ბათუმი,მთავარი,სიახლეები

წელს არც ბათუმის შემოვლითი გზა დასრულდება და არც ხულო-ზარზმის 

19.10.2023 • 4453
წელს არც ბათუმის შემოვლითი გზა დასრულდება და არც ხულო-ზარზმის 

ბათუმის შემოვლითი და ხულო-ზარზმის გზების მშენებლობის დასრულებას მთავრობა საარჩევნო, 2024 წელს გვპირდება. არადა, ეს მშენებლობები, სულ ცოტა, 2023 წელს მაინც უნდა დასრულებულიყო.

აღნიშნული გზების მომავალ წელს დასრულება საქართველოს 2024 წლის ბიუჯეტის პროექტშია გაწერილი, თუმცა ამავე პროექტში ისიც აღნიშნულია, რომ „დაიწყება ბათუმი-სარფის ავტომაგისტრალის მშენებლობა“.

მიუხედავად ასეთი ჩანაწერისა, ბათუმი-სარფის გზის მშენებლობისთვის ბიუჯეტის პროექტში ამ ეტაპზე დაფინანსება გათვალისწინებული არ არის.

მთავრობა 2024 წელს ბათუმი-სარფის გზის მშენებლობის დაწყებაზე საუბრობს მაშინ, როცა დღეს პროექტის გზშ-ც არ არის მზად. მშენებლობის დაწყებამდე კი, გზშ-ს ჩათვლით უამრავი პროცედურაა, ვიდრე მშენებლობაზე ტენდერს გამოაცხადებენ.

„ქართული ოცნების“ ერთ-ერთი საარჩევნო პროგრამის მიხედვით, „აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა“ 2020 წელს მთლიანად უნდა დასრულებულიყო. მათ შორის ბათუმი-სარფის გზაც, თუმცა დღეს მხოლოდ ის ვიცით, დაახლოებით სად გაივლის ეს გზა.

საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტით გათვალისწინებული კაპიტალური პროექტების შესახებ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ბათუმის შემოვლითი გზის პროექტის მთლიანი თანხა 493 მილიონ 120 ათას 100 ლარია.

აქედან, 2022 წლის ჩათვლით დახარჯულია 428 120 100 ლარი, 2023 წელს დაიხარჯება 40 მილიონი ლარი, 2024 წელ კი – 25 მილიონი ლარი.

ქვეყნის 2024 წლის ბიუჯეტის პროექტის შეფასებისას კაპიტალურ პროექტებს ეხება სახელმწიფო აუდიტიც და აცხადებს, რომ აღსანიშნავია შემდეგი საკითხები:

„კანონპროექტში ასახული არ არის 5 კაპიტალური პროექტი [ჯამური ღირებულებით 265 მილიონი ლარი], რომელთა განხორციელება 2023 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონით დაგეგმილი იყო 2024 წლისთვის.

  • საბიუჯეტო ორგანიზაციის განმარტებით, 1 პროექტი დასრულდა დროზე ადრე, 4 პროექტთან დაკავშირებით კი მიმდინარეობს მოლაპარაკებები და მათი ასახვა მოსალოდნელია 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის კანონპროექტის მომდევნო ვერსიებში;

2023 წელს მიმდინარე 8 კაპიტალური პროექტის შემთხვევაში, 8 თვის მდგომარეობით ათვისებულია 9 თვის გეგმის 40%-ზე ნაკლები. მიუხედავად ამისა, აღნიშნული პროექტებისთვის 2024 წელს იგეგმება ასიგნებების ზრდა 2023 წლის საწყის გეგმასთან შედარებით, ჯამურად, 136 მილიონი ლარის ოდენობით.

  • საბიუჯეტო ორგანიზაციების განმარტებით, ათვისების არსებული ტენდენციის მიუხედავად 2024 წლის გეგმების ზრდა ძირითადად შემდეგმა ფაქტორებმა განაპირობა:
    ა) მიმდინარე წლის განმავლობაში არსებული შეფერხებებიდან გამომდინარე 2023 წლისათვის დაგეგმილი სამუშაოები გადატანილია 2024 წელს;
    ბ) 2023 წელს პროექტები საწყის ფაზაში იყო და შესაბამისად, ინტენსიური აქტივობები დაგეგმილია 2024 წლისათვის.“

აუდიტის მიხედვით, ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაცია-რეკონსტრუქციის პროექტი ერთ-ერთია იმ პროექტებიდან, სადაც გათვალისწინებული დაფინანსების ათვისება დაბალია [2023 წლის საწყისი გეგმა 40 მილიონი ლარი, 9 თვის გეგმა 24 მილიონი ლარი, ათვისება 35%. 2024 წლის გეგმა – 61 მილიონი ლარი]“.

„მნიშვნელოვანია, განმახორციელებელმა უწყებებმა ბიუჯეტის დაგეგმვის ეტაპზევე გაითვალისწინონ პროექტის განხორციელების/მიმდინარეობის როგორც წინარე გამოცდილება, ასევე დასაგეგმი წლისათვის მოსალოდნელი აქტივობების მასშტაბი და აღნიშნულზე დაყრდნობით განსაზღვრონ მომდევნო წლისთვის საჭირო ფინანსური რესურსის მოცულობა, რათა ოპტიმალურად გადანაწილდეს თანხები ბიუჯეტის დამტკიცების ეტაპზე“, – აცხადებს აუდიტი.

2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის პროექტის მიხედვით, ხულო-ზარზმის გზის რეაბილიტაციისთვის საჭირო მთლიანი თანხა, ჯამში 172 მილიონ 24 ათას 300 ლარია.

აქედან 2022 წლის ჩათვლით ათვისებულია 71 024 300 ლარი, მიმდინარე 2023 წელს უნდა დაიხარჯოს 40 მილიონი ლარი, 2024 წელს კი – 61 მილიონი ლარი.

მთავარი ფოტო: ბათუმის შემოვლითი გზის მშენებლობა / ფრიდონ ხალვაშის გამზირი /20.10.2023

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

„დასრულდება ავტობანის მშენებლობა“ – „ოცნების“ შეუსრულებელი საარჩევნო დაპირება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: