მთავარი,სიახლეები

უკვე დახარჯულია 1.2 მილიონი, როგორი გენგეგმა ექნება ბათუმს – ინტერვიუ

19.10.2023 • 2666
უკვე დახარჯულია 1.2 მილიონი, როგორი გენგეგმა ექნება ბათუმს – ინტერვიუ

დიდი ხანია, რაც მერიას ბათუმის გენგეგმის მომზადების ეტაპებზე ინფორმაცია არ გამოუქვეყნებია. შესაბამისად, საზოგადოებას არ აქვს ინფორმაცია, როგორ ამზადებენ ქალაქის გენერალური გეგმის პროექტს.

„გამოითხოვეთ“ – გვიპასუხეს ბათუმის მერიის პრესსამსახურში ამ საკითხზე. სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, ამ დროისთვის გაფორმებულია რამდენიმე მიღება-ჩაბარების აქტი და გადახდილია ხელშეკრულების ღირებულების 50% – 1 მილიონ  235  371 ლარი. ეს კი იმას ნიშნავს, რომ საქმის 50 პროცენტიც შესრულებული უნდა იყოს.

მთლიანობაში პროექტის ღირებულება 2 მილიონი ლარია.

რადგან მერია კითხვებს არ პასუხობს, თავად შემსრულებელს ვკითხეთ, რა ეტაპზეა ქალაქის ერთ-ერთი მთავარი დოკუმენტი. ჩვენ კითხვებს „სითი ინსტიტუტი საქართველოს“ ურბანისტმა, ანდრო ქორთუამ უპასუხა.

  • ბატონო ანდრო, რას მოიცავს დოკუმენტის ის ნაწილი, რაც უკვე ჩაჰბარდა და რა ეტაპზე გადავედით?

30 ოქტომბერს გვაქვს კონცეფციის საბოლოო ვერსიის წარდგენის ვადა, სამუშაო ვერსია კი ჩაბარებული გვაქვს. ეს ვერსია გულისხმობდა ალტერნატივების განხილვას და ამ ალტერნატივებიდან ყველაზე ოპტიმალურის შეფასებას. შემდეგ უკვე არის საბოლოო ვარიანტის ჩამოყალიბება დამკვეთთან ჩართულობით, შეჯერებული ვერსია.

თავდაპირველად წარდგენილი გვქონდა კონცეფციის სამი სამუშაო ვერსია. ეს განვიხილეთ, როგორც დამკვეთთან, ასევე შეხვედრა გვქონდა დემოკრატიული ჩართულობის ცენტრში. გვქონდა შეხვედრა არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებთანაც.

სამუშაო ვერსია წარვადგინეთ 25 ივლისს. შემდეგ გვქონდა საჯარო შეხვედრა უნივერსიტეტის დარბაზში, სადაც საკრებულოსა და მერიის წარმომადგენლებიც იყვნენ.

ანდრო ქორთუა – ურბანისტი

  • პრინციპში, კონცეფცია ყველაფერს უნდა მოიცავდეს, უბნების განვითარების ხედვას თუ სხვა დეტალებს…

ჩვენ ხედვაში დავაფიქსირეთ ის ღირებულებები, რაც ქალაქმა უნდა დაიცვას და შეინარჩუნოს დოკუმენტის მიღებიდან 10 წლის განმავლობაში. დოკუმენტში ძირითადად იმაზეა საუბარი, როგორ უნდა დაიცვან ეს ღირებულებები.

მართალია, კონკრეტულ მიწის ნაკვეთებზე ჩვენ კონკრეტულ გადაწყვეტილებას არ ვიღებთ, თუმცა უფრო დიდ მასშტაბში, თუნდაც უბნების დონეზე, გვაქვს გარკვეული რეკომენდაციები ქალაქისთვის შემუშავებული. ეს გულისხმობს სადღაც ინტენსივობის გაზრდას, სადღაც შემცირებას ისეთ დონეზე, რომ ეს დაბალანსებული იყოს.

ბუნებრივია, ეს ყველაფერი იმ კონცეპტუალური მიდგომების ფარგლებში იქნება, რაც ჩვენ შეხვედრებზე დავაფიქსირეთ, როგორც მოსახლეობასა და არასამთავრობოებთან, ასევე დამკვეთთან.

  • ამ პროცესის პარალელურად, აშენებენ ბევრ ახალ, მათ შორის მასშტაბურ პროექტს. დამტკიცდა და დამტკიცების ეტაპზეა ბევრი ახალი სამშენებლო პროექტი. ამ საკითხზე მერმა თქვა საკრებულოს სხდომაზე, რომ ყველა პროექტი გენგეგმაზე მომუშავე ჯგუფთან თანხმდება. ასეა? 

უშუალოდ ამ კონკრეტულ საკითხზე არ მაქვს საუბარი, მაგრამ ჩვენ გვევალება გადაწყვეტილებები შევათანხმოთ დამკვეთთან, გვიწევს, რომ პროექტები განვიხილოთ – უშუალოდ რამეზე თანხმობა მივცეთ დამკვეთს, მსგავსი ფორმატი არ გვაქვს.

  • ბატონო ანდრო, ჩვენ გვაინტერესებს, მერია აგზავნის თუ არა პროექტებს თქვენთან განსახილველად?

არა, იცით, რა არის? – ეს იყო ადრე, კვლევითი ეტაპზე, როცა ზონირებაზე ვმუშაობდით და მუშავდებოდა მშენებლობის ნებართვების ზოგადი ანალიზი. მაგრამ ამდენი ინდივიდუალური პროექტის განხილვა ჩვენ ნამდვილად არ გვიწევდა. ეს იყო ზოგადი კლასიფიკაცია.

უბრალოდ, უნდა შეფასებულიყო, ზოგადად, ქალაქში რა ტიპის ნებართვები გაიცემოდა, რა მოცულობის ნებართვებზე იყო საუბარი. ბუნებრივია, გაცემულ ნებართვებზეც. ეს იმიტომ იყო მნიშვნელოვანი, რომ უნდა ასახულიყო რეალობა პროექტში, ამას გვერდს ვერ აუვლიდნენ.

  • როცა გენგეგმის ჯგუფი ამბობს, რომ გვთავაზობს კონკრეტული უბნების განვითარების გეგმას, სწავლობს თუ არა ეს ჯგუფი ნებართვებს, რომლებიც სწორედ ამ უბნებშია გაცემული. შეიძლება ვინმეს თაროზე ედოს და შემდეგ ამ ნებართვის განახლება მოინდომოს. ასე მოხდა, მაგალითად, როცა ყოფილმა მერმა ძველ ბათუმში 12-მეტრიანი შეზღუდვა დააწესა, შემდეგ კი გვითხრა, რა ვქნა ადრე გაცემული ნებართვებია და უნდა დავამტკიცოო.

ეს რეალობა ჩვენც გვესმის, მით უმეტეს მას შემდეგ, როცა პროექტის კეთება დავიწყეთ. ყველასთვის თვალსაჩინო იყო, რაც ხდებოდა ქალაქში, ყოველმხრივ როგორი მძიმე სიტუაციაც არის. სანამ ჩვენი კომპანია მუშაობას დაიწყებდა, მანამდეც ჰქონდა ქალაქს მიწათსარგებლობის გეგმა. აქედან გამომდინარე ჩვენთვის მნიშვნელოვანი იყო, არსებული მდგომარეობის შესწავლა. ბუნებრივია, ქალაქისთვის საჭირო ოპტიმალური გადაწყვეტილების შეთავაზება.

  • თუ უკვე გაცემულ ნებართვებს ვერ შევისწავლით და ვერ გავითვალისწინებთ, მაშინ როგორ უნდა გვიშველოს ამ გენგეგმამ?

ჩვენც ასეთ მდგომარეობაში ვართ ნამდვილად. ჩვენ ყველა პროექტს ძალიან განვიცდით, რადგან თავიდან ბოლომდე ვართ თითოეულში ჩართული და თითოეული პროექტი ჩვენთვის ძალიან დიდი შრომის ფასია. ჩვენ, როგორც ექსპერტებს, ამ შრომის დაკარგვა არ გვინდა.

მაქსიმალურად ვცდილობთ პროფესიული მოსაზრება დავაფიქსიროთ ისე, რომ რაც სწორად მიგვაჩნია, ის ბოლომდე გავიდეს, მაგრამ რეალობა სხვანაირია ხოლმე. ვცდილობთ, რომ რეალობას მოვერგოთ და რეალურად მივიღოთ გადაწყვეტილებები, როდესაც უბნების განვითარებაზე ვსაუბრობთ.

სად შეიძლება გადამისამართდეს ის რესურსები და რეზერვი, რაც ცენტრალურ ნაწილს აწვება? – სამუშაო ვერსიაში წარდგენილი გვქონდა ორი ტერიტორიის – მთის ძირის უბნისა და ბენზეს ნავთობკომბინატის განვითარების გეგმა. ეს ტერიტორიები არანაირად არ შეიძლება, რომ იმავე სახით განვითარდეს, როგორც განვითარდა ქალაქის პირველი რიგი: ის მაქსიმალურად უნდა იყოს კომპაქტურად განვითარებული. სართულიანობა, რაც შეიძლება ამ უბნებში განიხილებოდეს, მაქსიმალური შეიძლება იყოს 7-8 სართული.

ის რესურსი და პროგნოზი, საკმარისი იქნება იმისთვის, რომ ბათუმში მოსახლეობის მზარდი ნაკადი ჩაეტიოს ამ ორ ტერიტორიაზე. ამ უბანში არის 5 ჰექტარი მწვანე სივრცე, რომელიც უნდა დარჩეს ხელშეუხებელი, ეს არ ნიშნავს, რომ აქ ცალკეულ პროექტს თავისი გამწვანება არ უნდა ჰქონდეს.

მსგავსი ტიპის შეთავაზებით ვცდილობთ, რომ ჩვენი საქმიანობის აკადემიური ნაწილი  გამოვიყენოთ ამ გადაწყვეტილებების მისაღებად. ჩვენ შეგვიძლია დავაფიქსიროთ, რომ ეს არის სწორი მიმართულება.

ჩვენ ამ პროექტს გადავცემთ ქალაქს და შემდეგ კი პასუხისმგებლობა გადადის მერიაზე და ასევე მოსახლეობაზე.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: