მთავარი,სიახლეები

შსს 1,3 მილიონს დახარჯავს ბათუმსა და ქობულეთში შენობების გარემონტება-დემონტაჟში

20.10.2023 • 818
შსს 1,3 მილიონს დახარჯავს ბათუმსა და ქობულეთში შენობების გარემონტება-დემონტაჟში

ბათუმსა და ქობულეთში შინაგან საქმეთა სამინისტროს სარგებლობაში არსებული შენობების გარემონტებასა და დემონტაჟისთვის სამინისტრომ ტენდერი გამოაცხადა. სატენდერო თანხა 1 302 831 ლარია.

ტენდერის ფარგლებში დაგეგმილია შემდეგი სამუშაოები:

  • ბათუმში, ტბელ აბუსერიძის N11ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული ორი შენობის რემონტი
  • ქობულეთში, შოთა რუსთაველის N168ა-ში მდებარე მიწის ნაკვეთზე განთავსებული სამი შენობის დემონტაჟი, ერთი შენობის გარემონტება, ნივთმტკიცების შენობის მშენებლობა და ტერიტორიის კეთილმოწყობა.

შსს-ს სარგებლობაში არსებული ქონება ბათუმსა და ქობულეთში

შსს აცხადებს, რომ სამუშაოები „ლოჯისტიკის დეპარტამენტის მოთხოვნის უზრუნველსაყოფად“ უნდა ჩატარდეს.

ტენდერში წინადადებების მიღება 2023 წლის 5 ნოემბერს დაიწყება და 10 ნოემბერს დასრულდება.

სამუშაოები ტენდერში გამარჯვებულთან ხელშეკრულების გაფორმებიდან 240 დღის განმავლობაში უნდა დამთავრდეს.

ტბელ აბუსერიძის ქუჩა 11ა-ში მდებარე ქონება დღეს სახელმწიფოს და ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაშია და მას შსს სარგებლობს.

2 წლის წინ საუბარი იყო იმაზე, რომ აჭარის პოლიციის ახალი ადმინისტრაციული შენობის მშენებლობა ბარცხანაში დაიწყებოდა, რისთვისაც ბათუმის მუნიციპალიტეტმა ოდისეი დიმიტრიადის ქუჩის 17 ნომერში [ბარცხანის ხიდთან, ზღვის მხარეს] 15 938 კვადრატული მეტრი მიწის ნაკვეთი საკუთრებაში გადასცა სახელმწიფოს. სახელმწიფომ კი – შინაგან საქმეთა სამინისტროს – სარგებლობაში.

მიწის ნაკვეთი ბათუმში, ბარცხანაში, რომელიც შსს-ს სახელმწიფომ სარგებლობაში გადასცა

ტბელ აბუსერიძის ქუჩა 11ა-ში მდებარე ქონება მთლიანად უნდა გადასცემოდა საკუთრებაში ბათუმის მუნიციპალიტეტს. თუმცა გასულ წელს ქალაქის მერიაში „ბათუმელებს“ უთხრეს, რომ აბუსერიძის ქუჩაზე მდებარე ქონება მუნიციპალიტეტს საკუთრებაში მას შემდეგ გადაეცემა, რაც შსს ახალ შენობას ააშენებს ბარცხანაში:

„ეს თავიდანვე ასე იყო ჩადებული პირობაში. ვინაიდან პოლიცია დღემდე ფუნქციონირებს აბუსერიძის ქუჩაზე, ამიტომ აქ არსებული უძრავი ქონება ჯერ არ გადმოსულა ბათუმის მუნიციპალიტეტის საკუთრებაში“.

ბარცხანაში, აღნიშნულ ტერიტორიაზე კი, დღემდე არანაირი სამუშაოები არ დაწყებულა.

ამ თემაზე:

აჭარის პოლიციის შენობის ადგილას ცათამბჯენები აშენდება? – დეპარტამენტი ბარცხანაში გადადის

გადაბეჭდვის წესი


ასევე: