მთავარი,სიახლეები

როგორ გამოიკვლიეს ხელვაჩაურში, საერთო სამარხში აღმოჩენილი რეპრესირებულთა ნეშტები

20.10.2023 • 1574
როგორ გამოიკვლიეს ხელვაჩაურში, საერთო სამარხში აღმოჩენილი რეპრესირებულთა ნეშტები

„რეპრესიების ისტორია არ ეხება მხოლოდ წარსულს, ის ძალიან დიდ გავლენას ახდენს თაობებზე, რეპრესირებულთა შვილებზე, შემდეგ თაობებზე. ეს ოჯახის ისტორიის ღია ჭრილობაა, როცა ახლობელი ადამიანების საფლავიც არ გაქვს,“ – თქვა ბათუმში გამართული პრეზენტაციის შემდეგ პოლონელმა ექიმმა, ლუკაშ შლეშკოვსკიმ.

ლუკაშ შლეშკოვსკი ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტში მუშაობს. ის ექსპერტია სასამართლო მედიცინაში და უკვე 15 წელია მონაწილეობს მე-20 საუკუნის ტოტალიტარული რეჟიმების რეპრესიების მსხვერპლებთან დაკავშირებულ გათხრებში, ექსჰუმაციებსა და კვლევებში.

ლუკაშ შლეშკოვსკიმ აგატა ტანჰოიზერთან ერთად ანთროპოლოგიურად შეისწავლა ხელვაჩაურში, 1937-1938 წლების დიდი ტერორის მსხვერპლთა მეექვსე მასობრივ სამარხში აღმოჩენილი ნეშტები.

„მე ძალიან კარგად ვიცი, რას გრძნობს დედაჩემი, რადგან მას არ აქვს მშობლების საფლავები, რომლებიც რეპრესირებულები არიან და მათი საფლავები უბრალოდ არ არსებობს – ეს ღია ჭრილობაა. სწორედ ამის გამო ვმონაწილეობ ამ საქმეში: მე ჩემი პროფესიონალური სასამართლო-სამედიცინო ცოდნით შემიძლია, დავეხმარო ოჯახებს არა აღმოჩენაში (რადგან ეს არქეოლოგების საქმეა), მაგრამ ძვლების გამოკვლევასა და იდენტიფიცირებაში, რათა დაკრძალვა შეძლონ და ოჯახის ისტორიის ეს ღია ჭრილობა დახურონ,“ – ამბობს სასამართლო სამედიცინო ექსპერტი.

ბათუმში გამართულ საერთაშორისო კონფერენციაზე „სიმართლის გამოვლენა: დიდი ტერორის მასობრივი სამარხები (1937-1938) საქართველოში“ ლუკაშ შლეშკოვსკი ვრცელი პრეზენტაციით წარსდგა და დეტალურად ახსნა, თუ როგორ ხდება რეპრესირებულთა ნეშტების გამოკვლევა.

კონფერენცია ბათუმში – „სიმართლის გამოვლენა: დიდი ტერორის მასობრივი სამარხები (1937-1938) საქართველოში“

  • როგორ მუშაობენ სამარხიდან ამოსვენებულ ნეშტებთან 

როგორც ლუკაშ შლეშკოვსკი ხსნის, პირველ რიგში ზედმიწევნით იწმინდება საერთო სამარხში აღმოჩენილი ყველა ძვალი.

„ჩვენ ყურადღებას ძვლებზე აღმოჩენილ სხვადასხვა უმცირეს დეტალსაც ვაქცევთ: ღარებს, გამონაზარდებს, ტალღებს, ხორკლებს, ბზარებს, რათა განვსაზღვროთ ასაკი, სქესი, სიკვდილის მიზეზი და ა.შ. ბათუმში აღმოჩენილი ნეშტების შემთხვევაში, ეს შრომატევადი სამუშაო ძალიან კარგად იყო შესრულებული.

დედა სიდონიასა და მონასტერთან მდებარე იმ სკოლის მასწავლებლების მიერ, რომელშიც ჩვენ ვცხოვრობდით და ვმუშაობდით. ყველანაირი გადაჭარბების გარეშე შემიძლია ვთქვა, რომ საქმე ძალიან კარგად და პროფესიონალურად იყო შესრულებული,“ – თქვა შლეშკოვსკიმ.

სამუშაოები მეექვსე სამარხზე ორ ნაწილად დაიყო. პირველი ნაწილი არქეოლოგების სამუშაო იყო. არქეოლოგებმა განაცალკევეს ყველა ნეშტი და სათითაოდ გაანაწილეს  მუყაოს ყუთებში.

მეორე ნაწილი უკვე ანთროპოლოგიურ სამუშაოს მოიცავდა, რომელშიც აგატა ტანჰოიზერმა და და ლუკაშ შლეშკოვსკიმ მიიღეს მონაწილეობა.

„საგულდაგულოდ გასუფთავების შემდეგ ყველა ძვალი უნდა განთავსდეს მაგიდებზე ანატომიური წყობის მიხედვით ისე, როგორც ისინი ადამიანის სხეულში იყვნენ განლაგებულნი. ამის შემდეგ უკვე შესაძლებელია, დაკვირვება დავიწყოთ. ნეშტების პირველადი შეფასება დაკავშირებულია მათი შენახვის დონესთან, მდგომარეობასთან, ამაზეა დამოკიდებული კვლევის წარმატება – რაც უფრო კარგად არის ძვლები შემონახული, მით უფრო მაღალია შანსები, რომ საკვანძო კითხვებს (სქესი, ასაკი, სიკვდილის მიზეზი) პასუხი გავცეთ. ბათუმის ნეშტები, შემიძლია ვთქვა, რომ არა იდეალურად, თუმცა მაინც საკმაოდ კარგად იყო შემონახული,“ – განმარტა ლუკაშ შლეშკოვსკიმ.

„ასეთი პატარა ზომის ძვლებიც კი, როგორიც თითების, ხელებისა და მაჯის ძვლებია, შემთხვევათა უმრავლესობაში შემონახული იყო. დროისა და სამარხის გარემო პირობების გამანადგურებელი ზემოქმედების მნიშვნელოვანი ნიშნები მხოლოდ რამდენიმე შემთხვევაში შეიმჩნეოდა“ – ლუკაშ შლეშკოვსკი.

1937-1938 წლების სტალინური რეპრესიების მსხვერპლთა ნეშტების შესწავლა რეპრესირებულთა ოჯახის წევრების ინტერესის საგანია. კითხვები, თუ როგორ და რა ფორმით ხდება 85 წლის წინ დახვრეტილი ადამიანების სქესის, ასაკისა და ვინაობის დადგენა, არაერთხელ დასმულა.

პოლონელმა სასამართლო ექსპერტმა კონფერენციაზე ზედმიწევნით ისაუბრა იმის შესახებ, თუ როგორ ხდება ნეშტების შესწავლა.

„ჩვენი გუნდი ორი ექსპერტისგან – სასამართლო ანთროპოლოგისა და სასამართლო-სამედიცინო ექსპერტისგან შედგება. ნეშტების შესწავლა ორ ნაწილად, ანთროპოლოგიურ და სასამართლო-სამედიცინო კვლევად დავყავით. ამავე სქემით მუშაობდნენ, მაგალითად, ის ექსპერტებიც, რომლებიც ყოფილი იუგოსლავიის ბოლო ომის მსხვერპლთა ნეშტებს იკვლევდნენ.

პირველი ნაწილი ანთროპოლოგიური დაკვირვებაა – მისი მიზანი სქესის, სიკვდილის მომენტში პიროვნების მიახლოებითი ასაკის, სიმაღლის დადგენა და იდენტიფიკაციის ყველა სხვა საშუალების, მაგალითად, სტომატოლოგიური ფორმების შეხორცებული მოტეხილობების აღწერაა.

ჩვენმა არქეოლოგებმა მე-6 მასობრივი სამარხიდან 29 ნეშტი ამოასვენეს და ჩვენ ყველა მათგანი გამოვიკვლიეთ. სქესი, ძირითადად, თავის ქალისა და მენჯის სტრუქტურით განისაზღვრება. სავარაუდო მდედრობითი სქესის ნიშნები მხოლოდ ერთ შემთხვევაში აღმოვაჩინეთ, თუმცა ეს ნეშტი ყველაზე ცუდად იყო შემონახული. ამიტომ მისი იდენტიფიკაციისათვის დნმ-ის კვლევა საკვანძო, გადამწყვეტი იქნება. დანარჩენი ნეშტები, სავარაუდოდ, მამრობითი სქესის წარმომადგენლებს ეკუთვნით. ზოგჯერ ისეც ხდება ხოლმე, რომ სქესი საერთოდ განუსაზღვრელად რჩება, რადგან ზუსტად განსაზღვრა არც ისე მარტივია, როგორც ერთი შეხედვით ჩანს,“ – განმარტა სასამართლო ექსპერტმა ის თავისებურებები, რაც ნეშტების კვლევას ახლავს თან.

  • სიკვდილის ასაკის დადგენა

„ასაკი სიკვდილის მომენტში განისაზღვრება ბოქვენის შესახსრების სტრუქტურით. ბოქვენის შესახსრება, ეს მენჯის წინა მხარეა. ახალგაზრდებში მის ზედაპირზე განივი ღარები და ამობურცულობები გვხვდება. საშუალო ასაკის ადამიანის ბოქვენის შესახსრება ბრტყელია, ხოლო ხანში შესულებში – ჩაღრმავებული. გარდა ამისა, არსებობს მრავალი მეთოდი. შესაძლებელია განისაზღვროს ნეკნების დაბოლოებების სტრუქტურით, კბილების, ასევე, ძვლების განვითარების მიხედვით.

მაგალითად, ძალიან ახალგაზრდებს ამ ძვლების ნაწილი ერთმანეთთან ახლოს არ აქვთ, რადგან ძვალი ჯერ კიდევ იზრდება. თუმცა ასეთი ახალგაზრდები ბათუმის სამარხში არ აღმოგვიჩენია.

ხაზი უნდა გავუსვათ იმას, რომ სიკვდილის მომენტში ასაკის დადგენა ძვლებზე დაკვირვებით მხოლოდ მიახლოებითაა შესაძლებელი. ძვლებზე დაბადების წელი არ არის გამოსახული – ჩვენ მხოლოდ ის შეგვიძლია, ვისაუბროთ ცხოვრების რომელიმე პერიოდზე სიკვდილის მომენტში. რაც უფრო ახალგაზრდაა ადამიანი, მით უფრო ზუსტადაა შესაძლებელი სიკვდილის მომენტში მისი ასაკის განსაზღვრა.

50 წელს გადაცილებული ადამიანის შემთხვევაში, ბოქვენის შესახსრებაზე დაკვირვებით, ამის გაკეთება ძალიან ძნელია. ჩვენ მიერ შესწავლილი დახვრეტილი პირების ასაკი, ძირითადად, 25-50 წლის შუალედში მერყეობდა.

უფრო მაღალიც იყო, რადგან, როგორც აღვნიშნე, ამ შემთხვევაში ზუსტი ასაკის დადგენა ძალიან რთულია. შემთხვევების უმრავლესობაში ასაკი 30-35 და 45-50 წლების შუალედში მერყეობს,“- განმარტა ლუკაშ შლეშკოვსკიმ.

  • როგორ ხდება რეპრესირებულთა ნეშტების იდენტიფიცირება

თანამედროვე სასამართლო ანთროპოლოგიაში ადამიანის იდენტიფიკაციის სამი ძირითადი მეთოდი არსებობს: დნმ კვლევა, თითის ანაბეჭდები (რომელიც ბათუმის შემთხვევაში არარელევანტურია) და ოდონტოლოგია, რაც სტომატოლოგიური ფორმულის შესწავლას გულისხმობს.

„ჩვენ პროტოკოლში ყველაფერს ძალიან ყურადღებით ვწერთ, ვაფიქსირებთ ყველაფერს და ვაკეთებთ ფოტოდოკუმენტაციას, მაგრამ ამ მონაცემების გამოყენება პიროვნების იდენტიფიცირებისთვის არ შეგვიძლია, რადგან დაღუპული ადამიანების შესახებ შედარებითი მონაცემები არ არსებობს.

ერთადერთი, რაც გვრჩება, დნმ კვლევაა. ხაზი უნდა გავუსვათ იმასაც, რომ შესადარებელი გენეტიკური მონაცემები, კერძოდ, დახვრეტილი ადამიანის ოჯახის წევრის დნმ-ი, ამ კვლევასაც სჭირდება. დნმ კვლევისათვის აუცილებელი ნიმუშები ჩვენ თითოეული ნეშტიდან ავიღეთ.

ჩვენ სტომატოლოგიური ფორმულის კვლევის შედეგებით ოდნავ გაოცებულები დავრჩით. გულწრფელად თუ ვიტყვი, ოქროს კბილების, გვირგვინებისა და ხიდების ასეთი რაოდენობა ადრე პოლონეთში არ გვინახავს. მეტიც, ეს რაოდენობა რამდენჯერმე აღემატებოდა იმას, რასაც პოლონეთში მივეჩვიეთ. იყო ვერცხლის კბილებიც.

ეს შეიძლება დაკავშირებული იყოს კავკასიის კულტურულ გავლენებთან, თუმცა, პირველ რიგში, იმის მტკიცებულება იყოს, რომ ეს პირები ქართული საზოგადოების ელიტური, მდიდარი ფენებიდან იყვნენ.

„რამაც გაგვაკვირვა, ეს კბილების შესწავლა იყო, რადგან ამ რაოდენობის ოქროს კბილი პოლონეთში ცალკეულ გათხრებში ადრე არ გვინახავს. ეს შეიძლება კულტურულ გავლენას, ან იმას ასახავდეს, რომ მსხვერპლები ქართული საზოგადოების მაღალი, მდიდარი ფენიდან მოდიოდნენ. ასეთი რამე პოლონეთში საერთოდ არ გვხვდება“, – ლუკაშ შლეშკოვსკი.

მეორე ნაწილი – სასამართლო-სამედიცინო დაკვირვება, ძვლების დაზიანებებზე ყურადღებით დაკვირვებას, ტრავმის მიღების მექანიზმის განსაზღვრას და, რაც მთავარია, სიკვდილის მეტ-ნაკლებად ზუსტი მიზეზის დადგენას მოიცავს.

გაამახვილეთ ყურადღება იმაზე, რომ მე ვახსენე „სიკვდილის მეტ-ნაკლებად ზუსტი მიზეზი“ და არა უბრალოდ „სიკვდილის მიზეზი“ – ამას ახსნა სჭირდება. სასამართლო-სამედიცინო ექსპერტი ახალგარდაცვლილის ცხედრის დათვალიერებისას განსაზღვრავს ძალადობრივი სიკვდილის მიზეზს შინაგანი ორგანოებისა და ქსოვილების დაზიანების შესწავლაზე დაყრდნობით (მაგალითად, თავის ტვინის დაზიანება, შიდაქალის ჰემატომა, შინაგანი სისხლდენა). ხოლო, როცა ჩვენთვის, ექსპერტებისათვის ხელმისაწვდომი მხოლოდ ძვლოვანი ქსოვილებია, სამედიცინო გადმოსახედიდან, მტკიცება არ შეგვიძლია. მხოლოდ ვვარაუდობთ.

მიუხედავად ამისა, თუ ექსპერტიზის შედეგებს შევადარებთ საარქივო მონაცემებს, მაგალითად, დახვრეტის შესახებ ცნობებს და ისინი დაემთხვევა, სიკვდილის მიზეზი აღარანაირ ეჭვებს აღარ გამოიწვევს,“ – ამბობს ლუკაშ შლეშკოვსკი.

სასამართლო მედიცინის ექსპერტი ამბობს, რომ ძვლებზე სამი სახის მოტეხილობის აღმოჩენა შეგვიძლია.

„პირველი, ეს არის სიკვდილამდელი მოტეხილობები – Ante Mortem Trauma. ეს არის მოტეხილობა, რომელიც სიცოცხლეში მიღებული დაზიანების ნიშნებს ატარებს, შეხორცებულია სრულად ან ხორცდებოდა სიკვდილის მომენტში. ამ ტიპის დაზიანებას სიკვდილის მიზეზის დადგენის პროცესში არანაირი მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ ზოგჯერ პიროვნების იდენტიფიცირებისთვის გამოსადეგია.

მეორე, ეს არის სიკვდილისშემდგომი მოტეხილობები – Post Mortem Trauma. ეს არის მოტეხილობები, რომლებიც გამომშრალმა ძვალმა გათხრების, ექსჰუმაციისა და ტრანსპორტირების პროცესში მიიღო. მათი თავიდან სრულად არიდება თითქმის შეუძლებელია.

ჩემი, სასამართლო-სამედიცინო ექსპერტის გადმოსახედიდან, მესამე ტიპის დაზიანება ყველაზე მნიშვნელოვანია. ეს არის Perimortem Trauma, რაც ითარგმნება, როგორც სიკვდილამდე მცირე დროით ადრე მიღებული დაზიანებები. ეს ნიშნავს, რომ ხსენებული დაზიანებებს, შინაგანი ორგანოების დაზიანებასთან ერთად, შეეძლო სიკვდილი გამოეწვია. ამ ტიპის დაზიანებები ბათუმის სამარხში არსებულ ყველა, 29-ვე შემთხვევაში აღმოვაჩინეთ.

ასეთი ცეცხლნასროლი დაზიანებები აღმოვაჩინეთ 21 შემთხვევაში. ხოლო დანარჩენ 8 შემთხვევაში დავაფიქსირეთ თავის ქალის მრავალმხრივი მოტეხილობები.

დიდი ალბათობით, ყველა მათგანის სიკვდილის მიზეზი ცეცხლსასროლი იარაღით თავზე მიყენებული დაზიანება გახდა, თუმცა თავის ქალის ის ნარჩენები, რომლებშიც ტყვია იქნებოდა, არ შემონახულა“.

  • რა იარაღს იყენებდნენ რეპრესირებულთა დასახვრეტად

სასამართლო მედიცინის ექსპერტი, ლუკაშ შლეშკოვსკი საუბრობს იმ იარაღზე, რომლითაც სავარაუდოდ ხვრეტდნენ რეპრესირებულ პირებს.

ეს არის 1933 წლის ტოკარევის პისტოლეტი. მას აქვს ძალიან ძლიერი ტყვიები, რომლებიც 40-იანი წლებიდან ტყვიამფრქვევებშიც გამოიყენებოდა. პოლონეთშიც დახვრეტა სწორედ ამ იარაღით სრულდებოდა. რაც შეეხება 7-8მმ-იანი კალიბრის იარაღებს,  ეს [7.62X38Р] 1895 წლის ნაგანის სისტემის რევოლვერია, ან 7.65X17მმ ბრაუნინგი. მაგალითად, კატინის დახვრეტებს სწორედ ამ უკანასკნელით აღასრულებდნენ.

ჩემი აზრით, მესამე მაგალითი ბათუმის შემთხვევაში საკმაოდ სავარაუდოა. ეს მხოლოდ ჩემი სასამართლო-სამედიცინო მინიშნებაა, თუმცა დარწმუნებული ვარ, ქართველმა მკვლევრებმა და ისტორიკოსებმა უკეთ იციან, რომელი ტიპის იარაღი გამოიყენებოდა ამ პერიოდში ბათუმში.

რომ შევაჯამოთ ბათუმის მე-6 მასობრივი სამარხიდან ექსჰუმირებული ნეშტების სასამართლო-სამედიცინო დაკვირვების შედეგები, შეიძლება ვივარაუდოთ, რომ ამ პერიოდში ბათუმში დახვრეტას აღასრულებდნენ მოკლელულიანი იარაღიდან კეფის არეში 1 გასროლით“, – განმარტა ლუკაშ შლეშკოვსკიმ.

პოლონეთის ეროვნული მეხსიერების ინსტიტუტის (IPN) მეცნიერები აჭარაში 2022 წლის თებერვალში ჩამოვიდნენ რეპრესირებულთა სამარხის შესასწავლად.

მეცნიერებმა სრულად დაამუშავეს ხელვაჩაურში აღმოჩენილი, 1937-1938 წლების დიდი ტერორის მსხვერპლთა მეექვსე მასობრივი სამარხი.

არქეოლოგებისა და ანთროპოლოგების 6-კაციანი ჯგუფი ბათუმისა და ლაზეთის ეპარქიისა და ინფორმაციის თავისუფლების განვითარების ინსტიტუტის (IDFI) მოწვევით იყო ჩამოსული.

2022 წლის აპრილში რეპრესირებულთა ნეშტების ანთროპოლოგიური შესწავლა დაიწყო  პოლონელი სპეციალისტების ორკაციანმა ჯგუფმა, ვროცლავის სამედიცინო უნივერსიტეტის სასამართლო მედიცინის კათედრის წევრებმა აგატა ტანჰოიზერმა და ლუკაშ შლეშკოვსკიმ.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: