მთავარი,სიახლეები,ჯანმრთელობა

რატომ ჩნდება სისხლჩაქცევა სხეულზე – ინტერვიუ ჰემატოლოგთან

19.10.2023 • 2785
რატომ ჩნდება სისხლჩაქცევა სხეულზე – ინტერვიუ ჰემატოლოგთან

ტრავმის შემდეგ კანქვეშ მცირე სისხლჩაქცევა ბუნებრივი მოვლენაა. როგორც წესი, ასეთი სისხლნაჟღენთი საშიში არ არის და ის რამდენიმე დღეში გაიწოვება. ზოგიერთი ადამიანი უფრო მიდრეკილია სისხლჩაქცევებისკენ, რასაც, შესაძლოა, ასაკობრივი ფაქტორი ან ზოგიერთი მედიკამენტის ჭარბი დოზით გამოყენება განაპირობებდეს, მაგრამ თუ სისხლჩაქცევები სპონტანურად და ტრავმის გარეშე ჩნდება, შესაძლოა საქმე ჯანმრთელობის საკმაოდ საყურადღებო მდგომარეობასთან გვქონდეს. ამ თემაზე „ბათუმელები“ „ბაუ საერთაშორისო ჰოსპიტლის” ექიმ-ჰემატოლოგს, დარეჯან ეფაძეს ესაუბრა.

  • ქალბატონო დარეჯან, რა შეიძლება იყოს სისხლჩაქცევების გამომწვევი მიზეზი?

სისხლჩაქცევას ან სისხლნაღვენთს ძალიან ბევრი გამომწვევი მიზეზი შეიძლება ჰქონდეს.

პირველი, ეს არის ტრავმა. სისხლჩაქცევა ასევე შეიძლება იყოს გამოწვეული კაპილარების მაღალი განვლადობით [გამავლობით], ზოგიერთი მედიკამენტის გადაჭარბებული დოზის მიღებით; ასევე, მიზეზი შეიძლება იყოს სისხლის და სისხლის მიმოქცევის დაავადებები; ლაქოვანი სისხლჩაქცევების მიზეზი შეიძლება გახდეს ვენური დაავადებებიც.

  • როგორ ვითარდება სისხლჩაქცევა?

სისხლჩაქცევა წარმოიშობა, როცა სისხლძარღვიდან სისხლი ახლომდებარე ქსოვილებსა და სივრცეებში იღვრება.

არის დიდი სისხლჩაქცევები, როდესაც სისხლძარღვის მთლიანობა ირღვევა, მაგრამ არის სისხლნაღვენთები, როდესაც არ ირღვევა სისხლძარღვების მთლიანობა, მაგრამ სისხლძარღვის კედლის განვლადობა არის მომატებული და ასე ხდება ერითროციტების [სისხლის წითელი უჯრედების] დიაპედეზი, ანუ მათი გაჟონვა ქსოვილში. 

  • ზოგიერთ ადამიანს უფრო ადვილად უჩნდება სისხლჩაქცევები მცირე ტრავმების შედეგადაც. რატომ ხდება ეს?

დიახ, არის ადამიანების ჯგუფი, რომელთაც აქვთ მყიფე სისხლძარღვები, ანუ მათი სისხლძარღვების კედელი არის ცოტა უფრო თხელი და სუსტი, რის გამოც, შესაძლოა, მცირე ტრავმითაც მოხდეს სისხლჩაქცევები. თუმცა ეს არ არის შეშფოთების მიზეზი და ასეთ ადამიანებს სპეციფიკური მკურნალობა არ ენიშნებათ.

MayoClinic: ასევე, სისხლჩაქცევების ადვილად განვითარება შეიძლება უკავშირდებოდეს ასაკის მატებას. დროთა განმავლობაში კაპილარების კედლები უფრო მყიფე ხდება, ასაკთან ერთად კანი უფრო თხელდება და კარგავს დამცავ ცხიმოვან ფენას, რომელიც იცავს სისხლძარღვებს დაზიანებისგან.

  • რა დაავადებებს შეიძლება უკავშირდებოდეს სხეულზე სისხლჩაქცევების სპონტანურად წარმოქმნა?

სისხლჩაქცევები შეიძლება გამოიწვიოს მრავალმა ჰემატოლოგიურმა დაავადებამ.

არსებობს სხვადასხვა ტიპის სისხლჩაქცევები – ფორმის, ზომისა და ადგილმდებარეობის მიხედვით, რომლებიც შეიძლება გამოიწვიოს სისხლის დაავადებებმა. ასეთი სისხლჩაქცევა შეიძლება იმდენად სპეციფიკური იყოს, რომ მხოლოდ მათი დათვალიერებითაც შესაძლებელია პირველადი დიაგნოზის დასმა. 

სისხლჩაქცევა საკმაოდ მნიშვნელოვანი და წამყვანი სიმპტომია ჰემატოლოგიურ დაავადებებში.

ასეთი სპეციფიკური სისხლჩაქცევები შეიძლება გამოიწვის ჰენოხ-შონლეინის დაავადებამ [ვასკულიტი], ასევე ვერლჰოფის დაავადებამ [იგივე თრომბოციტოპენიური პურპურა].

სისხლჩაქცევები ასევე შეიძლება გამოიწვიოს ანემიებმა, განსაკუთრებით B12-ის დეფიციტმა, ასევე კოაგულაციურმა დეფექტებმა, ანუ სისხლის შედედებასთან დაკავშირებულმა პრობლემებმა; ლეიკემიის [სიმსივნური დაავადება] დროსაც ხდება სისხლჩაქცევები, ისეთი სპეციფიკური არა, როგორც ზევით ვისაუბრეთ, მაგრამ აქაც არის ლაქოვანი სისხლჩაქცევები.

  • რა ლოკალიზაციის და რა სპეციფიკური ფორმის შეიძლება იყოს ასეთი სისხლჩაქცევა?

მაგალითად, სპეციფიკურია სიმეტრიული სისხლჩაქცევები ქვემო კიდურებზე, ჰენოხ-შონლეინის დაავადების [ვასკულიტი] დროს. ეს ძალიან სიმპტომურია და ძალიან სპეციფიკური, იმიტომ, რომ არის აბსოლუტურად სიმეტრიული და ერთი სახის, წვრილი სისხლჩაქცევები.

ვერლჰოფის დაავადებას, იგივე თრომბოციტოპენიას, ახასიათებს სისხლჩაქცევები მთელს ტანზე, ავაზას ლაქების მსგავსად. მათი ზომა შეიძლება იყოს როგორც დიდი, ისე პატარა.

ასევე, ჰემოფილიის დროს სისხლჩაქცევები ხდება სახსრებში, რა დროსაც სახსარი ხდება მტკივნეული და უმოძრაო – სისხლჩაქცევები ამ დროს არის ძალიან დიდი ზომის.

ლეიკემიის დროსაც შედარებით დიდი ზომის სისხლჩაქცევები ვითარდება.

  • თქვენ ახსენეთ მედიკამენტური მიზეზები. რა სახის მედიკამენტებია ეს?

ხშირად პაციენტები მოიხმარენ კონკრეტულ მედიკამენტებს ექიმის დანიშნულების გარეშეც, მაგალითად, როცა ხანგრძლივად ხდება პრეპარატების დანიშვნა და არ ხდება მედიკამენტური მკურნალობის შედეგების გადამოწმება. ეს არის ძირითადად ანტიკოაგულაციური პრეპარატები, რომლებიც გამოიყენება თრომბული, გულის დაავადებების დროს. სისხლის შედედების სისტემას პერიოდული შემოწმება აუცილებლად სჭირდება, ასეთ დროს კოაგულაციური ტესტები უნდა ჩატარდეს.

ანტიკოაგულაციური მკურნალობის დროს აუცილებელია ექიმთან ხშირი კომუნიკაცია და პერიოდულად სისხლის ანალიზების და კოაგულაციური ტესტების ჩატარება, რომ არ გადავაჭარბოთ რომელიმე მედიკამენტის მიღება. ასეთი მკურნალობა, სხვადასხვა მიზეზის გამო, ხშირად ენიშნებათ ორსულებს, მთელი ცხრა თვის განმავლობაში, ამიტომ ინტენსიური დაკვირვება და კომუნიკაციაა საჭირო ჰემატოლოგთან, გინეკოლოგთან და ა.შ.

  • რა გამოკვლევები ტარდება ამ დროს?

აუცილებელია გამოვიკვლიოთ, როგორც კლინიკური ისე ბიოქიმიური ტესტები, იქნება ეს სისხლის საერთო ანალიზი, რომელსაც დიდი მნიშვნელობა აქვს ანემიების, ან თრომბოციტოპენიების დასადგენად თუ სხვა. 

არის კოაგულაციის ტესტები, რა დროსაც აუცილებლად უნდა ჩატარდეს კოაგულოგრამა, ფიბრინოგენია, D-დიმერი და ა.შ. გააჩნია, რა დაავადებაზეა ეჭვი. პაციენტმა უნდა მიმართოს ექიმს, რომელიც განსაზღვრავს იმ მომენტში რა უფრო სჭირდება პაციენტს, შეიძლება რამდენიმე კვლევა დასჭირდეს, შეიძლება ერთი ანალიზითაც განისაზღვროს ამ ლაქოვანი სისხლჩაქცევების ხასიათი და სიმძიმე.

___________________________

Cleveland Clinic: მიმართეთ ექიმს, თუ: 

  • გაქვთ ხშირი, დიდი სისხლჩაქცევები, განსაკუთრებით თუ სისხლჩაქცევები ჩნდება ტანზე, ზურგზე ან სახეზე ან ვითარდება უცნობი მიზეზებით;
  • მარტივად გიჩნდებათ სისხლჩაქცევები და გქონიათ გადაჭარბებული ან გახანგრძლივებული სისხლდენა, მცირე ჭრილობის ან ქირურგიული პროცედურის დროს;
  • მოულოდნელად დაგეწყოთ სისხლჩაქცევების განვითარება, განსაკუთრებით, თუ ახლახან დაიწყეთ ახალი მედიკამენტის მიღება. 

 

გადაბეჭდვის წესი


ასევე: