მთავარი,სიახლეები

მოკვდა ცნობილი ძაღლი „კუპატა“, რომელიც ბავშვებს ზებრაზე აცილებდა

19.10.2023 • 15393
მოკვდა ცნობილი ძაღლი „კუპატა“, რომელიც ბავშვებს ზებრაზე აცილებდა

ბათუმში მოკვდა ძაღლი, მეტსახელად „კუპატა“, რომელიც ცნობილი გახდა ვიდეოს შემდეგ, რომელზეც ასახული იყო, თუ როგორ ეხმარება „კუპატა“ ბავშვებს ზებრის გადაკვეთაში და უყეფს კანონდამრღვევ მძღოლებს.

„კუპატას“ ვიდეომ მალე მიიქცია არა მარტო ქართული, არამედ საერთაშორისო მედიის ყურადღება. ამბავი ბათუმელ ძაღლზე, რომელსაც ზებრაზე ბავშვები გადაჰყავს, გააშუქა ABC News-მა, USA Today-მ, CBS News-მა, იტალიურმა sky-მ და ა.შ.

2020 წელს აჭარის ტურიზმისა და კურორტების დეპარტამენტის თანამშრომლებმა „კუპატას“ სახლი უყიდეს, წარწერით – „ხალხის რჩეული“.

„კუპატა“ ქუჩის ძაღლი იყო, თუმცა მას ჰყავდა მიმკედლებელი, რომელიც წლებია მასზე ზრუნავდა.

„კუპატას“ მიმკედლებელმა „ბათუმელებს“ უთხრა, რომ „კუპატა“ 18 ოქტომბერს, საღამოს 9 საათზე ცუდად გახდა და გარეთ გასვლა მოინდომა.

„გავიდა სადარბაზოში, წაბარბაცდა, დაწვა, ამოისუნთქა და გარდაიცვალა. გული გამიხეთქა, სიკეთით სავსე რომ იყო, სახლში არ მოკვდა“, – უთხრა მან „ბათუმელებს“.

მისივე თქმით, „კუპატას“ ელენთის სიმსივნე ჰქონდა და ბოლო თვეებია მძიმედ იყო ავად. ძაღლი დაახლოებით 10 წლის იყო.

„კუპატა“ ძირითადად მელიქიშვილის ქუჩაზე, ბათუმის ცენტრალური პარკის წინ სეირნობდა. ბოლო სამი წელია „კუპატასთან“ არაერთი ტურისტი იღებდა ფოტოს, როგორც ბათუმის ყველაზე პოპულარულ ძაღლთან და სოციალური ქსელების ვარსკვლავთან.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: