განათლება,მთავარი,სიახლეები

ფულადი ჯარიმა არაფერს შეცვლის, დამნაშავე უნდა დააპატიმრონ – პედაგოგი ნაადრევ ქორწინებაზე

18.10.2023 • 3359
ფულადი ჯარიმა არაფერს შეცვლის, დამნაშავე უნდა დააპატიმრონ – პედაგოგი ნაადრევ ქორწინებაზე

„თუ დავაკვირდებით, ადრეული ქორწინებები, ძირითადად ღარიბ ოჯახებშია. თითქოს ცდილობენ ამ გზით „უკეთესი ცხოვრება“ შესთავაზონ გოგოებს და თავიდან მოიშორონ“, – ამბობს ქამრან აფანდიევი. ის მარნეულის მუნიციპალიტეტის სოფელ ხოჯორნის სკოლაში ქართულ ენას და მათემატიკას ასწავლის.

ქამრანი წელს მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალში იყო. „ბათუმელები“ მას გოგოების ნაადრევი ქორწინების თემასა და ამ პრობლემის გადაჭრის გზებზე ესაუბრა.

  • ბატონო ქამრან, თქვენ, როგორც პედაგოგი, რას ფიქრობთ, როგორ შეიძლება აღმოიფხვრას ბავშვთა ქორწინება. ბოლო პერიოდში გახმაურებულ მძიმე ამბებში ძირითადად ეთნიკური აზერბაიჯანული ოჯახები ფიგურირებენ, ამიტომ გვაინტერესებს, რამდენად აქვთ ამ ოჯახებს გააზრებული, რომ ეს არის დანაშაული? თუ ენის ბარიერის გამო არ ფლობენ ინფორმაციას?

ახლახან გავრცელდა ომბუდსმენის 2022 წლის ანგარიში, სადაც რეგიონების მიხედვით მოცემულია ადრეული ქორწინებების სტატისტიკა და ვხედავთ, რომ პირველი ადგილი უკავია  იმერეთს, შემდეგ თბილისს და მეოთხე ადგილზეა ქვემო ქართლი, სადაც ცხოვრობენ ეთნიკური აზერბაიჯანელები.

თუმცა ნაადრევ ქორწინებებზე საუბრისას, რატომღაც აქცენტი მაინც ეთნიკურ უმცირესობებზე კეთდება.

დღეს წავიკითხე მედიაში 14 წლის გოგოს გარდაცვალებაზე, რომელიც არ ყოფილა უმცირესობების თემიდან და იყო ძალადობის მსხვერპლი. რა თქმა უნდა, ასეთი ფაქტები ტრაგედიაა და არ აქვს მნიშვნელობა, რომელ თემში ხდება ეს.

რაც ქვემო ქართლში ხდება, იმასაც ვგმობ და ესეც უზარმაზარი პრობლემაა, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ ქვემო ქართლის პრობლემა, ეს არის მთელი ქვეყნის პრობლემა, ყველა რეგიონში არსებობს არასრულწლოვნის ქორწინების შემთხვევები.

რა თქმა უნდა, ინფორმაციის დონეზე ეთნიკურმა უმცირესობებმა იციან, რომ ბავშვის დაქორწინება დასჯადია, მაგრამ ხშირ შემთხვევაში ფაქტებს მაინც მალავენ.

  • რატომ?

თუ დავაკვირდებით, ისეთი ოჯახები აკეთებენ ამას, რომლებიც არიან უკიდურესად ღარიბი და თითქოს ცდილობენ ამ გზით „უკეთესი ცხოვრება“ შესთავაზონ გოგონებს და თავიდან იშორებენ.

მაგრამ თუ ჩვენ ნორმალურ შესაძლებლობებს შევთავაზებთ ამ მოსახლეობას, დამიჯერეთ, ასჯერ, ათასჯერ შემცირდება ასეთი შემთხვევები.

  • ძალადობა მხოლოდ სიღარიბესთან არის კავშირში?

რა თქმა უნდა, არა, მაგრამ, მე პირდაპირ ვხედავ კავშირს ფინანსურ პრობლემებსა და ასევე განათლების ნაკლებობასთან.

ბევრი სოფელი მინახავს ძალიან მძიმე მდგომარეობაში, სადაც არ არის ინფრასტრუქტურა, არც საბავშვო ბაღი არსებობს, არც თეატრი, არც კინო, არც რაიმე გასართობი ან საგანმანათლებლო ცენტრი სკოლის გარდა. არის უკიდურესი სიღარიბე და ასეთ გარემოში მშობლები გამოსავალს ხედავენ გოგონას გათხოვებაში. ეს არის ძალიან მწარე რეალობა.

განვითარებულ სოფლებში, აი, მაგალითად, სადახლოს თემში, ვერ ვნახავთ ნაადრევ ქორწინებებს – აქ სხვა სიტუაციაა, სხვა შესაძლებლობები არსებობს და გოგონები სწავლობენ: თუ უნივერსიტეტი არა, მინიმუმ სკოლა ყველა ბავშვმა უნდა დაამთავროს.

ის, რაც ხდება, ჩვენი ქვეყნის სისტემის ბრალია, რადგან არ არის სათანადო მონიტორინგი, პრობლემას სკოლა მალავს. ასე არ იყო აითაჯის ამბავზეც? რატომ დაიმალა სკოლის დირექტორი, მან ხომ კარგად იცოდა, რომ არ დადიოდა გოგონა სკოლაში.

ასეთი დამოკიდებულებების და იმის გამო, რომ არ არსებობს თანაბარი წვდომა რესურსებზე,  ჩვენ ვკარგავთ ათობით ახალგაზრდას.

  • მახსოვს, ახალგაზრდა მასწავლებელი მარნეულიდან, რომელიც ღიად აპროტესტებდა გოგოების ნაადრევ ქორწინებას და ამის გამო ბევრი დაუპირისპირდა მას თემში. თქვენც ხომ არ გაქვთ მსგავსი ისტორიები და როგორ უმკლავდებით, ვთქვათ, ასეთ გამოწვევებს?

რადგან ჩვენი სოფელი ახლოსაა მუნიციპალიტეტთან და უფრო მეტად გვაქვს სასწავლო ცენტრებთან წვდომა, ამიტომ სადახლოს თემში ნაადრევი ქორწინებების შემთხვევები თითქმის არ გვაქვს.

ძალიან ბევრი გოგო ცდილობს განათლების მიღებას. მაგალითად, შარშან 32 აბიტურიენტი მყავდა ცენტრში და აქედან ყველა სტუდენტი გახდა. უმრავლესობა კი გოგონა იყო.

ჰამიდის ისტორიას რაც შეეხება, მაშინ ამ ამბავმა ძალიან კარგად იმოქმედა პროცესებზე, ჩვენ სამოქალაქო აქტივისტები გვერდით დავუდექით ჰამიდს, მედიამაც ძალიან კარგად გააშუქა ეს ამბავი და ჩვენმა ერთიანობამ შეაშინა ის ძალები, რომლებიც ამბობდნენ, რომ არ უნდა გვესაუბრა გოგონების იძულებით ქორწინებებზე.

ჩვენ დავანახეთ ამ ადამიანებს, რომ უფრო მეტნი ვართ ისინი, ვინც მხარს ვუჭერთ განათლებას და არა ნაადრევ ქორწინებებს, რომ სხვანაირად ვაზროვნებთ.

მაშინ ჩვენი ძალების გაერთიანება ნიშნავდა იმას, რომ ცვლილებები უნდა დაწყებულიყო. ყველას დავანახეთ, რომ განათლებასა და განვითარებაზე მაღლა არაფერი დგას.

  • თუმცა ფაქტია, რომ დღეს სკოლა ისევ ამჯობინებს დახუჭოს თვალი იძულებით ქორწინებებზე და დაიმალოს, როგორც მოხდა 14 წლის გოგონას მკვლელობის შემთხვევაში.

ამ ათი წლის განმავლობაში, ვფიქრობ, ძალიან ბევრი გაკეთდა, მაგრამ ეს არ არის საკმარისი. ცნობიერება კიდევ უნდა გაიზარდოს, მათ შორის პედაგოგების, რომ არ დახუჭონ თვალი ძალადობაზე.

სახელმწიფო ყოველთვის უნდა იყოს ძალიან მკაცრი ასეთ შემთხვევებში და პასუხი უნდა აგოს ყველა დამნაშავემ.

მარტო ფულადი ჯარიმა არაფერს შეცვლის, რადგან ხალხი მიეჩვია ჯარიმებს. დამნაშავე უნდა დააპატიმრონ, როგორც აითაჯის ოჯახის წევრებმა აგეს პასუხი, ისე უნდა აგონ, სხვანაირად ეს პრობლემა არ მოგვარდება.

მე, პირადად, ყველაზე ადამიანური, ყველაზე ჰუმანური მაინც იმ სოფლების განვითარება მგონია, რომლებიც მოწყვეტილია თანამედროვეობას.

მინახავს ისეთი სოფლები, სადაც ორი დღეც კი არ შემიძლია ვიცხოვრო, იმდენად ცუდი პირობებია. არ არსებობს განვითარების არანაირი შესაძლებლობა.

  • თქვენ მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალში იყავით, როგორც ვიცი, ათეულის მასწავლებლებსაც აქვთ კლუბები შექმნილი. თქვენი აზრით, რამდენად შესაძლებელია, რომ ეს რესურსი იყოს გამოყენებული ეთნიკური უმცირესობების გასაძლიერებლად და ხომ არ გაქვთ ამ მხრივ გეგმები?

მე როცა 2017 წელს დავიწყე სკოლაში მუშაობა და უკეთ დავინახე განათლების სისტემაში არსებული ხარვეზები, ამ მიმართულებით დავიწყე სკოლის გარეთ აქტივობების განხორციელება.

ჩვენი არასამთავრობო ორგანიზაცია „ახალი აზროვნების ინსტიტუტი“ ამჟამად 6 პროექტს ახორციელებს და ათასობით ახალგაზრდა გვყავს ჩართული სხვადასხვა აქტივობაში, როგორც აზერბაიჯანული, ასევე სომხურენოვანი თემებიდან.

ძირითად აქცენტს სოფლის პრობლემებზე ვაკეთებთ, მაგრამ ასევე ვსაუბრობთ ძალადობის და ადრეული ქორწინებების პრობლემაზეც.

მასწავლებლის, სკოლის როლი ძალიან მნიშვნელოვანია ახალგაზრდების გაძლიერებაში. მასწავლებელი უნდა იყოს ფხიზელი, რადგან საქართველოს მომავალი მასწავლებლების ზურგზეა.

ამიტომ სჭირდება მასწავლებელს მეტი თავისუფლება და არა დაშინება, რომ ღიად ისაუბროს პრობლემებზე.

უნდა გაძლიერდეს სკოლებში სამოქალაქო განათლების სწავლება, ძალიან კარგად უნდა ისწავლებოდეს საკანონმდებლო ნორმები, ადამიანის უფლებები, რომ მათი დარღვევის შემთხვევაში იცოდნენ, როგორ უნდა მოიქცნენ, ვის მიმართონ და რა უნდა გააკეთონ.

მე, პირადად, ძალიან ბევრს ვმუშაობ ამ მიმართულებით, ვავრცელებთ ბუკლეტებს, ბროშურებს, ვიდეორგოლები კეთდება და ვაწყობთ საინფორმაციო შეხვედრებს მოსახლეობაში, რომ ამ მხრივ ეთნიკური უმცირესობების ცნობიერება გაიზარდოს.

  • რა არის ამ ყველაფრის შედეგი, რომელზეც თქვენ საუბრობთ?

შედეგია ის, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში ათასობით გოგონამ ჩააბარა უნივერსიტეტში, დასაქმებულებიც არიან, მუშაობენ სკოლებშიც, თვითმმართველობებში, კერძო ბიზნესში არიან დასაქმებულები, არასამთავრობო სექტორში და ასე შემდეგ.

მაგრამ მინდა შევეხო სახელმწიფოს დამოკიდებულებას ეთნიკური უმცირესობების მიმართ – ვფიქრობ, ენის ბარიერის პრობლემა სახელმწიფომ უნდა მოაგვაროს.

ასევე, უფრო მეტად უნდა იზრუნოს იმ სოფლების განვითარებაზე, სადაც ეთნიკური უმცირესობები ცხოვრობენ.

ჩვენც ხომ ისეთივე მოქალაქეები ვართ ამ ქვეყნის, როგორც სხვები, არა? და ჩვენც ხომ ასევე გვიყვარს საქართველო. ძლიერი, დემოკრატიული, ევროპული საქართველო ნიშნავს ძლიერ რეგიონებს, ძლიერ სამოქალაქო საზოგადოებას და სახელმწიფოებრივად მოაზროვნე ახალგაზრდობას. ეს ძლიერი საქართველო, სამცხე-ჯავახეთისა და ქვემო ქართლის გარეშე შეუძლებელია.

ამ რეგიონებმაც ხომ უნდა შეიტანონ თავიანთი წვლილი ქვეყნის განვითარებაში, რადგან ჩვენ გვაქვს ერთი სამშობლო – საქართველო და ამიტომაც ამ რეგიონებში უნდა მოვაგვაროთ რამდენიმე პრობლემა – ეს არის ენის ბარიერი, ინფრასტრუქტურა და განათლებაზე ხელმისაწვდომობა.

ვფიქრობ, ქვეყნის განვითარება რეგიონებიდან ხდება.

გადაბეჭდვის წესი


ასევე: