, როგორიც მე გამოვიარე. როდემდე უნდა ვიყო ნაქირავებში… დედა ვარ, მეც მაქვს ვალდებულება, რომ შვილს რაღაც დავუტოვო.

ბევრი ოჯახი ვიცი, რომელსაც „ბათუმელები“ დაეხმარა, თქვენმა მკითხველმა ბევრს უსახლკაროს შეუძინა ბინა.

მინდა, რომ ჩემს მდგომარეობასაც შეხედოს საზოგადოებამ. შემხედონ მე, გაუბედურებულ და მარტოსულ დედას. გთხოვთ დამიდექით გვერდში“ – მიმართავს ნატალია საზოგადოებას.

ის ახლაც პატარა, ნაქირავებ ბინაში ცხოვრობს. თავს მოწყალებით ირჩენს, მაგრამ ამბობს, რომ ახლა მისთვის ყველაზე მნიშვნელოვანი საკუთარი ჭერია, რომ ერთადერთი შვილის დაბრუნება და მასთან ცხოვრება შეძლოს.

ნატალიას შესახებ ვიდეო ნახეთ აქ: 

იმ შემთხვევაში, თუკი სურვილი გექნებათ დაეხმაროთ ნატალიას ფინანსურად, შეგიძლიათ თანხა გადარიცხოთ მის პირად ანგარიშზე.

საქართველოს ბანკი: GE55BG0000000100976529

თი ბი სი ბანკი: GE10TB7314945064300023

მიმღები: ნატალია (გურჯიძე) გაგოშიძე

გადაბეჭდვის წესი


ასევე: