მთავარი,სიახლეები

როგორ აღმოჩნდნენ ქართველი ფრენბურთელი დები გერმანულ კლუბში

19.10.2023 • 2480
როგორ აღმოჩნდნენ ქართველი ფრენბურთელი დები გერმანულ კლუბში

ფრენბურთელი დები – ლიზი და ნანუკა ლობჟანიძეები კარიერას გერმანიის „ბუნდესლიგა 2“-ის კლუბ Nawaro Straubing-ში აგრძელებენ. ლიზი ძირითად გუნდში ითამაშებს, ნანუკა კი – ახალგაზრდულში.

ლიზი [190 სმ] 23 წლისაა, ნანუკა – 15-ის [180 სმ].

ლიზი ლობჟანიძე 2018 წლიდან საქართველოს ეროვნული ნაკრების წევრია და „საქართველოს უნივერსიტეტში“ გოგონების და ვაჟთა გუნდების მთავარი მწვრთნელიცაა.

როგორც ლიზი „ბათუმელებთან“ ამბობს, მან დააარსა პირველი ლიგის ქალ ფრენბურთელთა გუნდი, რომელმაც სადებიუტო წელს ჩემპიონობაც მოიპოვა. ლიზი ავარჯიშებს ბავშვებს და მუშაობს სამოყვარულო ჯგუფებთანაც.

„როგორც სპორტსმენისთვის, ცხადია, კარიერულად საკმაოდ დიდი ნაბიჯია ამ კლუბში თამაში. დიდი ხანია მინდოდა აქ მოხვედრა და წელს ეს გამოვიდა.

მქონდა სხვა შემოთავაზებებიც, მაგრამ გერმანიაში წასვლა ყოველთვის იყო ჩემი მიზანი და ახლა უკვე მეც და ჩემს დასაც მოგვეცა ამის შესაძლებლობა.

ერთად ვვარჯიშობთ, ერთსა და იმავე კლუბში ვართ, უბრალოდ ნანუკა რადგან 15 წლისაა, ის ახალგაზრდულ ნაკრებში ითამაშებს, მე კი – ძირითადში. ძალიან დატვირთული გრაფიკი გვაქვს, ორი ვარჯიში გვაქვს დღეში.

რა თქმა უნდა, როგორც ყველა ქართველ სპორტსმენს, მეც მინდა, რომ ვიასპარეზო მსოფლიო და ევროპის ჩემპიონატებზე ჩემი ქვეყნის სახელით. თუ კლასიკური ფრენბურთით არ გამოვა, ქვიშის ფრენბურთიც რომ იყოს, ესეც საინტერესო იქნება ჩემთვის, რადგან ესეც ძალიან მიზიდავს და იმედი მაქვს, ამის შესაძლებლობაც მომეცემა“, – გვეუბნება ლიზი ლობჟანიძე.

ლიზი ლობჟანიძე

ლიზი ამბობს, რომ საქართველოში ფრენბურთი არ არის ისეთი პოპულარული სპორტი, როგორც, მაგალითად, რაგბი, ფეხბურთი ან ძიუდო და ამ მხრივ ფრენბურთელები შესაძლოა იჩაგრებიან კიდეც, თუმცა არ გამორიცხავს, რომ წლების შემდეგ ახალგაზრდა ფრენბურთელებმა სპორტის ეს მიმართულებაც პოპულარული გახადონ.

„ფრენბურთი ახლა იკიდებს ფეხს საქართველოში, ახლა უფრო მეტად ინტერესდებიან ახალგაზრდები, სკოლებშიც აქტიურად თამაშობენ, ბევრი კლუბი და წრე შეიქმნა და ვფიქრობ, წლების შემდეგ, ჩვენს გვეყოლება გულშემატკივრები.

ქართველი გოგონების ახალგაზრდულმა ნაკრებმა წელს წარმატებით იასპარეზა სერბეთში და ვფიქრობ, კიდევ ექნებათ მიღწევები“, – ამბობს ლიზი.

რაც შეეხება გერმანიას, როგორც ლიზი ამბობს, დამოკიდებულება ამ სპორტის მიმართ „ცა და დედამიწასავით განსხვავდება“: გერმანიაში სპორტსმენს არ უწევს იმაზე ფიქრი, რა უნდა გეცვას თამაშზე, სად წახვალ და როგორ, რადგან ყველაფერი ორგანიზებულია.

„საქართველოში კი სპორტსმენს უწევს ამ ყველაფერზე ფიქრი, უფრო მეტად ისტრესება სპორტსმენი და შეიძლება ეს აისახოს თამაშზეც. გარდა მაღალი ანაზღაურებისა, გერმანიაში ყველანაირად გეხმარებიან, იქნება ეს ტრანსპორტირება, კვება, ჩაცმა… ცდილობენ, ყველაფერში ხელი შეგიწყონ.

საქართველოში კი, მიუხედავად იმისა, რომ პროფესიონალი სპორტსმენი ხარ, კლუბი მხოლოდ ფორმას თუ უზრუნველყოფდა, სამუხლეების და ბოტასის შეძენა ჩვენ თვითონ გვიწევს, სპორტსმენებს.

ანაზღაურებაც იმდენად დაბალია, ელემენტარულ რაღაცებზე არ მყოფნიდა.

ჩვენთან ამის გამოც ანებებენ გოგონები თავს, რადგან ანაზღაურება არ აქვთ საკმარისი და თუ მხოლოდ სპორტით ხარ დაკავებული, თავს ვერ ირჩენ. ამიტომაც, საქართველოში ადრეულ ასაკში ანებებენ გოგოები სპორტს თავს. მეც ამიტომ გადავწყვიტე უმაღლესი განათლება მიმეღო და სპორტის პარალელურად მესწავლა“, – გვეუბნება ლიზი.

ლიზი ლობჟანიძე

მისი თქმით, გერმანიაში წასვლა იმიტომ გადაწყვიტა, რომ როგორც სპორტსმენმა საქართველოში უკვე მიაღწია კარიერის მწვერვალს და აუცილებელი იყო განვითარების ახალი შესაძლებლობები.

„ერთ-ერთი მიზანი აქ წამოსვლის ისიც არის, რომ ეროვნული ნაკრები გავაძლიერო, რადგან სტაგნაციის პერიოდი აქვთ. საქართველოში ეროვნულ ნაკრებზე მაღლა ვეღარ მიდიხარ და ვეღარც ვითარდები.

ვფიქრობ, აქ ჩემი განვითარების პიკს მივაღწიე და ახლა მჭირდება ევროპული გამოცდილება კლუბურ დონეზე“, – ამბობს ლიზი.

ამბობთ, რომ საქართველოს ნაკრები სტაგნაციაშია, მაშინ როგორ მოახერხებთ ასეთ გუნდთან ერთად თამაშს თქვენი ახალი გამოცდილებით, როცა ეროვნული ნაკრების სახელით იასპარეზებთ სადმე? – ვკითხეთ ლიზის.

მისი თქმით, როგორც პრაქტიკა აჩვენებს, ეს ქმნის კიდეც სირთულეებს, რადგან ევროპულ კლუბებში სპორტსმენები ახალ ტექნიკას, განვითარების სხვა სიმაღლეებს აღწევენ და შემდეგ მართლაც რთულია ძველ თანაგუნდელებთან ერთად თამაში.

თუმცა, ლიზის აზრით, ეს სირთულეებიც შესაძლოა დაიძლიოს, რადგან ბოლო წლებში საქართველოს ფრენბურთის ეროვნული ნაკრებიდან ძალიან ბევრი გოგო წავიდა უცხოურ კლუბებში სათამაშოდ და მათი გამოცდილება ეროვნულ ნაკრებსაც გამოადგება.

„ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ქალი ფრენბურთელი ჩვენთან ანა კალანდაძეა და ისიც საზღვარგარეთ თამაშობს. ეროვნულ ნაკრებში როცა ჩვენთან ერთად ვარჯიშობდა და თამაშობდა, ახლა ვხვდები რამდენად რთული გამოწვევა იყო ეს მისთვის, რადგან ბევრად მაღალ დონეზე თამაშობდა, მაშინ, როცა აქ გუნდში არასტაბილური სიტუაცია ხვდებოდა.

თუმცა ბევრი გოგო წავიდა სხვადასხვა ქვეყნის კლუბებში და როცა შევიკრიბებით, ვფიქრობ, უკეთეს შედეგს დავდებთ“.

ლიზის და ნანუკას ერთწლიანი კონტრაქტი აქვთ. ახლა ისინი გერმანიაში, შტრაუბინგში ცხოვრობენ და როგორც ამბობენ, ერთი წლის შემდეგ ახალ პირობებს განიხილავენ კლუბთან.

როგორც ლიზი ამბობს, მას სპორტის პარალელურად უნივერსიტეტში სწავლის ხელშეწყობაც აქვს, რადგან მეოთხე კურსზეა და „საქართველოს უნივერსიტეტთან“ მოლაპარაკების შემდეგ, შესაძლებლობა მიეცა, ბოლო სემესტრი მიუნხენის ტექნიკურ უნივერსიტეტში გაეტარებინა.

ნანუკა ლობჟანიძე

რაც შეეხება ნანუკას, ის ჯერჯერობით სკოლაში სიარულს ვერ ახერხებს, თუმცა სახლში მეცადინეობს და აპირებს, რომ წლის ბოლოს კლასი ექსტერნად დაძლიოს.

„ოქროს მედლის კანდიდატიც ვარ. ვაპირებ, ეს პოზიცია შევინარჩუნო, ამიტომ სახლში ვმეცადინეობ და შემდეგ ერთად ჩავაბარებ მასალას.

აქ ვცდილობ, რომ კარგად დავეუფლო გერმანულ ენას, ამიტომ გაძლიერებულად ვსწავლობ“, – გვეუბნება ნანუკა ლობჟანიძე.

დების აზრით, არსებობს სტერეოტიპი, რომ სპორტსმენებს განათლება აკლიათ, ამიტომ მათი მიდგომაა, რომ ეს დამოკიდებულება შეიცვალოს.

„ამიტომ ვაპირებთ მე და ჩემი და, რომ განათლება მივიღოთ, რადგან განათლება სჭირდება ყველას, მათ შორის სპორტსმენსაც წარმატებისთვის“, – ამბობს ლიზი.

ნანუკა კი დასძენს, რომ კარგი იქნება, თუ საქართველოში შეიცვლება მიდგომები ფრენბურთის მიმართ და მოსამზადებელ ბანაკებს მხოლოდ შემოსავლის წყაროდ არ აქცევენ ადამიანები.

„ზოგჯერ მგონია, რომ უბრალოდ ფულის გამო აკეთებენ ასეთ ბანაკებს და არა იმიტომ, რომ მართლა შეაყვარონ ბავშვებს სპორტი.

გერმანიაში რაც გადმოვედი, ერთ თვეში სრულიად შემიცვალეს ტექნიკა და მიდგომა სპორტის მიმართ. ძალიან მადლიერი ვარ, რომ აქეთ წამოვედი. ძალიან ცივილური, ძალიან პროფესიონალური მიდგომები აქვთ სპორტის მიმართ და მართლა სხვა სამყაროა“, – ამბობს ნანუკა.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: