ბათუმი,მთავარი,მთიანი აჭარა,სიახლეები

რა იცვლება ბათუმში გარევაჭრობის კუთხით 25 ოქტომბრიდან

22.10.2023 • 2283
რა იცვლება ბათუმში გარევაჭრობის კუთხით 25 ოქტომბრიდან

2023 წლის 25 ოქტომბრიდან ახალი რედაქციით ამოქმედდება საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსის 153​3  მუხლი, რომელიც შესაბამისი ნებართვის გარეშე გარევაჭრობაზე რეაგირებას გულისხმობს.

ბათუმში უნებართვო გარევაჭრობაზე რეაგირებას მერიის მუნიციპალური ინსპექცია ახდენს, თუმცა 25 ოქტომბრიდან სიახლე იქნება ის, რომ ინსპექციას უფლება ექნება რეაგირება მოახდინოს „სატრანსპორტო საშუალების, მისაბმელის ან სხვა ნებისმიერი მოძრავი საშუალების“ [მაგალითად, ურიკა] გამოყენებით გარევაჭრობის შემთხვევაშიც.

ასეთ შემთხვევაში კი, გარემოვაჭრე დაჯარიმდება 500 ლარით „სამართალდარღვევის საგნის [შესაბამისი საქონლის] კონფისკაციით.“

153​3  მუხლი: გარევაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე [რომელიც 2023 წლის 25 ოქტომბრიდან ამოქმედდება]:

„1. გარევაჭრობა შესაბამისი ნებართვის გარეშე – გამოიწვევს ფიზიკური ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 20 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან – გამოიწვევს დაჯარიმებას 50 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

3. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების განმეორებით ჩადენა − გამოიწვევს ფიზიკური  ან/და იურიდიული პირის დაჯარიმებას 100 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.

4. ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული ქმედების სატრანსპორტო საშუალების, მისი მისაბმელის ან ნებისმიერი სხვა მოძრავი საშუალების გამოყენებით ჩადენა − გამოიწვევს დაჯარიმებას 500 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის [შესაბამისი საქონლის] კონფისკაციით.

5. ამ მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება, რომელიც დაკავშირებულია შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობასთან – გამოიწვევს დაჯარიმებას 1 000 ლარის ოდენობით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით, ან ადმინისტრაციულ პატიმრობას 7 დღემდე ვადით, სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციით.“

ბათუმის საკრებულოში შეტანილია საკითხი, რომლის მიხედვითაც „ქალაქ ბათუმის მუნიციპალიტეტისათვის მიკუთვნებული კომპეტენციის ფარგლებში საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსით გათვალისწინებულ ცალკეულ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევებზე სამართალდარღვევის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილი პირები“ უნდა განისაზღვროს.

უნებართვო გარევაჭრობის კუთხით, ბათუმის მუნიციპალური ინსპექცია ოქმებს შეადგენს ზემოთ აღნიშნული 153​3  მუხლის მე-2 და მე-5 ნაწილებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ხოლო იმავე ინსპექციას დაჯარიმების უფლება ექნება ამავე მუხლის პირველი, მე-3 და მე-4 ნაწილებით განსაზღვრულ შემთხვევებში.

რაც შეეხება შესაბამისი საქონლის კონფისკაციას – ჩამორთმეული საქონლის [ასეთის არსებობის შემთხვევაში] განკარგვის წესს მუნიციპალიტეტი შემდგომში დაადგენს.

გარევაჭრობას ბათუმის ბოტანიკური ბაღისა და ბულვარის ტერიტორიებზე კი, არა მერიის მუნიციპალური ინსპექცია, არამედ შესაბამისი ადმინისტრაციები გააკონტროლებენ.

გარევაჭრობა ბათუმში / 21.10.2023

ზემოთ აღნიშნულ მუხლს ახლავს შენიშვნაც:

„1. ამ კოდექსის 22-ე მუხლით დადგენილი წესით ადმინისტრაციული პასუხისმგებლობისგან გათავისუფლება და დამრღვევის მიმართ სიტყვიერი შენიშვნის გამოყენება არ ათავისუფლებს მას სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციისგან.

2. სამართალდამრღვევის შესაბამისი ორგანოს უფლებამოსილი პირის კანონიერი განკარგულებისადმი ან მოთხოვნისადმი დაუმორჩილებლობა გულისხმობს სამართალდამრღვევის მიერ პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ან სხვა საიდენტიფიკაციო მონაცემების წარუდგენლობას, ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის გაგრძელების აღსაკვეთად მიცემული სიტყვიერი მითითების შეუსრულებლობას.

3. თუ ამ მუხლის პირველი, მე-3 ან მე-4 ნაწილით გათვალისწინებული ადმინისტრაციული სამართალდარღვევის ფაქტის აღმოჩენისას სამართალდამრღვევი ვერ დგინდება, სამართალდარღვევის საგანი კონფისკაციას ექვემდებარება.

4. სამართალდარღვევის საგნის კონფისკაციის შედეგად მიღებული ქონების განკარგვის წესს ადგენს შესაბამისი მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო.“

ამავე თემაზე „ბათუმელების“ არქივიდან:

გარევაჭრობის ახალი წესი ბათუმის მერიამ 31 დეკემბრამდე უნდა შეიმუშაოს

ვის შეუძლია ბიზნესი ტროტუარზე და ვის არა? – მერიის შერჩევითი დამოკიდებულება

გადაბეჭდვის წესი


ასევე: